ქათმის ფილე ბრინჯით – ნუკა კვალიაშვილისგან
რომ გითხრათ, დიდად მიყვარს ჭამა-მეთქი, მოგატყუებთ. ვცდილობ, ზედმეტი კალორიები არ მივიღო და წონაში არ მოვიმატო. ვერც დიდი კულინარიული ნიჭით დავიტრაბახებ, თუმცა, მიყვარს გემრიელი კერძები. ხორცი ბრინჯით უგემრიელესი კერძია, არც ბევრი ინგრედიენტი უნდა და, თან, ადვილად მზადდება.
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ქათმის მკერდის ფილე, 400 გრამი წითელი ბულგარული წიწაკა, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 სადილის კოვზი ზეთი, 1 სადილის კოვზი პაპრიკა, 200 გრამი გრძელი ბრინჯი, 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 600 მილილიტრი ქათმის ბულიონი, 400 გრამი დაკონსერვებული პომიდორი, მარილი და წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი: ფილე სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭერით, თესლებამოცლილი წიწაკა პატარა კუბიკებად, ხოლო ხახვი და ნიორი – წვრილად. სქელძირიან ქვაბში ან ტაფაზე დაასხით ზეთი, დააწყვეთ დაჭრილი ფილე და შებრაწეთ, შეაზავეთ მარილითა და წიწაკით. ცეცხლს დაუწიეთ, დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული და ამოურიეთ. 1-2 წუთის შემდეგ დააყარეთ პაპრიკა, ბრინჯი, ტომატ-პასტა, ბოსტნეულის ბულიონი, დაჭყლეტილი პომიდორი და 20 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე ხარშეთ თავდახურული. ბოლოს დაუმატეთ მარილი და წიწაკა.