რატომ გაშორდა ერეკლე დეისაძე ცოლს და რატომ „აუპატიურებს“ ის სამშობლოს
ერეკლე დეისაძეს ცხოვრების ახალი ეტაპი აქვს – მას შემდეგ, რაც თეატრის მსახიობის როლი მოირგო, ტელეწამყვანის ამპლუაშიც სცადა ბედი. რუბრიკა, რომელსაც ის წარუძღვება ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გავა. ამბობს, რომ ამ როლშიც ეპატაჟური იქნება. თუმცა, იმ ერეკლე დეისაძისგან როგორიც საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, ბევრი არაფერი დარჩა. ცხოვრების ახალ წესებს იღებს, თუმცა მის მთავარ სამიზნედ მაინც ხალხი რჩება, რომელსაც დროდადრო მისთვის ჩვეულ სიურპრიზებს არ აკლებს.
ერეკლე დეისაძე: ტელეწამყვანის ამპლუაში დებიუტი მაქვს. გადაცემა „ბინა 18-ს,” რომელიც ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადის, დაემატა ახალი რუბრიკა და მომავალი კვირიდან მას მე წავიყვან. ეს იქნება „კურიერის” გაშარჟებული ვერსიები. ნიუსებს წავიკითხავ მუსიკის ფონზე, ჰიპ-ჰოპით, იუმორისტულ ვარიანტში. ავარჩევთ კვირის მთავარ თემას, რომლის იუმორისტულ ვარიანტსაც შევთავაზებთ მაყურებელს. მივხვდი, რომ დადგა დრო, როცა ტელევიზიაშიც უნდა მეცადა ძალები. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მათ შორის, სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები”. ახალ პერსონაჟზე იყო საუბარი, მაგრამ საბოლოოდ, ეს ვარიანტი არ გამოვიდა. დროის პრობლემა მქონდა და თან, ასე მოუმზადებლად, არც მინდოდა ტელეეკრანზე „გაჭრა”. ბოლო ერთი თვეა, ახმეტელის თეატრშიც ვარ დაკავებული სპექტაკლში, რომელიც უკრაინელმა რეჟისორმა დადგა. ერთ-ერთი მთავარი როლი მაქვს – სამი შვილი ვართ. სამი დედაა, ოღონდ დედა დედასამშობლოა, რომელსაც ყველა ვთელავთ, ვაუპატიურებთ და ნაწილებად ვშლით. უკრაინული მესიჯია რუსული პოლიტიკის და იმპერიალიზმის წინააღმდეგ, რაც ქართულ მესიჯთან ისე ახლოსაა, ტექსტი რომ წავიკითხე, მივხვდი, სიამოვნებით ვითამაშებდი ამ როლს. ექსპერიმენტული სპექტაკლია, ჩემს სიმღერებს ვმღერი ფანდურზე. თეატრში ვისწავლე ფანდურის დაკვრა.
– ერეკლე დეისაძე და ფანდური?
– კი, ცოტა ხანში ალბათ, ჩოხოსანიც გავხდები (იცინის). თეატრი მიყვარს. პროფესიით რეჟისორი ვარ. ამ წლებში უამრავი რამ შევითავსე. ერთადერთი, ჩემი პროფესიით არ გამიკეთებია ჯერ არაფერი. თუმცა, ამისი დროც მოვა. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ ფილმს გადავიღებ, ეს იქნება განსხვავებული კინო. ძალიან მინდა, რომ ქართულ კინოში გახმოვანდეს ის თემები, რასაც აქამდე გვერდს ვუვლიდით.
– ბევრი მიმართულებით „უტევ” სხვადასხვა ქართულ ტაბუს. ტელეწამყვანის როლშიც ეპატაჟური იქნები?
– მე ასეთი ტიპი ვარ. ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ, ისეთი შეგრძენა მაქვს, თავიდან დავიბადე და ახალი ცხოვრება იწყება. მიყვარს სიახლეები, მრავალფეროვნება. ეპატაჟს რაც შეეხება, სულ ვფიქრობ, რომ თუ რამეს მთავაზობენ, მთავაზობენ ჩემი ეპატაჟის გამო. მგონია, რომ ისე, არც არავის ვჭირდები. ჩემი ეპატაჟი მასაც „ყიდის”, ვინც მეძახის და „მყიდის” მეც. თუმცა, ეპატაჟსაც აქვს თავისი ფორმები – დროთა განმავლობაში იხვეწება, იცვლება. თუ ადრე დედის გინებით შემეძლო, ვიღაცის „აგდება”, ახლა თუ სურვილი მაქვს, ეს შემიძლია, გავაკეთო მშვიდად, კულტურულად. გულწრფელად გეტყვით, ახლა ვიღაცეების „წამოკიდების” სურვილიც აღარ მაქვს. უფრო კონკრეტული საკითხების დასმა მაინტერესებს, ვიდრე ვიღაცეების გაღიზიანება. ახლა უფრო უკეთ გამომდის საკუთარი თავისა და ემოციების მართვა, ვიდრე ეს შემეძლო ადრე. არ შეიძლება, ყოველთვის ერთ „დუხზე” იყო. თუ მუდმივად ცვალებად პროცესში არ ხარ, არ ხარ საინტერესო და საკუთარ თავსაც მალე ამოწურავ. ჩემ გარშემო ყველაფერი სწრაფად იცვლება, საკუთარ თავზე სულ ექსპერიმენტებს ვატარებ. მაგალითად, ვცადე, მომესინჯა ცხოვრების აკადემიური რეჟიმი – დილით ვდგები და მივდივარ სამსახურში. ასეთი ცხოვრება არასდროს მქონია. ახლა ვუთხარი საკუთარ თავს – შენ ესეც უნდა შეძლო-მეთქი და გამომივიდა!
– როგორ ფიქრობ, საზოგადოება მიგიღებს ტელეწამყვანის როლში?
– კი, სადაც სტუმრის ამპლუაში მიღებდა გადაცემებში, რატომ არ უნდა მიმიღოს წამყვანის როლში? ბოლო პერიოდში, არაერთხელ დავრწმუნდი, რომ საზოგადოების დამოკიდებულება ჩემ მიმართ შეიცვალა. ვეღარ ვგრძნობ იმ აგრესიას, რასაც ვხედავდი და ვგრძნობდი ადრე. საბოლოო ჯამში, მივხვდი, რომ ხალხმა ისწავლა მოსმენა. თუ ადრე ვიღაც ჩემი გამოჩენისთანავე გინებას იწყებდა და ცუდი წარმოდგენა ჰქონდა ჩემზე, ახლა მისმენს. ხვდება, რომ ისეთს არაფერს ვამბობ, ვინმემ შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი. საბოლოო ჯამში, მე მაინც ხალხის მხარეს ვდგავარ ნებისმიერ დროს. ამის გამო პრობლემებიც მქონია პოლიტიკოსებთან და ვიღაცეებთან. იმ ხალხმა შეიძლება, ხვალ ქვებით ჩამქოლოს, თუმცა ჩემი სამიზნე და დაკვირვების ობიექტი, რაც მე ძალას მაძლევს, მაინც ეს ხალხია. ახლა უკვე ვცდილობ, საერთო ენა გამოვნახო მათთან, უკვე თვითონაც წამოვიდნენ ჩემთან კომუნიკაციაზე. ახლა საოცარ კომენატრებს ვნახულობ „იუ თუბის” ვიდეოებზე.
– ცოტა ხნის წინ გააკეთე კლიპი „რა უნდა მამას”, რომელსაც ასევე, სკანდალი და ხმაური მოჰყვა.
– გახმაურდა, მაგრამ ამ კლიპში არც ბილწსიტყვაობაა და არც არაფერი. მარტივი ენით მოყოლილი ტექსტია. ყველა მიხვდა, რომ მე არავის დედას და მამას არ ვერჩი. ეს არის ალეგორია, მეტაფორა. ამ შემთხვევაში, მამა არის საზოგადოებრივი მორალი. რაც უფრო მეტ სიბრტყეს მოიცავს შენი შემოქმედება, უფრო საინტერესოა. იყო ისეთი მოსაზრებაც, რომ მამა-შვილის ურთიერთობაში ბერას და ბიძინას ისტორიას ვგულისხმობდი. ზოგი, ვინც ყველაფერში ღმერთს ხედავს, უფრო შორს წავიდა და მამაში მამაღმერთი იგულისხმაო, იძახეს. საბოლოო ჯამში, ეს კარგია, რადგან ისევ და ისევ იმ ადამიანებს „აშიშვლებს”, ვინც ასეთ რეაქციას გამოხატავს. სიმართლე მტკივნეულია ადამიანებისთვის, მე მიყვარს სიმართლე.
– შენს ამ ხმაურიან კლიპზე პრეზიდენტის ორსული ცოლიც აცეკვდა.
– ეს იყო წინანდლის დაჯილდოებაზე, სადაც ვმონაწილეობდი როგორც მიწვეული სტუმარი. მე, სალომე კორკოტაშვილმა და ნიკოლოზ რაჭველმა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ექსპერიმენტი გავაკეთეთ. მგონი, საინტერესო გამოვიდა. პრეზიდენტის სიტყვა დასრულდა თუ არა, მაშინვე ეს სიმღერა დავიწყეთ. მერე ვნახე ის ვიდეო, სადაც მაკა ჩიჩუა ცეკვავდა. ამ წყვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მაკა ოქრო გოგოა, ბუნებრივი. რა რეაქციაც გაუჩნდა იმ მომენტში, არ დამალა და გამოავლინა, რაც ძალიან მესიამოვნა.
– და ღვიძლმა მამამ რაო, კლიპი ნახა?
– მამას ძალიან მოეწონა. ჩვენ მაგარი ძმაკაცები ვართ, ბევრ თემებზე ვსაუბრობთ და ხშირად ერთნაირი დამოკიდებულებებიც გვაქვს. ბოლო პერიოდში ჩემი ცხოვრება ყველას და ყველაფრის მიმართ შეიცვალა. ვიღაცეები მიდიან, ვიღაცეები – მოდიან. უკვე აღარ მწყდება გული იმაზე, რაც გულს მწყვეტდა. ვინც წასასვლელია, უნდა მიუშვა თავის ნებაზე. იმდენი ახალი ადამიანია ირგვლივ, უკვე ჯავშანიც მაქვს ჩემი. ვიცი, სად როგორ ვიმოქმედო – სად გავჩერდე, სად გავაგრძელო გზა. ის ერეკლე, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო, უკვე მოვკალი. დღეს უკვე გაზრდილი ვარ, საკითხებს დაბრძენებული ვუყურებ (იცინის).
– როგორც ვიცი, შენთვის ძვირფასი ადამიანიც წავიდა შენი ცხოვრებიდან. რატომ დაშორდი მეუღლეს?
– წასულებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. ჩემს შემთხვევაში კარგს ვერაფერს ვიტყვი, ამიტომ ჯობია, არაფერი ვთქვა. ჩვენ სხვადასხვა სამყაროს ადამიანები აღმოვჩნდით და ეს ურთიერთობაც დასრულდა. ნახევარი წელია, ჩემს ცხოვრებაში ახალი სიყვარულია. სხვათა შორის, როცა ცოლს გავშორდი, იმ საღამოსვე ავკრიფე ამ გოგონას ნომერი და ვუთხარი, რომ მისი ნახვა მინდოდა. უცებ, ვიღაც რომ მიდის შენგან და მიხვდები, რა გიშველის, ეს დამემართა. ახლა ბევრად ბედნიერი ვარ. უკვე გააზრებული მაქვს ყველაფერი. იმდენად დიდი ენერგეტიკა აქვს ჩვენს ურთიერთობას, მისთვის სახელის დარქმევა ძალიან მეასეხარისხოვანია ორივესთვის.
– ოფიციოზი და მრგვალი ბეჭედი არ იქნება?
– მგონია, რომ ეს ყველაფერი ურთიერთობას ანგრევს, ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ვტკბებით იმით, რაც გვაქვს. მან აშკარად შემცვალა უკეთესობისკენ, ბევრი უწესება დავივიწყე, თუმცა არის ერთი, რასაც ვერ ველევი – მოწევა ერთადერთი კანონდარღვევაა, რომელსაც ჩავდივარ. სხვა მხრივ ეს უწესო, მაგრამ კეთილი ტიპი, რომელიც თავზეხელაღებულ რაღაცეებსაც სჩადიოდა, ძალიან კანონმორჩილი გავხდი (იცინის).