კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-3(754) 

– გეთანხმები, უთხრა მერაბმა ნოეს.

– პარალელურად კი ყველა საშუალება უნდა გამოვნახოთ, რომ რუზგენ ჩოჩიანი მოვიტაცოთ და მან კალმარზე გაგვიყვანოს.

– კი, – თქვა გამრეკელმა. ლიადოვმა კი იკითხა:

– ჯაბა და ნინო როგორ არიან?

– საიმედოდ. ჩემს ქვისლს ჩავაბარე ისინი, – მიუგო ლიადოვს ნოემ.

– ეგ ვინ არის?

– ბულგარელი მილიციელი.

– ბულგარეთში არიან?

– დიახ. პატარა შავიზღვისპირა ქალაქში.

– კარგი გიქნიათ. დროებით ჯობია, უცხოეთში იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ აქ რამეს გავარკვევთ. თუმცა, იქაც სულ მალე შეიძლება, აირიოს სიტუაცია და მათი უფრო საიმედო ადგილზე გადაყვანა გახდეს საჭირო, – თქვა ლიადოვმა და პაუზა გააკეთა, – და, საერთოდ, ვფიქრობ, ჯაბას აქედანვე უნდა შევურჩიოთ ქვეყანა, სადაც ის ისწავლის.

– რას გულისხმობთ? – ჰკითხა ზვიადაურმა ლიადოვს.

– ჩემო ვაჟა, მე ვფიქრობ, რომ ჯაბასთვისვეა უკეთესი, რომ უცხოური განათლება მიიღოს და სანამ დავაჟკაცდება, აქაურობას გაერიდოს. თორემ, ღმერთმა არ ქნას და მან რომ დროზე ადრე შეიტყოს მთელი სიმართლე, შეიძლება, გაბოროტდეს, უმართავი გახდეს და გამოუსწორებელი საქციელი ჩაიდინოს.

– უფრო კონკრეტულად?

– მთავარია, წესიერ და განათლებულ კაცად ჩამოყალიბდეს. კონკრეტული კი, თავად აირჩიოს. გააჩნია, რისი ნიჭი აღმოაჩნდება.

– უკაცრავად, ამხანაგო გენერალო, მაგრამ მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ.

ლიადოვს გაეღიმა და ზუიადაურს უთხრა:

– მე მგონი, ვხვდები, რასაც ფიქრობ. მაგრამ, ჯობია, შენ თვითონ თქვა. გისმენ.

– ჩემის აზრით, ჯაბამ უნდა იცოდეს ყველაფერი ის, რაც იცოდა ცხონებულმა გივიმ, რაც ვიცით ჩვენ და საერთოდ, რაც კარგად უნდა იცოდეს ყველა ნორმალურმა, ნამდვილმა მამაკაცმა.

– ანუ, ის მეომარი უნდა იყოს. იცოდეს იარაღის ხმარება. ხელჩართული ბრძოლა და ასე შემდეგ, ხომ? – ზვიადაურს სიტყვა გააწყვეტინა ლიადოვმა.

– დიახ. სწორედ ეს, – თქვა ზვიადაურმა, – და ეს სულაც არ შეუშლის ხელს, წესიერი და განათლებული ადამიანი იყოს. პირიქით.

– ასეც ვიცოდი, – გაეღიმა ლიადოვს. ზვიადაურმა კი უთხრა:

– ამხანაგო გენერალო, ადრე თუ გვიან, ჯაბა მაინც შეიტყობს თავისი მშობლების ამბავს და ვინ იცის, შეიძლება, მტერთან პირისპირ შეხვედრაც მოუწიოს. მოუმზადებელი ხომ არ შეხვდება?

– პრინციპში, ლოგიკურია. მაგრამ, შენ რას აპირებ კონკრეტულად? – კითხვა შეუბრუნა ლიადოვმა ზვიადაურს.

– რაც ვთქვი, იმას. ყველაფერი რომ ჩაწყნარდება, ჩემს ცოლ-შვილს ჩამოვიყვან და ჯაბას აღზრდა-განათლებას მოვკიდებ ხელს. თანდათან ყველაფერს შევასწავლი. სკოლას რომ დაამთავრებს, ერთად გადავწყვეტთ, თუ სად გავუშვათ სასწავლებლად, – თქვა ვაჟა ზვიადაურმა, რაშიაც მას ყველა დაეთანხმა.

– ახლა ცოტა წავიქეიფოთ, – თქვა გამრეკელმა, როდესაც საქმეზე ლაპარაკი დაასრულეს და მეგობრები სუფრასთან მიიწვია.

ქეიფი რომ დაამთავრეს, საღამოს ათი საათი სრულდებოდა და სტუმრები წავიდნენ. ლიადოვი გამრეკელთან დარჩა. სავარძელში მოკალათდა. ტელევიზორი ჩართო და გააბოლა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. გამრეკელმა უპასუხა:

– გისმენთ.

– კოტეს სთხოვეთ, – მოესმა გამრეკელს უცნაური, წრიპინა ხმა.

– სახლში არ არის. ვინ კითხულობს?

– თავს როგორ გრძნობთ, გადამდგარო მინისტრო? – დამცინავად იკითხა წრიპინა ხმამ.

– რომელი ხარ.

– ვერ მიცანი, ამხანაგო გენერალო?

– ვერა. რომელი ხარ?

– ადრე ყოველთვის გიმართლებდა. ახლა კი ფორტუნამ ზურგი შეგაქცია.

– რომელი ხარ. რა ქარაგმებით მელაპარაკები.

– ისე, გაგრაში რომ ბრუნდებოდი და ტრასაზე სარკე დაგიდგი, მაგრად გაგიმართლა. მერეც ბევრჯერ გადამირჩი. თუმცა, ის დრო წარსულს ჩაბარდა და ახლა ხელში მყავხარ. ვერც ახლა მიხვდი, ვინ ვარ?

– კალმარი? – აღმოხდა მერაბ გამრეკელს.

წრიპინამ გადაიხარხარა და მიუგო.

– ფანტომი, კალმარი... ბევრი სახელი მაქვს. სინამდვილეში კი ვამეხ მანძულია ვარ.

მერაბს მრავალი წლის წინ „კაგებეს“ არქივში ნანახი რობერტ მანძულიას საქმე გაახსენდა და ყველაფერი წამში გაიაზრა. გაფითრდა. მუხლები აუკანკალდა და ენა ჩაუვარდა. მაგრამ, ნებისყოფა მოიკრიბა და რაც შეეძლო, მშვიდად ჰკითხა:

– რა გინდა, მანძულია, რას გვერჩი?

– უნდა გაგაცამტვეროთ. მამაჩემის სისხლს არავის შეგარჩენთ. დედაბუდიანად ამოგწყვიტავთ. აი, რას გერჩით.

– თუ პირიქით? მამაშენის გამო დაიღუპა ყოვლად უდანაშაულო მამაჩემი და აქეთ მიტევ?

– რომ არა მამაშენი და ის სულაძაღლებული კოტე თავართქილაძე, მამაჩემი დღესაც ცოცხალი იქნებოდა. გული მწყდება, რომ თავართქილაძეს ვერ მივწვდი და უკვე მკვდარია, თორემ, წამებით ამოვხდიდი სულს. არა უშავს, ხომ გავისტუმრე შენი ახლობლები საიქიოში. კიდევ ბევრს მოვუღებ ბოლოს. შენ კი ისეთ დღეში ჩაგაგდებ, რომ საკუთარ ხორცებს შეგაჭმევინებ. კოტეს სთხოვე, კოტეს. სადაა შენი ვაჟი? ჰა, რა ხმა ჩაგიწყდა, ხომ არ ჩაისვარე? წაგივიდა გული ტრაკში? სადაა და აქ მყავს. გინდა, დაგალაპარაკო?

მერაბ გამრეკელი უკვე მთელი სხეულით კანკალებდა. მან უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და წრიპინას მიუგო:

– მიდი, დამალაპარაკე.

წრიპინამ კვლავ გადაიხარხარა და გამრეკელს უთხრა:

– გადავიფიქრე. ახლა მე მას თავს მოვაჭრი. ხვალ კი ამანათით გამოგიგზავნი და რამდენიც გინდა, ელაპარაკე.

მერაბმა ტელეფონი გათიშა და კოდით გაგრაში დარეკა, ლიადოვს კი ხელით ანიშნა, – დამაცადეო და თქვა:

– საღამო მშვიდობისა, თამარ.

– საღამო მშვიდობისა, მერაბ, – მიუგო მეუღლეს თამარმა, რომელსაც მისი აღელვება არ გამოჰპარვია და ჰკითხა, – ხომ მშვიდობაა, მოხდა რამე?

– როგორ ხართ?

– კარგად. რა იყო.

– ბავშვები?

– კარგად. რა იყო, არ იტყვი?

– სად არიან?

– აქ. სად უნდა იყვნენ. სძინავთ.

– კოტე სადაა?

– აქაა. რა იყო, რა გულს მიხეთქავ. აღარ იტყვი, რა მოხდა.

მერაბმა ღრმად ამოისუნთქა. დამშვიდდა და თამარს მიუგო:

– არაფერი. უბრალოდ, ძალიან მომენატრეთ და დავრეკე. ხომ იცი, რა არეული დროა და ცოტა არ იყოს, ვნერვიულობ.

– ნუ ნერვიულობ, ძვირფასო. ჩვენ კარგად ვართ და აქ სიმშვიდეა. ორ-სამ დღეში ჩამოვალთ.

– თამარ, შენთან ერთი თხოვნა მაქვს, საყვარელო.

– გისმენ.

– თამარ, ხვალ მე თვითონ ჩამოვალ და წამოგიყვანთ. მანამდე კი ძალიან გთხოვ, რომ გარეთ არცერთმა არ გაადგათ ფეხი. კარგი.

– რა ხდება, მერაბ, არ იტყვი?

– მეშინია, საყვარელო. მითხრეს, რომ დიდი გამოსვლებია მოსალოდნელი და ღმერთმა უწყის, რა მოხდება. ამიტომ ფეხი არსად გაადგათ და დამელოდეთ. მპირდები?

– გპირდები, საყვარელო. სანამ არ ჩამოხვალ, ყველანი სახლში ვისხდებით, – მიუგო თამარმა და ჰკითხა, – რომელ საათზე ჩამოხვალ?

– მაქსიმუმ ოთხზე.

– კარგი.

– გკოცნით, საყვარელო, ხვალამდე, – უთხრა მერაბმა მეუღლეს და ტელეფონის ყურმილი აპარატზე დადო.

– მერაბ, რა მოხდა? – ჰკითხა გამრეკელს ლიადოვმა.

– სულს მოვითქვამ და გეტყვი, – მიუგო გამრეკელმა სტუმარს და სიგარეტს დასწვდა. ამ დროს კვლავ ტელეფონმა დარეკა.

– გისმენთ, – უპასუხა გამრეკელმა.

– ალბათ, გაგრაში დარეკე, ხომ? – მოესმა მერაბს წრიპინა ხმა.

– შე ნაძირალავ! – ხმას აუწია მერაბმა. წრიპინამ კი გადაიხარხარა და უთხრა:

– ნამდვილად ჩაიჯვი. სუნი მომივიდა. შეგეშინდა, ხომ?

– მიწიდან ამოგთხრი, მანძულიას ნაბიჭვარო და ტყავს გაგაძრობ.

– უკვე ვეღარ.

– მიწიდან ამოგთხრი, მიწიდან, – გაიმეორა გამრეკელმა.

– ვეღარ-მეთქი, ხომ გითხარი. ერთადერთი შანსი გქონდა და უკვე ხელიდან გაუშვი.

– რა შანსი.

– რა და, ამქვეყნად ერთადერთმა ადამიანმა იცოდა, თუ ვინ ვარ და ცოტა ხნის წინ ისიც საიქიოში გავისტუმრე.

– მაინც გიპოვი, – სიტყვა გააწყვეტინა მერაბმა.

– ჰო და, იმას გეუბნებოდი, რომ რუზგენ ჩოჩიანი უკვე ჩავაძაღლე და ჩემი სახელიც საიდუმლო საფლავში წაიღო, – გადაიხარხარა კალმარმა.

– მაინც გიპოვი!

– მე თვითონ გიპოვით ყველას. ნახვამდის, ამხანაგო გენერალო, – თქვა კალმარმა და ტელეფონი გათიშა.

მერაბმა გააბოლა და ლიადოვს უთხრა:

– რუზგენ ჩოჩიანი მოკლეს, მე მგონი.

– ვინ?

– კალმარმა.

– კალმარმა? – გაიმეორა ლიადოვმა.

– კი. სწორედ მან დამირეკა ორჯერ, – უთხრა მერაბმა ლიადოვს. ყველაფერს დაწვრილებით უამბო და დაამატა, – ხვალ დილით გაგრაში მივდივარ ჩემების ჩამოსაყვანად და შენც სოხუმში წაგიყვან.

– გასაგებია. ესე იგი, ნესტორ პესკასელი საბოლოოდ გამოირიცხა და კალმარი ბევრად უფრო მოუხელთებელი გახდა ჩვენთვის, – თქვა ლიადოვმა.

– უნდა მოვიხელთოთ! – მტკიცედ თქვა მერაბმა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა და გამრეკელმა უპასუხა:

– გისმენთ.

– ბატონო მერაბ, ხომ არ გეძინათ? – მოესმა გამრეკელს ვაჟა ზვიადაურის ხმა.

– არა, ვაჟა. რა ხდება? – მიუგო მერაბმა, თან უკვე წინასწარ იცოდა, თუ რატომ რეკავდა ზვიადაური.

– ახალი ამბავია.

– გისმენ.

– წეღან ჩემმა ყოფილმა თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, რომ ორი საათის წინ რუზგენ ჩოჩიანი საკუთარ სახლთან მოკლეს. მანქანიდან რომ გადმოსულა, სნაიპერს მისთვის შუბლი გაუხვრეტავს.

– ვიცი, – თქვა გამრეკელმა.

– თქვენც დაგირეკეს?

– კი. ცოტა ხნის წინ კალმარმა დამირეკა და მითხრა, – მიუგო გამრეკელმა ზვიადაურს.

***

კალმარმა რომ გამრეკელთან საუბარი დაასრულა, ტელეფონ-ავტომატის ყურმილი, ყოველი შემთხვევისთვის, ცხვირსახოცით გაწმინდა. ქუჩაში გამოვიდა და ტაქსით სასტუმრო „ივერიამდე“ იმგზავრა. შემდეგ ფული გადაიხადა და სასტუმროში შევიდა.

– საღამო მშვიდობისა, ბატონო ვასო, – მიესალმა კალმარს შუა ხნის შავგვრემანი მამაკაცი, რომელიც სავარძელში იყო მოკალათებული და მსხვილ კუბურ სიგარას აბოლებდა.

– გაგიმარჯოს, პედრო, – მიუგო კალმარმა. მასპინძელს გაუღიმა და ჰკითხა, – მოგეწონათ ქალაქი?

– უკეთესებიც მინახავს. რა ქენით?

– ყველაფერი რიგზეა. საჭირო ხალხს ველაპარაკე და თანახმანი არიან.

– მარტო თანხმობა არ კმარა. მე გარანტიები მჭირდება.

– აქ არ ვარ? – გაუღიმა კალმარმა პედროს და მის წინ მოკალათდა.

– ეგ არ კმარა. კონკრეტული გარანტიებია საჭირო.

– მაინც, რას გულისხმობთ?

– იმას, ბატონო ვასო, რომ თუკი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და საქონელი დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩავიდა, თანხას ვინ გადამიხდის?

– ნუ ნერვიულობთ. ჩავა.

– ასე, არ მაწყობს. მით უმეტეს, რომ ეს ჩვენი პირველი გარიგებაა. თანაც, საკმაოდ მსხვილი და არ ვიცი, რა და როგორ იქნება.

– არ მენდობით?

– ეგ რა შუაშია. უბრალოდ, თავს ვიზღვევ.

– რისგან?

– თუნდაც შემთხვევითობისგან.

– პედრო, რამდენი წელია, რაც მიცნობთ?

– ორი.

– აბა, გაიხსენეთ, ამ წლების განმავლობაში ჩემგან ხელი შეგშლიათ რამეში?

– ეგ რა შუაშია?

– ამით იმისი თქმა მინდა, რომ კარგად უნდა მიცნობდეთ და ჩემში ეჭვი არ გეპარებოდეთ.

– არა, ბატონო ვასო. ასე საქმეები არ კეთდება. საქონელი მხოლოდ მას მერე წამოვა, ფულს წინასწარ რომ მივიღებ. მით უმეტეს, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები წინასწარ იხდიან ფულს და კმაყოფილებიც არიან. გუშინ მათ თანხა გადაიხადეს, დღეს საქონელი მიიღეს და კმაყოფილებიც დარჩნენ, – პედრომ კალმარს შავი ფერის ტყავის ჩემოდანზე მიუთითა, რომელიც საწოლზე იდო და დააყოლა, – ორი მილიონი დოლარი მოიტანეს.

კალმარს ჩაეცინა და პედროს უთხრა:

– გამოდის, რომ თუკი ფულს წინასწარ არ გადავიხდით, ჩვენი გარიგება ჩაიშლება?

– თქვენთვის კი. ამ შემთხვევაში მთელი საქონელი აზერბაიჯანელებისკენ წავა. მით უმეტეს, რომ ისინი ჩვენს პირობებზე თანახმა არიან და ნაღდი ფულიც აქვთ. მაინც, რატომ არ გინდათ ჩვენს პირობებს დათანხმდეთ. იქნებ ფული არ გაქვთ?

– გვაქვს?

– აბა, რაშია საქმე?

– არც არაფერში, პედრო, – კალმარმა გაიღიმა, – უბრალოდ, ვფიქრობდი, რომ თქვენთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, ფული უსაფრთხო ადგილზე მიგეღოთ, თუნდაც მოსკოვში. რა იცით, რა ხდება და ამდენი ფულის წაღება სახიფათო არ არის?

– არანაირად. მე დიპლომატიური პასპორტი მაქვს და ბარგს არ მიჩხრეკენ. მოსკოვამდეც და იქიდანაც ფულს უსაფრთხოდ ჩავიტან. თუ, რა თქმა უნდა, თვითმფრინავი არ აფეთქდება.

– კარგი. თქვენ მე დამარწმუნეთ. ფული იქნება.

– როდის? მე ხვალ დილით მივფრინავ მოსკოვში, იქიდან კი – სამშობლოში. თბილისში კი თქვენ გამო შევჩერდი.

– დღესვე. ორიოდე საათში თანხას მოვიტან?

პედროს სახე გაებადრა. კალმარს ვისკი დაუსხა. შემდეგ თვითონაც შეივსო ჭიქა და სიგარა გააბოლა. ჭიქა ასწია და უთხრა:

– აი, ეს სულ სხვა ლაპარაკია. მოდით, ჩვენი გარიგების წარმატების შევსვათ.

– ერთი წუთით, პედრო, ჩვენ ასეთ საქმეებს ღვინით ვადღეგრძელებთ და ნება მიბოძეთ, ქართული, წითელი ღვინით გაგიმასპინძლდეთ.

პედრომ ვისკით სავსე ჭიქა მაგიდაზე დადო და მიუგო:

– თანახმა ვარ, ღვინით იყოს.

კალმარმა სერვანტიდან „ხვანჭკარა“ გამოიღო. ჭიქებში ჩამოასხა. პედროს მიაწოდა და უთხრა:

– გაგვიმარჯოს!

– გაგვიმარჯოს! – გაიმეორა პედრომ და ჭიქა გამოცალა. შემდეგ ყელზე იტაცა ხელები და იქვე უსულოდ დაეცა.

– გარიგება შედგა, – ირონიით თქვა კალმარმა, თავისი ჭიქა  ცხვირსახოცით გაწმინდა და მაგიდაზე დადგა. შემდეგ პედროს საბუთები ამოაცალა. ყურადღებით გადაათვალიერა და ჯიბეში შეინახა. ბოლოს ფულით სავსე ჩემოდანი გახსნა და დაათვალიერა. ისევ დაკეტა. სასტუმროს ნომერში შუქი ჩააქრო. კარი გამოიკეტა და ჩემოდნიანად ქვევით დაეშვა.

კალმარმა ელბაქიძის აღმართი მშვიდობით ჩაიარა. ხიდი გადაჭრა და ერთ-ერთ მყუდრო ეზოში მდგომ მანქანაში ჩაჯდა, ძრავა ჩართო და ადგილიდან დაიძრა. სადგურზე რომ მივიდა, მანქანიდან გადმოვიდა და ბაქნისკენ გაემართა, სადაც ათიოდე წუთში ერევან-სოჭის მატარებელი უნდა ჩამომდგარიყო. როდესაც ვაგონში ავიდა და მატარებელი ადგილიდან დაიძრა, კალმარმა ცინიკური მზერა მიაპყრო ღამის თბილისს და ირონიით ჩაილაპარაკა: „დრო მოვა და დავბრუნდები. თქვენ კიდევ იხილავთ კალმარს. ახლა კი საკუთარ თავს უნდა მივხედო და დროებით ფსკერზე დავწვე“.

***

პედრო კორტესი ამერიკელი დიპლომატი იყო და მოსკოვში, კულტურის საქმეთა ატაშეს თანაშემწედ მუშაობდა. სასტუმრო „ივერიაში“ რომ  მკვდარი იპოვეს, მოსკოვიდან თბილისში სპეციალური საგამოძიებო-ოპერატიული ბრიგადა ჩამოვიდა „კაგებედან“. მათ თან ჩამოჰყვა „ფებეერის“ ახალგაზრდა ოფიცერი სტივენ ჯადი. მათ შემთხვევის ადგილი ყურადღებით დაათვალიერა და ჯადმა თქვა:

– ექსპერტიზის დასკვნა როდის იქნება?

– სრული პასუხი – ერთ კვირაში, – მიუგო ჯადს „კაგებეს“ გამომძიებელმა, რომელმაც პირველადი მოკვლევა ჩაატარა პედრო კორტესის საქმეზე და დაამატა: – თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კორტესი მოწამლულია.

– ესე იგი, მკვლელობაა?

– დიახ.

– ეჭვმიტანილი გყავთ?

– სამწუხაროდ, არა და, ჯერჯერობით არც ხელჩასაჭიდი ვერსია გაგვაჩნია. ვფიქრობ, ამაში თქვენ უნდა დაგვეხმაროთ.

– ჩვენ? – გაუკვირდა ჯადს.

– დიახ. ბატონი კორტესი თქვენი ქვეყნის მოქალაქე იყო და, სავარაუდოდ, მასზე თქვენ გაცილებით მეტი იცით, ვიდრე ჩვენ. უფრო სწორად, ჩვენ მასზე ინფორმაცია არ გვაქვს.

– უცნაურია, – გაეცინა ჯადს, რომელიც უაქცენტო რუსულით ლაპარაკობდა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ოფიცრად ითვლებოდა. მოსკოვში ის სამსახურებრივ მივლინებაში იყო და თბილისში ამიტომ ჩამოფრინდა.

– უცნაური რა არის, ბატონო ჯად? – საუბარში ჩაერია მოსკოველი პოლკოვნიკი, რომელიც „კაგებეს“ ცენტრალური აპარატის ჯგუფს ხელმძღვანელობდა და ჯადთან ერთად ჩამოფრინდა.

 – ის, ბატონო პოლკოვნიკო, რომ კორტესზე ინფორმაცია არ გაქვთ. როგორც ვიცი, თქვენი უწყების პირდაპირი მოვალეობა სწორედ ინფორმაციების მოპოვებაა.

– განა კორტესი ჯაშუში იყო? – კითხვითვე მიუგო ჯადს პოლკოვნიკმა.

– რა თქმა უნდა, არა.

– მაშინ, რა ინფორმაციები უნდა გვქონოდა მასზე? ჩვენ ჯაშუშებზე ვაგროვებთ ინფორმაციებს, კორტესზე კი ვიცით ის, რაც მის პირად ანკეტაში წერია და მეტი არაფერი.

„მგონი, ამათმა კორტესზე მართლაც არაფერი იციან“, – გაიფიქრა ჯადმა, პოლკოვნიკს კი უთხრა:

– დიახ. რა თქმა უნდა. პედრო კორტესი კულტურის ატაშეს თანაშემწე გახლდათ და სრულიად უწყინარი საქმით იყო დაკავებული. ამიერკავკასიაში ადგილობრივი ფოლკლორის გაცნობის მიზნით ჩამოვიდა და მისი მკვლელობა ძალიან უცნაურია. ძარცვას ხომ არ ჰქონდა ადგილი?

– არა, – ლაპარაკში კვლავ გამომძიებელი ჩაერთო, – ძარცვა გამორიცხულია. მოკლულს ყველაფერი ადგილზე აღმოაჩნდა – ნივთები და საფულე საკმაოდ მსხვილი თანხით – ათას ორასი დოლარით.

– საბუთები?

– საბუთებიც ადგილზეა, – მიუგო ჯადს გამომძიებელმა, რომელმაც არ იცოდა, რომ კორტესს სხვის სახელზე გაცემული პასპორტიც ჰქონდა, რომელიც კალმარმა წაიღო.

– თქვენი თქმით, კორტესი ვიღაცამ მოწამლა და შემდეგ ნომრიდან წავიდა? – ჰკითხა ჯადმა გამომძიებელს.

– დიახ.

– ნუთუ ის უცნობი არავის დაუნახავს?

– სამწუხაროდ, არა. თუმცა, სასტუმროს პერსონალის თქმით, იმ პერიოდში რამდენიმე ადამიანი გავიდა სასტუმროდან და მიმდინარეობს ამ ადამიანების პიროვნებების დადგენა. იქნებ მოვახერხოთ და რამე რეალური ხელჩასაჭიდი მოვნახოთ.

– იმედი ვიქონიოთ, – გაუღიმა ჯადმა გამომძიებელს, შემდეგ პოლკოვნიკს ხელი ჩამოართვა და უთხრა: – მოსკოვში უნდა დავბრუნდე. იმედია, რაიმე კვალს მიაგნებთ, პოლკოვნიკო. ვფიქრობ, ხვალ ან ზეგ კვლავ მომიწევს თბილისში დაბრუნება და ისევ შევხვდებით ერთმანეთს.

– რა თქმა უნდა. შეხვედრამდე!

– ნახვამდის, – ჯადი სასტუმრო „ივერიიდან“ გამოვიდა, ტაქსიში ჩაჯდა და აეროპორტში გაემგზავრა.

ჯადი სწორედ კორტესის გამო მიავლინეს მოსკოვში. „ფებეერის“ ახალგაზრდა ოფიცერს კულტურის ატაშეს თანაშემწე უნდა დაეკითხა და, ალბათ, დააპატიმრებდა კიდეც მას. საქმე ის იყო, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბრაზილიაში ნარკომოვაჭრეები დააპატიმრა. ერთ-ერთმა მათგანმა კი პედრო კორტესი ამხილა, რომელიც მანამდე სწორედ ბრაზილიაში მუშაობდა ატაშეს თანაშემწედ და მსხვილი ნარკომოვაჭრე იყო.

აეროპორტში ჯადმა რეგისტრაცია გაიარა და უცხოელებისთვის განკუთვნილ, მხოლოდ ვალუტაზე მოვაჭრე ბარში ავიდა, რადგან მოსკოვის თვითმფრინავის გაფრენამდე ერთი საათი იყო დარჩენილი.

– შეიძლება, ჩამოვჯდე? – ჰკითხა ჯადმა წვერიან მამაკაცს, რომელიც კოქტეილს წრუპავდა.

– დაბრძანდით, – მიუგო წვერიანმა და ჯადს ჰკითხა, – საით მიფრინავთ?

– მოსკოვში. თქვენ?

– ბაქოში.

– სტივენ ჯადი, – „ფებეერელმა“ ხელი გაუწოდა წვერიანს.

– ჯონი გიბსონი, – გაეცნო ჯადს წვერიანი. მერე გაუღიმა და უთხრა: – „კაგებე“ გვითვალთვალებს.

– ვიცი. ჯერ კიდევ სასტუმროდან დამასხდნენ კუდზე.

– რა ქენი?

– მოკლულია.

– როგორ?

– ვიღაცამ მოწამლა – ღვინოში კალიუმციანიდი ჩაუყარა.

– „კაგებემ“ რა იცის?

– მე მგონი, არაფერი, მაგრამ, ხვდებიან, რომ რაღაცაშია საქმე. გაძარცული არ არის – ფული და საბუთები ადგილზეა, ნივთებიც. ამიტომ, ლოგიკურ დასკვნამდე მივლენ.

– თვითონ ეგენი ხომ არ მოკლავდნენ?

– ვინ, „კაგებე“?

– ჰო. 

– არა მგონია. რაში სჭირდებოდათ?

– იქნებ კორტესს ვინმე მფარველი ჰყავდა მათთან და თავიდან მოიშორა? თან, ფულიც წაიღო.

– ფული ადგილზეა. თანაც, ათას ორასი დოლარი რა ფულია.

– ორი მილიონი, – ღიმილით უთხრა გიბსონმა ჯადს, თან კოქტეილი მოწრუპა.

– რა ორი მილიონი?

– სტივ, გაიღიმე, თორემ, გაიშიფრები. ჩვენ ახალგაცნობილები ვართ და ზოგადად ვსაუბრობთ, – უთხრა გიბსონმა ჯადს.

ჯადმა ღიმილით გაუმეორა კითხვა:

– რა ორი მილიონი?

– რა და, გუშინ ჩემმა კაცმა მაცნობა, რომ კორტესს აზერბაიჯანელებმა ორი მილიონი დოლარი გადაუხადეს – ფული ტყავის ჩემოდნით მიუტანეს. დღეს ნარკოტიკებს მიიღებენ და ჩვენები მათ კუდზე ასხედან.

– გამოდის, რომ კორტესი ფულის გამო მოკლეს?

– ვფიქრობ, არა მარტო ფულის გამო. შეიძლება, მკვლელმა არც კი იცოდა ფულის ამბავი და კორტესს სხვა მიზნით შეხვდა, ფული კი, უბრალოდ, თან გაიყოლა. ხუმრობა ხომ არ არის  ორი მილიონი დოლარი.

– აზერბაიჯანელები ხომ არ იზამდნენ ამას?

– გამორიცხულია, ამას გავიგებდი. თანაც, რაში აწყობთ? მათ ხომ ამით არხი დაკარგეს. ვფიქრობ, რომ კორტესი ვიღაც ძველ ნაცნობს შეხვდა და მასთან, სავარაუდოდ, ნარკოარხზე ჰქონდა საუბარი, ხოლო იქ რა მოხდა, ღმერთმა უწყის.

– თუ ეს ასეა, მაშინ, მკვლელზე გასვლა შეიძლება. ჩვენ უნდა შევადგინოთ იმ პირთა სია, ვისთანაც კორტესს სამსახურებრივი შეხვედრები და კონტაქტები ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანაში. ლაპარაკია, რა თქმა უნდა, საბჭოთა მოქალაქეებზე. გამორიცხული არ არის, რომ მათში ქართველიც კი ამოვარდეს.

– გეთანხმები. ვაშინგტონგში რომ დაბრუნდები, ამ საქმეს შენ მოჰკიდე ხელი. როდის მიფრინავ?

– ორ დღეში, ალბათ, თბილისში დავბრუნდები საგამოძიებო მასალებისთვის, შემდეგ კი სახლში გავფრინდები.

– კარგი, წავედი. ბაქოზე ჩასხდომა გამოაცხადეს. აბა, კარგად!

– კარგად, – ჯადმა ხელი ჩამოართვა გიბსონს, რომელიც ბაქოში მიფრინავდა როგორც ერთ-ერთი ამერიკული ფირმის წარმომადგენელი, სინამდვილეში კი „ფებეერის“ საიდუმლო თანამშრომელი იყო და საერთაშორისო ნარკომოვაჭრეთა საქმეს იძიებდა.

სტივენ ჯადი მოსკოვში ჩაფრინდა. სამი დღის შემდეგ კვლავ თბილისში დაბრუნდა და საგამოძიებო მასალები აიღო. შემდეგ ისევ მოსკოვში გაემგზავრა და იმავე საღამოს გაფრინდა ვაშინგტონში. ჯადი აეროპორტიდანვე სამსახურში წავიდა და ნარკომოვაჭრეებთან მებრძოლი განყოფილების უფროსს ეახლა კაბინეტში.

– როგორ მოიარე გარდაქმნის გზაზე მდგარი საბჭოთა კავშირი? – ჰკითხა ახალგაზრდა ოფიცერს პოლკოვნიკმა მარტინ პოულმა, ჯადს ხელი ჩამოართვა და სკამზე მიუთითა.

ჯადმა თავის შეფს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ბოლოს უთხრა:

– თავდაპირველად რუსები გაგებაშიც კი არ იყვნენ და ვერსიაც არ ჰქონდათ კორტესის მკვლელობაზე. თუმცა, სამი დღის შემდეგ, თბილისში რომ დავბრუნდი უფრო თავშეკავებულები და სიტყვაძუნწები ჩანდნენ. ვფიქრობ, რაღაც იყნოსეს.

– არაფერი უყნოსიათ.

– თქვენ რა იცით, შეფ?

– ვიცი. გიბსონმა წარმატებით ჩაატარა ოპერაცია – ნარკომოვაჭრეები თავიანთ საქონელთან ერთად, „კაგებეს“ ცხვირწინ დააპატიმრეს ირანის საზღვართან და უკვე აქ არიან. „კაგებეს“ რამე რომ სცოდნოდა, ამის საშუალებას არ მოგვცემდნენ.

– გასაგებია.

– ახლა მთავარს გეტყვი: შენ ახალი დავალება გაქვს და ამ საქმეს საფუძვლიანად უნდა მოჰკიდო ხელი. მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და, ვფიქრობ, ძალიან მხსვილ, დანაშაულებრივ სინდიკატზე გავალთ.

– გისმენთ, შეფ.

– არგენტინაში მოგიწევს ერთხანს მუშაობა.

– არგენტინაში?

– ჰო, არგენტინაში. ჩვენი ბიურო იქ ერთ საქმეს ამუშავებდა და ერთ საბჭოელზე გავიდნენ, უფრო სწორად, გაარკვიეს, რომ ერთ დანაშაულებრივ ჯგუფს რუსი ედგა სათავეში, თუმცა, მისი გაშიფვრა ვერ მოხერხდა. სახეზე მას სულ რამდენიმე ადამიანი იცნობდა და ყველა მოკლულია.

– რუსი – არგენტინაში?

– ჰო და შენ ის უნდა გაშიფრო, – მიუგო პოლკოვნიკმა ჯადს, – ეს საგანგებო, ურთულესი დავალებაა და მის წარმატებით შესასრულებლად სრული მობილიზაცია გმართებს. ახლა წადი და დაისვენე ორიოდე დღე. შემდეგ კი ამ საქმისთვის მოსამზადებელ კურსს გაივლი და არგენტინაში გაგამგზავრებთ.

– შემიძლია, წავიდე? – თქვა ჯადმა.

– რა თქმა უნდა, სტივ, – მიუგო ჯადს პოლკოვნიკმა მარტინ პოულმა. ხელქვეითს გაუღიმა. ხელი ჩამოართვა და კაბინეტიდან გამოისტუმრა.

***

რუზგენ ჩოჩიანის მკვლელობამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია არაფორმალურ პარტიებში. პირწავარდნილი რეციდივისტი ეროვნულ გმირად შერაცხეს. ლამის წმინდანად გამოაცხადეს და მისი მკვლელის სასწრაფოდ დაპატიმრებასა და მკაცრად დასჯას მოითხოვდნენ. ამის გამო გრანდიოზული მიტინგი ჩატარდა თბილისის ცენტრში და ეგზალტირებული ხალხი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას გარს შემოერტყა. მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ და მილიციის თანამშრომლებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ. ახლად დანიშნული მინისტრი დაბნეული იყურებოდა საკუთარი კაბინეტიდან და ვერ გადაეწყვიტა, რა ეღონა. მან მშვენივრად იცოდა, თუ რა „ჩიტი“ იყო ჩოჩიანი. არაერთხელ ჰქონია შეხება მის შავ-ბნელ საქმეებთან, მაგრამ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ ვინ და რატომ მოკლა „გაერისკაცებული“ ბოროტმოქმედი.

„ გა-და-დე-ქი! გა-და-დე-ქი!“ – მძვინვარებდა ხალხი და მათი სამინისტროს შენობაში შეჭრის დიდი საშიშროება იქმნებოდა. მინისტრმა კაბინეტში გაიარ-გამოიარა და კვლავ ფანჯრიდან გახედა გამძვინვარებულ ხალხს. ამ დროს „ვეჩემ“ დარეკა.

– გისმენთ, – უპასუხა მინისტრმა.

– რა ხდება თქვენთან, რა ხმაურია? – მოესმა მინისტრს ახლად დანიშნული „ცეკას“ პირველი მდივნის ხმა.

– ალყაში ვართ, ამხანაგო პირველო მდივანო. არაფორმალები რუზგენ ჩოჩიანის მკვლელის დაპატიმრებასა და დასჯას მოითხოვენ, – მიუგო მინისტრმა პირველ მდივანს.

– მერე რას აპირებ?

– სპეციალური ჯგუფი დღე და ღამეს ასწორებს ამ საქმის გასახსნელად, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ გვაქვს.

– მაგას არ გეკითხები.

– აბა, რას, ამხანაგო პირველო მდივანო?

– რას და, რა ღონისძიებებს ატარებ, რომ ხალხი სამინისტროში არ შემოგეჭრას. ხომ იცი, ასე რომ მოხდეს, ჩვენ უკვე უძლურები შევიქნებით. საქმეში ცენტრი ჩაერთვება და ცხრა აპრილი მოგონილი იქნება.

– ცენტრალური აპარატის მთელი პირადი შემადგენლობა სამ რიგად, ყოველგვარი იარაღის გარეშე დგას და ჯერჯერობით საკუთარი სხეულით აკავებს მასის დაწოლას. ახლავე გამოვიძახებ „მერვე პოლკის“ რაზმს და დაცვას გავაძლიერებ.

– არავითარ შემთხვევაში. „მერვე პოლკის“ გამოჩენა უფრო გააგიჟებს მათ. შეიძლება, პროვოკაციაზე წავიდნენ და გამოუსწორებელი რამ მოხდეს. დაგავიწყდა, თუ როგორ შეცდნენ ჩვენი წინამორბედები ცხრა აპრილს?

– აბა, რა ვქნა?

– სხვა გზა უნდა მოძებნო.

– რას მთავაზობთ, ამხანაგო პირველო მდივანო?

„ცეკას“ პირველმა მდივანმა ნახევარწუთიანი პაუზა გააკეთა და უთხრა:

– მათ ლიდერებს უნდა დაელაპარაკო.

– ლიდერებს?

– კი. ლიდერებს და ისინი გააჩერებენ გამძვინვარებულ ხალხს.

– რა ვუთხრა მათ?

– იმ მოკლული რეციდივისტის მკვლელის დაჭერას და დასჯას შეჰპირდი.

– რომ ვერ ვიპოვოთ მკვლელი, უარესი არ იქნება?

– უნდა იპოვოთ. ეს შენი პირდაპირი მოვალეობაა. თუ ვერ იპოვით, მაშინ სხვა რამ უნდა მოიფიქროთ. გასაგებია?

მინისტრი, „პირველის“ ბოლო ფრაზის არსს მაშინვე ჩასწვდა და მიუგო:

– გასაგებია, ამხანაგო პირველო მდივანო. მკვლელს აუცილებლად ვიპოვით. ლიდერებს კი ახლავე პირადად შევხვდები და დაველაპარაკები.

– ჰოდა, ძალიან კარგი. მიდი, იმოქმედე. ნახვამდის.

– ნახვამდის, – მიუგო მინისტრმა „ცეკას“ პირველ მდივანს. შემდეგ თავის მოადგილეს დაურეკა და უბრძანა, რომ არაფორმალური პარტიების ლიდერები მასთან მოეწვია სალაპარაკოდ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3