ჭეშმარიტი სარწმუნოება
საფასური რწმენის ღალატისთვის
ღირსი ვადიმი ქრისტეს რწმენისთვის იჯდა საპყრობილეში, მშიერი იყო და იტანჯებოდა. იმავე დროს, ერთი არიანელი თავადი, ნირსანიც დატუსაღებული იყო ქრისტიანობის გამო, მაგრამ, მას ვადიმისნაირი დიდსულოვნება და მოთმინება არ აღმოაჩნდა; მოსალოდნელი ტანჯვის შეეშინდა და ბოლოს თქვა: „როგორ დავკარგო ხილული ნეტარება უხილავის მოლოდინში?“ – და იმავე წუთს გაგზავნა ერთ-ერთი მცველი მეფე საბორთან თხოვნით, მისი კეთილგაწყობა დაებრუნებინა; თვითონ კი, თავის მხრივ, ქრისტიანობის უარყოფას აპირებდა. მეფეს გაუხარდა და ბრძანა, ნირსანი მასთან მიეყვანათ.
„მე მსურს, დაგიმტკიცო ჩემი მეფური წყალობა იმით, რითაც მოისურვებ, – უთხრა საბორმა, – მაგრამ შენც, ნირსან, დამიმტკიცე ერთგული ქვეშევრდომის მორჩილება“... – შემდეგ მან რაღაც უჩურჩულა თავის ერთ-ერთ მსახურს და, მალე, მძიმე ბორკილდადებული ვადიმი მათ წინაშე წარდგა. „თუ ნირსანი საკუთარი ხელით მოკლავს ვადიმს, – უთხრა საბორმა გვერდით მდგარ დიდებულებს, – სიცოცხლეს შევუნარჩუნებ მას, დავუბრუნებ ხარისხს, ქონებასა და ჩემს სიყვარულს“. ავისმოქმედმა აიღო მახვილი და მოიქნია... მაგრამ, უეცრად, ღვთის ხელი აღიმართა მასზე – ბოროტმოქმედი თრთოლამ შეიპყრო და ხელი თითქოს გაუქვავდა. „უღმრთო ადამიანო! – უთხრა მას ვადიმმა, – აქამდე დავიდა შენი სიშმაგე, რომ, არა მხოლოდ ქრისტეს განუდექი, არამედ, მის მონებსაც კლავ? ვაი, შენ, ღვთის სამსჯავროს საშინელ დღეს! მე სიხარულით ვკვდები ქრისტეს რწმენისთვის, მაგრამ, შენი ხელით სიკვდილი არ მინდა“. ღვთისაგან განდგომილმა ვერ იგრძნო მართალი ადამიანის ვედრება, თუმცა, აღარ შეეძლო ტირანის ნების აღსრულება, თრთოდა და გაბოროტებული შეჰყურებდა ვადიმს. ბოლოს ძალა მოიკრიბა, დაძაბულმა ასწია ხელი წმიდანზე, მაგრამ, ააცდინა. მან რამდენჯერმე სცადა და, მრავალრიცხოვანი ჭრილობის მიყენების შემდეგ, ძლივს მოახერხა წმიდანის მოკვლა. ასე უთრთოდა ხელები მკვლელს!
იქ მდგარი დიდებულები გაოცებულნი დარჩნენ მოწამის მოთმინებით (რომელიც მრავალგზის დარტყმების შემდეგ მთასავით გაუნძრევლად იდგა) და ლანძღავდნენ მკვლელს, რომელიც ასეთი მშიშარა და სულმოკლე იყო.
სამწუხარო იყო სიცოცხლე ღვთისაგან განდგომილი კაცისა, რადგან, ურწმუნოებმა იეჭვეს, ხომ არ დაუბრუნდებოდა იგი ქრისტიანობას და, ყოველი შემთხვევისთვის, აყვედრიდნენ, რომ, რადგან ერთხელ უღალატა წინაპრების რწმენას, არ შეიძლება, ყოფილიყო კარგი მოქალაქე; ქრისტიანები კი მასთან შეხვედრისას შორს გარბოდნენ ან პირქვე ემხობოდნენ, რათა თვალები ასეთი ადამიანის დანახვით არ შეებილწათ... ბოლოს, სასოწარკვეთილმა ნირსანმა თავი მოიკლა.