კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს ნათია ფარჯანაძეს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილთან და იქნება თუ არა მისი პერსონაჟი სერიალის მომდევნო სეზონზე

თეატრის მხატვარი ლიკუ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სეზონის ერთ-ერთი ახალი პერსონაჟია, რომელიც თავისი ექსცენტრიულობითა და ემოციურობით დაამახსოვრდა მაყურებელს. ამ პერსონაჟს მაყურებელი ახალ სეზონზეც იხილავს. მისი როლის შემსრულებელ მსახიობ ნათია ფარჯანაძის ცხოვრებაში ახლა განსაკუთრებით საინტერესო ეტაპია, მან მნიშვნელოვანი გამოწვევა მიიღო და „ორ ვარსკვლავში“ მონაწილეობაზე დათანხმდა, სადაც პარტნიორობას ლუკა ზაქარიაძე გაუწევს.                                                        

ნათია ფარჯანაძე: სერიალში გამოჩენის შემდეგ, საზოგადოების მხრიდან ყურადღებას ვგრძნობ. ძირითადად, ბავშვებისგან. რაც ძალიან სასიამოვნოა. კარგია, როცა შენი ბევრი ნაცნობი ნახავს შენს ნამუშევარს და შთაბეჭდილებებს გიზიარებს. თეატრს  ნაკლები მაყურებელი ჰყავს, სერიალს კი გაცილებით მეტი ადამიანი აფასებს და ძალიან კარგია ეს ყველაფერი. ხუმრობით, ამხანაგებიც ლიკუს მეძახიან.

– ცოტა უცნაური პერსონაჟია ლიკუ. რთულია მისი განსახიერება?

– არ ვიცი, ისე ჩანს, რომ მიჭირს? (იცინის) როლში შესვლის დრო სერიალში საერთოდ არ გაქვს. ძალიან მცირე დროში უნდა მოახდინო ორიენტაცია. ეს არ ჰგავს თეატრს, სადაც სპექტაკლის მოსამზადებლად მთელი თვე გაქვს. რეპეტიციობ, ფიქრობ და ასე შემდეგ. აქ ძალიან სწრაფად უნდა გააკეთო ყველაფერი. დაგროვებული პროფესიული თუ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან უცებ ქმნი ახალ გმირს. ამ შემთხვევაში არ გამჭირვებია და სხვა დროს რა იქნება, არ ვიცი.

– ლიკუ პათოლოგიურად ეჭვიანია. შენ როგორი ხარ ცხოვრებაში?

– პათოლოგიურად ეჭვიანი არ ვარ, მაგრამ საერთოდ არ ვარ ეჭვიანი-მეთქი, მაგასაც ვერ ვიტყვი. გააჩნია შემთხვევას. როცა საეჭვიანოა, ვეჭვიანობ. ტყუილად – არა. ლიკუც არ ეჭვიანობს ტყუილად, უბრალოდ, არჩევანში შეცდა.

– მომდევნო სეზონზე იქნება შენი გმირი? 

– კი იქნება, გადაღებები უკვე დაიწყო. 

– შენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვი?

– მყავს პატარა შვილი – ელისაბედი. ოთხი წლისაა. თეატრში ხშირად დამყავს. აგვისტოში ედინბურგის ფესტივალზე ვიყავით ერთი თვე. გასტროლზე გვქონდა სპექტაკლი წაღებული. თან მყავდა წაყვანილი და ჩემზე უფრო კმაყოფილი ის იყო. სპექტაკლში ითამაშა პატარა გოჭი. ოთხი წლისაა და პირდაპირ ედინბურგში ჰქონდა სცენაზე დებიუტი. 

– გააცნობიერა, რაც ხდებოდა?

– ძალიან სერიოზულად მიუდგა ყველაფერს. რეჟისორს უსმენდა და ბოლომდე ასრულებდა მის მითითებებს. არც ეცინებოდა და არც სხვაგან იხედებოდა. ყველაფერს ხუთიანზე აკეთებდა.

– ხომ არ ინერვიულა?

– სხვათა შორის, არა და მეც ძალიან გამიკვირდა. ვერ ვუყურე, რადგან, მე რომ შემოვედი, ამ დროს ის გავიდა. მისი მონაწილეობა უცებ გადაწყდა და ამიტომ, ჩემი კოსტიუმი უნდა ჩაეცვა. შევედი, უცებ მივეცი და გავუშვი სცენაზე. თვითონ – არა და მე ვნერვიულობდი, იმიტომ რომ, დანარჩენ ბავშვებს უკვე კოსტიუმები ეცვათ და ეს კი მე მელოდებოდა. შემდეგ, გადაღებულს ვუყურე და ძალიან საყვარელია.

– გინდა, რომ შენ გზას გაჰყვეს?

– მართალი გითხრათ, არ მინდა. მირჩევნია, ისეთი პროფესია აირჩიოს, სადაც დამოუკიდებელი იქნება. მსახიობი სხვადასხვა ადამიანზეა დამოკიდებული და თვითონ არ წარმართავს შემოქმედებით პროცესებს. ამიტომ ჯობია, ისეთი პროფესია აირჩიოს, რომელშიც თავად გადაწყვეტს ყველაფერს. ყველგან და განსაკუთრებით ამ ქვეყანაში მსახიობობა რთულია.

– დატვირთული გრაფიკის გამო, ალბათ, ცოტა დრო გრჩება შვილთან ურთიერთობისთვის?

– ბოლო პერიოდში ცოტა დრო მრჩება და ამაზე ძალიან ვდარდობ. აშკარად დააკლდა ჩემი ყურადღება. სულ ვენატრები და ამას განიცდის. იცის, რომ გადაღება მაქვს, მაგრამ მერე მირეკავს და ხომ მალე მოხვალო, მეკითხება. როგორც კი დრო გამომიჩნდება, ყველაფერს მასთან ყოფნა მირჩევნია. სერიალს უყურებს და ხანდახან ძალიან განიცდის. ვენების გადაჭრის სცენა რომ ნახა, ჯერ მე შემომხედავდა, მერე ეკრანს შეხედავდა. ვერ გაეგო, რა ხდებოდა და მორთო ღრიალი (იცინის). 

– როგორც ვიცი, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილთან ნათესაური ურთიერთობა გაკავშირებს.

– ლაშა პაპაშვილი ჩემის დის ქმარია და ძალიან კარგი ადამიანია.

– „ორი ვარსკვლავის“ ახალ სეზონზე იღებ მონაწილეობას, სადაც ლუკა ზაქარიაძის მეწყვილე ხარ. პროფესიით მსახიობს არ გაგიჭირდა მონაწილეობაზე დათანხმება?

– კი, ძალიან გამიჭირდა. არ მიყვარს ისეთ რამეში მონაწილეობა, სადაც ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული არ ვარ. სიმღერით ყველა მღერის და მათ შორის, მეც. მაგრამ, ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები. ჩემთვის მაყურებლის წინ, ცოცხალ ბენდთან ერთად სიმღერის შესრულება, ადვილი არ არის. თავიდან ცოტა შეუძლებელიც მეგონა, მაგრამ მერე ბევრს მელაპარაკნენ და დამარწმუნეს (იცინის). თან, განსხვავებულ ამპლუაში საკუთარი თავის მოსინჯვა ძალიან დიდი გამოწვევაა მსახიობისთვის. 

– ახლა, ალბათ, აქტიურ სამზადისში ხარ ჩართული?! 

– კი, აქტიური სამზადისი გვაქვს. ჯერჯერობით, ძალიან შეშინებული ვარ და იქ რა იქნება, არ ვიცი. იმედი მაქვს, ნერვიულობა და შიშები მომეხსნება. 

– რაიმე გამოცდილება გაქვს ამ სფეროში?

– ძირითადად, ჩემთვის და მეგობრებთან ერთად ვმღერი. ვიღაცამ თქვა, რომ კარგად გამომდის. რაღაცეეებს ვმღერი კარგად, მაგრამ აქ რისი მღერაც მომიწევს, ის ჩემთვის ახალია. 

– ლუკას როგორ შეეწყვე? 

– კარგად. ძალიან მეხმარება. რაღაცეებს ვეკითხები და რჩევებსაც მაძლევს. 

– შენ თუ აძლევ რჩევებს, როგორც მსახიობი?

– ჯერჯერობით სამზადისია და მუსიკალურ მხარეზე ვვარჯიშობთ, მაგრამ სამომავლოდ თუ დასჭირდა რამეში ჩემი დახმარება, დავეხმარები.

 

скачать dle 11.3