რა ოცნების ასახდენად მიდის ნიუ-იორკში ნატალია ქუთათელაძე და ვისგან ნასროლი ისარი არ ასცდება მას მომავალში
23 წლის, მეცო-სოპრანო, ნატალია ქუთათელაძე, ცოტა ხანში ამერიკაში მიემგზავრება გამოცდების ჩასაბარებლად. ამისთვის, ის წლებია, ემზადება და თავს არ ზოგავს. ქალბატონი ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი და ეკა მამალაძის შვილი რომ სცენაზე დგას, ეს გასაკვირი არ არის. თუმცა ის, რომ ნატალია საოპერო ჟანრში აპირებს კარიერის გაგრძელებას, უკვე საინტერესოა. როგორც თავად ამბობს, „ამერიკული ოცნების” ასახდენად ბევრს შრომობს და იმედი აქვს, სულ მალე, დიდ საოპერო სცენაზე დადგება. ჩვენი ჟურნალის სახელით, წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა მომღერალს და იმედია, მალე იმ ახალგაზრდა, ქართველი საოპერო ვარსკვლავების გვერდით ვიხილავთ, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის სახელი უცხოეთში გაიტანეს და გვასახელეს.
ნატალია ქუთათელაძე: წელს ვამთავრებ კონსერვატორიის მაგისტრატურის მეორე კურსს და გეგმაში მაქვს, უცხოეთში წასვლა. კერძოდ, სულ მალე მივემგზავრები ამერიკაში, მუსიკალურ სკოლა „ჯულიარდში” და მოსმენის შემდეგ, გადაწყდება ჩემი იქ დარჩენა. ზოგადად, სექტემბერში, ვგეგმავ ნიუ-იორკში გადავიდე სასწავლებლად. ეს კი, ბევრ პროცედურაზეა დამოკიდებული. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, ზაფხულში, „ლა სკალაშიც” მინდა მოსმენაზე წასვლა და საბოლოო ჯამში, გადაწყდება, სად დავრჩები. თუმცა, „ლა სკალაშიც” და ნიუ-იორკშიც, აუცილებლად რომ წავალ მოსმენაზე, ეს ზუსტად ვიცი.
– თუ „ლა სკალაშიც” და ნიუ-იორკშიც მოგისმინეს და დადებითი შეფასება მოგცეს, ამ შემთხვევაში, რომელს აირჩევ? როგორც ვიცი, საოპერო ხელოვნება „ლა სკალაში” უფრო მაღალ დონეზეა.
– ბევრს უკვირს და ეჭვქვეშ აყენებს ჩემს ამერიკულ არჩევანს, მაგრამ ჩემი ინიციატივაა ამ ქვეყანაში ძალების მოსინჯვა. ამერიკული გარემო ჩემთვის იდეალურია. რამდენჯერმე ვარ იქ ნამყოფი და ამიტომ, ვიცი, ეს ქვეყანა ბევრ რამეს მომცემს. მე ვცდი და თუ ვერ მოვიხიბლე ისე, როგორი მოლოდინიც მაქვს, სხვა არჩევანიც არის.
– როდის მიხვდი, რომ საოპერო მონაცემი გაქვს და ამ ჟანრში უნდა სცადო ბედი?
– ბავშვობიდან ნამდვილად არ მქონდა საოპერო ხმა. როცა აბიტურიენტი გავხდი, უნდა ამერჩია კონკრეტული ფაკულტეტი. ნიჭიერთა ათწლედი დავამთავრე საფორტეპიანო განხრით და ზუსტად ვიცოდი, ჩემგან პიანისტი ნამდვილად ვერ დადგებოდა. ეს დიდ შრომას და ინსტრუმენტთან გატარებულ ბევრ საათს ითხოვს, რაც ჩემგან არ იყო მოსალოდნელი და ხმის დამუშავება დავიწყე. შემდეგ, ჩემმა პედაგოგმა, ქალბატონმა დოდო დიასამიძემ აღმოაჩინა, რომ საოპერო ხმა მაქვს. მეც ჩამითრია ამ ჟანრმა და გადავწყვიტე ოპერის მომღერლობა. შვიდი წელია, რაც ეს ნიჭი აღმომაჩნდა და დღეს, მინდა, ამ სფეროში დავიმკვიდრო ჩემი ადგილი.
– თქვი, პიანისტობაზე უარი იმიტომ ვთქვი, კოლოსალური შრომა უნდაო. თუმცა, ოპერის მომღერლობასაც, თუ გინდა, წარმატებებს მიაღწიო, არანაკლები შრომა და დრო უნდა. არ მეთანხმები?
– გეთანხმებით, ოპერის მომღერლობა, მარტო შრომას და დროს კი არა, მთლიანად ცხოვრების რეჟიმის შეცვლას ითხოვს. ეს ძალიან რთულია. მიჭირს ამ რეჟიმის დაცვა, მაგრამ ვცდილობ. მთავარია, კვება, ძილი და ფიზიკური აქტივობა – ეს უნდა გქონდეს ოპერის მომღერალს მოწესრიგებული. თან, ორგანიზმი დასვენებული და ძლიერი უნდა იყოს, სტრესსა და ხმაურიან ადგილებს უნდა მოერიდო, რომ ხმას ძალა არ დაადგეს ხმამაღალი საუბრით. ეს ოპერის მომღერლისთვის ყველაზე მთავარია.
– ესე იგი, ღამის, კლუბური ცხოვრება გამორიცხულია?
– გამორიცხულია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ასე არ არის, რადგან არაფერში არ მიყვარს რადიკალიზმი. ცოტ-ცოტა ყველაფერი დასაშვებია. ადრე ოპერის მომღერალი რომ ჭარბწონიან ადამიანთან ასოცირდებოდა, დღეს ეს სტერეოტიპი შეიცვალა. ხმის მასშტაბთან, ნიჭიერებასა და ტექნიკასათან ერთად, მომღერალი ვიზუალურადაც კარგად უნდა გამოიყურებოდეს. არ არის აუცილებელი, ასოთხმოცი კილო იყო, რომ კარგად მღეროდე არიას.
– ის, რომ ახლა დგამ ამ ჟანრში პირველ ნაბიჯებს და ამაში დიდი შრომა და ძალისხმევა უნდა ჩადო, მომავალში წარმატებების მისაღწევად, გასაგებია. მაგრამ, პირადი ცხოვრება, ამ მხრივ რა ხდება?
– პირად ცხოვრებაში, ამწუთას არაფერი ხდება. გადართული ვარ ჩემს მომავალ გეგმებზე და ვცდილობ, პირადზე ფიქრით გული და ტვინი არ გადავღალო. თან, სიყვარული ძალით ხომ არ მოდის? თუ ვინმე გამოჩნდა და „მესროლა” ისარი, ვერ ამცდება (იცინის). ამ ეტაპზე კი, ამურის ისრით, ნამდვილად არ დავჭრილვარ (იცინის).
– ოჯახში, ბებია – ქალბატონი ნანი ბრეგვაძე და დედა – ეკა მამალაძე, როგორ უყურებენ შენს საოპერო კარიერას?
– ძალიან ნერვიულობენ, განსაკუთრებით ბებია, რადგან მისთვის ჩემი ცხოვრებისა და კერძოდ, ძილის რეჟიმი მიუღებელია. მეუბნება, თუ ასე უნდა იცხოვრო, არაფერი გამოგივა და რაღას მანერვიულებ, პირდაპირ მითხარი, რომ სხვანაირად ცხოვრება არ შეგიძლიაო (იცინის). მე კი ვუმტკიცებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ წარმატებებს მივაღწიო-მეთქი. ყველა ნერვიულობს ოჯახში, მაგრამ ნანი განსაკუთრებულად. თუ, ღვთის მადლით, მიმიღეს და ამერიკაში მომიწია დიდი ხნით ცხოვრება, რასაკვირველია, ოჯახისთვის რთული იქნება. მაგრამ ამაზე, ახლა არ ვფიქრობთ.
– როგორ ფიქრობ, რას შეცვლის შენთვის ამერიკა?
– ამერიკამ უკვე ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემში. ყოველ ჩასვლაზე ვგრძნობ, რომ ეს ქვეყანა ჩემია. თან, ძალიან ემოციური ვარ და ნიუ-იორკმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ვგრძნობ, რომ ამერიკა ჩემთვის ძალიან მისაღებია. იქ თავისუფლების განცდა უფრო მეტად შევიგრძენი. მას ისეთი რიტმი, მიზიდულობის ძალა, ენერგეტიკა და შარმი აქვს, ერთხელ თუ დადგი ფეხი, სხვა ქვეყანაში ცხოვრება აღარ მოგინდება.
– ესე იგი, უცხოეთში წასვლით, „ამერიკულ ოცნებას” სულ მალე აიხდენ?
– ამერიკაში, ყველას უხდება ოცნებები, მთავარია მონდომება. ეს ის ქვეყანაა, სადაც ყველას ყველაფერი უფასდება. ბევრს შესაძლოა გაეღიმოს, მაგრამ, მე ასე მჯერა. იქ ყოფნის დროს, იმდენი შანსი და კარტი გადამეშალა წინ, ამან შოკში ჩამაგდო, თავი სიზმარში მეგონა. მაგრამ, ფაქტია, ეს მოხდა და ამიტომაც წავალ იქ. შორეულმა ამერიკამ მომხიბლა და ზუსტად ვიცი, ამ ქვეყანაში დიდ წარმატებებს მივაღწევ. ამისთვის ბევრს ვშრომობ და ვეცდები, ჩემი ნიჭისა და მონდომების მაქსიმუმი ჩავდო საოპერო ჟანრში, რომელსაც მინდა, ცხოვრების ბოლომდე ვემსახურო.