კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ნევროზი თუ გაფრთხილება?

ზოგჯერ მომავალზე ბევრს ვფიქრობთ და ბევრსაც ვნერვიულობთ. განვიცდით იმას, რაც ჯერ არ მომხდარა. შეგვიძლია, ამას ერთგვარი ნევროზიც დავარქვათ, თუმცა, რაღაც სასარგებლო ამ შფოთვაში ნამდვილად არის. შიშმა და აფორიაქებამ ჯერ არ მომხდარის წინაშე, შეიძლება, კარგი სამსახურიც გაგვიწიოს – დაგვიცვას გაუაზრებელი, არაგონივრული საქციელისგან, რაც სერიოზულად დაგვაზარალებდა. მთავარია, ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებს არ გასცდეს და ისეთ მასშტაბებს არ მიაღწიოს, რაც ჩვენც „გადაგვყლაპავს“ და ჩვენ გარშემომყოფებსაც გადასწვდება. რა მოჰყვება ნაბიჯს, რომელსაც გადავდგამთ – ამაზე უნდა ვიფიქროთ და ეს პასუხისმგებლობაა. ცუდია გამუდმებული ფიქრი ნეგატივზე. ასეთი ფიქრები ზოგჯერ „განსხეულებას“ იწყებენ და ის ხდება, რაც არ გვინდა, რომ მოხდეს. გჯეროდეთ მხოლოდ სიკეთის. რა თქმა უნდა, ჩვენ გარშემო ნეგატიური მოვლენებიც ხდება და ეს გარდაუვალია, მაგრამ, ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ დაუსრულებლად ვიფიქროთ ამაზე და ცხოვრების თანამგზავრად ვაქციოთ. დიახ, საკუთარ თავს გაფრთხილება უნდა მისცეთ – ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ, გულხელდაკრეფილი არ უნდა დაჯდეთ და უმოქმედობაში არ ეძებოთ გამოსავალი – ეს ყველაზე დიდი შეცდომა იქნება...

ინტუიცია – ნაბიჯი წინ!..

ნამდვილი ინტუიცია არ საჭიროებს არანაირ წინასწარ მომზადებას ან ვარჯიშს. ძირითადად, ინტუიცია დამოკიდებულია ემოციასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. აზროვნების, მეხსიერების, წარმოსახვის, ფანტაზიისა და ყურადღების ტანდემით, სრული მობილიზაციითა და მზადყოფნით ვითარდება ინტუიცია. ზოგიერთი ადამიანი მეტად გრძნობს ინტუიციის კარნახს, ზოგიც – ნაკლებად. ყველაფერი იმ კომპონენტების სიმძაფრეზეა დამოკიდებული, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ. დაკვირვებული, ჩუმი ადამიანები, რომლებიც ხშირად საუბრობენ საკუთარ თავთან, მეტად განვითარებულ ინტუიციას ფლობენ. სიტუაციების გვერდიდან ჭვრეტის ნიჭი ნამდვილი ხელოვნებაა, მხოლოდ ასე შეიძლება საკუთარი შეცდომების დანახვა და მათი კარგად გააზრება. ინტუიციის კარნახის სწორად გაგებას შეუძლია, ნაბიჯი წინ გადაგადგმევინოთ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ინტუიცია საერთოდ არ გაგაჩნიათ, ძალიან ცდებით, თანაც, ქალებს ის ორმაგად აქვთ განვითარებული, რადგან, მამაკაცებთან შედარებით, ფანტაზიის უნარიც უფრო ძლიერი აქვთ. ინტუიციას ხელს არ უშლის წარმოსახვის უნარიც, პირიქით, ძალიან ეხმარება მას. თუ ხშირად წარმოიდგენთ თავს იმ სიტუაციაში, რომელში ყოფნაც ძალიან გინდათ, ადრე თუ გვიან, წარმოსახვა რეალობად იქცევა. წარმოსახვაში გადადგით ნაბიჯი წინ – ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... განიცადეთ წინსვლით გამოწვეული სიხარული და ეს აუცილებლად მოხდება.

გაიღიმეთ... გაგივლით!

არცთუ იშვიათად, ცხოვრება უსიამოვნო სიურპრიზებით გვანებივრებს. მაგრამ, ასეთ დროს დაუშვებელია ფიქრი იმაზე, რომ, თუ ერთხელ შედგი ფეხი „შავ ბილიკზე“, მთელი დარჩენილი ცხოვრებაც ასე იქნება. სხვათა შორის, ზუსტად ისე გვექცევა ცხოვრება, როგორც ჩვენ ვექცევით მას... ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, შეიძლება რთულადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ, თუკი დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ მთავარი პრობლემა მხოლოდ ჩვენშია. ჩვენი ფიქრები, ოცნებები, სურვილები... ყოველთვის პოზიტიურია?! იქნებ, გგონიათ, რომ „შავ ბილიკზე“ შემთხვევით აღმოჩნდით? ეს ასე არ არის. ყოველთვის გარემოებებზე ძლიერი უნდა იყოთ. თუ იფიქრებთ, რომ მსხვერპლი ხართ და ამ როლში ხშირად დარჩებით, სიხარული და ბედნიერება გვერდს აგივლით. ისეთ წუთებში, როცა ძალიან, ძალიან გიჭირთ, უთხარით საკუთარ თავს, რომ ეს ყველაფერი დროებითია და აუცილებლად გაივლის... და რომ ხვალ ყველაფერი ისევ კარგად, შესანიშნავადაც კი იქნება. თქვენ სიახლოვეს  აუცილებლად იარსებებს ადამიანი, რომელიც თქვენზე მეტად საჭიროებს თანადგომასა და ნუგეშისცემას. როცა გასცემთ ემოციას, ის ორმაგი პოზიტივით დაგიბრუნდებათ. სულიერი წონასწორობის აღდგენაში ძალიან გვეხმარება „ემოციური გაცვლები,“ ღიმილი და, კიდევ, იმის გაცნობიერება, რომ, ადრე თუ გვიან, ყველაფერი ცუდი გაივლის...

ჰარმონიულობა გადაგარჩენთ

თუ ხშირად ფიქრობთ, რომ ცხოვრება ერთი შავი ლაქაა და მას გროშის ფასი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში კი არა, კონფლიქტში ცხოვრობთ. თქვენ ვერ გახდებით ბედნიერი და ვერ მიიღებთ სიამოვნებას ყოველი გათენებული დილისგან.
თანამედროვე ცხოვრება თავისი თავბრუდამხვევი რიტმით საკმაოდ დიდ მოთხოვნებს გვიყენებს – ხშირად გვცდის გამძლეობაზე და ათასგვარ ტესტებს გვიტარებს. წარმოიდგინეთ, თუკი საკუთარი თავის რწმენა არ გვექნება, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს?! ემოციური ფონი მუდმივად ახლავს ჩვენს ყოველდღიურობას. ჰარმონიულობა საკუთარ პიროვნებასთან თქვენი ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთი საიმედო გარანტია. მაგრამ, სულიერი ჰარმონია არ ნიშნავს უპრობლემო, უღრუბლო ცხოვრებას. უბრალოდ, საკუთარ თავთან ჰარმონიულობა მთლიანად ცვლის პრობლემებისადმი დამოკიდებულებას და კონფლიქტებიც არ იქნება თქვენთვის ძნელად დასაძლევი. ერთი სიტყვით, ჰარმონიულობა ნამდვილად გადაგარჩენთ – წინ წაგწევთ და იმ თავისუფლებას მოგცემთ, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურობისგან სიამოვნების მიღებას ასწავლის. კიდევ ერთიც: როცა საკუთარ თავთან „დაალაგებთ“ ურთიერთობას, მაშინ არც დანარჩენ ადამიანებთან კომუნიკაცია იქნება რთული...

სუფთა ფურცლიდან

წელი მხოლოდ ახლა დაიწყო და თქვენ რეალურად გაქვთ შანსი, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. არსებობს სამი უტყუარი მეთოდი, რაც ამაში ძალიან დაგეხმარებათ:
1. გაიხსენეთ ყველა ის წარუმატებლობა, რომლებიც გასულ წელს გქონდათ, მაგალითად, რაში მოგეცარათ ხელი. სიყვარულში განიცადეთ მარცხი? – მორჩა! ეს ყველაფერი წარსულშია და იქვე უნდა დარჩეს. აჯობებს, მომავალზე და ახალ ურთიერთობაზე იფიქროთ. დაგეგმეთ ცხოვრება ისე, რომ დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეოროთ. ოღონდ, რეალისტურად შეაფასეთ ისინი. ყველაფერი „იმას“ არ გადააბრალოთ – „ის“ აღარ არსებობს!
2. გახსოვდეთ და წელს მაინც გაიაზრეთ კარგად, რომ საკუთარი თავის პატრონები თავადვე ხართ, ამიტომ, მიიღეთ ისეთი, როგორიც ხართ სინამდვილეში და შეიყვარეთ.
3. წელს მაინც აუცილებლად გაინებივრეთ თავი – გააკეთეთ ის, რაც მართლა გინდათ. ნუ დაგენანებათ ფულიც. მაგალითად, თუ ეს სურვილი ძვირად ღირებულ კონცერტზე ან რესტორანში წასვლას უკავშირდება, ნუ იტყვით, რომ ეს მეტისმეტი ფუფუნებაა თქვენთვის; პირიქით – იფიქრეთ, რომ იმსახურებთ ამ ყველაფერს, რათა კიდევ უფრო მეტი გააკეთოთ. სტიმულს ხვალინდელი წარმატებული დღისთვის სწორედ ასეთი პატარ-პატარა სიხარულები გვანიჭებენ.
P.S. გამოდით ქუჩაში და გაისეირნეთ. გაიარეთ ფეხით, დაათვალიერეთ მაღაზიების ვიტრინები... ისუნთქეთ ღრმად და თავისუფლად. ცხოვრება წინ გაქვთ – ახალი, ბედნიერი ცხოვრება სუფთა ფურცლიდან...

скачать dle 11.3