რა უძრავი ქონება აქვს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და როგორ დააგროვა დუშეთში მიწის ხუთი ნაკვეთი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1969 წლის სექტემბერშია დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მიიღო, სპეციალობით – ფილოსოფია. 1993-1994 წლებში სწავლობდა პრაღაში, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში, 1993-1996 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. აქვს თსუ-ის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე მისი ბიოგრაფია საკმაოდ პოეტური ფორმითაა გადმოცემული (მაგალითად: „ყოფილი ვიცე-პრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მტკიცე დემოკრატი და რეფორმატორია, რომელმაც მანამდე პოლიტიზებული განათლების სისტემის არსებითი გარდაქმნის პროცესი დაიწყო. 2013 წლის მაისში უპარტიო გიორგი მარგველაშვილი მმართველმა კოალიციამ, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანიდადატად დაასახელა, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა ხმათა 62,18 პროცენტით“) და, ამდენად, მისი კარიერული გზის ზუსტი ქრონოლოგიის დადგენა ჭირს. ასეა თუ ისე, 1990-იანებში ბ-ნი მარგველაშვილი სხვადასხვა სამოგზაურო კომპანიაში მუშაობდა მთამსვლელთა გიდად. 1996-1997 წლებში ასწავლიდა ფილოსოფიასა და კულტუროლოგიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 1995-დან 2000 წლის ჩათვლით იყო ადგილობრივი მთავრობის ექსპერტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თბილისის ოფისში. 2000-დან 2012 წლის ჩათვლით მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), მათ შორის, ორჯერ (2000-2006, 2010-2012 წლებში) იყო რექტორი; 2006-2010 წლებში კი – GIPA-ს კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იყო ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიისას. 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს ბ-ნი მარგველაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა, 2013 წლის თებერვალში – პირველ ვიცე-პრემიერად. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან კი ის საქართველოს პრეზიდენტია.
გიორგი მარგველაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1933 წელს დაბადებული მზეანა გომელაური და 1938 წელს დაბადებული თეიმურაზ მარგველაშვილი. იმხანად მარგველაშვილების ოჯახის ქონება შემდეგნაირი იყო: თეიმურაზ მარგველაშვილს ეკუთვნოდა ბინა თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე (ფართობი – 165 კვ.მ.), გიორგი მარგველაშვილს კი – ბინა თბილისში, იაშვილის ქუჩაზე (ფართობი – 120 კვ.მ.), საცხოვრებელი სახლი (200 კვ.მ.) და სამი მიწის ნაკვეთი დუშეთში (775, 1 200 და 946 კვ. მ. ფართობის). 2011 წლის განმავლობაში ბ-ნ მარგველაშვილის დედ-მამამ პენსიის სახით, 1 440-1 440 ლარი აიღეს, დამატებით ქ-ნმა მზეანამ 1 931 ლარიც, როგორც სამხატვრო აკადემიის ლექტორმა, გიორგი მარგველაშვილმა კი, როგორც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა და ლექტორმა, საერთო ჯამში, 57 347 ლარი.
2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში ოჯახის წევრთა ჩამონათვალშია ბ-ნი მარგველაშვილის 1993 წელს დაბადებული ქალიშვილი ანა. პრეზიდენტის უძრავი ქონებაც გაზრდილა – მას კიდევ ერით მიწის ნაკვეთი აქვს დუშეთში – 541 კვ. მ. ფართობის. რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში ბ-ნი მარგველაშვილის მშობლებმა კვლავ მიიღეს 1 440-1 440 ლარის ოდენობით პენსია, ხოლო ქ-ნმა მზეანამ, დამატებით, როგორც სამხატვრო აკადემიის ლექტორმა, 1 931 ლარი. გიორგი მარგველაშვილმა კი, როგორც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა და ლექტორმა – 51 517 ლარი; როგორც საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა – 25 000 ლარი; როგორც „კვირის აზრების“ ავტორმა – 1 400 ლარი; როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა (ორ თვეში) – 6 307 ლარი.
2014 წელს გიორგი მარგველაშვილმა დეკლარაცია უკვე საქართველოს პრეზიდენტის რანგში შეავსო. მას 2013 წელს კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი შეუძენია დუშეთში – 1 000 კვ. მ. ფართობის. 2013 წლის განმავლობაში ქ-ნმა მზეანამ, როგორც სამხატვრო აკადემიის ლექტორმა, 2 588 ლარი აიღო, როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორმა, 1 225 ლარი. ხოლო გიორგი მარგველაშვილმა, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, 9 თვის განმავლობაში, 21 937 ლარი მიიღო, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ორ თვეში – 5 653 ლარი.
P. S. საქართველოს პრეზიდენტის ყველა ქონებრივ დეკლარაციაში პაოლო იაშვილის სახელად მითითებულია პაულო. იმედია, ამ, სავარაუდოდ, უნებლიე ხარვეზს უახლოეს მომავალში გამოასწორებენ.