ფაფიჭამიები
„დუმელების“ „დუმები“
იმის მიუხედავადაც, რომ რუსეთის ფედერაციაში რუბლი ქვესკნელისკენ მიექანება, ფასები კი – ზეცისკენ, სახელდობრ, სახელმწიფო „დუმის“ დეპუტატები სულ სხვა პრობლემას შეუშფოთებია: არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის სასადილოში ფასების ზრდას! –
კერძოდ, ფრაქცია „ელ დე პე ერის“ წევრმა სერგეი ივანოვმა თავის გამოსვლაში კოლეგებს მოუწოდა, გაეანალიზებინათ ფასების ზრდა საუზმესა და სადილზე. ყველაზე მეტად კი რუსი ხალხის რჩეულის გული ფაფის ფასის 2,5-ჯერ ზრდას დაუსევდიანებია!
სხვათა შორის, მხოლოდ რიტორიკას არ დასჯერდა და განმარტა, თუ რად შეაშფოთა სწორედაც რომ ფაფამ და არა რამე სხვამ (მომყავს ციტატა): „ჩვენს სასადილოში ერთი ულუფა ფაფა 20 რუბლი ღირდა, ახლა 53 ღირს და ჩვენ ამაშიც კი ვერ გავრკვეულვართ (მაგრამ ყირიმი ხომ მათია?!).“
ფაფის ფასით გაოგნებულმა რუსმა დეპუტატმა კოლეგებს შეახსენა, რომ პარლამენტარების მთავარი ამოცანა ქვეყანაში ფასების ზრდასთან ბრძოლაა. რაკი რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომია გაჩაღებული, ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა სავაჭრო ქსელში ფასებზე მკაცრი კონტროლის დამყარება. აქედან გამომდინარე კი, სავსებით ლოგიკურია დეპუტატის შეშფოთება: აბა, როგორ დაამყარებენ, თუკი საკუთარი ფაფაც კი ვერ დაუცავთ?! –