რის გამო არ ჩქარობს ურთიერთობის დაკანონებას საყვარელ ქალთან მარკუს მეტრეველი და როგორ „დაეტაკა” მას სიყვარული შორეული დუბაიდან
მომღერალ მარკუს მეტრეველის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა – ის შეყვარებულია და თავის რჩეულთან ერთად, თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს. ლელა ბერიაშვილი-მიქელაძე არის ის, ვისაც ენდობა და ვინც მის გემოვნებაში ჯდება. მარკუსის პირველი ოჯახის დანგრევის ისტორია, საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა. ამიტომაც, ახალ რჩეულთან მიმართებაში, ცოტას ფრთხილობს. თუმცა, თუ მას დავუჯერებთ, სულ მალე ტრადიციული ქორწილი შედგება. მარკუსი და ლელა ყველგან ერთად არიან. თუმცა, მათი ამბავი ჯერ არ გახმაურებულა და ამას ჩვენი ჟურნალის მკითხველი პირველი გაიგებს.
მარკუსი: ეს წელი ჩემთვის ცუდი მოვლენით დაიწყო, ავარიაში მოვყევი 1 იანვარს. ჭიათურაში მქონდა კონცერტი, იქიდან მოვდიოდი და თბილისის შემოსასვლელში, ისე დამეჯახა მანქანა, რომ რამდენიმე წუთით გავითიშე და ამ დროში წარმოვიდგინე, როგორ მკრძალავენ, ვინ როგორ მიგონებს და როგორ ვტოვებ ახლობელებს. მაგრამ, მადლობა ღმერთს, გადავრჩი. შოკში ვიყავი. ჩემი მანქანა კი, გადასაგდები გახდა. არადა, „იქს 5” მყავდა და ისე ვუფრთხილდებოდი, ნაკაწრიც არ ჰქონია. ისე „დამშოკა” ამ ფაქტმა, გაოგნებული დავრჩი.
– თუმცა, ამის მერე, შენს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენა მოხდა და გამოჩნდა ადამიანი, რომლის გვერდითაც ხშირად ჩნდები, თუმცა, ამ ურთიერთობაზე არსად საუბრობ. რა ხდება?
– მართალია, ცუდი ისე არ ხდება, მას თუ კარგიც არ მოჰყვა. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ლელა, რომელმაც საერთოდ დამავიწყა ავარია. თან, მანქანა რომ აღარ მყავდა, ვფიქრობდი, ტაქსით, როგორ ვიარო, უამრავ ადგილას მიწევს მისვლა-მოსვლა-მეთქი და აღმოჩნდა, რომ ლელას ზუსტად ჩემნაირი ავტომანქანა ჰყავს. ანუ, ამაშიც ემთხვევა ჩვენი გემოვნება. გამოგიტყვდებით და, იმდენი ილაპარაკეს ჩემს პირად ცხოვრებაზე, აღარ მინდა ამაზე საუბარი. თუმცა, რადგან მკითხეთ, უნდა გიპასუხოთ. ლელა ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანია – ქალი, რომელიც მე ძალიან მომწონს და მხიბლავს. ჩამოყალიბეულია, თავდაჯერებული და იცის, რა უნდა ცხოვრებაში. ჩვენი გაცნობაც შემთხვევით მოხდა, ალბათ ესეც ბედია. ლელამ დუბაიში, ერთ-ერთ კლუბში მოისმინა ჩემი სიმღერა, მოეწონა, დაინტერესდა და დამიკავშირდა.
– მოდი, თავად ლელა მოგვიყვეს როგორ მოიხიბლა შენით და რატომ გადაწყვიტა, სრულიად უცნობ მამაკაცს დაკავშირებოდა. ლელა, როგორც ვიცი, დუბაიში ცხოვრობ და საკმაოდ წარმატებული კარიერაც გაქვს.
ლელა: 2003 წლიდან, დუბაიში ვცხოვრობ, ინვესტიცია მაქვს ჩადებული ერთ-ერთ კომპანიაში. ერთ დღესაც, კლუბში წავედი, დიჯეი უკრავდა ქართულ სიმღერას. მომეწონა და ვკითხე, ვინ მღერის-მეთქი. მითხრა, ქართველია, მარკუს მეტრეველიო. დავინტერესდი და სოციალურ ქსელში მოვძებნე. მარკომ, როგორც მამაკაცმა, ძალიან მომხიბლა, არადა, საკმაოდ მკაცრი გემოვნება მაქვს. გადავწყვიტე, მისთვის მიმეწერა.
მარკუსი: სხვათა შორის, ბევრი მწერს სოციალურ ქსელში, მაგრამ ხშირად არ ვკითხულობ. ლელას მოწერილი წავიკითხე და მივხვდი, ეს ის ქალი იყო, ვინც მჭირდებოდა.
– რას გწერდა?
– მწერდა, რომ მოეწონა ჩემი ნამღერი და როცა ჩამოვიდოდა საქართველოში, ჭიქა ყავაზე, უფრო ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი. ეგრევე, გადავხედე მის ფოტოებს და მივხვდი, ეს ის ქალია, ვინც მე მჭირდება – მოვლილი, მოწესრიგებული, საქმიანი, ძლიერი და მივწერე, დიდი სიამოვნებით გაგიცნობ-მეთქი. ერთი წელი ერთმანეთს ტელეფონით ვუკავშირდებოდით, სოციალური ქსელით ვწერდით და სწორედ, ავარიის შემდეგ დამირეკა და მითხრა, ყავა ხომ არ დაგველიაო. თურმე, ჩამოსულა საქართველოში. სულ დამავიწყდა ჩემი ავარია მისი ხმა რომ გავიგე. რომ მომაკითხა ზუსტად ჩემნაირი, შავი „იქს 5-ით,” გამოვაღე კარი და სუნამოს სუნზე დავეცი. შევხედე ლელას და გადავირიე! რა ვქნა, მიყვარს კარგი ქალი კარგ მანქანას რომ მართავს, მოწესრიგებულია, სექსუალურად გამოიყურება და გამომწვევად მაცდური ღიმილი აქვს. გავიფიქრე, აი, ეს ის არის და მარტო მეგობრობა არ მინდა, უფრო მეტს მოვითხოვ-მეთქი (იცინის). მოკლედ, იმ დღის შემდეგ, სულ ერთად ვართ.
ლელა: მარკო, აბსოლუტურად ჯდება იმ მამაკაცის ტიპაჟში, ვისაც შეეძლო მოვეხიბლე. სრულიად მავსებს, ვეწყობით ერთმანეთს, ბედნიერად და კომფორტულად ვართ ერთად. გვიხარია ყოველი დილის გათენება, ყველგან ერთად დავდივართ.
– ამ ურთიერთობის დაკანონებას თუ ფიქრობთ? თუ, ჯერ ამაზე ფიქრი ადრეა?
– მე ის ადამიანი არ ვარ, მარკოს ოფიციალურობაზე დავუწყო საუბარი, მოვა დრო და ამაზე სერიოზულად დავფიქრდებით. ზრდასრული ადამიანები ვართ ორივე, ისე ვცხოვრობთ, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ და მომავალში რა იქნება, ეს დროის ფაქტორია. არც იმას ველოდი, რომ 45 წლის ასაკში, ასეთი გრძნობა მეწვეოდა და 28 წლის მამაკაცზე „გადავირეოდი”, მაგრამ მოხდა და ძნელია იმის დაგეგმვა, მომავალში რა იქნება.
მარკუსი: ასაკში სხვაობა 17 წელია, მაგრამ ხანდახან, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ლელა ჩემზე ცოტათი პატარაა. ერთნაირი ინტერესები გვაქვს, იდენტური გემოვნება და ურთიერთობას ეს კიდევ უფრო ამყარებს. მოკლედ, ძალიან ერთნაირები ვართ. და, მთავარი, ორივეს დილის ძილი გვიყვარს (იცინის). გამოგიტყდებით, პირველდ რომ დავინახე ლელა, ეგრევე წარმოვიდგინე საქორწილო თეთრ კაბაში.
– ანუ, ქორწილის გადახდას გეგმავ?
– რატომაც არა! ლელამ ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა ახალი დინამიკა და ენერგეტიკა, მარტოობა შემივსო. ასეთი გამოცდილი ქალის გვერდით, უფრო ძლიერი ხდები და იცი, ნებისმიერ საკითხზე დაელაპარაკები და ისიც ჭკვიანურად გირჩევს. მას სრულიად ვენდობი. ჩემი პირველი ქორწინება კრახით დასრულდა, რის გამოც სერიოზულ ურთიერთობებს ვერიდებოდი. მაგრამ, ახლა ახალ ცხოვრებას ვიწყებ. ლელამ კარგად იცის, რა უნდა და თუ რაიმე პრობლემა გაჩნდა, ზუსტად ვიცი, ამას ცივილიზებულად მოვაგვარებთ და დავძლევთ, ყოველგვარი მტკივნეული განცდების გარეშე. დღეს ურთიერთობა ისე ვითარდება, მგონი, ქორწილი არ აგვცდება (იცინის).
– ლელა დუბაიში ცხოვრობს და საქმიანობს. თქვენს ურთიერთობას ეს ხელს არ შეუშლის?
ლელა: არანაირად! ამაზე ვისაუბრეთ და მარკო ამბობს, მე დუბაიში ვერ ვიცხოვრებო. თან, მეც ჯანრთელობის პრობლემა მქონდა და ექიმმა თბილისის კლიმატი მირჩია. საქმეების მართვა, აქედანაც შემიძლია. ამიტომ, გარკვეული პერიოდი აქ ვიქნები, მერე კი გადავწყვეტთ ორივე.
მარკუსი: ლელა ემოციურია, მაგრამ იმავდროულად, დამთმობი. როცა წავკამათდებით, ისე დელიკატურად „გაგირჩევს” საქმეს, სხვა გზა არ არის, უნდა დაუთმო და დაუჯერო. ხომ ამბობენ, როცა ქალი ემოციებშია, ჯობია, გაეცალო და კიდევ უფრო არ დაძაბო სიტუაციაო. მე ვერ გავეცლები, ასეთი ემოციურიც მიყვარს და მომწონს.
– ის რომ, ლელა საკმაოდ თამამად და გამომწვევად იცვამს, ამაზე რა რეაქცია გაქვს?
– მომწონს, როცა ლელა მიდგას გვერდით, გამომწვევად აცვია და მას უყურებენ. რაც ლამაზი აქვს ქალს, უნდა გამოაჩინოს. უბრალოდ, უყვარს შავ-თეთრი ფერი და მხოლოდ ამას ვურჩევ, ცოტა გარდერობი გააფერადე-მეთქი.
ლელა: მოვა ზაფხული, რუჯს მივიღებ და აი, მერე „გავფერადდები” (იცინის).