კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული ნისიად

***

ვერიკო დაბადების დღეზე  დაპატიჟა ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა, ძალიან ახალგაზრდა, ძალიან თამამმა და საკმაოდ ამბიციურმა თეამ, რომელსაც 28 წლის ასაკში უკვე სამჯერ მოესწრო გათხოვება-გამოთხოვება და ახლა მეოთხე წრეზე აპირებდა წასვლას, ანუ, ახალ საკბილოს ეძებდა. თუმცა, მის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ, როგორც ამბობდნენ, ბევრი საყვარელი არ ჰყოლია, რადგან, ვისთანაც დაწვებოდა, ერთ თვეში აიძულებდა, მუხლმოდრეკილს ეთხოვა ცოლობა და ესეც არ ეუბნებოდა უარს; რამდენიმე თვის ან ერთი წლის შემდეგ კი აღმოჩნდებოდა, რომ არჩევანში შეცდა – აჩქარდა, ან, სულაც, შეეცოდა და იმიტომ გაჰყვა, თორემ, ამისთანა არარაობას როგორ შეიყვარებდა... გაყრის შემდეგ ერთი თვე საბუთებისა და ახალი ქონების (ზოგმა ქმარმა მანქანა  დაუტოვა, ზოგმა – ფული) მოწესრიგება-დალაგებას უნდებოდა, მერე კი შემდეგ წრეზე მიდიოდა.

მიუხედავად მისთვის მიუღებელი ცხოვრების წესისა, ვერიკოს მაინც მოსწონდა თეა, რადგან, იყო ის, ვინც იყო, არ თამაშობდა პრინცესის როლს, არ მალავდა, რომ სოფლიდან ჩამოვიდა, ადამიანებსაც პირადი თვისებებისა და ღირსებების მიხედვით აფასებდა და არა სიმდიდრის ან სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ანუ, არ იყო სნობი და, კიდევ ის მოსწონდა ვერიკოს თეაში, რომ იყო საკმაოდ ნაკითხი, აზროვნებდა საღად და თამამად და, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში გაიზარდა, თან, საკმაოდ უბრალო და ხელმოკლე ოჯახში, შინაგანადაც და გარეგნობითაც იყო ნამდვილი თბილისელი გოგო, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ერთი სიტყვით, კარგად მოირგო ქალაქელობა. მხიარული, საკმაოდ „მიმწოლი” და უკომპლექსო ხასიათის წყალობით, თეამ პრაქტიკულად ყველაფერი მოახერხა: კარგი სამსახური, კარგი თანამდებობა, კარგ უბანში ბინა და კარგი სამეგობრო წრე, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა ინტელექტუალი მამაკაცებისგან შედგებოდა: ზოგი იმედის მომცემი მწერალი ან პოეტი იყო, ზოგი – ნიჭიერი მხატვარი, ზოგი მუსიკოსი და ზოგიც პროფესიონალი „კომპიუტერშჩიკი“, ყველას კი აერთიანებდა შინაგანი მოთხოვნილება – ესაუბრათ, ემსჯელათ და ეკამათათ ათას საჭირბოროტო საკითხზე, ესაუბრათ ხელოვნებაზე, წაეკითხათ ლექსები, დაეკრათ, ემღერათ, მოესმინათ სასიამოვნო მუსიკა; დიდად არ უყვარდათ კლუბები და ხალხმრავალი ადგილები და, ამიტომ, გაცილებით უკეთ გრძნობდნენ თავს თეას ლამაზ და მყუდროდ მოწყობილ ბინაში, სადაც თითოეულ მათგანს მხოლოდ „თავისიანი“ დახვდებოდა და არცერთს არ მოუწევდა „კარგი გოგოს” ან „კარგი ბიჭის” როლის თამაში.

ვერიკოს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გრძნობდა თეას მხრიდან სიმპათიასა და თბილ დამოკიდებულებას, მაინც გაუკვირდა ეს დაპატიჟება და იუხერხულა კიდეც; თან, ბევრი საქმე დაუგროვდა სამსახურში და გვიანობამდე აპირებდა დარჩენას, მაგრამ, მოერიდა უარის თქმა და დათანხმდა, ოღონდ, სთხოვა, თუ არ გეწყინება, ცოტა გვიან მოვალო.

– მთავარია, მოხვიდე. მაგრამ, იცოდე, ძალიან არ დაიგვიანო. მინდა, ჩემი სამეგობრო გაგაცნო, ვიცი, რომ მოგეწონება. ჩემი მისამართი ხომ იცი?

– სახლში იხდი დაბადების დღეს? – გაუკვირდა ვერიკოს.

– ჰო, დაბადების დღეს ყოველთვის სახლში აღვნიშნავ, ძალიან ვიწრო წრეში, ჩემი უსაყვარლესი ადამიანების გარემოცვაში. მიმაჩნია, რომ ეს დღე მაინც უნდა იყოს მყუდრო, საინტერესო, ინტიმური, მხიარული და სასიამოვნო, და არა „დარი-დური“ და „შალახოების“ ცეკვა-თამაში. ამიტომ, ჩემი დაბადების დღე არის ხოლმე სალონური საღამო, რომელზეც ვიკმაყოფილებთ ჩვენს ინტელექტუალურ მოთხოვნილებებს; თავისუფლად და თამამად გამოვთქვამთ აზრებს ყველაფერზე; ვკამათობთ და, მინდა გითხრა, ამ კამათის დროს არაფერს ვუთმობთ ერთმანეთს; ვგეგმავთ მომავალს, თუმცა, წინასწარ ვიცით, რომ თითქმის არაფერი გამოგვივა, მაგრამ, მაინც ვგეგმავთ; ვყვებით ჩვენი სიყვარულების ისტორიებს და მერე განვიხილავთ, ვინ იყო მართალი და ვინ – მტყუანი; ცოტას ვსვამთ, ცოტას ვცელქობთ – ერთი სიტყვით, ჩვენებურად ვერთობით.

– მერე, მე, ამ ხნის ქალმა, რა გავაკეთო ბავშვებში, ხელს არ შეგიშლით?

– რა ხნის შენ ხარ? მაქსიმუმ, 30 ან 32 წლის, მეტის ხომ არა? – გაეცინა თეას, – არ იცი, რომ 25 წლის შემდეგ, 50 წლამდე, ყველა თანატოლი ხდება?

– ოცდათხუთმეტის ვარ, თანაც, ცოტა მოდიდან გადასული შეხედულებებითა და თვისებებით.

– იქ შენზე უფროსებიც იქნებიან. რაც შეეხება შეხედულებებსა და თვისებებს, რაც უფრო ძველმოდურია, მით უფრო დამაინტრიგებელი, საინტერესო და ორიგინალური იქნება. თუმცა, არა მგონია, მთლად ბებიაჩემის თეზისების გამტარებელი იყო. მოკლედ, მინდა, რომ მოხვიდე და ნუ მაწყენინებ.   

– მართლა საინტერესო იქნება, აუცილებლად მოვალ, – ვერიკომ თეას მისამართი ჩაიწერა და სამუშაოს მიუბრუნდა.

თეასთან 7 საათზე უნდა მისულიყო, მაგრამ, ძალიან დააგვიანდა – ცხრის ნახევარი ხდებოდა, კარზე ზარი რომ დარეკა.

კარი თეამ გაუღო. ხელში შამპანურით სავსე ფუჟერი ეჭირა და თვალები ისე უციმციმებდა აშკარად ეტყობოდა, რომ უკვე „კარგად“ იყო.

– ბოდიშს გიხდი, უფრო ადრე ვერ მოვახერხე, – შეწუხებული სახით თქვა ვერიკომ და პალტოს გახდა დაიწყო.

– არა უშავს, მიგიღებთ, მთავარია, რომ მოხვედი, – თეამ ხელი ჩაავლო ვერიკოს და ოთახისკენ წაიყვანა.

– მოიცა, მოგილოცო, – გაეცინა ვერიკოს და ჩანთიდან პატარა კოლოფი ამოიღო, – ვიცი, რომ გიყვარს ასეთი რაღაცეები, დაღესტნურია. გილოცავ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, – მერე ულამაზესი, გიშრისთვლიანი ბეჭედი თითზე გაუკეთა და გადაეხვია.

– ძალიან მაგარია! – აღტაცება ვერ დამალა თეამ, – თან, გიშერი ავ თვალს ამარიდებს, რაც ახლა განსაკუთრებით მჭირდება, – მერე ვერიკო ლამის სირბილით შეიყვანა ოთახში და გამოაცხადა: – გაიცანით, ჩემი ახალი მეგობარი –  ვერიკო, საუკეთესო თანამშრომელი და საუკეთესო პიროვნება! იმედია, დღეიდან თქვენი მეგობარიც გახდება და, კიდევ, იმის იმედსაც ვიტოვებ, რომ პირველივე დღეს არ გააგიჟებთ.

ყველას გაეცინა. მერე მამაკაცები წამოდგნენ, ხაზგასმული მოწიწებით ჩამოართვეს ხელი, თავიანთი სახელები უთხრეს და დივანზე ადგილი მოუთავისუფლეს.

– ბიჭებთან დაჯდომის წინააღმდეგი ხომ არ ხართ? – ჰკითხა ერთ-ერთმა, ყველაზე ახალგაზრდამ, ლაშამ, ფუჟერი შამპანურით შეუვსო და სთხოვა, იუბილარი ადღეგრძელეო.

ვერიკომ ადღეგრძელა, ერთი ყლუპი მოსვა და ჭიქა მაგიდაზე დადგა და უცბად, რატომღაც, უხერხულობა იგრძნო. ამ შეგრძნების განსამუხტავად სიგარეტი ამოიღო ჩანთიდან და მის წინ მაშინვე აპარპალდა ოთხი თუ ხუთი სანთებელა, რომელთა უკან ამდენივე მამაკაცის გაღიმებული სახე გამოჩნდა. ვერიკომ ძალიან სერიოზულად გადახედა ყველას, სულ მარცხენა სანთებელადან დაიწყო და ბოლომდე გავიდა – სათითაოდ ყველადან მოუკიდა და კვამლი ჭერში აუშვა, მერე ისევ შეხედა გაღიმებულ მამაკაცებს და ხმამაღლა გაეცინა.

– ჩვენიანია! – გამოაცხადა ისევ იმან, ყველაზე ახალგაზრდამ, მამაკაცებს შორის დაჯდომა რომ შესთავაზა, ანუ ლაშამ, – ესე იგი, ყველაფერი მოსულა. თანახმა ხარ? – მიუბრუნდა ვერიკოს ეშმაკური ღიმილით, – ახლა ჩვენს „შინაგანაწესს” გაგაცნობ: აქ ძველებიც და ახლებიც მხოლოდ „შენობით“ ელაპარაკებიან ერთმანეთს; ვსვამთ იმ კითხვებს, რაც ენაზე მოგვადგება, ოღონდ, ვპასუხობთ გულწრფელად ან „იაზვურად“ – ეს ცოტათი ყველას გვეხმარება რელაქსაციაში. გარდა ამისა, ყოველ ახალს ვაძლევთ ერთ მთავარ თემას სამსჯელოდ, უფრო სწორად, ვუსვამთ კითხვას, რაზეც მან შეძლებისდაგვარად სრულად და ამომწურავად უნდა უპასუხოს და, არ გეწყინოს, მაგრამ, ამ პასუხის მიხედვით ვადგენთ, ვიღებთ თუ არა სასტავში. მთავარი კი ის არის, რომ აქ მხოლოდ მეგობრები ვიკრიბებით ხოლმე, შური და მტრობა ჩვენს გულს არ ეკარება.

– ანუ... – რაღაცის დაზუსტება დააპირა ვერიკომ.

– ანუ, შენ შეგიძლია, იმეგობრო თეასთან, ოღონდ, უჩვენოდ, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ სასტავში არ მიგიღებთ.

– გამოდის, რომ, თუ მიმიღებთ, დიდ პატივად უნდა ჩავთვალო? – ირონიულად გაეღიმა ვერიკოს.

– არ გინდა, რა, იაზვობა, – ირონიას ირონიითვე უპასუხა იქ დახვედრილი ორი გოგონადან ერთ-ერთმა და ვერიკოს აშკარად არაკეთილმოსურნედ გაუღიმა.

– შენ რა გქვია? – თვითონაც კი გაუკვირდა, ისე გულგრილად აისხლიტა გოგოს „კბენა“ ვერიკომ და თვალი თვალში გაუყარა.

– მაკა, – თვალების მოჭუტვით უპასუხა მაკამ.

– ჰოდა, მაკა, მინდა გითხრა, რომ მე კი არ ვიაზვობ, უბრალოდ, თქვენს წესებს ვემორჩილები, – მერე დანარჩენებს გადახედა, – რამე დავარღვიე?

– არა, – კმაყოფილებით თქვა ლაშამ, – მაგარი კერკეტი კაკალი ჩანხარ და მომწონხარ, თუმცა...

ვერიკომ კვამლი ისევ ზემოთ გაუშვა და ჰკითხა:

– თუმცა?!

– თუმცა, – უკვე ხმამაღლა გაეცინა ლაშას, – ფრთხილად უნდა იყო, თორემ, მგონი, უკვე გაიჩინე მტრები.

– ბევრი?

– ერთი – ნამდვილად, დანარჩენი კი მომავლის საქმეა. 

– აკი მხოლოდ მეგობრები ვართ, ძირს შური და მტრობაო?

– ჰო, რა ვიცი, აქამდე ისე იყო... – დაიბნა ლაშა.

– ხომ არ ჯობია, წავიდე?

– რატომ უნდა წახვიდე, არ გაინტერესებს, რა მოხდება? – საუბარში ჩაერთო მასპინძელი.

– მგონი, დისონანსი შემოვიტანე თქვენს ურთიერთობაში, – უცბად შეწუხდა ვერიკო.

– პირიქით, შენ, შენი ხასიათით, ისტორიებით, თვისებებით, ახალი და, შესაბამისად, საინტერესო თემა ხარ, – სიტყვაში გამოვიდა მამაკაცებიდან ყველაზე უფროსი – ტატო, – ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან დამაინტერესე.

– როგორც ვხვდები, ამაზეც მადლობა უნდა გადაგიხადოთ, თუმცა, თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მე ახალი თემა კი არა, პიროვნება ვარ, ისევე, როგორც თითოეული თქვენგანი, ასე არ არის? – ვერიკომ გოგოებს გადახედა და თავისდაუნებურად მზერა თეაზე შეაჩერა, რომელიც დაძაბული შესცქეროდა ტატოს და ამ მზერაში დაფარული მუქარა ჩანდა. ვერიკომ ქალური ინტუიციით იგრძნო, რომ აქ რაღაც ისე ვერ იყო, სიტუაციის განსამუხტავად, გაღიმებული სახით  მიუბრუნდა ლაშას და ჰკითხა:

– შენ რა გქვია, რამდენი წლის ხარ, და, საერთოდ, ვინ ხარ, რა საქმიანობას ეწევი? – ქალის ტონი მხიარული და თამამი იყო და თეას უცბად მოეხსნა დაძაბულობა, კაცებმა კი შვებით ამოისუნთქეს, რადგან მიხვდნენ, რომ იმ საღამოს „ბომბი” აღარ აფეთქდებოდა.

– მე ლაშა მქვია, ვარ 23 წლის, მიყვარს ხატვა, ქალები, ორიგინალური აზრების გამოთქმაც და მოსმენაც. საკმარისია?

– ჯერჯერობით კი, მაგრამ, შეიძლება, კიდევ გამიჩნდეს კითხვები.

– მკითხე, რაც გინდა, ყველაფერზე გულწრფელად და თამამად გიპასუხებ, მიუხედავად მოსალოდნელი ჭექა-ქუხილისა, – ორაზროვნად თქვა ლაშამ და ირონიული ღიმილით გახედა მაკას, რომელიც ჯერ კიდევ ავად აკვესებდა თვალებს. ამ სიტყვების გაგონებაზე გოგო უცბად წამოენთო და გაკაპასებული ეცა ბიჭს:

– გეყო, რა, ეგ ირონიები, ამოვიდა ყელში!

– ირონია შესანიშნავი წამალია, ოღონდ, გარეგნული და არა შინაგანი ტკივილის დასაფარავად, – უცებ დასერიოზულდა ლაშა, – შენ კი, ვერ გავიგე, რა გაცოფებს, არ შეიძლება, ადამიანს დაველაპარაკო?

– დაელაპარაკო კი არა, კანიდან ძვრები, რომ ლამის დედისტოლა ქალს თავი მოაწონო, – გესლი გადმოანთხია მაკამ და ფუჟერში ჩარჩენილი შამპანური მთლიანად დალია, მერე გამომწვევად შეხედა ვერიკოს და შეძლებისდაგვარად მშვიდად ჰკითხა:

– ჯერ შენ გაგვეცანი. თეას მეგობარი რომ ყოფილხარ, გავიგეთ, მაგრამ, დანარჩენი მონაცემები?

ვერიკომ ისევ დათმობა ამჯობინა და თვითონაც ღიმილით უპასუხა:

– მქვია ვერიკო, ვარ 35 წლის, პროფესიით ეკონომისტი. ვმუშაობ კერძო ფირმაში, თეასთან ერთად. მყავს ნახევარდა, რომელსაც პრაქტიკულად არ ვიცნობ; მიყვარს კლასიკური მუსიკა, პოეზია, შავ-თეთრი ფოტოსურათების გადაღება და, ხანდახან, მოწყენილობის ან დეპრესიის დროს, კარგი მელოდრამებისა და დეტექტივების ყურება... კიდევ რა გაინტერესებთ?

– არ გითქვამს, გათხოვილი ხარ თუ არა, – უსიამოვნო ღიმილი დაეფინა სახეზე მაკას, – მთავარი გამოგრჩა.

ყველას გაეცინა, მაგრამ ვერიკო უცებ გაჩუმდა და თვალები დაუნაღვლიანდა.

– არ გინდა, გაგვიმხილო, გათხოვილი ხარ თუ, ჩვენიანი, ანუ, განათხოვარი? – არ მოეშვა მაკა.

ვერიკო რამდენიმე წუთს დუმდა. არც სხვებს ამოუღიათ ხმა, რადგან, მიხვდნენ, რომ მაკა რაღაც ძალიან მტკივნეულ თემას შეეხო. ბოლოს ვერიკომ თავი ასწია, თვალებში შეხედა მაკას და ძალიან სევდიანად თქვა:

– ქვრივი ვარ.

ხმა ისევ ვერავინ ამოიღო, თეამ კი გაოცებისგან ისე იყვირა, თვითონაც კი ეხამუშა:

– რა?! ქვრივი?! მე რატომ არ ვიცოდი? რატომ არასდროს არაფერი გითქვამს?

– არასდროს გიკითხავს და იმიტომ. თან, არ მიყვარს ამ ამბის გახსენება.

უხერხული დუმილი ჩამოვარდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მეორე გოგომ, ხათუნამ დაარღვია სიჩუმე:

– იმის მერე არ გათხოვილხარ? არცერთხელ? არც საყვარელი გყოლია? ესე იგი, აქ მოსვლით, აშკარად, რაღაც გაუგებრობაში აღმოჩნდი.

– რატომ? – ვერ მიხვდა ვერიკო.

– იმიტომ, რომ, ყველა, ვისაც აქ გვხვედავ, მინიმუმ ორჯერ არის გაშორებული ცოლს ან ქმარს, ლაშას გარდა – ასაკიდან გამომდინარე, ლაშამ მხოლოდ ერთხელ მოასწრო.

– შენ? – ჩაეკითხა ვერიკო.

– რა – მე? – გაეცინა ხათუნას, – გინდა მკითხო, რამდენჯერ გავეყარე ქმარს?

– მე კი არა, ეს შენ გინდა, რომ გკითხო, – ტოლი არ დაუდო „იაზვობაში“ ვერიკომ.

– ახლა მესამეს ვეყრები, ერთ თვეში სასამართლო  გვექნება და მერე ჩიტივით თავისუფალი ვიქნები, – რაღაც ხელოვნურად გადაიკისკისა ხათუნამ, – მაგრამ, ძალიან რომ არ ვინერვიულო და ჩემს ფსიქიკაზე არ მოახდინოს გავლენა, მამიკო ევროპის გარშემო სამოგზაუროდ მიშვებს...

– ანუ, გეუბნება, რომ მდიდარი მამიკოს შვილია, – წაკბინა დაქალი მაკამ.

– რატომ შორდები? – ვერიკომ ყურადღება არ მიაქცია მაკას კომენტარს და კითხვების დასმა განაგრძო, – მაპატიე, შეიძლება, ზედმეტად პირადულ თემას ვეხები, მაგრამ, თქვენსავე წესებს ვიცავ.

– არა უშავს, მკითხე, რაც გინდა. პირიქით, მირჩევნია, ხმამაღლა ვთქვა ყველაფერი, დავიცალო და მერე ნაკლებად ვინერვიულო, – გულწრფელად თქვა ხათუნამ და თვალები აუცრემლიანდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3