როგორ გაიარეს „ჩვენებურებმა“ 15 000 კილომეტრი მეგობრის მიერ ნაჩუქარი 100 ევროს დახმარებით
„ჩვენებურები“ – ეს იმ ანსამბლის სახელწოდებაა, რომლის წევრებმაც მთელ ევროპას და არა მხოლოდ მათ, ქართული ფოლკლორი გააცნეს. საკუთარი სახსრებით დაგეგმილი გასტროლების ძირითად მიზანს ქართული კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენდა. „ჩვენებურები“ რვა წევრისგან შედგება. ისინი სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები არიან, თუმცა, თითოეული მათგანი ჩვენებურია. ანსამბლის ისტორია მრავალ წელს მოიცავს. უფრო დაწვრილებით კი ამის შესახებ მათი ერთ-ერთი სოლისტი, ქიზიყელი სოლომონ გოგაშვილი გვესაუბრა.
სოლომონ გოგაშვილი: როგორც შემდეგ გაირკვა, ანსამბლის წევრები წარმოშობით სხვადასხვა კუთხიდან ვიყავით. მე ქიზიყელი ვარ და ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი ჩემს სოფელს უკავშირდება, რომელსაც არბოშიკი ჰქვია. იქ დავიბადე და გავიზარდე დედა და 97 წლის ბებია ქრისტინა იქ ცხოვრობენ. ჩემი მეუღლე და 2 წლის ბავშვიც დაახლოებით შვიდ თვეს ატარებენ არბოშიკში. ძირითადად, თბილისში ვცხოვრობთ, მაგრამ, ხშირად ჩავდივართ. ჩემი სახლი 1866 წელსაა აშენებული, სადაც 1918-21 წლებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოთხწლიანი სკოლა ყოფილა.
– „ჩვენებურებში“ როგორ მოხვდით და როგორ მოვიდა ანსამბლი დღემდე?
– „ჩვენებურებში“ 2001 წელს, ჩვენმა ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, გიორგი გობეჯიშვილმა მიმიყვანა. 2009 წელს გაგვიჩნდა იდეა, რომ ზუმბასთან ერთად გაგვეკეთებინა პროექტი და მოვედით გრიბოედოვის თეატრში. 2004 წლამდე საქართველოში რამდენიმე საქველომოქმედო კონცერტის გარდა, არაფერი გვქონდა ჩატარებული. ამ პერიოდში გავიცანით ბაიარ შაჰინი, მასთან ერთად, რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ და ფესტივალ „ჩვენებურებში“ მივიღეთ მონაწილეობა. ზაზა კორინთელთან და ნიაზ დიასამიძესთან ვმეგობრობთ, მათაც დიდი როლი ითამაშეს ჩვენს წარმატებაში, ყოველთვის მხარში გვედგნენ.
– „ჩვენებურები“ რატომ დაირქვით?
– ჩვენმა ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი აფხაიძემ, თქვა, რომ ანსამბლისთვის „ჩვენებურები“ დაგვერქმია. უკვე მეთერთმეტე წელია, რაც ამ სახელწოდებას ვატარებთ. ხალხს ჰგონია, რომ ეს ფესტივალ „ჩვენებურებს“ უკავშირდება, მაგრამ, ასე არაა. ანსამბლში საქართველოს ყველა კუთხიდან ვართ, თუმცა, თითოეული ჩვენგანი ჩვენებურია. საერთოდ, სიტყვა „ჩვენებური” ახლობელ ადამიანთან ასოცირდება – ხომ ვამბობთ, ხოლმე: ჩვენებური ბიჭი მოვიდაო. ეს სახელწოდება როგორც ემიგრანტებზე, ასევე, თითოეულ ქართველზეა მორგებული.
– რატომ გადაწყვიტეთ ქართული ფოლკლორის უცხოეთში გატანა?
– იმის გამო, რომ „იუნესკომ“ ქართული ცეკვა და სიმღერა კაცობრიობის მონაპოვრად აღიარა, ქართველებმაც უნდა ვიზრუნოთ მის პოპულარიზაციაზე. უზბეკეთში ვიყავით ფესტივალზე, სადაც 62 მონაწილიდან ორჯერ ავიღეთ საპრიზო ადგილი. ყველასგან განსხვავებულები ვართ ამ კუთხით და, რაც გვაქვს, იმას ხომ მოვლა და გაფრთხილება სჭირდება – აი, ეს არის მთავარი, რის გამოც დავიწყეთ ჩვენი კულტურის გავრცელება მსოფლიოში და არა იმიტომ, რომ ძალიან გვემღერება. ძალიან ბევრს ისევ რუსეთის ჰგონია საქართველო.
– როგორც ვიცი, საკუთარი სახსრებით წახვედით უცხოეთში.
– იყო მიწვევები, საელჩოებსაც წავუყვანივართ და ოფიციალური კონცერტებიც ჩაგვიტარებია, მაგრამ, ძირითადად ჩვენი გასტროლები საკუთარი სახსრებით ფინანსდება. „ჩვენებურების“ ფართო მასშტაბებზე გასვლა, პრაქტიკულად, 2010 წლიდან დაიწყო. მეუღლე უკრაინელი მყავს, ცოლ-შვილი გავაცილე უკრაინაში და, ვნახე, რომ ევროპის მიმართულებით ბილეთები იაფი იყო. ვიზები გვქონდა და მაშინ შევთავაზე ბიჭებს, რომ გავსულიყავით ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენი თავის პროდიუსერები თავადვე უნდა ვყოფილიყავით. ანსამბლიდან წავედით ხუთნი, დანარჩენმა სამმა რეალური მიზეზების გამო ვერ შეძლო წამოსვლა. 22 აპრილს გავემგზავრეთ და 3 ივნისს ჩამოვედით, 15 000 კილომეტრი გავიარეთ. პირველი კონცერტის შემდეგ შევიძინეთ მანქანა, 100 ევრო გვაკლდებოდა და იქაურმა მეგობარმა დაგვიმატა. დავიწყეთ ამ მანქანით სიარული და აღარ გავჩერდით. საერთოდ, თავის დამკვიდრება რთულია, მით უმეტეს – უცხოეთში. ჩვენ საქართველოს დატოვება არ გვინდა და ამიტომ ავირჩიეთ ეს ფორმა: ყოველ წელს ჩავალთ სხვადასხვა ქვეყანაში, თავად ვიყიდით მანქანას და ჩავატარებთ არაერთ კონცერტს, რომელიც წინასწარ გვექნება დაგეგმილი.
– სულ თავიდან არ გაგიჭირდათ უცხოელი მსმენელის მოზიდვა ქართული ფოლკლორით? ვიცი, რომ თქვენს კონცერტებზე გადაჭედილი იყო დარბაზები...
– თავიდან ჩვენი ემიგრანტების დამსახურება იყო უცხოელების მოზიდვა; ასევე, ანსამბლის თავისუფალმა სტილმაც დააინტერესა მსმენელი. ვცდილობთ, რასაც ვმღერით, მათთვისაც გასაგები იყოს. დანიაში და შვედეთში რომ კაცი ცხოვრობს, ქართულ ფოლკლორს ვერ გაიგებს, თუ არ მიახვედრე, რას მღერი. ამიტომ, წინასიტყვაობას ვუკეთებთ რეპერტუარს და შიგადაშიგ ვახერხებთ უცხოელების აყოლას. ასეთი მიდგომა შედეგის მომტანი აღმოჩნდა – კონცერტიდან კონცერტამდე ხალხის რიცხვი საგრძნობლად იმატებდა. 2013 წელს ორმოც კონცერტამდე გვქონდა, შარშან – ოცდახუთი.
– რომელიმე ქვეყნის მსმენელს გამოარჩევთ?
– პორტუგალიელების ასეთ ემოციას არ ველოდი, გაოცებული იყო ხალხი. ძალიან კარგი მსმენელები არიან ფრანგები, მათ სიგიჟემდე უყვართ ქართული სიმღერები. ფრანგებმა ჩვენც ძალიან კარგად მიგვიღეს და, ასევე, კარგადაც მოგვისმინეს. საფრანგეთში, ერთ-ერთ კონცერტზე, რომელიც სამი დღის წინ გვქონდა დაგეგმილი, 300 კაცი მოვიდა და აქედან მხოლოდ ორი იყო ქართველი. ფრანგები აჩუმებდნენ ამ ორ ქართველს და თვითონ ყურადღებით გვისმენდნენ (იცინის).
– მხოლოდ ევროპაში ატარებთ ასეთ მასშტაბურ კონცერტებს თუ სხვა კონტინენტებზეც მოგზაურობთ?
– ძირითადად ევროპაში. ევროპის კონტინეტზე მხოლოდ დანიასა და ნორვეგიაში არ ვყოფილვართ, დანარჩენ ქვეყნებში ყველგან ჩავატარეთ კონცერტი. ამერიკაში არ წავსულვართ. რაც შეეხება აზიას, ინდოეთსა და უზბეკეთში ვიყავით.
– როგორ ადგილებში ატარებთ კონცერტებს – დარბაზებში, თეატრებში თუ სად?
– ანსამბლები, ძირითადად, აკუსტიკურ კონცერტებს ატარებენ, ან კიდევ – აპარატურასთან. ვფიქრობ, საუკეთესო გზა ავირჩიეთ ამ კუთხით: შეგვიძლია, როგორც ეკლესიაში, ასევე, დარბაზსა და თეატრშიც ჩავატაროთ კონცერტი და კლუბური ვერსიაც დავუკრათ. ჩვენ მიერ შექმნილ ელქტრონულ კომპოზიციებს ვუკრავთ კიდეც და ასეთ ადგილებში გაცილებით ბევრი მსმენელი გვყავს.
– ანუ, მხოლოდ ფოლკლორით არ შემოიფარგლება თქვენი რეპერტუარი?
– გვიმღერია ფოლკლორიც და დაგვიკრავს ელექტროც. ეს არ არის ტიპური კლუბური მუსიკა, მაგრამ, ფოლკლორისგანაც განსხვავდება. ჩვენი რეპერტუარი ნებისმიერ მსმენელზეა გათვლილი – ეს მოსწონთ უცხოელებს, არ იზღუდებიან და გაოცებულები რჩებიან. პარიზში კონცერტი გვქონდა და იქ ერთი პეტერბურგელი ქალი იყო, რომელმაც თქვა, რომ ასეთი რამ საქართველოშიც კი არ ჰქონდა მოსმენილი.
– ბევრ მოგზაურობას არაერთი თავგადასავლი ახლავს. რომელ მათგანს გაიხსენებთ?
– მართლა ბევრი რამ გადაგვხდენია თავს, მაგრამ, ხომ იცი, ცუდი უფრო გამახსოვრდება და, მეც ამ თემით დავიწყებ. ღმერთის წყალობით, ავტოსაგზაო შემთხვევას გადავურჩით. გადავწყვიტეთ, რომ მანქანით დავბრუნებულიყავით საქართველოში. ბულგარეთში ჩაეძინა საჭესთან მჯდომს და ხევში გადავცვივდით. სრულიად შემთხვევით გადავრჩით და, შეიძლება ითქვას – უვნებლები. მარტო მე ჩამემტვრა სამი ნეკნი, მაგრამ, ეს ისეთი ავარია იყო, ცოცხალი თუ გადარჩებოდა ვინმე, არავის ეგონა. მაგრამ, სახალისო ისტორიებიც ბევრი ყოფილა. როდესაც ამ საკითხზე ვლაპარაკობ, სულ მახსენდება ესტონეთი: 2008 წელს, ომის დროს, ესტონეთში, გრინვიჩის დროით 8 საათზე, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უნდა ემღერათ ქართველებისთვის. ის დროა, უკვე უნდა დავიწყოთ „ჩაკრულოს“ სიმღერა და – ჩემი სოლისტები ვეღარ ვიპოვე – სადღაც გავიდნენ. ოცი წუთის განმავლობაში ვეძებდი, თან, არცერთმა ქართულის გარდა სხვა ენა არ იცოდა. გადავირიე, სად უნდა წასულიყვნენ-მეთქი. ბოლოს, შემთხვევით, გადავაწყდი ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტსა და მის მეუღლესთან ერთად. ორმოცი წუთი ესაუბრებოდნენ მათ, მაგრამ, როგორ აგებინებდნენ ერთმანეთს რამეს, დღემდე არ ვიცი; ან ასეთი რა ჟესტიკულაციით ილაპარაკეს, ვერ გეტყვით, საოცარი სახეები ჰქონდა ორივე მხარეს (იცინის).