რატომ დადიოდა სამი დღის განმავლობაში თენგიზ აბულაძესთან გამოპრანჭული ზეინაბ ბოცვაძე და რატომ არ აქცევდა მას ყურადღებას რეჟისორი
მისი ბიოგრაფია მისმა ცნობილმა ტრილოგიამ შექმნა: „ვედრება”, „ნატვრის ხე”, „მონანიება”. დღეს მინდა, თენგიზ აბულაძის დღიურები ყველაზე საინტერესო გვერდზე გადავფურცლო – ფილმი „მონანიება”, რომელმაც არა მხოლოდ თავად რეჟისორის, არამედ, ბევრი ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და გააერთიანა, მათ შორის – გეგა კობახიძის. ეს ფილმი აბულაძემ 1983 წელს თავისი რძლის, ნანა ჯანელიძის სცენარის მიხედვით შექმნა. „კაგებე” მის ლიკვიდირებას შეეცადა – მიაჩნდა, რომ ბიბლიური მოტივებითა და იგავებით გაჯერებული ფილმი არა მარტო ადამიანთა ბოროტებას, არსებულ რეჟიმსა და მის საზარელ იდეოლოგიასაც ეხებოდა.
მაშ, ასე: თენგიზ აბულაძის ცხოვრების რთული და გრძელი გზა, სახელად – „მონანიება”.
„ადრეული ასაკიდან დავიწყე დისიდენტური ლიტერატურის კითხვა. ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ნადეჟდა მანდელშტამის წიგნმა „მოგონებები“, – გვიამბობს ნანა ჯანელიძე, – ბატონმა თენგიზმა გამიზიარა მცირე სიუჟეტი, რომელიც მას ნოდარ წულეისკირმა უამბო: დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში შურისმაძიებელმა მიცვალებული ამოთხარა. ვიღაც პროკურორმა 12 წლის ბიჭს მამა გადაუსახლა და დედამისი საყვარლად გაიხადა. ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, რომ დედამ თავი ჩამოიხრჩო. მთელი ეს უბედურება ამ ბიჭის თვალწინ ხდებოდა და, როდესაც ასაკოვანი კაცი გახდა, ის კაცი საფლავიდან ამოთხარა. ეს ისტორია იყო ბიძგი, ამხელა სცენარი რომ დაწერილიყო. ბატონმა თენგიზმა და ნოდარ წულეისკირმა დაწერეს ათგვერდიანი მასალა, რომელშიც წარმოდგენილი იყო იდეა, ანუ, ჩვენს ენაზე – სინოფსისი. როდესაც ის ბატონმა თენგიზმა წამაკითხა, მომეჩვენა რომ თემას რაღაც აკლდა. კი, აღწერ რეპრესიების პერიოდს, მაგრამ, რა? ეს ხომ მორჩა, დამთავრდა და აღარ არის?! ხომ უნდა ვიცოდეთ, რატომ ვიღებთ ამას ახლა? ვიფიქრე, რომ სცენარში აუცილებლად უნდა შესულიყო ახალი გმირი ჩემი თაობიდან; დამნაშავეს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა შვილი, სახელად თორნიკე. ჩემი ხედვით, საინტერესო იყო, ყოველივე ამას როგორ აღიქვამდა ჩემი თაობა. ყველაფერი ეს კი უნდა გაცოცხლებულიყო რეალური ისტორიებით და დავიწყეთ იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც დიდი ტკივილი გამოიარა იმ პერიოდში. საინტერესო ისტორიები მოვისმინეთ, მაგრამ ქარგა ყველას ერთი ჰქონდა – ვიღაც აუცილებლად იყო ხალხის მტერი. არსებობს სცენარის რამდენიმე ვარიანტი, ის გაუთავებლად იწერებოდა. დიდხანს არ ვიცოდით, თუ ვის უნდა ეთამაშა არავიძის როლი. ავთო მახარაძემ რომ წაიკითხა სცენარი, აღფრთოვანდა და ბატონ თენგიზს სთხოვა – იქნებ, ვარლამზე მომსინჯოთო. ვარლამისა და მისი შვილის გარეგნობა სრულიად სხვადასხვა უნდა ყოფილიყო. მხატვარმა ესკიზები გააკეთა. ავთო მახარაძემ შუბლი აიპარსა, ჰიტლერის ულვაში და ბერიას პენსნე გაიკეთა. ფოტოსინჯებში ძალიან კარგი აღმოჩნდა და ბატონმა თენგიზმა უთხრა, ორივე როლს შენ ითამაშებო. ტრაგიკული აღმოჩნდა თორნიკე არავიძის როლი გეგა კობახიძისთვის – ჩვენ ის მხოლოდ ორ ეპიზოდში გადავიღეთ და ის უბედური შემთხვევაც მოხდა. შემდეგ ის მერაბ ნინიძემ ჩაანაცვლა.
„მონანიების” სცენარი თვავიდან ბატონმა თენგიზმა შევარდანძეს მიუტანა და უთხრა, რომ მისი გადაღება უნდოდა. წაიკითხა, ძალიან მოეწონა. დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ფილმის მოსკოვის გარეშე გადაღება. რეზო ჩხეიძეს ასეთი აზრი მოუვიდა: საქართველოს ტელევიზიას ჰქონდა თავისუფალი ორი საათი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აფინანსებდა. მოდი, ამ ორ საათში ჩავსვათ ფილმი, ვითომ სატელევიზიო ფილმია. მოსკოვში კი გავგზავნოთ ცნობა, ვითომ აბულაძე მორალურ-ზნეობრივ თემაზე იღებსო. მაგრამ გეგა რომ დაიჭირეს, „კაგებემ” მის სახლში სცენარი აღმოაჩინა. დაინტერესდნენ და დაწერეს დასმენა: აბულაძე ანტისაბჭოთა ფილმს იღებს და სასწრაფო ზომებია მისაღებიო. მთელი ჩვენი ექსპედიცია მოხსნეს. იმ გადაღებებიდან მხოლოდ მორების ეპიზოდი დარჩა. შევარდანძის კაბინეტში იდო ბრძანება, რომ ყველაფერი გასანადგურებელია. ბატონმა თენგიზმა, რაც კი დისიდენტური ლიტერატურა ჰქონდა, ყველაფერი გაზიდა სახლიდან – დაჭერას ელოდა. 31 იანვარი მისი დაბადების დღე იყო. შევარდნაძემ დაურეკა, მიულოცა და უთხრა: დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება და, აბა, შენ იციო. ეს იყო ნიშანი, რომ ჩვენ განვაგრძობთ გადაღებას. მთელი ფილმი (ორი სერია) ორ თვეში გადავიღეთ. ბატონ თენგიზს უნდოდა, ბოლო ფრაზა „ნატვრის ხის” ფუფალას ეთქვა. როცა სცენარი იწერებოდა, ვფიქრობდით, რომ ფილმში შესულიყო ფრაგმნეტები ფილმებიდან „ნატვრის ხე” და „ვედრება”. „სოფიკო ჭიუარელს ვათქმევინოთ ეს ფრაზა, იყოს ფუფალა, ოღონდ, დავაბეროთ,” _ თქვა თენგიზმა. მან დაურეკა სოფიკოს და უთხრა, რაც უნდოდა. სოფიკომ უპასუხა – რაღა მე უნდა დამაბეროთ, აგერ, ვერიკო გვყავს და ის გადავიღოთო. ეს შოკი იყო თენგიზისთვის, რადგან, ვერიკო მაშინ 83 წლის იყო აღარავინ იღებდა და აღარც თეატრში იყო, თან, მოერიდა შეწუხება და სოფიკოს ჰკითხა – ნუთუ დაგვთანმხდებაო. შენ მოდი და ყველაფერს მე მოვაგვარებო. მივუტანეთ ტანსაცმელი, ჩავაცვით და, იქვე, თავის სადარბაზოსთან გადავიღეთ...
ზეინაბ ბოცვაძე (ქეთევანის როლის შემსრულებელი) ბატონმა თენგიზმა დაიბარა. ბეწვეულში და სამკაულებში გამოპრანჭული მოვიდა. სანდრო ბარათელის ჩამოხრჩობის ეპიზოდს ვიღებდით და მისთვის არავის ეცალა. ზეიკომ არც იცოდა, რისთვის გამოიძახეს, იცოდა მხოლოდ, რომ აბულაძე იღებდა რაღაც ფილმს. ორი დღე ასე გამოპრანჭულმა იარა, მაგრამ კაციშვილმა ყურადღება არ მიაქცია. გაგიჟდა, ვეღარ მოითმინა და წავიდა – მეგობრებთან ერთად სადღაც უქეიფია. ისევ გამოიძახა ბატონმა თენგიზმა და მოვიდა გაწუწული წიწილასავით, ღამენათევი, შეციებული.
ფილმი დასრულდა. რა თქმა უნდა, ის მთავრობას უნდა ენახა. ფილმის დასრულების შემდეგ შევარდნაძე აღფრთოვანებული დარჩა და ბატონი თენგიზი გადაკოცნა, მაგრამ, ორი შენიშვნა მაინც მისცა: ერთ-ერთი პატიმრის გვარი ფილმში ამილახვარი იყო – ეს გვარი შეცვალეთ დარბაისელით, რადგან ეს გვარი საქართველოში აღარ არსებობსო; მეორე, ვერიკო რომ ამბობს – „ეს გზა ტაძართან მიმიყვანს?” – ამის მაგივრად უნდა იყოს – „არა, ეს ვარლამის ქუჩაა”. ამ ორი შენიშვნის გათვალისწინება ხანგრძლივ ტექნოლოგიურ პროცესს მოითხოვდა. უნდა დაგვეშალა, თავიდან გაგვეხმოვანებინა, აგვეწყო, ნეგატივი ხელახლა აგვეკრიფა და ბოლოს დაგვებეჭდა. ამ შენიშვნებმა ფილმის ორი თვით შეჩერება გამოიწვია. ამ დროს შევარდნაძე მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრად გადაიყვანეს და ფილმი უპატრონოდ დარჩა – აღარ ჰყავდა ის ძალა, რომელიც მას გაიტანდა. ბატონ თენგიზს შესთავაზეს ფილმის ვიდეოკასეტაზე გადაღება, რათა მისი პირვანდელი სახე დარჩენილიყო. აქ თავი ისევ „კაგებემ” წამოყო: დაიწყეს ფილმის კასეტებზე გამრავლება, მერე კი გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, დღეს თქვენი ფილმი ვნახეთო. ვერ მივხვდი, საიდან ვრცელდებოდა ეს კასეტები. ამის გამო მეორე დასმენა დაწერეს: თენგიზ აბულაძე და მისი ვაჟი ავრცელებენ თავიანთი ფილმის კასეტებს. ისინი ჩირქს სცხებენ საბჭოთა ხალხს და, დიდი საშიშროებაა იმისა, რომ ის უცხოეთში მოხვდესო. ჩერნენკომ ფილმის შესახებ გორბაჩოვს მოახსენა. გორბაჩოვმა ერთ-ერთ შეხვედრაზე შევარდნაძეს ჰკითხა – რა ხდება თქვენთან, საქართველოში, რა ანტისაბჭოთა ფილმზეა საუბარი, ვინ იღებსო. შევარდნაძემ უპასუხა: ეს ფილმი საბჭოთა კავშირში კანონების დარღვევის წინააღმდეგ არისო. მოგვიანებით „მონანიება” კლიმოვმა დაიცვა. იმ პერიოდში ის საკავშირო კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრად აირჩიეს. რეზო ჩხეიძემ ეს ფილმი თავისი ფილმის – „რაიკომის მდივნის” კოლოფებში ჩააწყო და ისე გაიტანა მოსკოვში. კლიმოვმა რომ ნახა, თქვა, მისი გადარჩენა იქნება ჩემი ცხოვრების მთავარი არსიო. მერე მიამბო, რომ ის აგარაკზე რაისა გორბაჩოვასთვის უჩვენებია. მეგონა, გამბდღვნიდნენ – ამ ფილმით ხომ მთელი მათი სამყარო ინგრეოდა, მაგრამ გადავრჩიო”.