რა ხერხით ჩაიკლა გუჯა ბურდულმა სიმთვრალეში მოძალებული ფრენის სურვილი და რომელი ნაიარევი დარჩა მას მკლავზე ამ სურვილის სამახსოვროდ
ჩვენს რუბრიკაში ერთი და იგივე კითხვებით მივმართავთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე მდგომ ცნობილ ადამიანებს.
– ვინ ხართ? გაგვეცანით.
– გუჯა ბურდული. ქართველი, მთიული, ჩემი სამშობლოს შვილი.
– ყველაზე მძაფრი შეგრძნება ბავშვობიდან...
– ბავშვები გავრბოდით ფუნიკულიორზე. აქვე, მოსკოვის ქუჩაზე, თურმე „ავჩარკას” ლეკვები დაუყრია. ჩვენ ყიჟინით ავირბინეთ ეს ქუჩა. გამოვარდა და მოულოდნელად, უკან მომახტა... რაღაც საშინელი გრძნობა იყო. ზურგზე მისი ნაკბილარი დამემჩნა, ვმალავდი, რომ დედას არ შეემჩნია. მაგრამ, მაინც მინახა, როდესაც მბანდა. ეს რა არისო?! ააწიოკა იქაურობა. დედა ხომ იცით... მიუხედავად ამისა, მაინც არ შემშინებია. ძაღლების შიში არასდროს არ მქონია, მაგრამ გარკვეული ემოციური სტრესი დამრჩა ამ ფაქტის შემდეგ. ამას დავარქმევდი სწორედ მძაფრ შეგრძნებას.
– დაახასიათეთ საკუთარი თავი.
– როგორ მიმდინარეობდა იცით, ჩემი ცხოვრება, მაგალითად, ვიღაცეები რაღაცისთვის ემზადებიან, მე მსახიობობისთვის სულ არ ვემზადებოდი. არასდროს არც მიფიქრია და არც მინდოდა. მაგრამ ბოლოს თავისთავად ისე გამოვიდა, რომ ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც ინსტიტუტში სწავლობენ – ჩხუბი, ცურვა, კრივი... რაღაცეები, რაც სჭირდება მსახიობს თავის უნარ-ჩვევებში. სულ დავრბოდი, ვვარჯიშობდი, ცუდი მკლავი მქონდა სხვისთვის. მსახიობობაზე არ ვოცნებობდი, არც მინდოდა არც მაინტერესებდა. გეოგრაფია მიყვარდა, ისტორიაც. მათემატიკა მოგვიანებით შემიყვარდა – უკვე „გეპეიში” ვსწავლობდი. უმაღლესი მათემატიკა მქონდა ჩასაბარებელი, გვაზავა იყო ლექტორი. შენ მე ცალკე გამოგცდიო. მომიწია მასწავლებელთან სიარული. ალგებრა, ტრიგონომეტრია და გეომეტრია რომ ვისწავლე, ალღო ავუღე მათემატიკის სიყვარულს. მაშინ ვიგრძენი, სწავლით რამდენი რაღაცის მიღწევა შეიძლებოდა. ბევრჯერ მიფიქრია, რა არის ადამიანი უსწავლელობით – მაუგლი. გამკვირვებია ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებისა, რომელთაც წინამორბედი, უჭკვიანესი ადამიანი არ ჰყავთ გვერდში დაყენებული. რატომ, იცით? ცხოვრება ისეთია, დავით აღმაშენებელს ჰყავდა მასწავლებელი, მაკედონელს – ფილოსოფოსიც, მწვრთნელიც ჰყავდათ. ჩვენებს არავინ ჰყავთ. კომუნისტური პერიოდიდან მოდიან და მოდიან.
– სწორი არჩევანი გააკეთეთ ცხოვრებაში?
– ჩემი ცხოვრების გზას რომ ვუყურებ, ძალიან სწორად ამირჩევია. არაფერს ვნანობ.
– როგორი ჰგონიხართ და სინამდვილეში როგორი ხართ?
– ისეთი სახე მაქვს, რომ ცოტა ჯმუხი კაცის შთაბეჭდილებას ვტოვებ. რა ვქნა, ცხოვრებამ მასწავლა, რომ ვუცინო და ვუცინო, ვიღაცას შტერი და გიჟი ვეგონები. არ გამოდის ეგრე.
ხანდახან ყელში რომ ამომიყვანენ, მაპატიეთ და მართლაც ისეთი ვარ, რაც მეტყობა. არ მიყვარს ჯუჯღუნი. მიმაჩნია, რომ ნათესავებს მეგობრებს, ადამიანებს, სიყვარულის მეტი არაფერი ახსოვთ ჩემგან.
– ვინ გინდოდათ ყოფილიყავით და ვინ ხართ რეალურად დღეს?
– საინჟინროზე ვსწავლობდი. 3 კურსი რომ დავამთავრე, დედა გარდამეცვალა, მერე – მამა... მუშაობა იყო საჭირო და ამიტომ ვერ დავამთავრე ინტიტუტი. თუმცა, ვფიქრობ, ჩემგან კარგი მშენებელი გამოვიდოდა. მაგრამ, არ ვნანობ, რომ მსახიობი ვარ. რა მაქვს დასანანი.
– რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?
– სიზარმაცე არ მომწონს ჩემს თავში. ხანდახან ისე ვარ, რომ არაფერი მინდა. მომწონს, როცა ამ ჩემს სიზარმაცეს ვძლევ ხოლმე. როცა ვძლევ, ჯანზე, ფორმაში ვარ. როცა შენი თავის კმაყოფილი ხარ კაცი, იმდენად კმაყოფილი კი არა რომ ნარცისობა დაიბრალო, უბრალოდ, მკლავი, ხელები, რომ გერჩის და ფეხით მყარად დგახარ მიწაზე, შინაგანად მოდის განწყობა. სხვათა შორის, ეს უფრო მოაქვს ჟანგბადს. ტყეში, მთაში რომ ადიხარ, ჩაისუნთავ, ფილტვები ივსება, ორგანიზმი იწმინდება და შენ ხდები კაცი. კაცი, რომელიც ამ მთას რომ დაკრავ ფეხს, მეორე მთაზე გადახტები.
– ყველაზე დიდი სისულელე, რაც ცხოვრებაში ჩაგიდენიათ?
– ნახეთ ეს ნაიარევი მკლავზე. ბიჭებმა მითხრეს 1 წუთს ვერ გაუძლებო – პაპიროსი დამაწვეს ზედ. გავუძლებ, ოღონდ პურმარილი იკისრეთ-მეთქი... გავუძელი და ვიქეიფეთ. ეს ასე. ახლა მეორე მკლავი ნახეთ...
– ეს მეორე ქეიფია?
– არა. რუსეთში რომ ვიყავი, იქ ხომ იცით, არყის სმაა მიღებული. არყით რომ ძალიან დავთვრებოდი, მერე ფრენა მინდებოდა. ჩემი რწმენით და გაგებით, ვიცოდი, რომ დაბლა დავეცემოდი და გავსკდებოდი (იცინის). ამიტომ, შედეგი მკლავზეა – ეს ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი... დანას ვაცხელებდი გაზზე და დავიდებდი, მერე აღარ მინდებოდა ფრენა. ამაზე მეტი სისულელე რა უნდა მექნა... ერთი პურმარილისთვის, მეორე კი – ფრენა მინდებოდა ძალიან. ვიცოდი ცუდად რომ დამთავრდებოდა და გამოსათიშად მივმართავდი ამ ილეთებს. მთვრალიც კი ვგრძნობდი, რომ სისულელე იყო.
– რომელ ეპოქასა და ცივილიზაციაში იცხოვრებდით და რას გააკეთებდით?
– მე ვარ ვერძი. დავითი და მთელი მეფეები ჰოროსკოპზე მუშაობდნენ, ვერძებს და მისნაირ ცხელი ნიშნის ხალხს წინ აყენებდნენ. მათ ერთი რომ შეუფხუკუნო, უკვე ანთია. ეს იყო ძველი გათვლა ჯარისკაცების განლაგებისას. თუ ვერძად დავიბადებოდი, მაშინ ისევ წინა რიგებში ვიბრძოლებდი. ალბათ, აღმაშენებელის მეფობის დროს, მისი ჯარის წინა, 200 კაცში ვიბრძოლებდი.
– დღეს იქ ხართ, სადაც თქვენი ადგილია?
– ასეა. გარდა მსახიობობისა, მე სტიქაროსანი ვარ პატრიარქის სამებაში 27 წელიწადია. ჩემი ადგილია იქაა, ტაძარში.
– როდის გრძნობთ თავს უხერხულად და როგორი ხართ ამ დროს?
– როდესაც ვინმე მაქებს, მაშინ ვკვდები, არ მიყვარს. დედაჩემს სულ ვეუბნებოდი: ნუ მაქებ, დედა. დედას კი რა ექნა – მომღერალი ვიყავი, მოცეკვავე, კარგი ბიჭი, პირველი ბიჭი ვიყავი საქართველოდან, რომელიც „არტეკში” გაემგზავრა. მე ამირჩიეს პიონერების იმ დელეგაციაში. ერთადერთი ქართველი ვიყავი საბჭოთა კავშირის დელეგაციიდან. შვილებსაც არ ვაქებ. არ მინდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო.
– საერთოდ, ფიცხი ხართ?
– ვიყავი, ძალიან ფიცხი. ცხოვრებამ დამადინჯა... უფალმა დამადინჯა.
– როგორი ხართ გაბრაზებული?
– არავის ვურჩევ, მნახოს გაბრაზებული. გაბრაზებული არ ვყვირივარ, ვმოქმედებ – ან ვურტყამ, ან მირტყამენ (იცინის).
– რა შემთხვევაში კარგავთ თავს?
– თავს ვერ დავკარგავ. არ არსებობს, თავი რომ დავკარგო. ეს მასწავლა უფალმა. ყველაფერი უბედურება თავის დაკარგვიდან მოდის.
– მინდა...
– მინდა, საქართველო აყვავდეს. მომწონს ბუნებასთან ურთიერთობა. მაღელვებს კარგი ქალი.
– ლამაზი?
– ლამაზში რაღაცეები არის. კარგი კი იმ გაგებითაა, რაც ჩემს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ჩემმა მეუღლემ დააკმაყოფილა ჩემეული კარგი ქალის კრიტერიუმი.
– აღმაშფოთებს...
– ცუდი ადამიანები.
– კომფოტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა...
– კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა სუფრის თავში ვზივარ და ვთამადობ.
– როგორ გამოიყურება თქვენი ოთახი ჩვეულებრივ, ანუ მაშინ, როცა არავის ელით?
– დათვის ბუნაგი ხომ გინახავთ, ისე ვარ მე ჩემს ოთახში – ა-ბურდულ-და-ბურდულ-ი (იცინის)... სხვათა შორის, ჩვენ, მთიულებს დათვებს გვეძახიან. მოხევეები არიან მგლები. ეს მოდგმითაა. ამ ორ კუთხეს ასე ხედავენ ერთმანეთისაც და სხვების თვალითაც.
– ვის ეკუთვნოდა რჩევა, რომელიც ცხოვრებაში გამოგადგათ და რა იყო მისი შინაარსი?
– პატრიარქს. მისი რჩევა იყო, რომ მე მივსულიყავი ტაძრად.
– მინდა, ყველამ იცოდეს, რომ...
– უფალი ერთია ამ ქვეყანაზე. ცხოვრება ღირდა უფლის სიყვარულისთვის.
– რას დაწერენ თქვენზე ოცდამეორე საუკუნეში?
– იყო, ასეთი კაციო.... აი, შვილები და შვილიშვილები კიდევ იამაყებენ.