რატომ ილაშქრა ყვარყვარე ათაბაგმა არეშში და როგორ დასაჯა თავხედი არეშელი ვაჭარი
ძალიან პატივმოყვარე იყო ათაბაგი ყვარყვარე მეორე ჯაყელი და ერჩივნა სამცხეში ყოფილიყო ხელმწიფე, ვიდრე ერთიან საქართველოში ერთ-ერთი, თუნდაც უდიდესი რეგიონის ხელმძღვანელი.
რა არ გააკეთა ამისთვის. ჯერ აღბუღა მეორეს წაართვა ათაბაგობა. მაგრამ მეფე გიორგი მერვემ ათაბაგობა ისევ აღბუღას დაუბრუნა. აღბუღას სიკვდილის შემდეგ, ათაბაგობა მაინც ყვარყვარემ ჩაიგდო ხელში და დაიწყო ბრძოლა საქართველოს მეფის წინააღმდეგ.
სხვა ერისთავებიც აუჯანყდნენ საქართველოს მეფეს, მათ შორის, ბაგრატ ბაგრატიონი, მეფის ბიძაშვილი. ყვარყვარეს დასასჯელად მიმავალი გიორგი მერვე მოულოდნელად თავფარავანზე დაატყვევა ათაბაგმა მეფის ძმისშვილ კონსტანტინესთან ერთად.
შემდეგ ყვარყვარემ სცადა სამცხის ეპარქიები გამოეყო საქართველოს საპატრიარქო ტახტის იურისდიქციიდან, რათა ყველაფრით დამოუკიდებელი „ქვეყანა“ შეექმნა. მაგრამ ქართული ეკლესიის მესვეურები წინ აღუდგნენ ამ დიდ ცოდვას, განხეთქილება-გაყოფას (სქიზმას) და არ გამოუვიდა ეს ამპარტავან ჯაყელს.
1460–1470-იანი წლებიდან საქართველო დაიშალა. გიორგი მერვე კახეთში გადავიდა და იქ გამეფდა გიორგი პირველის სახელით. იმერეთში ბაგრატი გამეფდა, ყოფილი ერისთავი. ქართლში კი 1478 წელს კონსტანტინე მეორე. ყვარყვარესთვის აღარავის ეცალა. სეპარატისტმა ათაბაგმა მიაღწია თავისას.
ყვარყვარე ძალიან მდიდარიც იყო, მთელი სამცხის შემოსავალი – გადასახადებიდან და ვაჭრობიდან ტფილისის ხაზინაში აღარ მიდიოდა, ათაბაგს რჩებოდა. შემოსავალი საგარეო ვაჭრობიდანაც მოსდიოდა. მისი ყმა ვაჭრები მთელ იმდროინდელ მსოფლიოს იყვნენ მოდებულნი და უმრავლებდნენ ქონებას ამბიციურ მთავარს.
1483 წელს ყვარყვარე ჯაყელის ვასალი ვაჭარი შაქში იყო წასული სავაჭროდ. იქ ქალაქ არეშში სარფიანად აპირებდა აბრეშუმის შეძენას. იქაური აბრეშუმი მთელ მსოფლიოში იყო განთქმული.
არეში ადრე კახეთ-ჰერეთის სამეფოში შედიოდა. მერე ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში იყო, იმ დროს კი მაჰმადიანი მფლობელების ხელში გადასულიყო, რადგან ქართველი ერისთავები მეფესთან ომით იყვნენ გართულნი.
ერთი არეშელი ვაჭარი ძალიან უპატიოსნო აღმოჩნდა და დაჩაგრა მესხი სტუმარი, სცემა და აბრეშუმიც წაართვა. ათაბაგის ყმა თავისი მბრძანებლის სახელით დაემუქრა მოძალადეს, ჩემს ბატონს ვეტყვი და დიდი ყვარყვარე მოგაგებს პასუხსო.
იმ დროს შინაომებში ჩართული ქართველების, მით უმეტეს, შორს მცხოვრები მესხების აღარ ეშინოდათ. გაეცინა არეშელ ვაჭარს და უპასუხა:
– წადი და მიჩივლე შენს ბატონთან! მანაც დუქანი არ დამიქციოს და ყურით არ მიმაჭედოსო?!
მესხი ვაჭარი სასწრაფოდ დაბრუნდა სამცხეში, აუწყა თავის ქედმაღალ ბატონს მომხდარი და სიტყვასიტყვით გადასცა არეშელი მედუქნის დაცინვაც.
განრისხდა გოროზი ყვარყვარე. ვერ მოითმენდა მისი სახელის აბუჩად აგდებას ამპარტავანი მთავარი.
შეკრიბა 500 რჩეული მეომარი ყვარყვარე ათაბაგმა და არეშელი ვაჭრისთვის ჭკუის სასწავლებლად გაემართა, თან იახლა ყმა ვაჭარი, არეშელთა მიერ დაჩაგრული. გადაიარა ფარავანი, ჩავიდა დმანისში. იქ ორბელიანებმა უმასპინძლეს. ჩავლო ხუნანი, გადავიდა მტკვარზე და მიადგა ქალაქ არეშს.
არეშელები შეშინებულნი უცქეროდნენ მესხ ვაჟკაცებს. ეგონათ, ძველი დრო დაბრუნდა, ქართველები გაერთიანდნენ და ქალაქის დასამორჩილებლად მოგვადგნენო.
დაჩაგრულმა ვაჭარმა პირდაპირ მოძალადე არეშელი ვაჭრის დუქანს მიაყენა მძვინვარე ათაბაგი. შეუნგრიეს დუქნის კარი დამფრთხალ ვაჭარს მესხებმა. გამოათრიეს ტრაბახა არეშელი და ყვარყვარეს მიჰგვარეს.
შეშინებული არეშელი ვაჭარი სიკვდილს მოელოდა. ყურებით მიაჭედეს საკუთარ დუქანზე უპატიოსნო და ტრაბახის მოყვარული არეშელი ვაჭარი ათაბაგის მსახურებმა.
ყვარყვარეს ვაჭარი ზეიმობდა და მადლობდა ღმერთს, რომ მისი ცემა არ შერჩა არეშელს. გამოიტანა რაც წაართვეს დუქნიდან. მეტი არაფრისთვის უხლიათ ხელი ქართველებს.
ზიზღით შეხედა დუქნის კარზე ყურებით მიჭედებულ ვაჭარს სამცხის გულზვიადმა ათაბაგმა და გამოაბრუნა ცხენი.
გაოგნებული მაჰმადიანი არეშელები შიშით აცილებდნენ მესხთა ხუთასკაციან მხედრიონს. თან, უხაროდათ, რომ საქართველოს ძლიერების ხანა დასრულებული იყო.
მთელ ახლო აღმოსავლეთს მოედო ეს ამბავი...
კახეთის გავლით შემობრუნდა ყვარყვარე ათაბაგი, გამოიარა ყარაია, მცხეთის გავლით შიდა ქართლში შევიდა.
შიდა ქართლელებმა არ ისურვეს მისთვის გზის მიცემა და დახვდნენ არადეთთან. მეფე კონსტანტინემ, ყვარყვარეს დაუძინებელმა მტერმა, არ იცოდა ეს ამბავი. შიდა ქართლელებს უნდოდათ, საჩუქარი გაეკეთებინათ მეფისთვის და მიეგვარათ განმდგარი ათაბაგი მისთვის. აქ იყვნენ მეფეთა ერთგული ციციშვილები, ჯავახიშვილები, მაჩაბლები და სხვები. მათ შორის ზაზა ციციშვილი-ფანასკერტელი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ, იძულებით გადმოსახლებულიყო ტაოდან და მტრობა ჰქონდა განკერძოების მოყვარულ ათაბაგთან.
ყვარყვარემ მოციქული მიუგზავნა და შეუთვალა: მე თქვენს მამულში არაფერი წამიხდენია და თქვენი არაფერი მიმაქვს. ძმობისა და მეზობლობის მეტი არაფერი მაქვს თქვენთან. ჩემს მტერს პასუხი გავეცი და ჩემს გზაზე მივდივარ. უსამართლოდ იქცევით, გზას რომ არ მაძლევთო.
ქართლელებმა მეფის მორჩილება მოსთხოვეს სეპარატისტ მთავარს...
გაიმართა ძლიერი ბრძოლა 1484 წლის 12 აგვისტოს. შეასკდნენ ერთმანეთს ზემო და შიდა ქართლელები. მესხი შალიკაშვილი იჯდა ურა კვიცზე. მიეტანა მას ქართლელი მაჩაბელი. შუბი უგმირა შალიკაშვილმა მაჩაბელს, გაუხვრიტა ფარი, გადმოაგდო ცხენიდან და მიაყვირა: აწყურის ღვთისმშობლის მადლმა, ურა კვიცზე რომ არ ვმჯდარიყავი, მკერდში გაგიყრიდიო“. ურა კვიცი ფიცხია და ძნელია მისი მართვა. მაშინ წამოიჩოქა მაჩაბელმა, მოუქნია ხმალი, შემოჰკრა შალიკაშვილის ცხენს, თავი გააგდებინა, ხმალი უნაგირის ტახტს დაასო და უპასუხა: გადმოგდებული არ ვყოფილიყავი შუაში გაგკვეთდიო.
ბევრი მეომარი დაიხოცა ორივე მხრიდან... გაიმარჯვეს მესხებმა.
გამარჯვებული ათაბაგი ჩამოჯდა ბრძოლის ველზე. მესხი ამილახორი იქვე მოწყენით იჯდა. ჰკითხა ყვარყვარემ: რას მოგიწყენია, ნუთუ კაცი ვერ ნახე რომ შებრძოლებოდიო?. უპასუხა ამილახორმა: მე ერთ კაცს ხმალი შემოვკარი და სამკლავიანი ხელი გავაგდებინე. თუ გინდა წამო და გიჩვენებო. წავიდნენ და მართლაც ნახეს სამკლავიანი ხელი ეგდო ძეძვის ბუჩქებში. გაშორდა ათაბაგი ქართველი ვაჟკაცისთვის მარჯვენის მოჭრით დამწუხრებულ ქართველს.
ასე „გამარჯვებული“ დაბრუნდა ყვარყვარე ათაბაგი თავის სამფლობელოში.