კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოიწვევს ახალი რეგულაციები მედია-საშუალებების ნაწილის დახურვას და როგორ დაარეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსი შუღლის გაღვივებას

საქართველოს მთავრობამ სისხლის სამართლის კოდექსში ცლილებები შეიმუშავა, რომელიც სიძულვილის ენის რეგულირებას ეხება და რომლის მიზანი ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებაა. კერძოდ, დღეს მოქმედი კოდექსით, სისხლის სამართლის წესით არ ისჯება ისეთი ქმედება, როგორიცაა შუღლის გაღვივება. თუმცა ისჯება შუღლის გაღვივების ნიადაგზე ჩადენილი ქმედებები (განზრახ მკვლელობა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ რასობრივი შეუწყნარებლობის გამო). შესაბამისად, კანონპროექტი გვამცნობს, რომ აწი (თუ ცვლილებები ძალაში შევა), კოდექსს დაემატება  239-ე პრიმა მუხლი –  „მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით”, რის მიხედვითაც: „მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ესე იგი ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე”. ამ მუხლის მეორე პუნქტით კი, იგივე ქმედება, თუ ის გამოიწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის, ან განხეთქილების ჩამოგდებას, რაც გამოიხატა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, სიცოცხლის მოსპობაში ან სხვა მძიმე შედეგში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 15 წლამდე.  ხოლო 239-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ ცვლილებებს არც თუ დადებითად გამოეხმაურა, თუ რატომ, ამის შესახებ საიას ხელმძღვანელთან, ანა ნაცვლიშვილთან, ერთად ვისაუბრებთ.

– რა არ მოგწონთ მთავრობის მიერ შემუშავებულ ცვლილებებში?
– თვითონ კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება, ამიტომ, ბუნებრივია, კანონმდებელი ამ თემებზე თვალს ვერ დახუჭავს. შემოთავაზებული ცვლილებები ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის რეგულირებას ისახავს მიზნად და ამ თვალსაზრისით, აქტუალობას ვერ დავაკნინებთ. მაგრამ ჩვენი მიზანი, როგორც ყოველთვის, არის ის, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება იყოს შესაბამისობაში, უპირველესად, საქართველოში უკვე მოქმედ კანონმდებლობასთან და შემდეგ –  საერთაშორისო სტანდარტებთან. ბუნებრივია, ტერორიზმთან ბრძოლა და შუღლის გაღვივების საკითხებზე რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გვქონდეს კარგი რეგულაციები და კანონები, მაგრამ ამან არ უნდა შელახოს სხვა მნიშვნელოვანი ღირებულებები.
– და რა ღირებულებებს ლახავს ეს რეგულაცია?
– შემოთავაზებული ფორმულირება არ არის შესაბამისობაში, მათ შორის, არც საქართველოს კანონმდებლობასთან, იმიტომ რომ, ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ კარგი „კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, რომელიც  შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რომელშიც სპეციფიკურადაა განმარტებული „მოწოდება“ და ზუსტად იმ განმარტებასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამ კანონპროექტის შინაარსი.
– შევახსენოთ მკითხველს ფორმულირება.
– იმისთვის, რომ მოწოდება იწვევდეს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომებს, მას თან უნდა ახლდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის არსებითი, პირდაპირი და აშკარა საფრთხე, თუ ასეთი საფრთხე მოწოდებას არ ახლავს, უკვე მოქმედი კანონით, ის არ შეიძლება, ექცეოდეს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის ქვეშ.
– კონკრეტულად ვთქვათ, როგორი უნდა იყოს მოწოდება, რომ შეიცავდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის საფრთხეს?
– როდესაც სხვადასხვა სახელმწიფოს სასამართლო სისტემები აფასებენ კონკრეტულ საქმეებს, შეიცავს თუ არა ესა თუ ის მოწოდება საფრთხეს, ისინი ითვალისწინებენ სხვადასხვა გარემოებას. მათ შორის, მთავარია, ვინ არის მოწოდების ავტორი, რა გავლენა აქვს მას საზოგადოებაზე; რა არის მოწოდების კონტექსტი, რა მედიასაშუალებაა გამოყენებული მის გასავრცელებლად –  რიგ შემთხვევაში ტელევიზიას აქვს სერიოზული გავლენის შესაძლებლობა, ვიდრე ბეჭდურ მედიას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დგინდება, რამდენად შეიძლება, რომ ამ გამოხატვამ რეალურად გამოიწვიოს მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ანუ შუღლის გაღვივება ჯგუფებს შორის. ეს დელიკატური საკითხია, რადგან, ერთი მხრივ, საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთის დაცვას –  საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მშვიდობიან თანაცხოვრებას და მეორე მხარეს დგას სიტყვის თავისუფლება. „შარლი ებდოს“ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური ეს საკითხი –  სად გადის ზღვარი და ამ შემთხვევაში ცალსახაა საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გვეუბნება: სიტყვის თავისუფლება იცავს ისეთ გამოხატვას და ისეთ შინაარსსაც, რომელიც შეიძლება, მიუღებელი იყოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, მათ შორის, უმრავლესობისთვის და ლოგიკურად, სწორედ ასეთ გამოხატვას სჭირდება დაცვა.
– ცალსახაა, ადამიანი არ უნდა მოკლა, რაც უნდა თქვას, დახატოს ან დაწეროს. მეც ბევრს ვფიქრობ ამ დღეებში ამ თემაზე, გვერდზე გადავდოთ რელიგიური გრძნობები, ეს შეიძლება, ვერ გაიგოს, ვთქვათ, ათეისტმა, დავუშვათ, მე დავხატე კონკრეტული ადამიანის კარიკატურა ინცესტის თემაზე. ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა?! ან ირაკლი ვაჭარაძის სტილში –  მონაზვნები სასწრაფოდ უნდა დაორსულდნენო, მაპატიოს მკითხველმა, განვაცხადე –  დააორსულეთ დები-მეთქი. ესეც ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა? ასე ხომ სრულ მარაზმში გადავალთ, ნებსით თუ უნებლიეთ?
– მესმის, რასაც გულისხმობთ, მაგრამ ამ რეგულაციით, მიზანმიმართულად თუ შეცდომით, კანონი ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლებაზე უნდა დაწესდეს ზღვარი. არადა ეს ზღვარი უკვე დადგენილია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის არ დაირღვეს. როდესაც ჩვენ გამოხატვის რეგულირებას ვიწყებთ შინაარსით, თუ რა არის და არ არის მისაღები, ეს ძალიან საშიშია, რადგან ვიღაცისთვის და ჩემთვისაც, როგორც ერთი, რიგითი ადამიანისთვის, ნამდვილად არ არის მოსაწონი ის კარიკატურა, რამაც გამოიწვია, რაც გამოიწვია, მაგრამ როგორ შეიძლება, ეს შევადაროთ ამდენი ადამიანის დახოცვას?! ეს არაპროპორციული პასუხია: გამოხატვის საპასუხოდ სიკვდილი. შესაბამისად, როდესაც სახელმწიფო ერევა გამოხატვაში, ეს ჩარევა უნდა იყოს პროპორციული. ზოგადადაც, სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენება სიტყვის თავისუფლებასთან მიმართებაში უნდა იყოს უკიდურესი აუცილებლობა, როდესაც სხვა ტიპის სანქციები –  სამოქალაქო და ადმინისტრაციული –  ვერ აღწევს დასახულ მიზანს. როდესაც გამოხატვის შინაარსის გარჩევას ვიწყებთ, შესაძლოა, გამოვიდეს რომელიმე პოლიტიკური ძალა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ხელისუფლება, იმიტომ რომ, მას აქვს ძალა და თქვას: მე არ მომწონს ეს პოლიტიკური შინაარსი და ამას დავბლოკავ; შემდეგ გამოვა ბანკის წარმომადგენელი და იტყვის, მე არ მომწონს ამ ეკონომიკური ანალიზის შინაარსი, ამიტომ ეს უნდა დაიბლოკოს. ანუ ყოველთვის გამოჩნდება სხვადასხვა ჯგუფი, რომელსაც  შინაარსი არ მოეწონება და როდესაც ცოტ-ცოტას შემოვაკლებთ ამ შინაარსს, აღარაფერი დარჩება.
– ადამიანს უდიდესი შეურაცხყოფა შეიძლება, მიაყენო ისე დახვეწილად, რომ ვერც კი მოგედავოს, ეს მხოლოდ ინტელექტის ამბავია. მაგრამ, თუ ამ საკითხს შევხედავთ მეორე მხრიდან –  ჩვენმა საზოგადოებამ გამოხატვის თავისუფლება ძალიან ბოროტად გამოიყენა. დაარღვია ეთიკისა და ზრდილობის ყველანაირი ჩარჩო. დიალოგი გაგებულია, როგორც ლანძღვა და შეურაცხყოფის მიყენება. რა უნდა ქნას კანონმდებელმა ასეთ სიტუაციაში?
– ის პრობლემა, რაც ჩვენ გვიდგას, ორ სიკეთეს შორის ზღვრის გავლება, სხვა საზოგადოებებმა გაიარეს, ზოგი ჩვენ მსგავსად ახლა გადის. მათ დაინახეს, რომ შეიძლება, აშკარად არსებობდეს სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების ტენდენციები, მაგრამ ის იმდენად ფაქიზი თემაა, რომ მინიმალურმა ჩარევამაც კი შეიძლება, გამოიწვიოს ძალიან მძიმე უკუშედეგი ისევ და ისევ საზოგადოებისთვის. ამიტომ მოიფიქრეს ორი რამ: ერთი, რომ სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს თვითრეგულირებადი. სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტები, რომ მედია-საშუალებები თავს გრძნობდნენ თვითშებოჭილად ამ ეთიკური სტანდარტებით. ჩვენ გვაქვს ეთიკის ქარტია, მაგრამ რამდენიმე მედია-საშუალება მისი ხელმომწერი არ არის, რადგან არ მიიჩნევენ თავს ვალდებულად, რომ ეთიკით შეიბოჭონ თავი. ჩემთვის პირადად პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკა სინონიმებია.
– ლანძღვა ყველაზე ადვილი დასაწერი და სათქმელია, რთული საფუძვლიანი კრიტიკაა.
– მეორე: თუ ეთიკითა და თვითრეგულირებით მაინც ვერ იქნა მიღწეული მიზანი –  საზოგადოებრივი სიმშვიდე, საერთაშორისო პრაქტიკა ითვლისწინებს, რომ შემოვიდეს კანონი, როგორც რეგულატორი. მაგრამ აქაც არის ორი მიმართულება: სისხლის სამართლის ნორმა უნდა იყოს გამოყენებული უკიდურეს ზომად, რადგან, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჩარევა არის არაპროპორციული, იმიტომ რომ, არათანაზომადია, ერთი მხრივ, სიტყვის თავისუფლება და, მეორე მხრივ, ციხე ან მედია-საშულების ლიკვიდაცია. მეორე მიმართულებაა ადმინისტრაციული და სამოქალაქო ტიპის სანქციები. სამოქალაქო ტიპის სანქცია შეიძლება, იყოს ჯარიმა, მაგრამ, თუ ჯარიმა იქნება ერთი მილიონი ლარი.
– ამას დაპატიმრება ჯობია.
– ეს იქნება არაპროპორციული ქმედება. ამდენად, ჩემი აზრით, 239-ე მუხლში „მოწოდება“ უნდა იყოს განმარტებული ისე, როგორც არის განმარტებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში, რაც ზემოთ ვთქვი და ვისურვებდი, რომ აი, ის შენიშვნა, რომელიც ამ მუხლის ბოლო ნაწილშია, როცა იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, შეიცვალოს, რადგან, დარწმუნებული ვარ, საქმეთა 99 პროცენტში ეს იქნება არაპროპორციული სანქცია. თან, ამ ლოგიკით, ძალიან ბევრი მედია-საშუალება შესაძლოა, უბრალოდ ლიკვიდირებული იქნას და ამით გაცილებით დიდი საფრთხე შევუქმნათ იმას, რის დაცვაც გვინდა. მთავარია, ტერორიზმთან თუ შუღლის ჩამოგდებასთან ბრძოლისას არ დაკარგოთ ის, რაც მოგვიპოვებია.
– თუმცა ისიც ფაქტია, რომ ცოტა უფრო კულტურულები და ზრდილობიანები უნდა გავხდეთ.
– ოღონდ არა სანქციის შიშით, მედიას არ უნდა დაუწესდეს ცენზურა. მით უმეტეს, რომ ცენზურა ისტორიულადაც გამოიარა საქართველომ მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში.
– 2004 წლიდან პერიოდიც გაჯერებული იყო ცენზურით.
– დიახ და ხომ დავინახეთ, რომ ეს საშინელებაა?! სადაც არის თავისუფალი მედია, იქ ხელისუფლება ვერ ახერხებს, იყოლიოს მოსახლეობა მანიპულაციის ქვეშ და მოუწყოს რეპრესიები. მე მესმის საზოგადოების შეშფოთება, ხშირად ადამიანები აღშფოთებულები არიან იმით, რასაც კითხულობენ და რაც ესმით, მაგრამ არ შეიძლება ასეთი ხისტი ჩარევა სიტყვის თავისუფლებაში. ეს უფრო ცუდ შედეგს მოგვიტანს, ვიდრე კარგს, ამიტომ ფაქიზი მიდგომაა საჭირო, როდესაც საქმე ეხება მედია-საშუალებებს და, მეორე მხრივ, მედია-საშუალებებსაც უნდა ესმოდეთ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ აქვთ, მათი თავისუფლება არ არის შეუზღუდავი და გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს.
– თუმცა ჩვენთან კანონმდებლობა, ფაქტობრივად, არანაირ სანქციას არ აკისრებს ჟურნალისტს დეზინფორმაციისა და ადამიანისთვის ბრალის წაყენებაში. შესაბამისად, ჩემი კოლეგების ნაწილი ხშირად წერს მასალებს, აგებულს სიცრუესა და ფაქტების ფალსიფიცირებაზე და ცილს სწამებს ადამიანებს. თუკი ხელისუფლება შეარბილებს პოზიციას ამ ცვლილებებში, უპრიანი ხომ არ იქნება, ინფორმაციის გამავრცელებელს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმისთვის, რასაც წერს?
– ვერ ვიტყოდი, რომ ეს პირდაპირ კანონმდებლობის ხარვეზია, იმიტომ რომ, სამოქალაქო კოდექსში ჩვენ გვაქვს მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ცილისწამების შემთხვევაში პირს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს.
– მესმის, მაგრამ ეს ხომ მკვდარი მუხლია? სასამართლოს მიმართვის პრაქტიკა გვაქვს?
– ამაში გეთანხმებით და ამდენად, ამ მუხლის გაცოცხლებაა აუცილებელი და იმ ადამიანებმა, რომლებსაც ცილი დასწამეს, ხშირად უნდა მიმართონ სასამართლოს. ეს ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა: როდესაც ერთი ადამიანი იყენებს სიტყვისა და გამოხატვის უფლებას, ამის პასუხი უნდა იყოს არა შეიარაღებული თავდასხმა, „ქილერის“ დაქირავება ან ვიღაცეების მიგზავნა, გააჩუმე ეს ჟურნალისტიო, არამედ ცივილიზებული მეთოდი, რასაც გვეუბნება კანონი: ვიდავოთ. სასურველია, სასამართლო, ამ მიმართულებით, კიდევ უფრო მაღალ სტარდარტებს აწესებდეს, მაგრამ სამართლებრივი ფორმებით უნდა დავიცვათ.

скачать dle 11.3