ფლორის სამყაროში
კითხვა: რა ტემპერატურაა საჭირო დენდრობიუმისთვის?
პასუხი: ეს ორქიდეა დაბალ ტემპერატურასაც იტანს და, სხვა ორქიდეებისგან განხვავებით, ტროპიკული სიცხე არ სჭირდება, თუმცა, ტენი არ უნდა მოაკლდეს. ზაფხულობით 20-24 გრადუს ტემპერატურაზე ამყოფეთ, ზამთრობით კი – 10 გრადუსზე.
კითხვა: როგორი რეჟიმით მოვრწყა ეპიპრემნუმი?
პასუხი: გაზაფხულზე და ზაფხულში რეგულარულად მორწყეთ, მაგრამ, სანამ მორწყავთ, ნიადაგს შეშრობა უნდა აცადოთ. მცენარის ზრდის პერიოდში მიწა სასუქით გაანოყიერეთ. ზამთარში კი შედარებით იშვიათად მორწყეთ. ამ დროს არც დამატებითი საკვები სჭირდება.
კითხვა: ბეგონიას გახარება მინდა. ხომ ვერ მირჩევთ, როგორ მოვიქცე, რომ იოლად გავზარდო?
პასუხი: 2,5-სანტიმეტრიანი ღეროს ფოთოლი მიწაში ისე ჩარგეთ, რომ ფოთოლი მიწის ზემოთ დარჩეს და ორ თვეში თქვენ ახალი მცენარე გექნებათ. საერთოდ, გამჭირვალე ხუფი ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას, რაც ხელსაყრელია მცენარისთვის.
კითხვა: როგორი განათება მოსწონს რეოს?
პასუხი: რეოს უყვარს კაშკაშა სინათლე, მაგრამ, თუ თქვენ მცენარეს მზის გულზე დადგამთ, ფოთლები გაუხუნდება და ძველებურ ეფექტს დაკარგავს. ნათელი სასტუმრო ოთახი ამისათვის საუკეთესო ადგილია.
კითხვა: რამდენად იოლია იზოლეპისის გაზრდა?
პასუხი: მართალია, ეს მცენარე ბუნებაში წყლის პირას იზრდება, მაგრამ, ოთახის პირობებშიც მშვენივრად გაახარებთ. ის ნესტის მოყვარული მცენარეა, ამიტომ, მიწა მუდამ სველი უნდა ჰქონდეს. მაღალი ტენიანობის შესანარჩუნებლად ქოთანი წყლიან ჭურჭელში ჩადგით. ეცადეთ, რბილი წყლით მორწყათ ხოლმე.
კითხვა: მინდა, ჩინური ვარდი დავაბუჩქო. როგორ მოვიქცე?
პასუხი: დიდ ქოთანში ის, შეიძლება, ორ მეტრამდე ან უფრო მაღალიც კი გაიზარდოს, მაგრამ, თუ თქვენ გსურთ, რომ მცენარემ ბუჩქის ფორმა მიიღოს, გაზაფხულზე კარგად უნდა გასხლათ და მცენარე სიმაღლეში ზრდას აუცილებლად შეწყვეტს. გასხვლა ყვავილობას არ ვნებს.
კითხვა: ბინაში მადაგასკარული ჟასმინი მაქვს, რომელმაც ამ ბოლო დროს მოიწყინა, რის ბრალი შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: ეს მცენარე ვერ იტანს ტემპერატურის ცვლილებას და დაბალ ტენიანობას. შეეცადეთ, რომ მუდმივად ერთნაირ პირობებში ამყოფოთ და შეამოწმეთ მისი ნიადაგი – შეიძლება, უკვე გამომშრალია და მორწყვა სჭირდება.
კითხვა: როგორ მოვუარო ფალენოპსისს?
პასუხი: ფალენოპსისს სჭირდება სინათლე, ამიტომ, ზამთარში ყვავილობის ხელშესაწყობად ხელოვნური განათებაც მიაშველეთ. მისთვის იდეალურია დაახლოებით 20 გრადუსი და მაღალი ტენიანობა. მოსწონს სიგრილეც – ღამით ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაბალი უნდა იყოს. ზამთარში იშვიათად მორწყეთ და სიმშრალეში ამყოფეთ, ზრდის პერიოდში კი უხვად დაუსხით წყალი. ზაფხულში ორ კვირაში ერთხელ 5 წუთით გააჩერეთ ორქიდეებისთვის განკუთვნილ თხევად სასუქში, შემდეგ კი დაწრიტეთ. დაყვავილების შემდეგ ღერო ქვემოდან მეორე კვირტის სიმაღლეზე გადაჭერით. შეგიძლიათ, ძველი ღერო მთლიანად მოაშოროთ.