რატომ უზის ქართველს ხასიათში კუდაბზიკობა ისტორიულად და რატომ უნდა გიორგი კალანდიას, ქართველები ჰგავდნენ იაპონელებს
მინი დოსიე:
ეროვნება – ქართველი
საცხოვრებელი ადგილი – თბილისი
სამუშაო ადგილი – საქართველოს ხელოვნების სასახლე. ანუ... საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი...
პროფესია – ისტორიკოსი
ოჯახური მდგომარეობა – ეული
გიორგი კალანდია: ეროვნება – ქართველის მიღმა ბევრი რამ შეიძლება, იგულისხმებოდეს... ეს არ ნიშნავს, მხოლოდ წარმოშობით, დაბადებით, მშობლებით ქართველს... უპირველეს ყოვლისა, მენტალობით ქართველობაა მნიშვნელოვანი. ჩემს სტუდენტებს ხშირად ვეუბნები ხოლმე: ჩემთვის ქართველობა, უმთავრესად, ქართული ენაა-მეთქი... „მთლად დიადი ქვეყანა აღირიცხების, სადაც ქართულითა ენითა უბნობენ“... ვისთვისაც მშობლიური ენა ქართულია და ვინც კარგად საუბრობს ქართულად, მაშინ ის ჩემთვის ქართველია. „რა ენა წახდეს, ერი დაეცეს“... თქვენ რომ ერთ ოთახში ჩაგკეტონ მართლმადიდებელ მალაიზიელთან და მუსლიმ სპარსელთან, თუ ის სპარსი ლაპარაკობს ქართულად, ხოლო მართლმადიდებელი მალაიზიელი უცხო ენაზე, კომუნიკაციას მუსლიმ სპარსთან მოახერხებთ. მასთან არჩევთ სიახლოვეს. ანუ, მთავარი საიდენტიფიკაციო ატრიბუტი ჩვენი ეროვნულობისა არის ქართული ენა. დიახ, მისი აღმატებულება და უდიდებულესობა ქართული ენა (იღიმება).
– და... სამწუხაროდ, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ არ იცის ქართული ენა...
– ეს დიდი პრობლემაა. ეროვნებით ქართველად უნდა ვაღიაროთ პიროვნება, რომელიც ლაპარაკობს ქართულად. საქართველოს ბევრი მოქალაქე ვერ ახერხებს ამას და თუ სურვილი არ ექნებათ, გამოსწორდეს ეს, მაშინ ვერ გახდებიან ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ნაწილი, ვერ მოახდენენ საქართველოსთან იდენტიფიკაციას. თუმცა, იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა არ იციან ქართული ენა, ჩვენს ბრალეულობას უფრო ვხედავ. ჩვენ არ ვუფრთხილდებით ქართულ ენას. არ ვუვლით მას, მიუხედავად იმისა, რომ არანაირ მატერიალურ დანახარჯებს არ მოითხოვს ეს ჩვენგან. ენათმეცნიერივით კი ვლაპარაკობ, მაგრამ ქართველისთვის ქართული ენა უმთავრესია. ვყოფილვარ სპარსეთში, ინდოეთში, თურქეთში, პორტუგალიაში. გადამიღია დოკუმენტური ფილმები იქ მცხოვრებ ქართველებზე და მხოლოდ მაშინ აღმიქვია ისინი ქართველებად, როცა ლაპარაკი ქართულად დაუწყიათ. მინახავს ოთხასი წლის წინ მიზანდარანსა და ფერეიდნის უდაბნოში გადასახლებული ქართველები და როცა ისინი ამეტყველდნენ ქართულ ენაზე, მაშინ მივხვდი, რაოდენ დიდი ძალა აქვს ქართულ ენას...
– „იავნანამ რა ჰქმნა“?!
– დიახ, ბატონო. არც ეს არის შემთხვევით დაწერილი... მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიხედებოდეთ უკან, არამედ უნდა ვიყუროთ წინ. თუ ჩვენი წინხედვა წარსულით იქნება გამყარებული, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ილია ჭავჭავაძე ამბობდა: არც ყოველთვის უკან გახედვა ვარგაო... ამიტომ, არ მინდა, ჩვენი სწორება ხდებოდეს მოლოდ წარსულზე. გვიმაგრებდეს წარსული ზურგს და ისე ვიაროთ წინ...
– ძალიან დავშორდით ჩვენს დიდებულ წინაპრებს?
– ლოგიკურია იმის თქმა, რომ დავშორდებოდით. ვერ იქნებიან დღევანდელ საქართველოში დავითისა და თამარის მსგავსი ქართველები და არც მაქვს პრეტენზია, რომ აუცილებლად ეს სტანდარტი იყოს დამკვიდრებული. მაგრამ, აუცილებელია, მომავალს ვაშენებდეთ ჩვენი დიდი წინაპრების პრინციპებით და ვახერხებდეთ მათგან მიღებული მემკვიდრეობის ინტეგრირებას მომავალთან. ინგლისი ამის ბრწყინვალე მაგალითია... მე ძალიან მინდა, ქართველები იაპონელებს ჰგავდნენ, რომელთაც აქვთ უნარი, ტანთ ეცვათ კიმონო და მოიგონონ მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიები. თუ ჩვენ მოვახერხებთ, გვქონდეს წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის კავშირი, მაშინ აუცილებლად მოვხვდებით ძლიერი ერების თანავარსკვლავედში.
– რა გვიშლის ამაში ხელს?!
– ხელს გვიშლის ის, რაც თავის დროზე არ გავითვალისწინეთ და არც ახლა ვიღებთ ყურად: „...ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!“ როცა ამ ლექსს ვკითხულობთ, რომელიც ქართველი ერის დიაგნოზია, არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს დიაგნოზი გავითვალისწინოთ. თუ გავითვალისწინებთ, მერე ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ კი, ჯერჯერობით მას, როგორც ჩვეულებრივ ლექსს, ისე ვკითხულობთ.
– სხვათა შორის, მაგ ლექსში არის ცუდი მახასიათებლები ქართველისა, რაც დიდად არ გვსიამოვნებს.
– მართალია... არ გვსიამოვნებს. მეც არ მსიამოვნებს. მაგრამ „კაცია-ადამიანში“ კარგად ამბობს ილია – მე სარკე მოგიტანე, რათა, თუ სახეზე რამე ურიგობა გაქვს, შენიშნო და ნუ გაბრაზდები სარკის მომტანზეო... ჩვენ სწორად სარკის მომტანზე ვბრაზობთ. თუმცა, ახსნა ამასაც აქვს – ჩვენ დიდი ტრადიციების, ამაყი ერი ვართ. არ ვამბობ, რომ ჩვენი ეს კუდაბზიკობა მომწონს, მაგრამ ეს ისტორიულ ხასიათში გვიზის. იმიტომ, რომ თამარ მეფის, შოთა რუსთაველის, დავით გურამიშვილის მშობელი ერი ვართ.
– ეს ხომ ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს ერს?
– მაგაშია საქმე. ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და მხოლოდ კუდაბზიკობის საფუძვლად გვაქვს. გასათვალისწინებელია ეს ყველაფერი. ყველაზე კარგები, რა თქმა უნდა, არ ვართ, მაგრამ არც ხელწამოსაკრავი ერი ვართ. ვიტყვი, რომ ვართ არაჩვეულებრივები და ძალიან ორიგინალურები (იღიმება). თუმცა, არაჩვეულებრივობა არ ნიშნავს არც არაჩვეულებრივად კარგს, არც არაჩვეულებრივად ცუდს. არაჩვეულებრივობა გულისხმობს იმას, რომ გვაქვს ბევრი რამ ისეთი, რაც სხვას არ გააჩნია. პასუხისმგებლობას რაც შეეხება, უპირველესად, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს პრობლემებსაც და წარმატებებსაც. ძალიან არ მომწონს და ვბრაზობ, როცა ქართველებს გამოაცხადებენ ხოლმე ყველაზე მაგრებად ან ყველა უბედურების წყაროდ, ჩვენ ვართ უნიკალური ერი... გვაქვს ბევრი პრობლემა და გვაქვს წარმატებებიც. ვერ ვიტყვი, რომ ხელში მაქვს ჩვენი პრობლემების წამალი, მაგრამ არც ისე ცუდად მიდის საქმე, როგორც წარმოგვიდგენია... ჩვენ ქართველები ვართ და ეს უკვე ძალიან კარგია.
– თუმცა, ძალიან გვიჭირს გავაცნობიეროთ საკუთარი ქართველობის არსი.
– კი. ძალიან უჭირთ ხოლმე, იმიტომ რომ, უკან ძალიან დიდი მემკვიდრეობა გვაქვს და დასაკარგი ბევრია. უფრთხილდებიან ერები, რაც საუკუნეებით მოსდგამთ... თუმცა, ნამდვილად მამაცი ერი ვართ და ამისი კარგი მაგალითია, სულ ახლახან მომხდარი სასულიერო მამის გმირული საქციელი. ვერ უარვყოფთ, რომ გვაქვს ეს... თუმცა, პარალელურად, ისეთი რამეც შეიძლება მოხდეს, შეგძრას სულიერად. ამიტომ ვამბობ, არაჩვეულებრივი ერი ვართ-მეთქი.
– ხომ არ გვემუქრება გაქრობა...
– ღმერთმა დაგვიფაროს. არა, არ გვემუქრება ჩვენ გაქრობა... ეე... ჩვენი გაქრობა ეგრე ადვილი არ არის! თუმცა, ჩვენც და ჩვენზე დიდ ერებსაც აქვთ სერიოზული პრობლემა – გაუძლონ თანამედროვეობის გამოწვევებს... ჩვენ კარი კი არ უნდა დავგმანოთ, პირიქით, ძალიან ფართოდ უნდა გავაღოთ. ჩვენი წარმატება ამაშია და არა იზოლაციაში. მაგრამ, ფართოდ კარის გაღება არ ნიშნავს გათქვეფას, აზელვას... უნდა გვეკავოს ჩვენი ნიშა, ჩვენი ღირსეული ადგილი და არ გვეშინოდეს უცხოსი. საქართველო იმდენად დიდი კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა, მე არ ვფიქრობ, მას ვინმესი ან რამის უნდა ეშინოდეს. როცა ჩვენს ქუჩებში ვხედავთ უცხო ერის ადამიანებს, უნდა ვიამაყოთ ამით და მაშინვე გაგვახსენდეს, რომ ქართველებიც ცხოვრობენ სხვა ქვეყნებში. მათი კვალიც კი ჩანს ამ ქვეყნებში, რითაც ასევე, უნდა ვამაყობდეთ... და ფართოდ გაღებულ კარში ჩვენი ინდივიდუალურობა, ჩვენი განსაკუთრებულობა არ დავკარგოთ... ჩვენ გიორგი მთაწმინდელის ერიც ვართ, ანუ „ცივი“ გონებით, ზომიერი გადაწყვეტილებების მიღებაც უნდა გავიხსენოთ. კი არ უნდა ვისწავლოთ, მხოლოდ გავიხსენოთ...
რა არის ქართველობა? – ამისი ფორმულა არ არსებობს... მახსენდება რეზო თაბუკაშვილის სიტყვები – ჩვენ უნდა გვქონდეს და გაგვაჩნდეს ეროვნული მადლიერების ინსტინქტიო... რადგან ჩვენს ისტორიაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ეთნიკურად ქართველები, მაგრამ ჩვენი ისტორია მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია... თუ ადამიანი შენს ქვეყანას ემსახურება, თუ ყველაფერს აკეთებს მისი გაძლიერებისთვის, თუ შვილს საქართველოს უზრდის, როგორც ეროვნებით არაქართველი ჩვენი დედოფლები უზრდიდნენ ქვეყანას ტახტის მემკვიდრეებს, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება თქვა, რომ ეს ადამიანი არ არის ქართველი...