კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოკლულის „შურისძიება“

ჯონ ჯეიკობსი ბედნიერი ღიმილით იჯდა ფართო ვერანდაზე რბილ სავარძელში და ყველაზე ძვირად ღირებულ ვისკის წრუპავდა. ვერ იტყოდა, რომ ცხოვრებაში არ გაუმართლა. საკმაოდ რეალისტი იყო და იცოდა, რომ ბედი ყველაფერს ერთად არავის აძლევს. ფუფუნებაში ჩაძირული, ფიქრობდა იმაზე, როგორ იყო მისი ცოლი ერთდროულად სერიოზული მონაპოვარიც და კატასტროფაც. კორამ ის ჭაობიდან ამოათრია: კაზინოში იპოვა, მოუარა, ჩააცვა, დაახურა და ცოლადაც გაჰყვა. დიახ, ყველაფერი – სახლი, აგარაკი, ძვირფასი მანქანებით გამოტენილი ავტოფარეხი თუ უძვირფასესი სასმელებით სავსე ბარი – კორას საკუთრება იყო. სიმდიდრე მამამისისგან მიიღო მემკვიდრეობით. მისგანვე ერგო მემკვიდრეობით საშინელი გარეგნობა: მოკლე კისერი, კოტიტა ხელები და თითები, უშნო სახე; ყველაფერ ამას დაუმატეთ საზიზღარი ხასიათიც... ჯონმა ამოიოხრა. კორა მასზე თექვსმეტი წლით იყო უფროსი, მაგრამ, ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა, სასიკვდილო არაფერი ეტყობოდა და, თუკი რამე მოუღებდა ბოლოს, მისი მადა იყო. ძალიან უყვარდა ჭამა. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ გული ქონში ჰქონდა ჩაძირული. კორამაც, იმის მაგივრად, ექიმებისთვის დაეგდო ყური და დიეტა დაეწყო, მოძებნა ვიღაც შარლატანი ექიმბაში და მისი რჩევები უფრო მისაღები აღმოჩნდა, რადგან, ასმევდა ბალახების ნაყენს და არაფერში ზღუდავდა. კორა თვალსა და ხელს შუა იმატებდა წონაში. ჯონი გუნებაში მადლიერი იყო ექიმბაშის და, გადაწყვეტილი ჰქონდა, როგორც კი კორა მოკვდებოდა, მიღებული მემკვიდრეობიდან სერიოზული საჩუქარი გაეკეთებინა მისთვის.

ჯონს ფიქრები კორას გამყინავმა ხმამ გააწყვეტინა.

– ჯონ! ჯონ... სად ხარ? – ხმა ვერანდის მეორე მხრიდან მოდიოდა. ჯონი წამოხტა და მაშინვე ცოლისკენ გაეშურა. კარგად იცოდა, რასაც მოასწავებდა ეს მბრძანებლური ტონი. ქალი მოლბერტთან იჯდა და თავის მორიგ შედევრს ქმნიდა. ბოლო დროს ახალი გასართობი გაიჩინა – ფერწერა და, მასწავლებელიც კი დაიქირავა.

– გინდოდა რამე, ძვირფასო?

– ცივი ჩაი მომიტანე, ყინულით! – უბრძანა ცოლმა. 

ჯონი შეიჭმუხნა:

– საყვარელო, სახლში ათზე მეტი მოსამსახურეა. ხომ არ გეჩვენება, რომ ეს ერთ-ერთი მათგანის საქმეა?!

ქალმა უკმაყოფილოდ ასწია წარბი:

– ჯონ, მეტისმეტი ხომ არ მოგდის? ჩემი ქმარი შენ ხარ და, შესაბამისად, მოვალე ბრძანდები, იზრუნო საყვარელ მეუღლეზე. მსახური – მსახურია, ქმარი კი – ქმარი.  ხომ არ შეგახსენო შენი მოვალეობები და უფლებები? – ამ სიტყვებით კორა ისევ მოლბერტისკენ შებრუნდა და ამით ანიშნა, საუბარი დამთავრებულია, წაბრძანდი და ჩაი მომიტანეო. 

უკვე ხუთი წელი იყო, რაც ერთად ცხოვრობდნენ. მანამდე კორამ ორი ქმარი გამოიცვალა... ჯონმა თვალები დახუჭა და ათამდე დაითვალა. ეს ქალი უკვე ნერვებს უშლიდა...

კორამ ჩაი მოსვა.

– მგონი, ძალიან არ შეწუხებულხარ. თუ ჩემ მიმართ ყურადღება შენთვის ტვირთია და მძიმედ გაწვება, პრობლემა არ არის, შემიძლია, გაგეყარო.

ჯონს შეაჟრჟოლა. კორას ადრეც მიუნიშნებია მისთვის, რომ ის მისი პირველი ქმარი არ იყო და, შესაძლებელია, არც უკანასკნელი. მაგრამ, ახლა ეს მუქარა გაცილებით მეტი საფრთხის შემცველი იყო: ჯერ ერთი, კორა მას ისე უყურებდა, როგორც ნივთს, რომლის უკეთესით შეცვლა ყოველთვის შეიძლება; მეორე – დიდი ხანი არ იყო, რაც ქალის სიახლოვეს ვინმე ოსკარ ვუტენი გამოჩნდა, სწორედ ის ფერწერის მასწავლებელი, რომელიც კვირაში სამჯერ უტარებდა ხატვის გაკვეთილებს და მერე ვახშმადაც რჩებოდა. ბოლო ორი კვირა კორა ძალიან მხიარული იყო მასთან. აუზშიც იბანავეს ერთად და ჩოგბურთიც ითამაშეს. ოსკარი ჯონზე ახალგაზრდაც იყო და მასზე გაცილებიც სიმპათიურიც. სერიოზულად ხომ არ ფიქრობდა კორა ამ შარლატანზე? 

მეორე დღეს, საღამოს, ჯონი უკეთ დააკვირდა ვუტენს. ის ნაზი ღიმილით დაჰფოფინებდა კორას თავზე... ვისკიც კი გაუზავა და მიართვა. მერე ორივე დიდხანს სეირნობდა ბაღში. ვუტენი ქალს ფერების კეთილისმყოფელ გავლენაზე ელაპარაკებოდა და თან ყვავილებს უკრეფდა... კიდევ მეორე საღამოს, როცა ჯონი თავად სვამდა ვისკის, ვუტენმა ირონიულად ჰკითხა: 

– გიყვართ, ძვირფასი ვისკი? 

– არა, შევეჩვიე, – უპასუხა ღრენით ჯონმა. იმ თავხედმა კი მიუგო: 

– ვშიშობ, ცოტა ხანში უნარ-ჩვევების შეცვლა მოგიწვევთ.

დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. იმიტომ არ იტანჯა ხუთი წელი, რომ კორას ქონება ამ ამაზრზენი თხუპნიასათვის დაეთმო. სასწრაფოდ რაღაც იყო მოსაფიქრებელი... ზუსტად ორი დღის შემდეგ ჯონთან მსახურთუფროსი მივიდა და სთხოვა, მიეცა უფლება, სახლში არსებული სამი თოფი საბრძოლო მზადყოფნაში მოეყვანა და მსახურებისთვის მიეცა. კორას მდიდრული ვილა საკმაოდ ახლოს მდებარეობდა იმ საპატიმროსგან, საიდანაც ოთხი ძალიან საშიში ბოროტმოქმედი გაიქცა და პოლიცია მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. ჯონმა ეს ზეციურ მინიშნებად ჩათვალა და გადაწყვიტა, ჩანაფიქრი მალევე მოეყვანა სისრულეში. მეორე დღეს, გვიან საღამოს, როცა კორამ თავისი საყვარელი მასწავლებელი გააცილა და ვერანდაზე დაბრუნდა, ჯონმა ალერსით მოიხმო ცოლი და მასთან ერთად ბრენდის დალევა შესთავაზა. კორა უკმაყოფილოდ დაიჭყანა, მაგრამ მიპატიჟებაზე მაინც დათანხმდა. რამდენიმე ჭიქა ბრენდი დალიეს. ჯონი პატარა ყლუპებით სვამდა და ცოლს ყურადღებით შესცქეროდა – კორა, რატომღაც, ჩუმად იჯდა და ფიქრებში წასული იღიმებოდა.

„ეს, ალბათ, უკვე ოცნებობს, როგორ და სად გაატარებს თაფლობის თვეს ახალ ქმართან ერთად“, – გაიფიქრა ჯონმა და გამწარდა. კორა საძინებლისკენ გაეშურა. მისი მდიდრული აპარტამენტები სახლის მეორე მხარეს იყო. აუზთან გამოდიოდა მისი დიდი, შემინული კარი. ჯონმა შეიცადა, სანამ სახლში მსახურების ფეხის ხმა შეწყდებოდა, მერე აუზთან მივიდა და ცოლს დაუძახა:

– კორა, კორა, შეგიძლია, ერთი წუთით აქ მოვხიდე?

– რა გინდა, ჯონ? უკვე დავწექი.

– აუცილებლად უნდა მოხვიდე, აქ რაღაც ხდება! – დაიჟინა ჯონმა და ჯიბეში წინასწარ მომზადებული, წვრილი ტყავის თასმა მოსინჯა.

– სად ხარ, ჯონ, რა გინდა? – ქალი ნელა მიუახლოვდა აუზს.

– აი, იქ შეხედე! – ჯონმა თითით აუზის სიღრმეში მიანიშნა. ქალი წინ გადაიხარა. ჯონმა დრო იხელთა, ელვის უსწრაფესად შემოახვია ზონარი  ყელზე და მაგრად მოქაჩა. ქალმა რამდენჯერმე გაიფართხალა და სული განუტევა... ჯონმა თასმა ისევ ჯიბეში ჩაიტენა, მერე გადაიფიქრა და აუზში გადააგდო. კორა მწვანე კორდში პირქვეჩამხობილი იწვა... ჯონმა ღიმილით დახედა და სახლში შევარდა ყვირილით, მიშველეთ, გამოქცეულმა პატიმრებმა ცოლი მომიკლესო. მერე ტელეფონს დასწვდა და პოლიციის განყოფილებაში დარეკა...

შერიფმა გვამი დაათვალიერა და ჯონს მიმართა.

– ესე იგი, როცა მოხვედით, ცოლი ასეთ მდგომარეობაში დაგხვდათ?

– დიახ, ვეღარ მოვუსწარი, სახლის მეორე მხარეს ბრენდის ვსვამდი... ყვირილი გვიან გავიგონე... უძილობა მჭირს და გვიან ვწვები. თან, სამ-ოთხ ჭიქას ვსვამ ხოლმე...

– ვერაფერი დაინახეთ?

– სამწუხაროდ, ვერაფერი, – თავი გადააქნია ჯონმა.

– საღამო როგორ გაატარეთ? – დაინტერესდა შერიფი.

– ჩვეულებრივად. სტუმარი გვყავდა – კორას ხატვის მასწავლებელი, ოსკარ ვუტენი და ის გავაცილეთ. მერე ცოტა დავლიეთ და ჩემი ცოლი დასაძინებლად გაემართა. როგორც ხედავთ, მისი საძინებელი სახლის საპირისპირო ფრთაშია მოთავსებული და ვერანდიდან საკმაოდ შორს არის... ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი...

– ეჭვი არ მეპარება, – გაეღიმა შერიფს, – თქვენ იმასაც ვერ წარმოიდგენდით, რაც ახლა უნდა გითხრათ: ოსკარ ვუტენი საათ-ნახევრის წინ საკუთარ მანქანაში მოკლეს ციხიდან გამოქცეულმა პატიმრებმა, სავარაუდოდ, მისთვის მანქანის წართმევის მცდელობისას. ჩვენ ისინი დავაკავეთ.

– როგორ? – ენა დაება ჯონს, – ვუტენი მკვდარია?

– დიახ. სავარაუდოდ, ვერც პატიმრები შესძლებდნენ ერთდროულად ორ ადგილას ყოფნას. ვნახოთ, რას გვეტყვის ექსპერტი. რომელ საათზეა თქვენი მეუღლე გარდაცვლილი?

ჯონს ძარღვებში სისხლი გაეყინა და უნებლიეთ ისევ კორას გვამისკენ გაექცა მზერა – კორას სახეზე შეყინული ღიმილი ძალიან ჰგავდა დაცინვას...

 

 

скачать dle 11.3