ვის მოუწევს ჯარიმის გადახდა მიწის ნაკვეთის დაუმუშავებლობის გამო, რატომ არ აქვს სტატუსი საქართველოში სოფელს და რატომ გახდებიან გლეხები იძულებულნი, გაყიდონ საკუთარი მიწის ნაკვეთები
საქართველოს პარლამენტში უკვე შეტანილია დიდი ხნის ნანატრი კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებით შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ, რის მიხედვითაც, უნდა განისაზღვროს, თუ ვის ექნება საქართველოში ამ ტიპის მიწის შეძენის უფლება, რა პირობებით თუ უპირობოდ და, რაც მთავარია, რა მოცულობით. კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვთ: სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს; ასევე, უცხოელს, თუ მას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობით ან საქართველოს მოქალაქეზე ქორწინების შემდეგ არის მიწის თანამესაკუთრე. როგორც ოპონენტები ამბობენ, მთავრობამ – ცვლილებების ინიციატორმა, არ გაითვალისწინა ძირითადი შენიშვნები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა განიავების ობიექტად აქცია, თუ რატომ, ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ პაატა კოღუაშვილთან ერთად ვისაუბრებთ.
– მთავარი პრობლემა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან მიმართებაში იყო ის, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა შეძლებული უცხოელების უწესო მოძალებისგან. აწესებს კანონპროექტი, ამ მხრივ, გონივრულ ბარიერებს?
– საერთოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწის იურიდიული პირისთვის მიყიდვისადმი დასავლური კანონმდებლობის დამოკიდებულება უარყოფითია და ამისგან, როგორც წესი, თავს იკავებენ და იურიდიულ პირებს მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში აძლევენ მიწას. კანონპროექტის პირველ ვარიანტში იყო ასეთი ჩანაწერი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვის უფლება ენიჭება საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს თუ საქართველოს მოქალაქე ფლობს წილის ნახევარზე მეტს. ეს ჩანაწერი გააქრეს. საერთოდ, კანონი უნდა იყოს ნათელი: როგორც კითხულობ, ისე უნდა გესმოდეს და არ უნდა სჭირდებოდეს ინტერპრეტაცია. ასევე, კანონპროექტში მითითებულია, რომ მიწის შეძენის უფლება აქვს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მაგრამ ვინ არის ეს? რომელიმე სამინისტრო ან საჯარო სკოლა? სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი?! სად გინახავთ ასეთი რამ?! არსებობს კანონი საქართველოს სახელმწიფო ქონების შესახებ და ის არეგულირებს საკითხს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მიწა ეძლევათ მხოლოდ უზუფრუქტის სახით. იმის თქმა მინდა, რომ ეს კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის სხვა კანონებთან, კონსტიტუციასთანაც კი.
კანონპროექტში ჩამოყალიბებული უნდა იყოს, რა პირობებით ეძლევათ მიწა უცხოელებს. კერძოდ, თუ შესაბამის სტრუქტურას წარუდგენს სამოქმედო საინვესტიციო გეგმას იმ მიწაზე, რომლის ყიდვის პრეტენზიაც აქვს და თავდაპირველ ვარიანტში ეწერა კიდეც, რომ ეს უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ და სასურსათო უსაფრთხოებასთან. მეორე – მას უნდა ჰქონდეს სპეციალური აგრარული განათლება და გამოცდილება, ამ მიწაზე სამოქმედო კაპიტალი. მეტიც, არათუ იმ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ფული, როდესაც მიწას ყიდულობს, არამედ მაშინაც, თუ იჯარით იღებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას. ჩვენთან კი რა ხდება? ჩამოდის უცხოელი, იყიდის მიწას და შემდეგ აქ ცდილობს კრედიტის შოვნას. კიდევ კარგი, ჯერჯერობით მხოლოდ ღარიბები და მრავალშვილიანები მოდიან, რომლებიც აქ რჩებიან. ამ კანონპროექტის მთავარი საფრთხე კი ის არის, რომ მიწა შეიძლება, გახდეს სპეკულაციის საგანი.
– კანონპროექტში წერია, რომ იურიდიულ პირს არ აქვს უფლება შეიძინოს 20 ჰექტარზე ნაკლები და 200 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ამდენ მიწას მიჰყიდი და არ სთხოვ გეგმას, რას გააკეთებს? აუზი რომ ააშენოს ან ცხენების საჯირითო?
– კანონის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ დანიშნულებისამებრ. ეს მუხლი იყო კანონში, მაგარმ წინა ხელისუფლებამ გააუქმა და შედეგად, დაწერდი განცხადებას საჯარო რეესტრში და მიწას უცვლიდი კატეგორიას. მართალია, ახალმა ხელისუფლებამ შეაჩერა ამ მუხლის მოქმედება, შემოიტანა ნორმა, რომ მიწისთვის კატეგორიის შეცვლაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და ის უნდა ამოქმედებულიყო 2014 წლის პირველი იანვრიდან, მაგრამ ვერ ჩამოაყალიბეს ნორმალური ფორმულირება და კიდევ გადაავადეს.
რაც შეეხება მიწის რაოდენობას: წარმოუდგენელია, რომ ფიზიკურ პირს ჰქონდეს 5-დან 20-მდე, იურიდიულს კი 20-დან 200 ჰექტრამდე ყიდვის უფლება. ის იურიდიული პირი, ვისაც ექნება მიწის ყიდვის უფლება, უნდა იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი; გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმო და ასე შემდეგ. ამ ცვლილებებით თითქოს უბოდიშებენ უცხოელებს, მეტის გაკეთება ვერ შევძელითო; ეს წარმოუდგენელი სიბეცე, ახლომხედველობა და საქართველოს მიწის განიავების მცდელობაა. ასეთ დროს, როგორც წესი, ხალხი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს და დემოკრატიული მთავრობა ვალდებულია, ჩაატაროს რეფერენდუმი. დროებით ხარ მოსული და ვის ქონებას ასხვისებ?! ან რას ნიშნავს ჩანაწერი – რომ მიწის ყიდვის უფლება აქვს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას?! სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ყიდულობს მიწას?! ასეთი რამ წარმოუდგენელია.
– არის ჩვენთან 200-ჰექტრიანი მიწის ფართობები?
– ჩვენ ამის საშუალება გვაქვს კახეთის ერთი-ორ რაიონში და ქართლში, სხვაგან იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა იძულებული გახდება, დაიწყოს მიწის გასხვისება. ვიმეორებ: იმედის დამყარება ვიღაც გადამთიელებზე სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის, ფუჭი მცდელობაა. მაშინ, როდესაც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს ადგილობრივი სასოფლო წარმოების მხარდასაჭერად. ბოლო 25 წლის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ გლეხს მივეცით 1,25 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ბარში, მთაში კი – 3-5 ჰექტარი, არაფერი გაგვიკეთებია. ვერაფრით ვეხმარებით გლეხკაცს, მაშინ, როდესაც მსოფლიო ქვეყნების უდიდეს ნაწილში სოფლის მეურნეობა სუბსიდიურია. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში ფერმერებს სუბსიდიას აძლევენ არა მხოლოდ ეროვნული სახელმწიფოები, არამედ ევროკავშირიც – თითოეულ ჰექტარზე 400 ევროს. ჩვენთან ხომ ამაზე დაპარაკიც არ არის?! იმის მაგივრად, შანსი მიგვეცა ქართველი გლეხკაცისთვის, რომ ფეხზე წამომდგარიყო, 2005 წლის შემდეგ ასეთი იდეოლოგია ჩამოყალიბდა: უსაქმურია, არაფერი იცის და მხოლოდ და მხოლოდ უცხოელს შეუძლია მიწის დამუშავება. არადა, ჯერ კიდევ ილია წერდა, ფუჭი მცდელობაა, გადამთიელებს მივანდოთ მიწათმოქმედების საქმეო… იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიწის მოცილება უნდათ, რასაც მათ არავინ აპატიებს. ბოლოს და ბოლოს, თუ ასე უნდათ, ავიღოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამოცდილება და გადმოვიღოთ; ავიღოთ ავსტრიის გამოცდილება და გადმოვიღოთ; ავიღოთ შვეიცარიის გამოცდილება და გადმოვიღოთ. ეს ძალიან საშიში კანონია.
– რატომ არის საშიში, თუ საბოლოოდ მიწა მაინც დამუშავდება?
– მაგალითად, ვთქვათ, „გაზპრომმა“ იყიდა 200 ჰექტარი მიწა, მას სრული უფლება აქვს, თავისივე უშიშროების კონცეფციიდან გამომდინარე, საკუთარი ძალებით დაიცვას ის ტერიტორია და ამას წინ ვერავინ აღუდგება. კანონპროექტის ამ ვარიანტის მიღება არაფრის დიდებით არ შეიძლება. ჩამოსაწერია მუხლები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ თანამედროვეობას მორგებული კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ბალანსს. მეტიც – იმას გარდა, რომ 200 ჰექტარი წარმოუდგენლად დიდ რაოდენობად მიმაჩნია, ჩანაწერია, რომ შეიქმნება რაღაც საბჭო, რომელსაც ექნება უფლება, მიჰყიდოს მსურველს დამატებითი მიწის ნაკვეთი, ანუ 200 ჰექტარზე მეტი მიწის მიღების უფლებას აძლევენ. რაც მთავარია: სოფლის მეურნეობის სამინისტროს არანაირი შეხება არ აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან: პოლიტიკას განსაზღვრავს ეკონომიკის სამინისტრო, რაზეც ვდაობ მთელი ამ ხნის განმავლობაში.
გარდა ამისა, მსოფლიოში არსებული პრაქტიკით, მიწის ყიდვა-გაყიდვა ყველას არ შეუძლია. ეროვნული კანონმდებლობები იმგვარადაა გაკეთებული, რომ თავდაპირველად ფერმერის სტატუსი უნდა მოიპოვოს როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირმა. მიწის თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ მიწათმოქმედის სტატუსის მქონე პირებს შორის უნდა იყოს შესაძლებელი და ეს სტატუსი უნდა მოიპოვოს როგორც საქართველოს მოქალაქემ, ისე უცხოელმა, ამიტომ საჭიროა ამ ნორმატიული აქტის მიღება.
– გავრცელდა სოფლის მეურნეობის მინისტრის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში, მიწის მფლობელი დაჯარიმდება, ოღონდ ეს ნორმა ეხება მიწის დიდი ფართობების მფლობელს და არა მცირენაკვეთიან გლეხებს.
– ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაშია მსგავსი ჩანაწერი და პირველად ასეთი რამ გაჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობაში 1861 წელს, როდესაც აბრაამ ლინკოლნმა შეერთებულ შტატებში დაიწყო მიწის რეფორმა. იქ ჩაიწერა, რომ შტატების ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი ან ოჯახის უფროსს, აქვს უფლება, სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღოს 160 აკრი მიწა იმ პირობით, რომ 5 თვის განმავლობაში შექმნის ფერმას, ხოლო, თუ არ შექმნის, ეს მიწა მას ჩამოერთმევა. სასოფლო-სამეურნეო მიწა არ არის ჩვეულებრივი საქონელი და მისი განხილვა ჩვეულებრივ გასაყიდ ობიექტად არ შეიძლება, რადგან მას განსაკუთრებული სოციალური, საზოგადოებრივი და სახელმწიფიოებრივი დატვირთვა გააჩნია. მაგრამ ის, რაც სოფლის მეურნეობის მინისტრმა თქვა, არ არის ამ კანონპროექტში, ვერც იქნება, ეს სხვა კანონით უნდა დარეგულირდეს და უნდა დარეგულირდეს ისე, როგორც ეს ჩვენ გვქონდა კანონში: თუ მფლობელი 2 წლის განმავლობაში არ დაამუშავებდა მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთს, ის მას სასამართლო წესით ჩამოერთმეოდა. ეს არის დასავლური გამოცდილება. მიწას სჭირდება დამუშავება და ამიტომ ის უნდა მოხვდეს იმ ადამიანების ხელში, ვისაც მისი დამუშავების სურვილი აქვს.
– ეს კანონპროექტი შეუწყობს ხელს, წაახალისებს მიწის დამუშავებას?
– უმძიმესი პრობლემაა მიწის პარცელაცია, ანუ დანაწევრება, ამდენად, საჭიროა მისი კონსოლიდაცია. მაგალითად, თურქეთში, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, შეგიძლია, იყიდო 2,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და თუ წარმოადგენ მნიშვნელოვან საინვესტიციო გეგმას, შეიძლება, 30 ჰექტრამდე გაგიზარდონ. არავინ მიდის მიწის გაყიდვაზე ასე ადვილად. ჩვენთანაც არავინ მოვა ოხრახუშისა და ნიახურის მოსაყვანი მიწის შესაძენად, მაგრამ ისეთ ფონს უქმნიან, თითქოს მიწის ყიდვა არის ინვესტიცია, რაც ახლომხედველობა და ხალხის მოტყუების მცდელობაა, რადგან მიწის გაყიდვა არ არის ინვესტიცია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ინვესტიციების საერთო რაოდენობიდან სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიციების წილი 0,3-დან 1,7 პროცენტამდეა. თანხობრივად, წლების მიხედვით, ეს არის 2-3 მილიონი, 10 მილიონი იყო ერთხელ და ამით დამთავრდა ყველაფერი. ეს არ არის ინვესტიციატევადი დარგი და მეორე, ეს დარგი არ არის მზად ფართომასშტაბიანი ინვესტიციებისთვის, იმ პრობლემების გამო, რაც ვთქვი მიწის დანაწევრების შესახებ. ჩვენი ამოცანაა, ჩვენი მიწა ჩვენვე დავამუშაოთ და შემდეგ, თუ აუცილებელი გახდება, გავასხვისოთ. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთი პროცენტიც კი არ არის გასხვისებული უცხოელებზე. ბალტიისპირეთის ქვეყნები მიწასა და ტყეს ასხვისებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური საჭიროება და საერთოდ არ ასხვისებს ევროკავშირის მოქალაქეების გარდა არავისზე. ჩვენც ასე უნდა შევხედოთ ამ საკითხს, მაგრამ ამ კანონპროექტის შემმუშავებლებს, სამწუხაროდ, არც ცოდნა აქვთ და არც გამოცდილება.