ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: მოვალემ კრედიტორისგან მოითხოვა იმ ხარჯების ანაზღაურება, რომელიც გაიღო მან კრედიტორის მიერ მიღებული საგნების შესანახად. კრედიტორმა უარი განაცხადა მოვალის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ წყალდიდობის გამო შეუძლებელი იყო დანიშნულების ადგილზე მისვლა და მოვალისგან ნივთების წამოღება. კანონიერია თუ არა კრედიტორის ქმედება.
პასუხი: არ არის კანონიერი. ვინაიდან კრედიტორი შესრულების მიღების ვადის გადაცილებისას, მისივე ბრალის მიუხედავად, ვალდებულია, მოვალეს აუნაზღაუროს ხელშეკრულების საგნის შენახვის გამო წარმოშობილი ზედმეტი ხარჯები.
კითხვა: რომელი დღეებია საქართველოს კანონმდებლობით გამოცხადებული უქმე დღეებად?
პასუხი: უქმე დღეებია: 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები; 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე; 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე; 3 მარტი – დედის დღე; 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე; 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისა და საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე; სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია); 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე; 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე; 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე; 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა); 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე; 23 ნოემბერი – გიორგობის დღე. აღსანიშნავია, რომ დასაქმებული უფლებამოსილია, ამ კანონით დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
კითხვა: ვარ პენსიონერი. ძალიან მიჭირს. მინდა სადმე მუშაობის დაწყება. თუ შევძელი ამის გაკეთება, მომეცემა თუ არა პენსია სრულად?
პასუხი: გაცნობებთ, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. შესაბამისად, თუ თქვენ მუშაობას დაიწყებთ საჯარო სამსახურში, შეგიწყდებათ პენსიის მიღება.
კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის შეიძლება თუ არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ არასამთავრობო ორგანიზაციებს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ზოგადად იურიდიული პირი ნიშნავს სამეწარმეო, კომერციულ ან არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს ან მის უფლებამონაცვლეს. არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ არაკომერციული იურიდიული პირების ფორმით, შესაბამისად ისინი წარმოადგენენ და შესაძლებელია იყვნენ დანაშაულის სუბიექტები.