როგორ მოძღვარს უნდა გაექცეს მრევლი და როდის შეჰყავს მას მორწმუნეები ცდომილებაში
დღეს ადამიანების დიდი ნაწილი დავდივართ ეკლესიაში, ვიცავთ საეკლესიო წესებს, მაგრამ, ხშირად რელიგიური სწავლებისგან შორს ვართ და მხოლოდ იმას ვიცავთ და ვაკეთებთ, რაც გვესმის, რასაც ვხედავთ, რაც რელიგიური სწავლებისგან ზოგჯერ ძალიან შორს დგას და ჩვენც ადვილად ვტყუვდებით. რა არის ქრისტეს სულიერი კანონები, რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა აუცილებლად, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– დღეს ყველაზე გავრცელებული კითხვაა: მამაო, რამდენჯერ უნდა ვეზიარო, როგორ უნდა ვეზიარო? ზოგიერთი დიდ დღესასწაულებზე ან საკუთარ დაბადების დღეზე ეზიარება, რაც ძალიან ცუდი ტრადიციაა. მამების სწავლების თანახმად, კარგია, ყოველ კვირას მიიღოთ ზიარება, თუმცა, არავინ ვართ და ვერც ვიქნებით ზიარების ღირსი. ადრე ზიარება სხვაგვარად ხდებოდა: შეიკრიბებოდნენ „სიყვარულის სერზე“, სადაც ხალხი ჭამდა, სვამდა და შემდეგ ეზიარებოდნენ. ეს შემდეგში მოიშალა, რადგან, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: ზოგიერთი თქვენგანი ზიარების, პურის განტეხვის შემდეგ დასნეულდა და მოკვდა – ანუ, ისინი, ვინც უღირსად ეზიარებოდნენ. ამიტომაც, ყოველკვირა ზიარება არ ნიშნავს იმას, რომ უღირსად ვეზიაროთ. ვინც ცოდვას მალავს, გულწრფელი არ არის თავის სინანულსა და აღსარებაში, ის, შეიძლება, მართლაც დასნეულდეს. მაგრამ, თუ მოინანიებთ გულწფელად, თქვენი ცოდვა ვერ აღემატება ღვთის სიყვარულს – ისეთს ვერაფერს ჩაიდენთ, რომ ღმერთმა გითხრათ: არა, ვერ გაზიარებო. თუ ცოდვებს გულწრფელად ნანობ, შენ მიერ ჩადენილ ცოდვებს ღმერთის მოწყალება ყოველთვის აღემატება, ოლარი გადმოგეფარება და მიიღებ ზიარებას. ადამიანი მადლიერების გრძნობით უნდა იყოს სავსე და ქრისტიანის საზომი ის არის, თუ რამდენად მადლიერია ის ღმერთის, როგორ ამბობს მადლობას. მამები გვასწავლიან, რომ მოძღვარი ლბომიერი უნდა იყოს ზიარების დროს, ხოლო მორწმუნემ მადლიერებით უნდა მიიღოს მაცხოვრის სისხლი და ხორცი. მინდა აღვნიშნო, რომ ძველ აღთქმაში უმთავრესი სწავლება არის ათი მცნება, რომელიც მოსემ მიიღო ღმერთისგან; ახალ აღთქმაში კი იესო ქრისტემ აიყვანა მოციქულები ზეთისხილის მთაზე და წარმოთქვა ცხრა ნეტარება. მაგრამ, არსებობს იესო ქრისტეს სულიერი კანონები და, თუ ეს გეცოდინებათ, მაშინ აღარ იქნებით ბრმად მორწმუნეები, ამა თუ იმ მამაოს სწავლების მიმდევრები და თაყვანისმცემელები.
– რა არის ქრისტეს სულიერი კანონები?
– მოძღვრის მთავარი მოვალეობაა, მრევლი მიიყვანოს იესო ქრისტესთან. მამები გვასწავლიან, რომ არცერთი ეკლესია არ არის დაზღვეული მწვალებლობისგან; შეიძლება, რომელიღაცა ადგილობრივი ეკლესია ჩავარდეს მწავლებლობაში, ცრუ სწავლებაში, განეშოროს მადლს, თუ არ დავიცავთ იმ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც პირველი საუკუნიდან იცავდნენ მოციქულები. ეს სწავლება თუ არ გეცოდინებათ, ადვილად მოტყუვდებით, რადგან, დღეს ბევრმა მოძღვარმა თავისი ბრძნობით, უმეცრებითა და ცრუ გამოცდილებით, შესაძლოა შეგიყვანოთ მცდარ სწავლებაში, თუმცა, ეს, შეიძლება, სულაც არ იყოს შეგნებულად გაკეთებული. ამიტომაც არის, რომ ხშირად ამბობენ: ჩემმა მოძღვარმა მითხრა, შაბათს მარხვა უნდა შეინახოო და ასე შემდეგ. პირდაპირ გეუბნებით: შაბათის მარხვა არ არსებობს – ეს წერია მოციქულთა კანონებში, 64-ე კანონში. ვინც შეინახავს შაბათის მარხვას, თუ მღვდელია, განიკვეთოს – ამას მოციქულები ამბობენ, – თუ ერისკაცია – დაისაჯოს უზიარებლობით. ასეთი მოძღვრებისგან გაიქეცით და უთხარით: ნუ კი მეჩხუბები, მამაო, წაიკითხე მოციქულთა კანონები. ამიტომაც, ყველაფერი უნდა იცოდეთ და ვერცერთი მოძღვარი ვერ შეგიყვანთ ცდომილებაში. პავლე მოციქული ეუბნება გალატელთა ეკლესიას, რომელიც თავადვე დააარსა და ერთი წლის შემდეგ ნახა, როგორ იყო მწვალებლობაში ჩავარდნილი: თუნდაც ანგელოზმა გახაროთ ის, რაც ჩვენ არ გვიხარებია, შეჩვენებული იყოს. როცა იცი, რას ასწავლის ეკლესია, ყველაფერი გასაგებია და აღარ გჯერა ის, რაც არასწორია, თუნდაც ამას ამბობდეს მოძღვარი ან მღვდელმთავარი.
ქრისტეს სულიერი პირველი სამი კანონი ასეთია: 1. შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა. 2. ეძებეთ სასუფეველი ცათა, სიმართლე მისი და დანარჩენი ყოველივე მოგეცემათ. 3. იოანე ნათლისმცემლის შემდეგ სასუფეველი ცათა იძულებისაა და მოძალადენი მიიტაცებენ მას. ჩვენში, როგორც ბერძნებსა და რუსებში, ასეთი ბუნდოვანი გამონათქვამი არსებობს: „ივერია გაბრწყინდება.” ბევრს ჰგონია, რომ, არ იმარხულებს, არ ეზიარება, არ იმუშავებს საკუთარ თავზე, მაგრამ, რადგან წერია, ამიტომ ივერია მაინც გაბრწყინდება. არა, სასუფეველი ცათა არ არის მხოლოდ ქართველების, რუსების ან ბერძნების. ვინც შევიდა პირველად სასუფეველში, ქართველი იყო? რა თქმა უნდა, არ ყოფილა ქართველი. ორივე ავაზაკს ერთნაირი ჯვარი ჰქონდა – ეს არის სიმბოლო კაცობრიობის; ადამიანებს ყველას ერთნაირი ჯვარი გვაქვს: გვშია, გვწყურია, გვტკივა, ვტირით, ცოდვილები ვართ, მერყევი ბუნება გაგვაჩნია. ერთმა ავაზაკმა ეს ჯვარი გონივრულად გამოიყენა – მიხვდა, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო; მეორემ კი ვერ გამოიყენა და ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. ორი კატეგორია ავაზაკებისა ჩვენ ვართ ყველანი: ერთი კატეგორია კეთილგონივრულად იქცევა, მოდის ეკლესიაში, შეინანებს, მეორე ისევ ძველ მდგომარეობაში რჩება. სასუფეველი ცათა არის პირველი და, ის რომ შემოვიდეს შენში, ამისთვის საჭიროა, შეინანო.
– სად არის სასუფეველი ცათა?
– ამაზე ქრისტე თავად პასუხობს: „სასუფეველი ცათა შორის თქვენთა არს,” ანუ, სასუფეველი ცათა ჩვენს შორის არის, ჩვენში – ჩვენს გულში. თუ შენი გული განიწმიდება ვნებებისგან, ზრახვებისგან ცუდი მიდრეკილებისადმი, შენში დაემკვიდრება სასუფეველი ცათა, ანუ იესო ქრისტე თავისი მადლით; მაგრამ, თუ შენში არის შური, ბოროტება, ბოღმა, მრუშება, მაშინ არც კი იოცნებო იმაზე, რომ შენში დაემკვიდრება ქრისტე, სასუფეველი ცათა, ან, ივერია გაბრწყინდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ხარ. ჩვენშია ის გასაღები, რომელიც ჩვენამდე მოიტანა უფალმა. იოანე ნათლისმცემლამდე ცხონება იყო რჯულით და ვერცერთი ადამიანი ვერ აცხონა რჯულმა; ქრისტემ კი, პირველი რაც თქვა, ეს იყო: „შეინანეთ!”. ვერავინ ცხონდება სინანულის გარეშე; ვერავის, არ კი არა, ვერ გვაცხონებს ღმერთი – მაშინ, უსამართლო გამოვა, რადგან, ჩვენს გულში არ არის სასუფეველი ცათა.
– აბა, რა არის ადამიანის გულში?
– რა და, ადამიანური სიყვარული. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, უნდა დააკვირდეთ: თქვენმა სიყვარულმა გვერდზე ხომ არ გასწია ღმერთი? რა გრძნობაც გვერდზე გასწევს შენს გულში ღმერთს, ის აუცილებლად კრახით დამთავრდება, მნიშვნელობა არ აქვს, რის მიმართ იქნება ეს სიყვარული: მანქანის, ქალის, კაცის, შვილის, შეყვარებულის თუ მიცვალებულის. არ უნდა გასწიო ღმერთი გვერდზე შენს გულში იმის გამო, რომ ძალიან გიყვარს ან გიყვარდა შენი შვილი, შენი ქმარი ან შენი ქვეყანა. ვინც მთავარია, ის დაივიწყე: მე შენთვის არ მცალია, ღმერთო, პაემანზე უნდა წავიდე, უნდა ვიტირო, არჩევნებზე წავიდე... – და ამით ღმერთს უარს ვეუბნებით – შენთვის არ მცალიაო, მერე კი მოვდივართ ცხვრებით, სანთლებით და გვგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება – აი, ეს არის ჭეშმარიტი გზიდან, სწავლებიდან აცდენა. ქრისტე ამბობს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.” ანუ, შენ თუ ქრისტეს გზაზე არ დადიხარ, ქრისტეთი არ არის შენში სიყვარული, ჭეშმარიტება და სიკეთე, მაშინ, მთელი მსოფლიოც რომ შეიყვარო, მაინც მთავარს, ღმერთს ეტყვი უარს. როგორ შეიძლება, არ ეცალოს ადამიანს ღმერთისთვის, ეკლესიაში სიარულისთვის – არ გინდა, რომ კარგად იყო?! შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა – ეს მოახლოება კი ყოველ წამს და ყოველ წუთს აღესრულება ჩვენს გულში, რადგან, არავინ ვიცით, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება როდის დასრულდება.