კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა გამოიჭირო ქმარი ღალატში და როდის უნდა „მოუყრუოს“ ამას ცოლმა

არსებობს სტერეოტიპული მოსაზრება, რომ, არ არსებობენ ბოლომდე ერთგული ქმრები; მამაკაცი ბუნებამ შექმნა ისეთად, რომ ყოველთვის იქნება მიდრეკილი მრავალი ქალის ყოლისკენო... გარდა ამისა, გარკვეულ ასაკში მამაკაცებს უჩნდებათ კომპლექსი, რაც მათ სასიყვარულო თავგადასავლებისკენ უბიძგებს: „მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ! ჯერ კიდევ შემიძლია, მოვხიბლო ნებისმიერი ქალი!” ამ დროს ცოლებმა განსაკუთრებული სიფხიზლე უნდა გამოიჩინონ, რომ მეუღლის მიერ მოწყობილი უსიამოვნო სიურპრიზის წინაშე არ აღმოჩნდნენ.

 

თინიკო (47 წლის): მსმენია, რომ ოცდაერთწლიანი ქორწინების შემდეგ ქალი ძალიან ფხიზლად უნდა იყოს, რადგან, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, ქმარმა უღალატოს. მეც არ ვარ გამონაკლისი და ხშირად მიფიქრია ამაზე. ვერ ვიტყვი, რომ ავადმყოფურად ვიყავი ჩაციკლული, მაგრამ, ყოფილა შემთხვევები, როცა მეგობრებთან ამ საკითხის განხილვის შემდეგ, ჩუმად შემიმოწმებია ჩემი საყვარელი მეუღლე.

– შეგიმოწმებიათ? როგორ?

– მობილურში შემომავალი და დარეკილი ზარები, მესიჯები მინახავს, მეტი არაფერი, ესეც აფორიაქებული გონების დასამშვიდებლად, თანაც, ხშირად არა. შემიძლია ვთქვა, რომ ვენდობოდი ქმარს და კარგი ოჯახიც მქონდა, მშვიდი და ჰარმონიული. სერიოზული რყევები არ ყოფილა. ორი შვილი და, ფაქტობრივად, ერთმანეთის მსგავსი დღეები, პატარ-პატარა გამონათებებით. ჩემი ქმარი ზრუნავდა იმაზე, რომ დღესასწაულები მოეწყო ჩვენთვის და გავენებივრებინეთ. ყურადღებიანიც იყო. არ ავიწყდებოდა საჩუქრების ყიდვა და მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა... ჩემი პრობლემები დაიწყო იმით, რომ, ერთ ძალიან ჩვეულებრივ საღამოს, ამ ახალი წლის დღესასწაულის წინა დღეებში, ჩემი დაქალი იყო ჩემთან. ჩაის ვსვამდით და ვლაპარაკობდით ყველაფერზე. თემა თავისით გაჩნდა. ძალიან ახლოს ვარ ამ ადამიანთან, მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და ერთმანეთის შესახებაც ყველაფერი ვიცით. ჰოდა, წამოიწყო: მე ჩემს ქმარს კი ვენდობი, მაგრამ, მაინც ძალიან ფრთხილად ვარ. 49 წლისაა და დაეწყო უკვე შიშები – ცდილობს, დამიმტკიცოს, რომ ისევ ძალიან ახალგაზრდაა და სულ მიმეორებს, რომ ჩემზე უკეთესად გამოიყურება. დაძაბული ვარ, მუდმივად მიწევს მისი კონტროლიო...

გავეხუმრე – მე გამიმართლა, ნამდვილად არაფერი მაქვს საეჭვიანო-მეთქი. გაიცინა – შენ ეგრე გეგონოს. ერთგული ქმრები ბუნებაში არ არსებობენ, უბრალოდ, ზოგს უკეთესად შეუძლია თავისი ღალატის შენიღბვაო. ვუთხარი: შეუძლებელია, ყველა კაცი ერთნაირი იყოს, ყველა არც ქალია ერთნაირი-მეთქი. არა, ორმოცი წლის შემდეგ მამაკაცები იცვლებიან და მათ ტვინში გადატრიალება ხდება, შუა ასაკის კრიზისზე მაინც არაფერი გსმენიაო?! საკუთარი თავისთვის ცდილობენ რაღაც აბსურდის დამტკიცებას, რომანს აბამენ პატარა გოგოებთან და უხარიათ. უმრავლესობა მერე ნანობს, მაგრამ, ცოლთან ურთიერთობა ენგრევათ, უკან არ იხევენ და გზააბნეულები დაბოდიალობენო. თავი გავიქნიე – არა, მე ამ მხრივ მშვიდად ვარ-მეთქი, თუმცა, მერე, როცა მარტო დავრჩი, უფრო ღრმად ჩავფიქრდი ამ ყველაფერზე. ჩემში ეჭვმა გაიღვიძა და ძალიან ავფორიაქდი. ყველა სიტყვას დავუწყე აწონა. როცა ჩემს მეგობარს ვუთხარი, ჩემი ქმარი ძალიან ყურადღებიანია, არაფერი ავიწყდება და არ ეშლება, ძალიან მეფერება და მეალერსება-მეთქი, გაეცინა: გოგო, რა სულელი ხარ, ეგ კაცის ღალატის ერთ-ერთი სიმპტომია, თანაც, ყველაზე ცნობილი და აქტუალური. თუმცა, შენი ქმარი არც ისეთი უსინდისოა. სინდისი აწუხებს და ამიტომაცაა ყურადღებიანი, ამით აკომპენსირებს თავის დანაშაულს, ყოველ შემთხვევაში, ცდილობსო... ვიფიქრე, ვიფიქრე... გავიხსენე და გავიაზრე ჩემი ქმრის ბოლოდროინდელი საქციელები და ეჭვმა ტვინის ქერქი ამიწვა. დავიწყე სახლის ქექვა – დამატებით სამხილებს ვეძებდი.

– ანუ, ქმრის ყურადღებიანი საქციელი სამხილად ჩათვალეთ?

– დიახ. მარტო ჩემი დაქალისგან არ გამიგონია ეს, სხვებსაც უთქვამთ, ქმარმა საყვარელი როცა გაიჩინა, ისეთი საჩუქრების ყიდვა დაიწყო ჩემთვის, გაშტერებული ვიყავიო. თუმცა, საყვარელი ბევრს უარესობისკენაც ცვლის, მაგრამ, რადგან ჩემი ქმარი „ნამუსიანთა” კატეგორიაში გავიყვანე, ამიტომ, პირველი ვერსია უფრო მოერგო. ვქექე, ვქექე, ვინერვიულე, ვეძებე და ვიპოვე დამატებითი სამხილი – კოლოფი ოქროს ბეჭდით.

– იქნებ, თქვენთვის იყო სადღესასწაულო საჩუქარი? თუ, არ გაქვთ ასეთი ტრადიცია?

– ტრადიცია როგორ არ გვაქვს, მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ ბეჭედი მოვისინჯე და პატარა აღმოჩნდა, ოღონდ, არ მითხრათ, რომ კაცები ასეთ რამეებში ძნელად ერკვევიან; რომ, შეიძლება, ზომა შეეშალა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ჩემი ქმარი შესანიშნავად ერკვევა ასეთ რაღაცეებში. იცის ძვირფასი სამკაულის შერჩევაც და არასდროს შეშლია ჩემი არათუ თითის, არამედ, ტანსაცმელ-ფეხსაცმელის ზომაც კი. ამიტომ, სრულიად საფუძვლიანად ვიფიქრე, რომ აქ რაღაც ისე ვერ იყო. ეჭვმა ლამის ჭკუიდან შემშალა, მთლიანად ამაკანკალა, ვიტირე... არ ვიცი, როგორ ვაჯობე საკუთარ თავს და სახლში მოსულ ჩემს ქმარს ბეჭედი თავის ყუთიანად სახეში არ ვესროლე. ეს რომ გამეკეთებინა, საშინელ შედეგამდე მივიდოდი. ქალები ხშირად ვმოქმედებთ ემოციის კარნახით, რაც ნამდვილად არ ცვლის ჩვენს მდგომარეობას უკეთესობისკენ. ტირილმა ცოტა მიშველა. თან ვფიქრობდი – თუ ვანახვებ ამ ბეჭედს და ვეტყვი, რომ ვიცი მისი ღალატის შესახებ, ხომ შეიძლება, არ იუაროს და მითხრას, რომ სხვა შეუყვარდა და მერე როგორ მოვიქცე? ისე ხომ ვეღარ ვიზამ, თითქოს არაფერი მომხდარა და ჩვეულებრივად გავაგრძელებ ცხოვრებას? ეგრევე რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღო: ან უნდა დავშორდე და ასე იქცევა ყველა ღირსეული ქალი, ან, უნდა „დავიკიდო,” რაც ძალიან გამიჭირდება, რადგან ამისთვის მზად არ ვარ. ამიტომ, აჯობებს, ამ ეტაპზე გავჩუმდე-მეთქი.

– ანუ, მიხვდით, რომ ეს უსაფუძვლო ეჭვიანობა იყო თუ ახალი სამხილების გამოჩენას დაელოდეთ?

– ახალი სამხილების გამოჩენას დაველოდე. შეიძლება, გონივრული არ იყო, მაგრამ, სხვაგვარადაც არ შემეძლო. მიყვარდა ქმარი, თუმცა, წყენა და ბოღმა მახრჩობდა. შეურაცხყოფილი ვიყავი. პირველად მაშინ შევხედე საკუთარ თავს სარკეში დაკვირვებით. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა აღარ ვარ და ჩემი სხეული ისეთი აღარ არის, როგორიც ნორჩი გოგონების; თითებიც ოდნავ გამიმსხვილდა, სახეზე კანი მოეშვა – ჩამოთვლას აზრი აღარ აქვს... უცებ წარმოვიდგინე ჩემი ქმრის გვერდით ახალგაზრდა, გრძელფეხება არსება, რომელსაც ნაზ თითზე ამ ძვირფას ბეჭედს გაუკეთებდა და დავიშალე.

– წარმოსახვაც და ფანტაზიაც საკმაოდ ცუდი მრჩეველია.

– გეთანხმებით, სწორედ ასე იყო, ლამის სიგიჟემდე მივედი... ისტერიკამდე აღარაღერი მაკლდა. მეც არ ვიცი, როგორ გავატარე დრო დღესასწაულამდე. ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი. თავ-პირი ჩამომტიროდა. სახლში ყველამ შემამჩნია, რომ უგუნებოდ ვიყავი. გუნებამოშხამულს აღარც დღესასწაულის მოსვლა მახარებდა, არადა, ვგიჟდები დღესასწაულებზე. რა საცოდავები ვართ ქალები! თითქოს მარტო ჩვენ ვბერდებოდეთ... კაცებისთვის ის განცდა, რომ, შეიძლება, ცოლმა ერთი ზედმეტი ნაოჭის გამო უღალატოს და უფრო ახალგაზრდაზე გაცვალოს, დარწმუნებული ვარ, უცხოა. რატომ არ შეიძლება, მარტივად და უბრალოდ ვიცხოვროთ, ისე, რომ მხოლოდ ერთმანეთის არსებობა გვახარებდეს? ქალებს უნდათ, რომ მამაკაცი მარტო მათ ეკუთვნოდეთ, კაცები ამას ნაკლად გვითვლიან, მაშინ, როცა, თავადაც იგივე უნდათ. მესაკუთრეები არიან და ამას არ აღიარებენ. მოქმედებენ პრინციპით: „შენ გვერდზე არ გაიხედო. მხოლოდ მე მეკუთვნი, არაფერს გაპატიებ; მაგრამ, მე თავისუფალი ვარ. ისე ვიცხოვრებ, როგორც მინდა და მომწონს. შენი ქმარი ვარ, მაგრამ, არა საკუთრება!“ საშინელებაა! ვერ ვხვდები, როდემდე უნდა ვიყოთ დაჩაგრულები და დათრგუნულები იმის განცდით, რომ ერთ დღესაც, აუცილებლად გვიღალატებენ.

– ანუ, გიღალატათ ქმარმა?

– ამჯერად გადავრჩი, ყოველ შემთხვევაში – ამ ეტაპზე. ბეჭედი ჩემთვის აღმოჩნდა განკუთვნილი. როცა დღესასწაული მოვიდა, მაჩუქა და მითხრა, შენი ზომა, სამწუხაროდ, არ ჰქონდათ, მე კი ეს მომეწონა. მგონი, შეძლებ, გაადიდებინოო.

– ანუ, ტყუილად ინერვიულეთ?

– არც ისე ტყუილად. შეიძლება, ჩემი ქმარი იმაზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა – იგრძნო რაღაც, ბეჭედი მე მაჩუქა, რომ დავმშვიდებულიყავი და სიტუაცია აღარ დაძაბა. ამიტომ, ბოლომდე ვერ დავმშვიდდები. ეჭვებში ცხოვრება კი ძალიან ძნელია...

скачать dle 11.3