კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული ნისიად

„ეს უფრო კარგი გოგო ჩანს, ვიდრე მაკა“, – გაიფიქრა ვერიკომ, სიგარეტი ამოიღო და, სანამ ბიჭები დაფაცურდებოდნენ, თვითონ მოუკიდა.

– ერთმა ქალმა უთხრა, ცოლი გღალატობსო და დაიჯერა.

– როგორ, ასე, ვიღაცის თქმით დაიჯერა? – რატომღაც გაბრაზდა ვერიკო.

– ხომ იცი, ორნაქმარევი, მდიდარი მშობლების გათამამებული შვილი... მოკლედ, თეორიულად, ძნელი დასაჯერებელი არ არის.

– მერე, ვერ აუხსენი? ვერ დაარწმუნე?

– რა უნდა მეთქვა, დედას გაფიცები, მამას გეფიცები, არ მიღალატია-მეთქი?!

– მაინც უნდა გეცადა. მთავარია...

– მთავარი ის არის, რომ მან დაიჯერა! თანაც – მაშინვე! ეჭვიც კი არ შეჰპარვია, ისიც კი არ უთქვამს, რითი დამიმტკიცებო... ყველაზე მეტად იმაზე მტკივა გული, რომ დასაშვებად ჩათვალა ჩემი ორგულობა, არადა, იცოდა, რომ პათოლოგიურად მიყვარდა...

– ახლაც გიყვარს, ხომ ასეა? – ვერიკოს ხათუნასთვის თავზე ხელის გადასმა და მოფერება მოუნდა...

– ჰო, მიყვარს, მაგრამ, უნდა მოვერიო ამ სიყვარულს.

– შეიძლება, აწყობდა, რომ დაეჯერებინა, ანუ, იმ ქალის სიტყვები საბაბი იყო?

– რისი საბაბი?

– იმის, რომ სხვა ქალთან უნდოდა წასვლა და მიზეზს ეძებდა.

– სწორედ იმ „სხვა” ქალმა უთხრა, გღალატობსო.

– ვინ არის ის ქალი? – დაინტერესდა ვერიკო.

– გუჯიზე ოცი წლით უფროსი, საკმაოდ საეჭვო წარსულის მქონე ბებოა, მაგრამ, იმ ქალში არ არის საქმე, მთავარი ისაა, რომ მას ჩემს სიყვარულში შეეპარა ეჭვი. ასეთი ტკივილი და შეურაცხყოფა არც პირველ ქმარს მოუყენებია, რომელიც თვითონაც კაიფობდა და მეც მაძალებდა ნარკოტიკს, რის გამოც თავქუდმოგლეჯილი გამოვექეცი და, არც მეორეს, რომელიც სიფხიზლეში ანგელოზი იყო, მაგრამ, პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და, როცა დალევდა, ცემასაც არ მაკლებდა... მაგრამ, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ორივე მალე მოვინელე და გადავიტანე, შეიძლება, იმიტომაც, რომ, მეგონა, მიყვარს-მეთქი, მაგრამ, სინამდვილეში არ მიყვარდა არცერთი; აი, გუჯიზე კი, შეიძლება ითქვას, ვაფანატებდი... მისთვის თვალის დაუხამხამებლად გადავხტებოდი კლდიდან, ჩავუვარდებოდი მატარებელს... იცოდა ეს ყველაფერი და მაინც დაიჯერა – ამას ვერასდროს ვაპატიებ. ეს რომ გავაცნობიერე, მივხვდი, რომ მასთან ვეღარ ვიცხოვრებდი და...

– შენ თვითონ გაეყარე? – მიხვდა ვერიკო.

– ჰო, მე ვუთხარი, გეყრები-მეთქი და მაშინვე წამოვედი.

მეგობრებმა იცოდნენ ხათუნას ამბავი, მაგრამ მაინც უსმენდნენ, თუმცა, ვერაფერში ეხმარებოდნენ – ცოლ-ქმრის ურთიერთობა ის თემაა, რომელშიც ყოველთვის ზედმეტია მესამე, თუნდაც ყველაზე ერთგული და ჭკვიანი ახლობლის ჩარევა.

რაღაცნაირად, ისე მოხდა, რომ ვერიკოსა და ხათუნას შორის ძალიან უშუალო დიალოგი გაიმართა – მათ თითქოს დაავიწყდათ, რომ მარტონი არ იყვნენ და ისე გულითადად საუბრობდნენ, როგორც უახლოესი, მაგრამ, დიდი ხნის უნახავი მეგობრები.

მაკა არ იყო მიჩვეული „თამაშგარე“ მდგომარეობაში ყოფნას, ხათუნასა და ვერიკოს ასეთი უცაბედი დამეგობრება კი სწორედ ამას მოასწავებდა და, შესაძლოა, სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბულად განვითარებულიყო, ამიტომ, ბიჭებს თვალი ჩაუკრა და ვერიკოს მიმართა:

– ხათუნას რომ ასე დაწვრილებით აყოლებ ყველაფერს, თვითონ რატომ არაფერი მოგვიყევი?

– რა გაინტერესებს? – შეცბა ვერიკო.

– ყველაფერი: რამდენი წლის გათხოვდი, ვის გაჰყევი, როგორ დაქვრივდი, იმის მერე როგორ ცხოვრობდი...

– მგონი, სულ დაგვავიწყდა იუბილარი, – პასუხზე თავის არიდება სცადა ვერიკომ, – წესით, ყველა თემა მის გარშემო უნდა ტრიალებდეს.

– აცილებებს არა ვართ, – მიუხვდა მაკა, – თუ საიდუმლო არ არის, გამეცი პასუხი.

– ბევრი არც არაფერი მაქვს მოსაყოლი, – ისევ სევდა ჩაუდგა თვალებში ვერიკოს, – პირველი კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი. სკოლა რომ დავამთავრეთ, ბანკეტიდან გავიპარეთ სერგის ძმაკაცის მანქანით, მაგრამ, ჩვენი მძღოლი ნასვამი იყო და მდინარეში გადავცვივდით. ის ძმაკაცი მაშინვე დაიღუპა, მე და სერგი ძლივს ამოგვიყვანეს მანქანიდან და საავადმყოფოში გაგვაქანეს. სერგი სამ დღეში გარდაიცვალა, მე კი ოთხი თვე ვიყავი აპარატზე შეერთებული და ჩემი გადარჩენის იმედი აღარავის ჰქონდა, მაგრამ, მოხდა სასწაული და დავუბრუნდი სააქაოს, თუმცა, ისეთი შოკი და სტრესი მქონდა, რამდენიმე წელი დავყავდი მშობლებს ხან სად და ხან სად...

– შენი შეყვარებული ისე მოკვდა, ვერც ხელის მოწერა მოასწარით, ვერც ჯვრის დაწერა. და ვერც სხვა რამე? – ნიუანსების დაზუსტება მოინდომა მაკამ.

ამ კითხვამ ყველა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, განსაკუთრებით – ვერიკო, მაგრამ, მაინც თავი შეიკავა უხეშობისგან და საერთოდ არ გასცა პასუხი, მაკამ კი იფიქრა, რომ თვითონ გახდა სიტუაციის ბატონ-პატრონი და ძალიან ხეპრულად წამოაყრანტალა:

– ესე იგი, ცელკა ხარ? კი მაგრამ, ხელი თუ არ მოგიწერიათ, ჯვარი არ დაგიწერიათ და ერთად არ წოლილხართ, რანაირი ქვრივი ხარ, რა, მოგწონს ეგ სტატუსი და იმიტომ იბრალებ?

– შენ ამას მაინც ვერ გაიგებ, – წამოდგა ვერიკო და გასასვლელისკენ გაემართა. პალტო რომ ჩაიცვა, ოთახში შემობრუნდა და უხერხულად გაჩუმებულ სტუმრებსა და მასპინძელს მტკიცედ უთხრა:

– ბოდიშს გიხდით, რომ შეგაწუხეთ, მაგრამ, მე აქ აღარასოდეს აღარ მოვალ.

– რატომ, ჩვენი დონე არ მოგეწონა? – მაკა „იაზვობას“ არ იშლიდა.

– უზრდელებს ვერ ვიტან ბავშვობიდან, – შემწყნარებლურად გაუღიმა ვერიკომ, თეა გადაკოცნა, ბოდიში მოუხადა და კარი გაიკეტა.

ოთახში შებრუნებულმა თეამ საყვედურით შეხედა მაკას:

 – არ შეგეძლო, ცოტა უფრო ტაქტიანად მოქცეულიყავი? შენ, შეიძლება, ცხოვრებაში აღარასდროს ნახო ეს გოგო, ჩვენ კი ერთ სამსახურში ვმუშაობთ და დილიდან საღამომდე ერთად გვიწევს ყოფნა. რა დაგიშავა, რატომ კბენდი გაუთავებლად?

– ნუ დაიწყებდა პერეხვატების გაკეთებას და არ დავკბენდი, – გაბრაზებით უპასუხა მაკამ, – მოსვლისთანავე ჯერ ერთს დაადგა თვალი და გამოიწვია, მერე – მეორეს

– ვინ ერთს და მეორეს?

– ვითომ ვერ ხვდები! ჯერ ამ დებილს მოსდო ჩანგალი, – მაკამ ლაშასკენ  გადააქნია თავი და თან შეუბღვირა, – მერე კი, პარალელურ რეჟიმში, მამუკას დაუწყო თვალების ჟუჟუნი, ალბათ, იფიქრა, ერთ-ერთს მაინც დავითრევო, მაგრამ, არ გამოუვიდა, ხომ მივაბუნძურე აქედან! თან, უზრდელიც რომ მიძახა მაგ თავხედმა! შენ გაგიწიე ხათრი, თორემ, მაგ სიტყვებს ვანანებდი! – ტყვიამფრქვევივით მიაყარა მაკამ და ბოლოს თავისი გამოსვლა ისეთი ქუჩური „ლოცვა-კურთხევით“ დააგვირგვინა, ბიჭებიც კი გაშტერდნენ.

თეა აიმრიზა. ჯერ იფიქრა, მდგომარეობას არ გავამწვავებო, მაგრამ, მიხვდა, რომ, თუ მაკას დროზე არ „მოსვამდა“, მერე, შეიძლება, უფრო „გაჯეჯილებულიყო“ და, არ იყო გამორიცხული, ეს საღამო კონფლიქტით დასრულებულიყო. მაგრამ, სანამ რამეს იტყოდა, მაკა ისევ გამოვიდა სიტყვაში:

– მე, იცი, რაზე მწყდება გული? იმ ვიღაც ახალგაცნობილი სტარაია დევას გამო, სხვებისთვის თავის შესაცოდებლად რომ დაირქვა ქვრივი, მე რომ მაძლევ შენიშვნებს, ამდენი ხნის დაქალს. თან, უმწიკვლოსაც რომ თამაშობს!.. ვიცნობ, მე ეგეთ პატიოსნებს! ვითომ  კაცი არ უნახავთ, ვითომ ქალწულები არიან, სინამდვილეში კი გაცილებით უარესს კადრულობენ, ვიდრე ქუჩის მეძავები... სხვათა შორის, მშვენივრად შეგატყვე, რომ ერთ მომენტში შენც დაიძაბე და, მინდა აღვნიშნო, რომ იმავე მიზეზით, რამაც მე გამაღიზიანა, მაგრამ, რატომღაც თავი შეიკავე, რაც შენ ნამდვილად არ გგავს. იმ წუთას მე რომ ვყოფილიყავი, ანუ, მე რომ მექნა ის, რაც იმან ქნა, ასე გაჩუმდებოდი?

– მაკა შენ დღეს ძალიან ბევრი აიღე შენს თავზე; არც იმას გაუწიე ანგარიში, რომ ვერიკო ჩემს მეგობრად წარგიდგინეთ; არც იმას, რომ, იცი, ზედმეტი ტ...ის თამაში არ მიყვარს და, თან, პრაქტიკულად, ჩამიშალე დაბადების დღე, რომელიც სულ სხვანაირად მქონდა ჩაფიქრებული და დაგეგმილი; ამ ყველაფერთან ერთად კი, ახლაც პრავებს გვიკაჩავებ ყველას და ვერ ხვდები, რომ ძალიან შეტოპე... ამიტომ, შენს ყველა ეგრეთ წოდებულ პრეტენზიას ერთად გავცემ პასუხს და, იმედი მაქვს, მიხვდები, ამის შემდეგ როგორ უნდა მოიქცე, – თეა მაკას წინ, სავარძელზე ჩამოჯდა, მკაცრად შეხედა და განაგრძო: – დავიწყოთ იმით, რომ შენ ჩვენს სამეგობროში ლაშამ შემოგიყვანა, თან, არცთუ დიდი ხნის წინ და, შესაბამისად, ნამდვილად არ ხარ ჩემი დაქალი, მით უმეტეს – დიდი ხნის...

მაკამ უკმაყოფილება რაღაც უცნაური ჟესტით გამოხატა და საკმაოდ ნაწყენმა დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ თეამ წარბის აწევით შეაჩერა:

– ჯერ მე ვლაპარაკობ, ამიტომ, ნება იბოძე და ბოლომდე მომისმინე. რაც შეეხება ვერიკოს პირად ცხოვრებას, ეს არავის გასარჩევი და განსახილველი არ არის, ყველა ისე ცხოვრობს, მათ შორის – თითოეული ჩვენგანი, როგორც შეუძლია, როგორც ესმის, როგორც სინდისი ჰკარნახობს და როგორც გარემოებები უწყობს ხელს; ამიტომ, ნურავის განვიკითხავთ, მით უფრო, რომ ყოველ ჩვენგანს საკმაოდ მძიმე ტვირთი გვკიდია ზურგზე ჩვენი წარსული შეცდომების გამო და, ამიტომ, ჯობია, ჩუმად ვიყოთ...

– ახლა ისიც არ მითხრა, რომ შენც არ დაიძაბე და დაიზმენდი, მამუკამ რომ დაუწყო იმ შენს „წმინდანს” უხაჟივანიები, – ვერ მოითმინა მაკამ და სიტყვა შეაწყვეტინა.

თეას გულზე მოხვდა მაკას რეპლიკა, რადგან, მართლაც იყო ასეთი მომენტი, მაგრამ, არ უნდოდა ამის აღიარება და ამიტომ დამცინავი ღიმილით უპასუხა:

– შენ გინდა თქვა, რომ ვიეჭვიანე? ძალიან ცდები, ჩემო კარგო და ეს იმიტომ მოგდის, რომ ჯერ კიდევ არ მიცნობ კარგად. ჯერ ერთი, საერთოდ არ ვარ ეჭვიანი; მეორეც, მე არავინ მყავს დასაკარგი, ანუ, თუ საქმე საქმეზე მიდგა, კაცებს უნდა ეშინოდეთ, რომ მე არ დამკარგონ... თანაც, მამუკასთან არაფერი მაკავშირებს გულწრფელი მეგობრობის გარდა... – თეამ უცებ შეწყვიტა ლაპარაკი, რადგან ამ სიტყვების გაგონებისას მაკამ ირონიულად გაიცინა, თან, საკმაოდ ხმამაღლა და, გადაწყვიტა, ამ ყველაფრისთვის ბოლო მოეღო: გოგოს გამანადგურებელი ღიმილით შეხედა და პირდაპირ უთხრა: – აღარ დაგღლი ლაპარაკით, ჩემო კარგო, მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ჩვენს სამეგობროში აშკარად ვერ ჩაეწერე. სიმართლე გითხრა, ძალიან მაღიზიანებს შენი ძველბიჭური გამოხტომები და ბირჟავიკული ჟარგონები, თუმცა, რაღაც მომენტში მეც კი ამიყოლიე, რასაც ძალიან ვნანობ. სიმართლე გითხრა, ისიც მიკვირს საკუთარი თავისგან, რატომ ვიღლი ენას შენთვის  ახსნა-განმარტების მოცემით, მაგრამ, ალბათ, ლაშას პატივისცემის გამო. ჩვენ, ვისაც აქ გვხედავ, პატარა გოგო-ბიჭები აღარ ვართ და შენთვის გაუგებარი ინტერესები გვაერთიანებს, ამიტომ...

– ამიტომ, რა, ბოდიში მოგიხადოთ ყველას? – გაწიწმატდა მაკა და ლაშას გახედა, – შენ რატომ არ იღებ ხმას, რატომ არ მიცავ, ასე რომ მტისკავს შენი დაქალი?

– შენ არა, მე უნდა მოვუხადო ყველას ბოდიში, – თქვა ლაშამ, წამოდგა და მაკას მიუახლოვდა, – ადექი და წამოდი!

– რა, მივდივართ? – იკითხა მაკამ და მექანიკურად წამოდგა.

– მე არა, მარტო შენ მიდიხარ, მე კი გაგაცილებ – ტაქსიში ჩაგსვამ და უკან დავბრუნდები. სიმართლე გითხრა, უკვე დიდი ხანია, ვგრძნობ, რომ ძალიან დამღალე, დღეს კი შენ თვითონ დაუსვი ყველაფერს წერტილი.

– ესე იგი, შენ აქ რჩები?! – გაცოფდა გოგო.

– ჰო, მე აქ ვრჩები. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩემს მეგობარს დაბადების დღე და ეს საღამო ჩემი ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გავატარო. წამოდი... – ლაშამ მაჯაში ჩაჰკიდა ხელი მაკას და კარისკენ წაიყვანა. მაგრამ გოგომ უცებ ჰკრა ხელი, კარისკენ გაბრაზებული ნაბიჯით გაემართა და იქ შეკრებილებს მოაძახა:

– ნახავთ, თუ არ განანოთ, პირველ რიგში კი შენ, ლაწირაკო ნაბიჭვარო! – და მთელი ძალით გაიჯახუნა კარი.

ოთახში დარჩენილებმა ერთმანეთს გადახედეს და უხერხულად შეიშმუშნენ. ბიჭებმა ვეღარ ააწყვეს საუბარი, თეა კი გაბრაზებული სახით იჯდა და ხმას არ იღებდა. ბოლოს ისევ ხათუნამ იმარჯვა:

– ჰო, კარგი, ისეთიც არაფერი მომხდარა. ერთი უტვინო გოგოს უტვინო საქციელმა ასე როგორ უნდა მოგიშალოთ ნერვები?

– მართალი ხარ, დავივიწყოთ! ლაშა, შეგვივსე სასმისები, კიდევ ერთხელ უნდა ვადღეგრძელო ჩვენი იუბილარი დიასახლისი! – მამუკამ აშკარად ძალით გაიმხიარულა თავი, შამპანურით სავსე ფუჟერი თეას ფუჟერს მიუჭახუნა და, ცოტა არ იყოს, მლიქვნელურად უთხრა: – „შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა!“ – შენ გაგიმარჯოს, ჩვენი სამეგობროს სულო და გულო, ჩვენო გაჭირვების ტალკვესო, ჩვენო მკაცრო ფერია!.. შენ ხარ მამაკაცების ოცნებაც და მამაკაცების რისხვაც! ხან ნაზი ფისო ხარ და ხანაც – მრისხანე ავაზა... – მამუკა უცებ მიხვდა, რომ სიტყვები შემოელია, ერთხელ კიდევ მიუჭახუნა გაოცებულ თეას ჭიქა და გამოაცხადა: – ვსვამთ ბოლომდე! – მერე ერთი ფუჟერი შამპანური ერთბაშად გადაუშვა ყელში,  ტუჩები ხელსახოცით შეიმშრალა და დანარჩენებს გადაუბრიალა თვალები: – რა გითხარით, ბოლომდე ვსვამთ-მეთქი?

– აბა, აბა, ძალიან გთხოვ, „გრუზინულ“ პონტებს შეეშვი! – დაუტატანა თეამ მამუკას და გაოცებულმა განაგრძო: – შენ თუ ამდენი მლიქვნელობა და აფერისტობა შეგეძლო, ვერასდროს წარმოვიდგენდი, – მერე კი ღიმილით დაამატა: – ისე, მეც კარგად დავაფრქვიე ჟარგონები, მაგრამ, ხანდახან მართლა ასწორებს, ხომ იცი!

– რა ვიაფერისტე? რასაც მართლა ვფიქრობ შენზე, დედას გეფიცები, ყველაფერი ის გითხარი!

– ეგ კიდევ საკითხავია, – გაეცინა თეას.

– რატომ? – დაიძაბა მამუკა.

– იმიტომ, რომ, რაღაცნაირად, თავის მართლებას ჰგავდა შენი სადღეგრძელო.

– შენ ახლა ცუდ ხასიათზე დადექი და ამიტომ აღარ შეგეკამათები. მაგრამ, თუ იმ შენს ახალ დაქალს გულისხმობ, მე არაფერი ჩამიდენია შენი საწყენი, პირიქით, ვიფიქრე, გესიამოვნებოდა, რომ შენს მეგობარს პატარა კომფორტს შევუქმნიდი და მასპინძლობა გამოვიჩინე, მეტი არაფერი.

მამუკამ ისე გულწრფელად წარმოთქვა ბოლო წინადადება, რომ თეამ მაშინვე დაუჯერა და გაუღიმა:

– კარგი, კარგი, არ გიბრაზდები, უბრალოდ, ვერიკოსთან გამომივიდა ცუდად –ჯერ დიდი ამბით დავპატიჟე, მერე კი აქედან გავაქციე.

– შენ არ გაგიქცევია, – შეეკამათა ლაშა.

– მე თუ სხვამ, რა მნიშვნელობა აქვს, მასპინძელი მე ვარ და...

– ისე, კარგი გოგო ჩანს ეგ შენი ვერიკო, – თქვა ხათუნამ, – რატომღაც, მაშინვე მიმივიდა გული. შენი დაქალი თუ იყო, რატომ აქამდე არ გაგვაცანი?

– მთლად დაქალი არ არის, მაგრამ, მინდა, რომ ვიმეგობროთ. მთელ ფირმაში, მგონი, ერთადერთი გოგოა, ვისთანაც ნორმალური ურთიერთობა შეიძლება.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3