როგორ იხსნა მამა სოგრატმა სემინარიის სტუდენტები გაგუდვისგან და რა სასწაულებრივი ძალით კურნავს ის უმძიმესი სენით დაავადებულ ხალხს
„შეიყვარე ღვთისმსახურნი, ისინი მრავალმოწყალე ღმერთის მეგობრებია და ღმერთთან ჩვენი და მთელი სამყაროს ქომაგები არიან“ – ეს ღირსი მამა ეფრემ ასურის სიტყვებია. უბრალოდ, წარმოუდგენელია იცოდე მამა სოგრატის ღვაწლის შესახებ და არ შეიყვარო ის. დაუჯერებელია, ნახო ადამიანი, რომელიც სათნოების მაგალითია, რომელსაც გული უფლისა და მოყვასის სიყვარულით აქვს სავსე და შენც უდიდესი სიყვარულით არ აივსო.
მამა სოგრატი (ერისკაცობაში – სეხნო ჭულუხაძე) „არამიანცის“ საავადმყოფოსთან მდებარე, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობს. მასთან ღვთაებრივი მადლის მიღებისა და სხვადასხვა სატკივარისგან გათავისუფლების რწმენით, უამრავი ადამინი მიდის. სულაც რომ არაფრის გწამდეს ამქვეყნად, როცა აცრემლებული ადამიანი თავის ცხოვრების ყველაზე რთული მომენტის შესახებ გიყვება, რომელიც მამა სოგრატის ლოცვით და უფლის შემწეობით, უკან დარჩა და მხოლოდ ცუდ მოგონებად იქცა, როცა იგებ უამრავი ადამიანის ხსნის ისტორიას, ღმერთის წინაშე ადამიანთა მართლაც უდიდესი ქომაგის, მამა სოგრატის ლოცვის დახმარებით, ვფიქრობ, მისდამი სიყვარულის მოწოდების საჭიროება აღარაა.
მამა სოგრატი: სკოლა რაიონში დავამთავრე. 1966 წელს მცხეთის სასულიერო სემინარიაში შევედი. მეორე კურსზე ვიყავი, დიაკვნად რომ მაკურთხეს. 17 მარტი იყო, დიდმარხვა. 14 მაისს კი მღვდლად მაკურთხეს დიდუბის ეკლესიაში. შემდეგ სვეტიცხოველში დამნიშნა მღვდლად პატრიარქმა ეფრემ მეორემ. იმ დროს, სასულიეროს რექტორი ილია იყო და სემინარიის პედაგოგად დამნიშნა. იქ დაიწყო ჩემი მოღვაწეობა. 1970 წელი იყო, სემინარიის ბიჭების ზედამხედველი ვიყავი და სახარჯო ფული მქონდა ჩაბარებული, საკვებისა თუ სხვა საჭიროებისთვის. ერთ ღამეს დავწექი და, რატომღაც, უბედურება წარმოვისახე. ვიფიქრე: მე რომ ახლა მოვკვდე, მზად ვარ ცხონებისთვის-მეთქი? არა, კიდევ მაკლია აქამდე-მეთქი და, ამ ფიქრებში დაღლილს, ჩამეძინა. შუაღამისას, მოულოდნელად, ჩემს ყურებში ძლიერი ხმა შემოიჭრა, მრავალი ეჟვანი, ერთდროულად რომ გაიჟღერებს, იმის მსგავსი. ფეხზე წამოვვარდი, ფანჯარა გავაღე და დავინახე, რომ ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული – ალი მიწიდან სახურავამდე ურტყამდა. დავიბენი. ვფიქრობ, მართლა ხდება ეს ყველაფერი თუ მემეჩვენება-მეთქი. თუ მართლა ხდება, რატომ ვერავინ გაიგო. ჩემ გარდა – 30 ბიჭი და დაახლოებით 15 დედაო იყო იქ, მაგრამ, ჩამიჩუმიც არავისგან ისმოდა. დავიწყე ყვირილი. ხმაზე ჩემი ძმა გამოვარდა, რომელიც სემინარიაში სწავლობდა. მღვდელი ვიყავი და, ეგონა, თავს დაეცა ვინმეო. ცეცხლი უკვე დერეფანს მოსდებოდა. ის არ დაბნეულა, გადმოხტა, დაბლა ჩავიდა, მძინარე ხალხი გარეთ გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა. შენობას ზემოდან მიწა ეყარა და მთლიანად არ დამწვარა და ჩამოშლილა, მაგრამ, რომ არა იმ ზარების ხმა, რომელიც ყურებში ჩამესმა და რომელმაც გამომაფხიზლა, ყველანი გავიგუდებოდით.
მე ჩემს ოთახში აღარ შევბრუნებულვარ. ყველაფერი, რაც მქონდა, დაიწვა და განადგურდა. ვდარდობდი, თუმცა, შემდეგ იობი გამახსენდა, რომელიც ღმერთმა ეშმაკს გამოაცდევინა, უთხრა – ყველაფერი წაართვი ოღონდ, მის სულს არ შეეხოო. იობმა ყველაფერი დაკარგა. ცოლ-შვილიც კი დაეხოცა, მაგრამ, იმდენად მორწმუნე იყო, რომ უფალი არ შეურაცხყო. იმ დროს ვიფიქრე, რომ მეც იობის დღეში ვიყავი და ამიტომ ვითმენდი. მხოლოდ ერთს ვდარდობდი ძალიან – 500 მანეთს, რომელიც მობარებული მქონდა. დაიჯერებდნენ კი, რომ ის ცეხლში დაიწვა?! მაშინ, იმდენად ძლიერი მორწმუნე არ ვიყავი, რომ ხალხის აზრისთვის ყურადღება არ მიმექცია – მე ხომ მართალი ვიყავი ღმერთთან. ხალხის წინაშე ვალდებულებას ვგრძნობდი და ვდარდობდი – იფიქრებენ, რომ ფული დავმალე-მეთქი. ძალიან განვიცდიდი. მესამე დღეს, როცა დამწვარ კედლებს წმენდნენ, ჩემს ოთახთან ფულის შეკვრის ნამწვავი იპოვეს – ერთი პატარა მხარე გადარჩნილი იყო. ახლაც იტყვით, რომ მე ფული მივითვისე-მეთქი? – დავიყვირე სიხარულით (იღიმის). თუმცა, ამ ყველაფრის გამო, მაინც დადარდიანებული ვიყავი. ილიაც იქ იყო, პატრიარქი ეფრემიც და მამა გაბრიელიც, რომელიც ახლა წმიდანად შერაცხეს, გვერდით მეჯდა და მითხრა: მამა სოგრატ, შენ გოლგოთაზე ჯვარი უკვე ატანილი გაქვსო. ამ სიტყვებმა ძალიან დამამშვიდა და ყველაფერი მომეხსნა.
– მამაო, როდის და როგორ მიხვდით, რომ ადამიანების განკურნების სასწაულებრივი ნიჭი გქონდათ?
– ამბობენ, რომ მათ ვკურნავ. არც მინდა, დავიჯერო, რომ არ გავამპარტავანდე. მე ექვსი და მყავდა. სამი დასნეულდა და წამებით გარდაიცვალა. ბავშვი ვიყავი, თუმცა, ვიცოდი, რაც სჭირდათ. ღმერთს ვეხვეწებოდი: ღმერთო, მასწავლე, ეშმაკს როგორ შევებრძოლო-მეთქი. ეს ნატვრა მოგვიანებით, გარკვეული სკოლების გავლის შემდეგ ამისრულდა – მღვდლად კურთხევის შემდეგ, როცა კურთხევანი გადავშლე და იქ ეწერა კვეთებულის ლოცვები, რომელიც დიდი მღვდელმთავრის, წმიდა ვასილის მიერ არის დაწერილი. იმ დღიდან მოყოლებული, მისით ვხელმძღვანელობ – ვკითხულობ და უკვე ზეპირად ჩაჯდა თავში. როგორც ხალხი ამბობს, ჭრის. მეორე კურსზე რომ ვიყავი, ერთი იოანე სწავლობდა ჩემთან. შვილი ჰყავდა ავად. ლოცვები წავუკითხე და გაჭრა. დამიჯერეთ, ახლაც არ მჯერა, ეს მე არ ვარ. ლექსების წერის დროსაც ასე ხდება– მე არ ვწერ, შთაგონება მაქვს. პროფესორებმა წაიკითხეს და პროფესორობა მომცეს, შემდეგ აკადემიის წევრობა მომანიჭეს. გავოცდი – რაში მეკუთვნის-მეთქი. ჩემი შრომა მხოლოდ ის არის, რომ გულით ვლოცულობ.
– გრძნობთ ხოლმე, შესაძლებელია თუ არა ავადმყოფის განკურნება?
– ვერ გეტყვი, მაგრამ მე ვიხარჯები. თუ არ განიკურნა, შეღავათი მაინც აქვს. მე უფლის მონა ვარ და მის ნებას ვასრულებ. თუ მან ინება განიკურნება. ჩემთან ერთი ექიმი დადის – მაია. ერთხელ მითხრეს, მაიას უჭირს, წადი, დაეხმარეო. მოვიდა მისი ქმარი და წამიყვანა მასთან საავადმყოფოში. მის სართულზე რომ ავედით, უცებ დავიძახე მაია-მეთქი და გავიქეცი. ექიმები ეხვივნენ. თვალები უკვე გადატრიალებული ჰქონდა – კვდებოდა. მივვარდი და მომაკვდავმა წამოიწია. ზურგს უკან ხელი დავუდე, საწოლზე რომ არ დავარდნილიყო; დავიჭირე და კვეთებულის ლოცვების კითხვა დავიწყე. ჯიბეში ნუში მქონდა და პირში ჩავუდე. მომაკვდავი ყბას ვერ ამოძრავებს, მაგრამ, ამან ნელ-ნელა ჭამა შეძლო. ამის შემდეგ, ორჯერ კიდევ დავლოცე. რამდენი წელი გავიდა ამ ამბიდან და ჯანმრთელად არის, არც ეტყობა, რომ ავად იყო. მე მსინჯავს ხოლმე, კარგი ექიმია თვითონ. ხალხს ახლა ნაკლებად სწამს მღვდლის, ექიმების სჯერათ.
– მამაო, ყველას ერთ ლოცვას უკითხავთ, თუ დაავადებულის სიმძიმის მიხედვით განსხვავდება ლოცვებიც?
– ლოცვები სხვადასხვაა: კვეთებული, პარაკლისი, გახსნილი და ბევრი სხვა. კვეთებულია ყველაზე ძლიერი.
– ამ ლოცვის წაკითხვის შემდეგ, ზოგს ძალიან მძიმე ემოციები აქვს. რატომ, მართლა შესაძლებელია ადამიანს ეშმაკეული სულები ჰყავდეს დაპატრონებული და ისინი ებრძოდნენ?
– ყველა ავადმყოფობა და სატკივარი, ცოდვის შედეგია. ეშმაკი ცოდვას დასდევს და, თუ ადამიანი სცოდავს, მასში შედის. ღმერთმა ადამიანი სულიწმინდის ჭურჭლად შექმნა და, თუ ადამიანმა ქურდობა, გარყვნილება, ნარკომანობა, ლოთობა და სხვა შეცოდებანი დაიწყო, მასში სული არ ჩერდება და გზა ეშმაკს ეხსნება – ეშმაკი ეპატრონება, სიგლახესა და სიბილწეში ის ბუდობს. ვინც სულსა და სხეულს დააბინძურებს, ასეთი ადამიანი ყარს. ასეა, თუ ადამიანმა სულიწმინდას არ შეუნახა თავისი გვამი, მერე ეშმაკი ეპატრონება.
მამა სოგრატის მიერ განკურნებული ადამაინები:
ნათია ბერიანიძე: 2012 წლის 21 მარტს აბსოლუტურად მოულოდნელად დავკარგე მხედველობა. 50 დღე გრძელდებოდა ეს. დავიწყე ექიმებთან სიარული, ჩამიტარეს უამრავი კვლევა. ამბობდნენ, რომ ყველაფერი სუფთა იყო და არანაირი დარღვევა არ მქონდა. შვიდი დღის შემდეგ, მეგობრის მამის რჩევით, მოვედი მამა სოგრატთან. მეშვიდე ლოცვა იყო, თუ არ ვცდები. ტაძარში წირვაზე ვიდექით და სანთლის ალი დავინახე. ვერ მივხვდი, რა იყო და, მერე, ხელით რომ წავეტანე, მივხვდი, რომ ვიღაცას სანთელი ეჭირა ხელში და ის დავინახე. აღდგომის ღამეს, ლიტანიობაზე, დავინახე წითელი ფერი, ოღონდ ისე, რომ მაშინაც არ ვიცოდი, რა იყო. უბრალოდ, სიბნელე გაწითლდა. მერე მამაომ მითხრა, რომ, თურმე, გამობრძანებულ დროშებს მივყვებოდი უკან, რომლებიც წითელი იყო და, ალბათ, ის აღვიქვი. 6 მაისს, გიორგობას, ქაშუეთში პატრიარქი წირავდა და წავედი. იქ თვალებში ამიბრჭყვიალდა, რაც 10 მაისის დილამდე გაგრძელდა და იმედი მომეცა, მაგრამ, იმ დღეს ტაძარში რომ მოვედი, ეს ბრჭყვიალი გაქრა და ისევ სრული სიბნელე გაჩნდა, როგორც პირველ დღეს. ყველაფრის იმედი დავკარგე და მაშინ პირველად ჩავვარდი დეპრესიაში. მამაომ სალოცავ ოთახში შემიყვანა და მითხრა, ახლა შენ ეშმაკი გებრძვის და არ დანებდეო. დაიწყო ლოცვების წაკითხვა. მითხრა: „შემომხედე, მე ახლა მხედავ“. შევხედე და კონტურები დავინახე. ვიფიქრე, იმდენად მინდა რომ დავინახო, მეჩვენება-მეთქი. ვუთხარი – მგონი, გხედავთ-მეთქი. მგონი კი არა, მხედავო. მამაოს სახე არც ვიცოდი, დანახული ხომ არ მყავდა და ვერ გავერკვიე. მერე გვერდზე გავიხედე და დედაჩემი დავინახე; მართალია, ნისლში გახვეულივით, მაგრამ, დავინახე. ისეთი ემოციები იყო, ვერ აღვწერ. სამ დღში სრულად გამეწმინდა ბუნდოვნება და ჩვეულებრივად ვხედავდი.
კაბოსანი მორჩილი გიორგი: ლაგოდეხიდან ჩამოიყვანეს ქალი და მარტო შეიყვანეს მამაოსთან. მამაოს ლევან თედიაშვილის ნაჩუქარი ჯვარი აქვს, რომელიც ახლაც უკეთია და ის ჩამოწყვიტა ქალმა გულიდან. მამაომ დამიძახა, რომ მეორე ჯვარი მიმეცა. ჩამოვკიდე ჯვარი და გამოვდიოდი. კართან, უცებ, ინსტინქტურად შემოვბრუნდი და ვხედავ, ეს ქალი წევს იატაკზე გულდაღმა და ნელ-ნელა იწევა ზემოთ, ჰაერში. უცებ ერთი დატრიალდა და დაბლა დაეცა. რამდენიმე ლოცვის შემდეგ გამოჯანმრთელდა.
ერთმა ჩვენმა მრევლმა გოგონა მოიყვანა, რომელიც შეპყრობილი იყო. პირველ ლოცვაზე არაადამიანურ ხმას გამოსცემდა. მაგ დროს ტელევიზია იყო მასალისთვის მოსული და ოპერატორი იღებდა. გოგონა ჯვარს არ ემთხვეოდა. – ასეთ დროს, ჯვრისა და ნაკურთხი წყლის ეშინიათ და არ ეკარებიან. წყალი საერთოდ გადაღვარა. ბოლოს იმდენს მივაღწიეთ, რომ ემთხვია ჯვარს. ამ მომენტში ვიდეოკამერა ჩართული იყო – მუშაობდა, მაგრამ, ფირი არ ტრიალებდა, აღარ იწერდა. როგორც კი გოგო ჯვარს ემთხვია, გასწორდა და ჯვარს მოშორდა, ფირი დატრიალდა და გადაღება განაგრძო. ბოლოს, ჩანაწერს ვუყურეთ და შევამჩნიეთ, რომ რაღაც მომენტში, ამ გოგოს თავზე წამიერად გაიელვა და თავიდან, ბუშტები და ბოლი ამოდიოდა. მამაოს ერთი ჯვარი აქვს. ერთ ოჯახში იყო, ლოცვებს კითხულობდა და ჯვარმა ხტუნვა დაიწყო – ჭიქაზე იდო და ხტოდა, ოღონდ დაბლა არ ჩავარდნილა. მამაომ მოჰკიდა ხელი და ნახა, რომ ჯვარი ჩაზნექილი იყო, ისე, რომ ზედ არაფრის დარტყმის კვალი არ ემჩნევა. ამ ვიდეოს გადაღების დროს, მამაოს სწორედ ეს ჯვარი ეჭირა ხელში და ეკრანზე, ქვემოთ, სწორედ მისი გამოსახულებაა გამოსახული. იმ გოგონას, საათნახევარზე მეტხანს უკითხავდა ლოცვას. გამოჯანმრთელდა, გათხოვდა, ორი შვილი ჰყავს და მშვენივრადაა. მერე კიდევ მოდიოდა ლოცვებზე და იხსენებდა: მამაო რომ ნაკურთხ წყალს მასხამდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ნემსის წვერები მერჭობოდაო.
ელიზა საამიშვილი: ბოლო ოთხი წელია, რუსეთში ვცხოვრობ. სანამ წავიდოდი, ჩემში არასტანდარტული შეგრძნებები გაჩნდა. მივმართე ექიმს. მითხრა, რომ ნევროზი მქონდა. ძალიან ცნობილ ექიმებთან ვიყავი, არ მინდა, სახელები დავასახელო. ერთადერთი, ის მითხრეს, წახვალ რუსეთში, ქმართან იქნები და ყველაფერი მოგვარდებაო. შეუძლებელია სიტყვებით იმის გადმოცემა, რასაც მე ვგრძნობდი: ეს იყო მთლიანად, შინაგანი მოშლილობა; გათიშული, გაბრუებული და გაწამებული ვიყავი. ფაქტობრივად, გამორთული ხარ ამ სამყაროდან. არის, თურმე, ისეთი ფორმა, როცა რაღაც ხმებს გამოსცემენ, ყვირიან. მე ასეთები არ მჭირდა, ამიტომ, ეჭვიც არ გამჩენია, რომ სამყაროში არსებობს შავი ძალები, რომლებსაც შეუძლია ადამიანი იმდენად დააკნინოს, რომ ცხოვრების უნარი წაართვას. სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, თუ ასეთი რამ დამემართებოდა. მანამდე ფერისცვალების დედათა მონასტერში ტანსაცმელს ვუკერავდი დედაოებს და, საერთოდ, ძალიან მსიამოვნებდა ტაძრთან სიახლოვე. სატანა ყველას ებრძვის და, განსაკუთრებით იქ, სადაც ტაძარია. რუსეთში ჩაფრენის წუთიდან ფორმა გამიძლიერდა. და წლების განმავლობაში იქ ვიტანჯებოდი. სხვათა შორის, რუსეთში ერთ თერაპევტთან რომ მივედი, მითხრა, შეიძლება, ჯადო გქონდესო. ვიფიქრე: ეს ქალი, ნეტა, ნორმალუარია? ექიმი რაებს მეუბნება-მეთქი. მაგრამ, იქ არავინ მყავდა თუნდაც იმისთვის, რომ მასთან ერთად ტაძარში მევლო. მთელი ის პერიოდი იატაკზე ვიყავი გაკრული და ვლოცულობდი. მაპატიოს უფალმა და, ბოლოს უკვე ვგმობდი: ეტყობა, არ არსებობ-მეთქი. ვეხვეწებოდი, ან დამანახვე, რა მჭირს, ან, კიბო მაინც მომეცი, რომ დამთავრდეს ეს წამება-მეთქი – ვეღარ ვუძლებდი ამ ყველაფერს. თან, სახლში პატარა ბავშვი მყავს და მისთვისაც ძალიან რთული იყო. მოკლედ, იქაც იგივე დიაგნოზი დამისვეს – ნევროზი. ჩემი ქმარი მეუბნებოდა, ნევროზი გაქვს და შენ თვითონ უნდა აიყვანო თავი ხელშიო. მერე უკვე მეწყებოდა ხმების გამოცემა, კლაკვნა. ერთ დღეს კი ვთქვი, ტელევიზორში რომ ვუყურებ, ისეთი რამეები მემართება, როგორიც შეპყრობილებს: ერთ დღეს ასე ვარ, მეორე დღეს, შეიძლება, ისე ავდგე, ვითომ არაფერი. ბოლოს გადავწყვიტე, რუსეთში სიკვდილს საქართველოში სიკვდილი მირჩევნია-მეთქი. შევედი ინტერნეტში. ვთქვათ, წავედი საქართველოში, ვის უნდა მივმართო? მამა სოგრატის ჩანაწერები ვნახე და ისეთი სითბოთი ამევსო გული, ვიფიქრე, ეს რომ ჩემთან იყოს, მიშველიდა-მეთქი. 15 სექტემბერს ჩამოვფრინდი. მამა სოგრატი როცა მოვიკითხე, მითხრეს, რომ გამორიცხული იყო მასთან მოხვედრა, ამიტომ, სხვა გზების ძიება დავიწყე. ერთი მკურნალი ქალია, პატრიარქის ხელდასხმით და, ვგრძნობდი, რომ მისი ლოცვების შემდეგ ფეხზე ვდგებოდი. ისე სულ გადასვენებული ვიყავი, ვკიოდი და ვწიოდი. ვერ გადმოვცემდი, რა მჭირს და მანაც მითხრა, შეპყრობილი ხარ, მამაოსთან წადი და ლოცვებს დაესწარიო. რამდენიმე მამაოსთან ვიყავი და მიჯაჭვული ამირანივით მეწყებოდა ბრძოლები. მითხრეს, რომ ეშმაკი მყავდა ჩასახლებული. ვხვდებოდი, მარტო ზიარება არ მშველოდა. ეს ისეთი სიმწარეა, არავის არგიხარ; ჯობია, არ იყო. მაგრამ, მერე იმის შეგრძნება მქონდა, რომ თვითმკვლელობა არ შეიძლებოდა. მითხრეს, რომ მეუფე იობი წაიკითხავდა კვეთებულის ლოცვებს და სამი თვე სასოებით ველოდი მასთან მოხვედრას. ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც დამაწვინეს. ძალიან ცნობილი ექიმები შეიკრიბნენ და თქვეს, არაფერი სჭირსო. მეუფე იობთან მივედი ლოცვებზე და, მეორე ლოცვიდან დამეწყო, რაც დამეწყო. ხალხი მეუბნებოდა, რომ ეშინოდათ ჩემი, რადგან, ჩემი მართვა შეუძლებელი იყო. ერთადერთი, გონებას არ ვკარგავდი, ყველაფერს ვგრძნობდი, მაგრამ, არ შემეძლო სხეულისთვის წინააღმდეგობის გაწევა. რაღაც მაყვირებს, მაგრეხინებს ხელს და არაფრის შეცვლა არ შემიძლია. მეუფეს ლოცვები რომ დამთავრდა, ვკითხე, თქვენ მერე ვის მივმართო-მეთქი, რადგან, აღმოჩნდა, რომ არ მეყო. მითხრა, მამა სოგრატსო. თუმცა, ისიც მითხრეს, რომ მას ვერ დაველაპარაკებოდი და ვერ მივაღწევდი მანამდე. თუმცა, მეგობარმა დამარწმუნა ვცადოთო. მართლაც, გახსნილი გზა აღმოჩნდა აქამდე. ლოცვაზე მოვედი და მორიდებით დავდექი უკან. მამა სოგრატმა ორივე ხელით მომიძია უკანა რიგებიდან, ხელი ამიკრა და იყვირა: „განიდევნე, სატანავ, ამ ქალიდან!” ბოლოსდაბოლოს, გავიგე, რაც მჭირდა. ამას ხმამაღლა არავინ ამბობდა. მითხრა, რომ ყველა ლოცვაზე დასწრება იყო საჭირო, რადგან, ძალიან დამძიმებული ვიყავი. თავიდან ძალიან მიჭირდა, მაგრამ ოთხი ლოცვის შემდეგ აქედან გასეირნებით წასვლა მოვინდომე და მეგობართან ერთად მთელი თბილისი შემოვიარე. მქონდა რწმენა, რომ ეს უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა. ეს პარასკევი დღე იყო, თუმცა, შაბათ-კვირასა და ორშაბათს ისევ ცუდად ვიყავი. იმ დღეს ველოდი, რომ მამაოსთან წამოვსულიყავი. დილა გათენდა და ვერ ვდგები. მაგრამ, მეგობარმა დამარწმუნა, რომ ყველა ძალა მომეკრიბა და აუცილებლად წავსულიყავით. ცოტა ხანში, მართლაც, რაღაც ძალა მომეცა, ფეხზე ავდექი და მოსვლა შევძელი. მამა სოგრატმა თითქმის ლექცია ჩამიტარა. ვუთხარი, რომ მის გამო ჩამოვედი მოსკოვიდან. მითხრა, მეუღლეც უნდა დაბრუნდეს, თუ არ უნდა, რომ იგივე დღეში აღმოჩნდესო. სულზე უნდა იზრუნო, კარგად იქნები და ყველაფერი კარგად დამთავრდებაო. მითხრა, მაკოცეო და, სიხარულისგან დავიბენი – ხომ არ მომეყურა, რომ ამხელა მადლს ასე ახლოდან უნდა შევეხო-მეთქი და არ მჯეროდა. ფაქტია, რომ პირველივე ლოცვების შემდეგ აქედან სიმღერით გავედი და, როცა მის თანაშემწეს ვუთხარი, რომ ეს დღეები ჩავარდნა მქონდა, მითხრა – ეს ძალიან კარგია, ესე იგი, უშედეგო არ არის და ბრძოლა მიმდნარეობსო. ყველას ვეუბნები: რომ არ ჩაცვივდნენ იმ მდგომარეობაში, რომ თავისი კბილით ხორცი იგლიჯონ, ამისთვის ეკლესიას არ უნდა მოშორდნენ. მეორე კვირაა, რაც მამაოსთან მოვხვდი და უკვე დიდი იმედი და რწმენა გამიჩნდა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ადამიანმა ღმერთზე მეტად არავინ არ უნდა შეიყვაროს. მე გაიდეალებული მყავდა ქმარი და შვილი და დრო არ მრჩებოდა, ტაძარში წავსულიყავი. ღმერთზე დიდი არავინაა – ეს ჩემი ტკივილების შემდეგ, ვიგრძენი და ვთქვი, რომ ღმერთი ყველაზე დიდი სიყვარულია და ეს არ არის ლამაზი სიტყვები. ეს ჩემი სიმწრის ნაფიქრია. სიმწრით რომ ვფხოჭნიდი იატაკს, რათა წამოვდგარიყავი, მაშინ მივხვდი ამას.