დალმატის ღვთისმშობლის ხატი
„დალმატის ღვთისმშობლად” წოდებული ხატი რუსეთში, პერმის გუბერნიის ქალაქ დალმატში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშია დაბრძანებული. მონასტერი 1644 წელს მოსაგრე დალმატმა დააარსა, რომელმაც ნევიანსკის მონასტერი დატოვა და განდეგილობის ღვაწლი იტვირთა. მონასტრიდან დალმატის წამოსვლის მიზეზი ძმების მიერ წინამძღვრად მისი დადგენის სურვილი იყო. დალმატმა თან მხოლოდ ღვთისმშობლის მიძინების ხატი წამოიღო და მდინარე ისეტის პირას დაემკვიდრა. ეს მიწა ტიუმენელ თათარს – ილიგეის ეკუთვნოდა, რომელმაც, გაიგო თუ არა უცნობი ბერის მის მიწაზე დამკვიდრება, მოსაგრის განდევნა და ყოველივე ნაშენების ცეცხლით განადგურება გადაწყვიტა. მაგრამ, განზრახვის აღსასრულებლად მიმავალ ილიგეისა და მის მხლებლებს ღამით ბრწყინვალესამოსიანი და გვირგვინოსანი ღვთისმშობელი გამოეცხადათ, რომელსაც ხელთ ცეცხლოვანი მახვილი ეპყრა. ზეციურმა დედოფალმა ილიგეის უბრძანა, დალმატისთვის არაფერი დაეშავებინა, მისთვის მიწა დაეთმო და სავანის აშენებაში ხელი არ შეეშალა. სასწაულებრივი გამოცხადებით შეშინებული ილიგეი მთელი თავისი ამალით ეახლა მოსაგრეს და მონასტრის მშენებლობისთვის საკმარისი მიწა დაუთმო. ამასთანავე, მან დალმატს სხვა ბევრი საჩუქარიც უძღვნა. დალმატმა, ერისკაცობაში დიმიტრი ივანეს ძე მოკრინსკიმ, ნაჩუქარ მიწაზე 1646 წელს ხის ეკლესია ააგო და სენაკები მოაწყო. 1664 წელს მონასტერს ციმბირის ხანი – დევლეთ გირეი დაესხა, რომელმაც სავანე გაძარცვა და გადაწვა, მაგრამ, ეკლესიაში დაბრძანებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი უვნებლად გადარჩა, თუმცა, მაინც დაიწვა ხატის უკანა მხარის ის ადგილი, რომელზეც ერთ-ერთმა მუსლიმანმა მას ხელი შეახო. შემდგომში მონასტერი არქიმანდრიტმა ისააკმა განაახლა – ძველი ხის ეკლესიის სანაცვლოდ, ქვის ახალი ტაძარი აშენდა, რომელშიც დალმატის მიერ ნევიანსკის მონასტრიდან წამოღებული ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს. დალმატის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მორწმუნეთა მიერ მისთვის მიძღვნილი ძვირფასეულობებით უხვად არის შემკული, მთელი ციმბირის უდიდეს სიწმიდედაა აღიარებული.
ყოველ წელიწადს, 15 აგვისტოს, ტაძრის დღესასწაულზე, დალმატის ღვთისმშობლის თაყვანსაცემად დიდძალი ხალხი იყრის ხოლმე თავს.