რატომ გაუჭირდა სოფია სებისკვერაძეს გუგა კუზანოვის შებმა და რა გრძნობები აკავშირებს მას ჯიჯი რეჯინთან
მსახიობი სოფია სებისკვერაძე აქტიურად არის ჩართული თეატრალურ ცხოვრებაში და სულ მალე, მას მაყურებელი ტელეკომპანია „იმედზე“ იხილავს გადაცემაში „ერთხელ საქართველოში“. სოფიამ ცოტა ხნის წინ დაასრულა ხუთწლიანი ურთიერთობა საყვარელ მამაკაცთან, გიორგი ლიფონავასთან და როგორც ამბობს, მის პირად ცხოვრებაში ამჟამად სიმშვიდეა, რითაც კმაყოფილია. თუმცა, არსებობს მამაკაცი, რომელიც ძალიან მოსწონს. მამაკაცს, რომელზედაც სოფია გიჟდება, ყველა კარგად იცნობს.
სოფია სებისკვერაძე: ცოტა ხნის წინ, თეატრში დავდგით ირაკლი კაკაბაძის პიესა „მედეა და ოიდიპოსი“. ეს არ იყო სპექტაკლი, ეს იყო წაკითხვა, „ჩიტკა“ – ესე ვეძახით. ორი დღით ადრე მოგვცეს პიესა, გადავიკითხეთ. შევარჩიეთ სიმღერები, რომლებიც უნდა მოხდომოდა ამ პერფორმანსს. სცენაზე მსახიობებთან ერთად იყო მაყურებელიც. ფარდა დახურული იყო. მაყურებელს ნებისმიერ დროს შეეძლო პროცესში ჩართვა, საკუთარი აზრის გამოთქმა. ახლა პრემიერის დღეები გვაქვს თეატრში. გარდა ამისა, „იმედზე“ გავა გადაცემა „ერთხელ საქართველოში“ და ილოსთან და ვაკაჭისთან ერთად ვიქნები ამ პროექტში. პატარ-პატარა სკეტჩებია და რამდენიმეში დაკავებული ვარ. ჯერჯერობით ახალი პროექტია და ვნახოთ, როგორ განვითარდება.
– ცოტა ხნის წინ, „ერთგულების ტესტში“ მიიღე მონაწილეობა, სადაც საკმაოდ რთული მოვალეობა გქონდა – გუგა კუზანოვი უნდა გეცდუნებინა.
– რთული იყო იმიტომ, რომ მამაკაცს, რომელიც უნდა „შემება,“ ვერაფრით გააკვირვებდი. მაშინაც, მკერდის ორი ოპერაციიდან იყო მოსული. მისმა ცოლმაც აღნიშნა, რომ ძალიან ეჭვიანი ტიპია და სულ ჰგონია, უთვალთვალებენ. ამანაც გაართულა სიტუაცია. სიმართლე გითხრა, არ იყო სასიამოვნო. მსგავს რამეს აღარ დავთანხმდები. იმის შემდეგ კიდევ იყო შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი. ის, რომ გვერდზე ოთახში ცოლია, სიტუაციას ამარტივებს. მან ყველაფერი იცის და ერთად აბამთ მახეში, მაგრამ მაინც არაა სასიამოვნო.
– შენი ახალი სექსუალური და ულამაზესი ფოტოები რამეს უკავშირდება თუ, უბრალოდ, ფოტოსესია მოიწყვე?
– ეს ინტერნეტჟურნალისთვის იყო გაკეთებული. ინტერვიუ აიღო იუნა შაფათავამ და რუბრიკა იყო „საცვალი“. ავიღეთ ინტერვიუ, გადავიღეთ რამდენიმე ფოტო და სულ ეგ იყო. (სტატიაში გამოყენებული ფოტოები ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის გადაღებულია. ფოტოები აღებულია საიტიდან funtime.ge – ავტორი).
– შეფასებები როგორია? როგორც წესი, ასეთ ფოტოებს არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვება ხოლმე.
– კი, მოჰყვა და ეს კარგია. ცუდი და უარყოფითი – არაფერი. ისე, არც არაფერი ყოფილა – სიშიშვლე ან რამე განსაკუთრებული. შეიძლება ითქვას, ზედმეტადაც მეცვა.
– მეგობარმა დაგიწერა, ასეთი ფოტოების შემდეგ წუწუნი არ დაიწყოო და რას გულისხმობდა, გაწუხებენ თაყვანისმცემლები?
– არასოდეს ვწუწუნებ სხვათა შორის (იცინის). მე თვითონ ვაგვარებ მსგავს პრობლემებს. თუ თავდასხმა არ არის და ეს ვინმემ არ დაინახა, თუ ვინმე შემაწუხებს, თვითონ ვიგერიებ ან დაცვას ვეძახი. ძირითადად, ასე ხდება: ვინც მიცნობს, ზოგი სადილზე მპატიჟებს, ზოგი – ჩაიზე. ვინც არ მიცნობს, გაცნობას მთავაზობს (იცინის).
– შენთან საკმაოდ თამამი როლები ასოცირდება. ახლა ეროტიკულ როლს თუ დათანხმდებოდი?
– არაფერი განსაკუთრებული სცენები მე არ მქონია. ერთხელ მქონდა სექსის სცენა „ჭამა და სექსში“ და იქაც ჩაცმული ვიყავი. ლიფი, ტრუსი და კალგოტკები მეცვა (იცინის). ეროტიკულ როლს რაც შეეხება, რეჟისორს, სცენარს და ფილმის ხარისხს გააჩნია. მეყო მდარე პროექტებში მონაწილეობა. ეს მსახიობზე ცუდად მოქმედებს, იმიტომ რომ, ბევრი რამ რეჟისორს და სხვა ვინმეს კი არ ბრალდება, მხოლოდ მსახიობია დამნაშავე. ამიტომ, გადავწყვიტე, მხოლოდ კარგ პროექტებში მივიღო მონაწილეობა. ამის გამო რამდენიმე პროექტზე უარი ვთქვი.
– სოფია, განვლილი ეტაპები რომ გაიხსენო, რომელი ეპიზოდებია ყველაზე ბედნიერი?
– ასეთი დღე ძალიან ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში. ეს შეიძლება, იყოს ჩემს შვილთან, მეგობართან, შეყვარებულთან გატარებული დღეები. უახლოეს წარსულში ეს იყო ბერლინში. იქ მეგობრებთან და იმ დროისთვის ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვიყავი.
– გიორგი ლიფონავას გულისხმობ?
– კი. ეს გახლდათ ხუთწლიანი ურთიერთობა, რომელიც დამთავრდა. ეს იყო უახლოეს წარსულში, თორემ ბედნიერი სხვა დღებშიც ვყოფილვარ.
– სიყვარული რა როლს თამაშობს შენს ცხოვრებაში?
– არანაირ როლს არ თამაშობს ამ ეტაპზე და ეს ისეთი კარგი ყოფილა (იცინის). რაც უფრო ვიზრდები, ვხვდები, რომ თავისუფლების ფასი არაფერია. მაქსიმალურად კონცენტრირებული ვარ ჩემს საქმეზე და არ მაწუხებს ის, რომ არავინ მიყვარს. თუმცა, არსებობს ადამიანი, რომელიც მომწონს, მაგრამ არ მიყვარს. ის ჩემი მეგობარია. ერთადერთი ადამიანი, ერთადერთი მამაკაცი, ვინც მომწონს. ძალიან მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა, საუბარი, დროის გატარება. ვგიჟდები, ფიზიკურად ისე მომწონს და ასევე, მომწონს მისი ენერგეტიკა. ეს არის ჯიჯი რეჯინი.
– ეს მხოლოდ მეგობრული დამოკიდებულებაა?
– რა ვიცი როგორი დამოკიდებულებაა, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ეს მამაკაცი მომწონს. ახლა უბრალოდ, მეგობრები ვართ და მერე, ვნახოთ. სხვას ვერაფერს გეტყვი.
– როგორია შენთვის იდეალური მამაკაცი?
– იდეალური მამაკაცია ჯიჯი რეჯინი. ჯიჯი არის ძალიან სიმპათიური, დახვეწილი, მეგობრული, განათლებული. ვიზუალურადაც მომწონს და მისი სტილიც მომწონს (იცინის).
– შეიძლება, ეს დამოკიდებულება სხვა გრძნობაში გადაიზარდოს?
– ყველაფერი შეიძლება, მოხდეს და ნებისმიერ დროს. არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული.
– მამაკაცმა, რომელსაც შენი გულის მოგება სურს, რა უნდა იცოდეს შენს შესახებ?
– ჩემი გულის მოსაგებად საჭიროა კარგი იუმორის გრძნობა, ინტელექტი. მამაკაცი უნდა იყოს სიმპათიური და ჰგავდეს ჯიჯის (იცინის). არ უნდა იყოს მსუქანი და უნდა უყვარდეს მუსიკა.
– მის გამო დათმობაზე წახვიდოდი?
– ისეთი ურთიერთობა მინდა, სადაც დათმობებზე არ წავალ. ეს აღარაა ნორმალური ურთიერთობა. ყოველთვის მივდიოდი დათმობებზე და მორჩა. სხვათა შორის, სახლში მეც გოგო ვარ, ჩემი შვილიც, იმედია, რომ გოგოა (იცინის), თუთიყურშიც გოგოა და ძაღლიც, მატრიარქატის დრო დადგა.
– ბოლოს, რა არის შენი ოცნება?
– ჩემი ოცნებაა, მქონდეს ბევრი ფული და ვიყო ჩემს თავთან კომფორტში; გვერდით მყავდეს ადამიანები, რომლებიც მიყვარს; ვაკეთებდე საქმეს, რომელიც მიყვარს. ოჯახის წევრები მყავდეს ჯანმრთელი და ბედნიერი. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს პრინციპებს არ ვუღალატო და ისეთად დავრჩე, როგორიც ვარ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და არ მინდა, დედამიწაზე დარჩეს ადგილი, რომელსაც ვერ ვნახავ. მგონი, ეს ყველაფერი საკმარისია სრული ბედნიერებისთვის.