რატომ არის საჭირო გიორგი სუხიტაშვილთან ურთიერთობისთვის „სპეციალური ნერვები“ და როგორ ახერხებს მის დაწყნარებას სალომე ბაკურაძე
პროექტ „ერთი ერთშის“ მესამე სეზონი წინა სეზონებისგან იმით განსხვავდება, რომ კონკურსანტების უმრავლესობას ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც პროექტამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. მათ შორის არიან სალომე ბაკურაძე და გიორგი სუხიტაშვილიც, რომლებიც წლებია, ერთმანეთს იცნობენ და უახლოესი მეგობრები არიან. გიორგისაც და სალომესაც პროექტის ფარგლებში უკვე მოუწიათ „სქესის შეცვლა“: სალომემ ერთხელ განასახიერა მამაკაცი, გიორგიმ კი უკვე ორჯერ მოასწრო ქალად გარდასახვა. ფინალის წინ მეგობრებს გავესაუბრეთ.
– პროექტში კონკურენტები იყავით, რეალურად კი მეგობრობა გაკავშირებთ. თქვენი დამეგობრება „ჯეოსტარს“ უკავშირდება?
სალომე: ჩვენ „ჯეოსტარამდეც“ ვიცნობდით ერთმანეთს. მაშინ ისეთი მეგობრები არ ვყოფილვართ, როგორიც ახლა, მაგრამ, კარგი ურთიერთობა გვქონდა. „ჯეოსტარში“ მონაწილეობის გადაწყვეტილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიღეთ და, მახსოვს, გიორგიმ თქვა: რაღაც, ცუდი მომენტია, რომ მცოდნოდა, დავილაპარაკებდით მაინც, ვინ პირველი, ვინ მეორე გავიდოდა, რომ ნერვები არ მოგვშლოდაო. მაგრამ, მგონია, რომ კონკურენცია არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ცხოვრებაშიც გეზიზღება ან, საერთოდ, გეზიზღება.
გიორგი: არც ამ და არც სხვა სცენაზე, სალომესთან კონკურენცია, პირდაპირი გაგებით, არ მქონია, ამას უფრო კანონზომიერებას ვეძახი. კონკურსში რომ შედიან და ერთმანეთის ჭამას იწყებენ, არასდროს გვქონია მსგავსი დამოკიდებულება არც მე და არც სალომეს, არც ერთმანეთის და არც სხვა ვინმეს მიმართ.
– აღნიშნეთ, რომ დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობთ, ამ დროის განმავლობაში შეიცვალა თქვენი ცხოვრებაც და შეიცვალეთ თქვენც. ერთმანეთის შესახებ მითხარით, როგორები იყავით და როგორები ხართ ახლა?
სალომე: გიორგი ჩემთვის ყოველთვის კარგი მომღერალი იყო. ბევრს არ შეუძლია ის, რაც მას. ასაკით გაიზარდა, შეეცვალა გემოვნება, შესრულების მანერა, თუმცა ისეთივე ნიჭიერია, როგორიც იყო (იცინის).
გიორგი: სალომე არის ჩემი „კუპაჭია“. ალბათ, პირადობის მოწმობაშიც შეიცვლის სახელს. მისი გაცნობისას პირველი ასოციაცია, რაც გამიჩნდა, იყო „კუპაჭია“ და მას მერე ასე ვეძახი, შემოკლებით – „კუპა“. ჩემთვის სალომე ბაკურაძე, უპირველეს ყოვლისა, ძალიან კარგი მეგობარია. ამის შემდეგ არის რაღაც პროექტები და კონცერტები, მაგრამ მთავარი არის მეგობრობა და ასე დარჩება ყოველთვის. როგორც უახლოესი მეგობრები, ძალიან ბევრ რამეზე ვსაუბრობთ და არაფერი დამალული არ გვაქვს. შეიძლება, ვინმემ ჩათვალოს, რადგან ინტერვიუზე ერთად ვსხედვართ, ერთმანეთს ვეპირფერებით, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ, ჩვენ მართლა ნამდვილი მეგობრები ვართ.
სალომე: გიორგი არ არის მარტივი ადამიანი – ეს იცის თვითონაც და იცის ყველამ. მასთან ურთიერთობისთვის ან სპეციალური ნერვები გჭირდება, ან თვითონ უნდა უნდოდეს შენთან ურთიერთობა. იმდენად კარგად ვიცნობ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, როგორც საკუთარი დედა გამოუძებნიდა ენას და დაამშვიდებდა აფეთქებულ გიორგის, ისე შემიძლია მეც მისი დამშვიდება.
გიორგი: რაღაცაზე რომ ვცოფდები, თვალებით ვეძებ ხოლმე სალომეს (იცინიან). ჩვენს სამეგობროში სალომე უმთავრესი ანტიდეპრესანტია ჩემთვის.
სალომე: ბევრ სიტუაციაში მინახავს გიორგი. მართალია, უსამართლობისგან ძალიან შორს არის და ყოველთვის სამართლიანად ფეთქდება, მაგრამ, გაბრაზებასაც ხომ აქვს თავისი ხარისხები! გიორგი რომ ფეთქდება, ამ დროს ახლოს უნდა ვიყო სადმე, თორემ, შეიძლება, რაღაცა გაისროლოს და სავალალო მდგომარეობამდე მივიდეს საქმე (იცინიან).
გიორგი: ისე არ ვარ, ნელ-ნელა რომ ბრაზდებიან და ჯერ კბილს რომ გააკრაჭუნებენ ხოლმე; მე ეგრევე ვცოფდები, შუალედი არ მაქვს. გაღვიძებითაც ეგრე ვიღვიძებ – თვალების ფშვნეტა და რაღაცეები არ მახასიათებს.
– სალომე, შენ როგორ აწყნარებ, როცა ასეთი გაბრაზებულია?
სალომე: მასაჟებითა და თავის დაზელვებით არა (იცინის).
გიორგი: რაც ყველაზე მთავარია, ვენდობი. ვინმემ არ ჩათვალოს, რომ პათოლოგიური სიბრაზე მაქვს; პროტესტი მაშინ მიჩნდება, როცა უსამართლოდ გვექცევიან და ეს, ძირითადად, დამკვეთების მხრიდან ხდება, მეგობრებთან – არა. როდესაც ვხვდები, რომ ახლობლები მხოლოდ დასაწყნარებლად მეუბნებიან რამეს, არ ვუჯერებ. როცა სალომე მეუბნება, მჯერა, რომ რეალურად ეგრეა და ამიტომ ვუჯერებ. კიდევ რამდენიმე ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, რომელთა აზრსაც ვითვალისწინებ, როცა ეგრეთ წოდებულ „აფექტში” ვარ. ათამდე დათვლა და რაღაცეები არ მშველის (იცინის).
– პროექტზე გადავიდეთ. ალბათ, ყველაზე რთული იყო, როცა სქესის შეცვლა მოგიწიათ...
– ძალიან ძნელია, მით უმეტეს – კაცისთვის, ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. როდესაც კაბას იცვამ და ეს კაბა არის საკმაოდ ვიწრო, რაღაც-რაღაცეები უნდა დაფარო და ამიტომ გიწევს ბანდაჟებისა და მსგავსი საზიზღრობების ჩაცმა. მისი ჩაცმის შემდეგ კი გრძნობ, რომ აღარაფერი აღარ გაქვს.
სალომე: ყოველ ხუთ წუთში ტუალეტში გარბოდა, ცოტა ხნით მაინც რომ ამოესუნთქა და გათავისუფლებულიყო ამ მარწუხებისგან (იცინიან). სკამზე ვერ დავსვით.
გიორგი: ბარბრა სტრეიზანდზე არ მეცვა არაფერი და ბედნიერი ვიყავი. ამას კიდევ ისიც ემატება, რომ ქალის ხასიათი უნდა დაიჭირო და მხრებსა და სხვა ფიზიკურ მონაცემებს რამე მოუხერხო. ხელის მოძრაობა, მანერა და საერთოდ ყველაფერი სხვანაირია.
სალომე: ქუსლებზე რომ დავინახე გიორგი, კინაღამ გული წამივიდა, თუმცა ისეთი ფეხები აქვს, ყველას შეშურდება – ქალსაც და კაცსაც. ისე დადიოდა, ცოტა მეც შემშურდა – ეგრე კარგად მე ვერ დავდივარ. პირველივე ჯერზე, ჩაიცვა თუ არა, გაიარა.
გიორგი: საეჭვოდ კარგად გავიარე, თითქოს მთელი ცხოვრება ქუსლებზე დავდიოდი (იცინის). ზოგი „დამპალი“ ქალი მეუბნებოდა – იმიტომ, რომ წვრილი ქუსლები არ იყოო. სალომემ რომ კაცი განასახიერა, ძალიან კარგი გამოუვიდა. ცალ-ცალკე ორივე საინტერესო პიროვნებაა და, ერთად ხომ – საერთოდ! ვერც ვიზუალში და ვერც მოქმედებებში ვერ ვნახე განსხვავება. ამ გადაცემის შესახებ რომ არ მცოდნოდა და სადმე შემთხვევით რომ მომეკრა თვალი, დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ ის იყო.
სალომე: სქესის შეცვლას ძალიან დიდი ეფექტი აქვს, მამაკაცისთვის – მით უმეტეს. რომ ხედავ თმას, ფრჩხილებს, მკერდს, ქუსლებს, ქალის ხმასა და მოძრაობას – შოკია.
გიორგი: ბარბრა სტრეიზანდზე დავიჯერე, რომ ქალი ვიყავი. ყველა გრიმში რაღაც ჩემსას ვხედავდი ხოლმე, ბარბრაში კი არაფერი არ იყო ჩემი. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი და ეს ძალიან დამეხმარა. ფრჩხილები მქონდა ძალიან გრძელი; ამას ემატება ის უხერხულობა, რასაც „ტუალეტი” ჰქვია (იცინის). შედიხარ და ვიღაცას ეუბნები: მოდი, იქნებ შარვალი გამიხსნა, მე ვერ ვიხსნი; მოდი, ჩამაცვი, მოდი გამხადე... არის თმის გადაწევის მომენტი და კიდევ სხვა უამრავი დეტალი. ქუსლები აქაც მეცვა; არ ჩანდა, მაგრამ მეცვა. გრიმის გაკეთებასთან ერთად, იწყებოდა მხიარულება. მე, მაგალითად, მთელი კვირის განმავლობაში წვერი მაქვს და, თმას რომ დამადებდნენ, კონჩიტას ვემსგავსებოდი ხოლმე.
სალომე: ყოველ კვირას ახალი დავალებების შესრულება, როგორც დუტა გვეუბნება, იმას ჰგავს, როცა ყოველდღე პრემიერა გაქვს და სულ დაძაბული ხარ. ძალიან მუხტიანი პროექტია და მოდუნების საშუალება არ არსებობს.
გიორგი: მინდა სალომეს ფინალში წარმატება ვუსურვო.