მაფიის შვილობილი
არაფორმალ ლიდერებს შინაგან საქმეთა მინისტრი ორიოდ საათს ელაპარაკა. მათ რუზგენ ჩოჩიანის მკვლელის პოვნას შეჰპირდა. კაბინეტიდან გაისტუმრა და ამგვარად დაშალა გამძვინვარებული მასა, რომელიც სამინისტროს შენობაში შესაჭრელად მზად იყო. ხუთიოდე წუთში მინისტრს კვლავ ცეკას პირველმა მდივანმა დაურეკა და უთხრა:
– ყოჩაღ, გილოცავ, რომ ყველაფერმა უსისხლოდ ჩაიარა. კარგი იყო.
– გმადლობთ, ამხანაგო პირველო მდივანო. თქვენი რჩევა გამომადგა.
– ახლა რას აპირებ, როგორ შეასრულებ მიცემულ პირობას.
– შევასრულებ. გეგმა უკვე მზად მაქვს და საგანგებო ოპერჯგუფს ახლავე მივცემ ინსტრუქციებს.
– ჯერ ნუ იჩქარებ. რაღაც მინდა გითხრა.
– გისმენთ.
– ჯობია, ჩემთან მოხვიდე. ოც წუთში გელოდები, – უთხრა ცეკას პირველმა მდივანმა შინაგან საქმეთა მინისტრს და ტელეფონი გათიშა.
შინაგან საქმეთა მინისტრი დანიშნულ დროს მივიდა „პირველთან“. მასთან სულ ნახევარი საათი დაჰყო და კვლავ სამინისტროში დაბრუნდა. შემდეგ ორი საგანგებო ოპერჯგუფი ცალ-ცალკე დაიბარა და მითითებები მისცა. კაბინეტში მარტო რომ დარჩა, გააბოლა და ჩაილაპარაკა: „ორ კურდღელს ერთად დავიჭერთ. მაგარია პირველი“.
სამი დღის შემდეგ, საღამოს, საქართველოს ტელევიზიის „პირველ არხზე“ მხატვრულ ფილმს უჩვენებდნენ. უცებ ფილმის ჩვენება შეწყვიტეს. საგანგებო საინფორმაციო გამოშვება გაუშვეს და დიქტორმა თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მილიციის ოფიცერი დააკავა. დიქტორის თქმით, რუზგენ ჩოჩიანის მკვლელობა ყოფილმა მინისტრმა შეუკვეთა მილიციის ოფიცერს, რომელმაც ეს მკვლელობა შეასრულა. იქვე ნათქვამი იყო, რომ მკვლელი ოფიცერი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს, გაქცევის მცდელობისას ლიკვიდირებული იქნა.
მერაბ გამრეკელი პირდაღებული უყურებდა ტელევიზორს. საინფორმაციო გამოშვება რომ დასრულდა, ჩაფიქრდა. შემდეგ ვაჟა ზვიადაურს დაურეკა და უთხრა:
– უყურე ტელევიზორს?
– დიახ, ბატონო მერაბ, – მიუგო ზვიადაურმა.
– ვაჟა, თუ შეძლებ, იქნებ გაარკვიო, რაშია საქმე?
– ვეცდები, ბატონო მერაბ.
– კარგი. ხვალ საღამოს გამომიარე, – უთხრა გამრეკელმა ზვიადაურს. დაემშვიდობა და ტელეფონის ყურმილი აპარატზე დადო.
მეორე საღამოს მერაბ გამრეკელს ვაჟა ზვიადაური და კოტე სოხაძე სახლში ეწვივნენ. კოლეგები გენერლის კაბინეტში განმარტოვდნენ და მასპინძელმა ვაჟა ზვიადაურს ჰკითხა:
– რა ქენი, გაარკვიე რამე?
– მხოლოდ ის, ბატონო მერაბ, რომ ის ოფიცერი მართლაც საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მოკლეს ნაძალადევში. თურმე სასროლ პოზიციას უჩვენებდა ოპერებს. შემდეგ ფეხი დაუკრავს, გაქცეულა და ჩაცხრილეს. სანამ საავადმყოფოში მიუყვანიათ, მანამდე მომკვდარა. ისიც ზუსტად ვიცი, რომ მას მიუცია აფხაზეთის ყოფილ მინისტრზე ჩვენება, სადაც წერია, რომ ჩოჩიანის მოკვლა სწორედ მინისტრმა შეუკვეთა მას.
– დაუჯერებელია, – თავი გააქნია გამრეკელმა, – ამ ვერსიის დიდად არ მჯერა, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, მაშინ კალმარი ყოფილი მინისტრი გამოდის.
– ასე გამოდის, – ერთხმად დაეთანხმნენ გამრეკელს სოხაძე და ზვიადაური.
– მერე თქვენ გჯერათ ეს? – იკითხა გამრეკელმა.
– დაუჯერებელი არაფერია, – მიუგო სოხაძემ, – მით უმეტეს, თუ მთელ ამ ისტორიას გავიხსენებთ. ყველაფერი ხომ აფხაზეთიდან დაიწყო და რატომ გიკვირს. თანაც, შენ არასოდეს ეხატებოდი მას გულზე. დიდი ალბათობაა იმისა, რომ სოხუმი-გაგრის ტრასაზე სწორედ მისმა ხალხმა დაგიდგეს ღამით სარკე და უბრალოდ, გაგიმართლა და ცოცხალი გადარჩი. ჩოჩიანი კი იმიტომ მოიშორა თავიდან, რომ მან ბევრი იცოდა. თანაც, რუზგენი პოლიტიკაში იყო გარეული. ყოველ წუთს შეიძლებოდა, ემხილა გენერალი, რომელიც ბარიკადების მეორე მხარეზე იდგა. ან, სულაც, გენერალმა დაასწრო რუზგენს და მოკლა. გამორიცხული არაა, რომ ჩოჩიანიც იგივეს გეგმავდა.
– არა მგონია, – თავი გააქნია გამრეკელმა.
– რატომ? – ჰკითხა სოხაძემ.
– თუნდაც იმიტომ, რომ ყოფილი მინისტრი ისე გამართულად ვერ ფლობს ქართულ ენას, როგორც კალმარი. მართალია, კალმარი მე შეცვლილი, საზიზღარი წრიპინა ხმით მელაპარაკა და ხმაზე ვერ ვიცანი, მაგრამ სულ სხვა სტილით საუბრობრობდა, ვიდრე ყოფილი მინისტრი. არა. აქ სხვა რაღაცაშია საქმე.
– იქნებ, მისი დავალებით სხვამ დაგირეკა? – თქვა სოხაძემ.
– არა, არა. დარწმუნებული ვარ, რომ არა. კალმარი მარტო მოქმედებდა და სწორედ მან მოკლა ჩოჩიანი. ის არავის შეუკვეთავდა მკვლელობას.
– რატომ არ შეუკვეთავდა?
– რომ არ გაშიფრულიყო. არა. ის მარტო იყო და ნაღდზე მოქმედებდა.
– აბა, რას უნდა ნიშნავდეს მთელი ეს კომედია?.. თუ შენ არ ცდები, მაშინ მთელი ეს დაჭერები და ლიკვიდაცია კომედიაა და მეტი არაფერი, – თქვა სოხაძემ.
– მე ვიტყოდი ტრაგიკომედია, – მიუგო გამრეკელმა.
– ვერ ვხვდები. ამიხსენი.
– ვფიქრობ, რომ ახალმა მინისტრმა ჭამა და ბევრად უფრო ჩახლართული კომბინაციაა, ვიდრე მას ჰგონია.
– ახლა უფრო დავიბენი. რა ჭამა, რას გულისხმობ? – ჰკითხა სოხაძემ.
– მეორე დღეა, ამაზე ვფიქრობ. ათასი ვერსია დავატრიალე თავში და მგონია, რომ ჩოჩიანის ვითომდა მკვლელი არაფორმალი ლიდერების დასაშოშმინებლად დაიჭირეს. შემდეგ კი მოკლეს, რომ სიმართლე არ გამჟღავნებულიყო. ხომ გახსოვს, ამ ერთი კვირის წინ რომ სამინისტროს შენობას ალყა შემოარტყეს, მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. მათ მინისტრი შეხვდა და მშვიდობიანად გაისტუმრა... ჰოდა, იმ მილიციელის დაპატიმრებაც სწორედ ამას მოჰყვა. როგორც ეტყობა, ახალი მინისტრი არაფორმალ ლიდერებს მკვლელის პოვნას შეჰპირდა და შეასრულა კიდეც. თუმცა, მისი ლიკვიდაცია დასჭირდა, – მიუგო გამრეკელმა სოხაძეს.
– კი. სრული სიმართლეა. ზუსტად ვიცი, რომ მინისტრი მათ მკვლელის პოვნას შეჰპირდა და სამინისტროსაც ამიტომ მოხსნეს ალყა მომიტინგეებმა, – საუბარში ჩაერთო ზვიადაური.
– დავუშვათ, ეს მასეა, მაგრამ აფხაზეთის ყოფილი მინისტრი რატომღა დააპატიმრეს და ამ საქმეს რატომ მიაბეს? – იკითხა სოხაძემ.
– აი, სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული. ესაა ჩახლართული კომბინაცია და სწორედ აქ შეცდა ყველაზე მეტად ახალი მინისტრი, – გაეღიმა გამრეკელს.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა სოხაძემ.
– ახალ მინისტრს ყველა კარგად ვიცნობთ და დამეთანხმებით, რომ დიდი ინტელექტითა და წინდახედულობით არ ბრწყინავს. კი, ბატონო, ვირეშმაკაა და სულ ეს არის. იმ ოფიცრის დაჭერა და ლიკვიდაცია მისი მოფიქრებული იქნება, მაგრამ ყოფილი აფხაზეთის მინისტრის დაჭერა კი მას, ალბათ, სხვამ ურჩია.
– რატომ ურჩია?
– ის სხვა, ახალ მინისტრზე ბევრად უფრო ეშმაკი და ვერაგია. ვფიქრობ, მოსკოვის დავალებით მოქმედებს და იმიტომ. აი, ნახეთ. ყოფილი აფხაზი მინისტრი ამჟამად, უფრო სწორად კი, დაპატიმრებამდე, აფხაზეთის სახალხო ლაშქრის მეთაური იყო. აფხაზეთის სახალხო ლაშქარი კი ქართველ არაფორმალებთან პირდაპირ, რადიკალურ დაპირისპირებაშია. ახალმა მინისტრმა კი არაფორმალ ლიდერებთან ორმაგი ქულები დაიწერა, – დაიჭირა მათი „ბრატის“ უშუალო მკვლელი. აგრეთვე, მკვლელობის შემკვეთი, რომელიც ამავდროულად, მათი სამხედრო-პოლიტიკური მტერია და ეს მეორე მომენტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ანუ, რა გამოდის? ყველამ თავისი ამბიცია დაიკმაყოფილა. მინისტრი კარგი კაცია. არაფორმალებს კი მთავარი მტერი მოაშორეს და ამით უფრო თავდაჯერებულები და ძლიერები გახდნენ. მაგრამ, ყველას მთავარი გამოეპარა და სწორედ ის მთავარი იჩენს მომავალში თავს – ესაა ის ძაღლის თავი, რომელსაც მოსკოვი გამოიყენებს მომავალი დიდი პროვოკაციისთვის. ხვდებით, რას ვგულისხმობ?
– შენ გინდა თქვა, რომ აფხაზი გენერლის დაპატიმრება კიდევ უფრო გაამწვავებს ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებას და შემდეგ ამ მომენტს მოსკოვი ჩვენ შემოგვიბრუნებს? – უთხრა სოხაძემ გამრეკელს.
– სწორედ ასეა, – გაეცინა გამრეკელს, – ვერ ხედავთ, რა ხდება? ქვეყანა ძალიან აირია და საბჭოთა კავშირი იშლება. რუსეთს თუ მოვწყდით, მაშინ რუსეთი ჩვენგან ტერიტორიების მოწყვეტას შეეცდება და უპირველესად, საამისოდ სწორედ აფხაზებს გამოიყენებს. მოსკოვი ახლავე დებს ნაღმებს და ამას ის ქართველების ხელით აკეთებს.
– კი მაგრამ, ვინაა ისეთი მოღალატე, ვინც წინასწარ იცის ეს და ჩვენს ახალ მინისტრს ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინა? – იკითხა ზვიადაურმა.
– ვინ სხვა, თუ არა ცეკას პირველი მდივანი, – მიუგო გამრეკელმა, – მოსკოვის კადრია. ძველი „ჩეკისტი“ და ასეთი რამ არ შეეშლებოდა.
– კი. მასე იქნება, – დაეთანხმა მერაბს კოტე სოხაძე, – თუმცა, ეს სულაც არ გამორიცხავს მის კალმარობას.
– გამოვრიცხავ, და, იცი, რატომ? ყველაფერი ეს რომ დაიწყო, გენერალი აფხაზეთის მინისტრი იყო და ამხელა კაცი შეუმჩნევლად ვერ იმოქმედებდა. კალმარი კი, ვიმეორებ – მარტო მოქმედებდა. ყოველ შემთხვევაში, მაშინ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და გენერლის კალმარობა თავისთავად გამორიცხულია. ამ როლს უფრო ნესტორ პესკასელი ერგებოდა და მასზეც ამიტომ მქონდა ეჭვი.
– ახლა უკვე ნესტორიც გამორიცხულია, – გაეცინა სოხაძეს, – ნესტორი მკვდარია და სულ სხვა ყოფილა ის წყეული ფანტომ-კალმარი.
– ასე გამოდის, – მიუგო გამრეკელმა მეგობარს.
***
გენერალი მარტინ პოული თავის კაბინეტში იჯდა და დოსიეებს ათვალიერებდა. საქაღალდეების დასტიდან მან ერთი ამოარჩია და გვერდზე გადადო. შემდეგ ჩიბუხი დატენა, გააბოლა და თანაშემწეს ტელეფონით უთხრა:
– ჯიმ, პოლკოვნიკი პრაისი გამოიძახე. ორმოც წუთში ჩემთან ველოდები.
– არის, სერ! – მიუგო გენერალს თანაშემწემ და ყურმილი დაკიდა.
მარტინ პოული ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე იყო და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლ მიმართულებას კურირებდა. ის სავარძლიდან წამოდგა და კაბინეტში გაიარ-გამოიარა. ჩიბუხი რომ ბოლომდე მოწია, ფერფლი საფერფლეში გადმობერტყა. შემდეგ თავიდან დატენა და მაგიდაზე დადო. კვლავ სავარძელში მოკალათდა და ისევ გადადებული დოსიეს კითხვას შეუდგა. ოციოდე წუთის შემდეგ გენერლის თანაშემწემ დაურეკა და უთხრა:
– ბატონო გენერალო, პოლკოვნიკი ოლივერ პრაისი გელოდებათ.
– შემოვიდეს, – მიუგო პოულმა და კარისკენ გაიხედა.
პოლკოვნიკი ოლივერ პრაისი, გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიის კურსანტთა მომზადების კურატორი იყო და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რატომ დაიბარა გენერალმა. მრავალი წლის წინ პოული და პრაისი ერთად მუშაობდნენ. მეწყვილეებიც კი იყვნენ და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ამიტომ, პრაისი რომ პოულის კაბინეტში შევიდა, გენერალი ფეხზე წამოდგა და ახალმოსულს შეეგება, მეგობრულად გადაეხვია ძველ მეგობარს, სავარძლისკენ მიუთითა და უთხრა:
– ოლი, ალბათ, ვერც კი ხვდები, აქ რისთვის დაგიბარე?
– ტყუილად რომ არ მიხმობდი, ვიცი. მკითხაობას, ჯობია, თავადვე მითხრა. აბა, გისმენ, გენერალო.
პოულმა პრაისს გადადებული დოსიე მიაწოდა და უთხრა.
– ამ კურსანტს შენ უმაღლეს შეფასებას აძლევ და იმიტომ დაგიძახე, რომ უფრო დაწვრილებით გამაცნო.
პოლკოვნიკმა დოსიეს დახედა. გაეღიმა და გენერალს უთხრა:
– ჯაბა ზვიადაური. აკადემიის საუკეთესო კურსანტია. ნამდვილი ასია. თავს დავდებ, რომ ძალიან წინ წავა.
– გეტყობა, მისი პიროვნებით აღფრთოვანებული ხარ. რაც მაგ საქაღალდეში წავიკითხე, მეც მომეწონა და სწორედ იმიტომ დაგიძახე, რომ ჩემი აზრი განამტკიცო.
– მანდ რაც წერია, საკმარისი არაა? – მიუთითა გენერალს საქაღალდეზე პრაისმა, – ეგეც ჩემი შედგენილია.
– ჰოდა, სწორედ ამიტომ დაგიძახე. აბა, შენებურად, გააცოცხლე წარჩინებული კურსანტის დოსიე.
– როგორც კი აკადემიას დაამთავრებს, ალბათ, შენთან გინდა, წამოიყვანო, ხომ?
– არა, – თავი გააქნია გენერალმა, – მისი გამოყენება ახლავე მინდა.
– ახლავე? მას ხომ ჯერ კიდევ ერთი წელი დარჩა?
– ასეა საჭირო. აუცილებლობა მოითხოვს. თანაც, შენ ხომ ფიქრობ, რომ ის გენიოსია და სწორედ ასეთი გვჭირდება ჩვენს ოპერაციაში.
– რა გაეწყობა? – მხრები აიჩეჩა პრაისმა, – ზვიადაური, მართლაც რომ, გენიოსია და არა იმიტომ, რომ ყველა დისციპლინაში წარჩინებულია. არა, მთავარი ღირსება მისი ქარიზმაა. ის ნამდვილი ლიდერია, წინამძღოლი და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სულ რაღაც ოცი წლისაა, ბევრ გამოცდილ და მასზე უფროს კოლეგას ჯობია. მოკლედ რომ გითხრა, ის ნამდვილ საიდუმლო აგენტადაა დაბადებული.
– მოკლედ აქაც წერია. უფრო მეტი ინფორმაცია მინდა მასზე.
– მაინც, კიდევ რა გაინტერესებს? – ყოფილი საბჭოთა კავშირიდანაა, ხომ?
– კი. ქართველია. ცხოვრობდა მოსკოვში, თბილისში, ძალიან დიდხანს – ბულგარეთში. სკოლა იქ დაამთავრა. შემდეგ შტატებში ჩამოვიდა და წარჩინებით ჩააბარა გამოცდები ჩვენთან.
– თბილისში, თბილისში... იქ, თუ არ ვცდები, ამას წინათ რევოლუცია მოხდა.
– ვარდების რევოლუცია, – დაუდასტურა პრაისმა გენერალს.
– მისი მშობლები?
პრაისმა პაუზა გააკეთა. გააბოლა და პოულს უთხრა:
– მარტინ, ამ ყმაწვილის ბიოგრაფიას ერთი საიდუმლო აქვს, რომელიც მან არ იცის.
– რა საიდუმლო?
– ეს ბიჭი სხვებმა აღზარდეს და გვარიც