რატომ არის „მედიქეა“ ქალბატონებისთვის კომფორტული კლინიკა
კლინიკა „მედიქეა“, რომელიც ჯერ მხოლოდ 3 წლისაა, თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პაციენტების სიმრავლეს, რა თქმა უნდა, განაპირობებს თბილი, კომფორტული გარემო, საქმის უზომო სიყვარული და დიდი პროფესიონალიზმი, რომელიც ამ კლინიკაში სუფევს, ამიტომ, მან უკვე მოიპოვა პაციენტთა ნდობა. ჩვენი მკითხველების გამოკითხვამ ცხადყო, რომ მათი დიდი ნაწილი აღნიშნული კლინიკის მომსახურებას ირჩევს. თუ რატომ და რა პრიორიტეტების გამო აკეთებენ არჩევანს პაციენტები ქალთა კლინიკა „მედიქეაზე“, ამის შესახებ კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, ქალბატონი თამარ უბილავა მოგვითხრობს.
– ქალბატონო თამარ, კლინიკა „მედიქეა” თბილისში პოპულარობით სარგებლობს. მოგვიყევით, როდიდან დაიწყო მან ფუნქციონირება, რამ განაპირობა მისი წარმატება და როგორია კლინიკის სამუშაო პროფილი?
– კლინიკამ ფუნქციონირება 2012 წლის 13 თებერვლიდან დაიწყო კლინიკის დირექტორის, რამაზ ჭიღლაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ექიმთა გუნდი, რომელთა დიდმა ენერგიამ, პროფესიონალიზმმა და საქმის სიყვარულმაც განაპირობა მისი წარმატება. კლინიკის ძირითადი პროფილია რეპროდუქტოლოგია, გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია და ორსულთა პატრონაჟი, თუმცა, აქ, ასევე, ტარდება უროლოგის, მამოლოგის, ანგიოლოგის, დერმატოლოგისა და სხვა დარგის სპეციალისტთა კონსულტაციები.
კლინიკაში ფუნქციონირებს უმაღლესი სტანდარტების მქონე, ულტრათანამედროვე ტექნიკითა და რეაქტივებით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც მთლიანად მოიცავს როგორც იმუნოფერმენტული კვლევის სპექტრს, ასევე, ბიოქიმიურ და კლინიკურ ანალიზებს; Volusson 3D/4D ექოსკოპიის ექსპერტული აპარატით აღჭურვილი ულტრასონოგრაფიის კაბინეტი (ექიმი რადიოლოგი რამაზ ჭიღლაძე), რომელიც საშუალებას გვაძლევს, ორსულობის ყველა ეტაპზე მოხდეს ნაყოფის სრულფასოვანი შეფასება და, ადრეულ ეტაპზე, კერძოდ, 12-13 კვირაზე – ქრომოსომული აბერაციების რისკებისა და ნაყოფის სხვა პათოლოგიების გამოვლენა. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის საშუალებით ხორციელდება მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონული სივრცის, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლებისა და რეგიონული ლიმფური კვანძების, საშარდე სისტემის, გინეკოლოგიური სისტემის გამოკვლევა.
კლინიკის ენდოკრინოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს მედიცინის დოქტორი დავით კეზელი. კლინიკაში ხდება ენდოკრინოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ბატონი დავითის ხელმძღვანელობით კლინიკაში მუდმივად მიმდინარეობს სამეცნიერო მუშაობა და ნაშრომების გამოცემა. 2014 წლის ზაფხულში ჩატარდა 5 სემინარი ჰიპერპროლაქტინემიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტების თემაზე, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისისა და საქართველოს სხვა რეგიონების გინეკოლოგები. ჩატარდა კონფერენცია ჩვეული აბორტებისა და ორსულობის დროს თრომბოფილიის მართვის თემაზე; გამოიცა წიგნები: „ფარისებრი ჯირკვალი და ორსულობა“, “ორსულთა (გესტაციური) დიაბეტი“ და ასე შემდეგ. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს ციტოლოგიური სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი თამარ კალოიანი. წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიით ხორციელდება ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნების ციტოლოგიური შესწავლა დიაგნოზის ვერიფიცირების მიზნით. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ დასმული წინასწარი დიაგნოზი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, უცხოეთის წამყვან კლინიკებშიც, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ჰისტომორფოლოგიური კვლევითაც დასტურდება. ჩვენი კლინიკის ექიმები მსოფლიოს საერთაშორისო ასოციაციების წევრები არიან და მონაწილეობენ ყოველწლიურ სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.
განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება ორსულთა პატრონაჟზე. ჩვენს კლინიკაში მოქმედებს სახელმწიფო პრენატალური პროგრამა. ორსულთა მართვა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმეა. დადასტურებულია, რომ ბავშვთა ფსიქონევროლოგიურ დაავადებათა ყველაზე მეტი პროცენტი იმ ბავშვებზე მოდის, რომელთა დედების ორსულობა გართულებებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაღალი რისკის ორსულთა მონიტორინგსა და იმ ორსულებს, რომლებსაც ანამნეზში ორი ან მეტი ჩვეული აბორტი აქვთ. კლინიკაში ორსულობის ადრეულ ეტაპზე ხდება როგორც Torch ინფექციების, ასევე, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამოკვლევა; სხვადასხვა ჰორმონული დარღვევების გამოვლენა, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის ვერიფიცირება და დროული მკურნალობა. ორსულობის როგორც პირველ, ისე მეორე ტრიმესტრში მაღალი რისკის ჯგუფის ქალებში ხდება გენეტიკური ტესტების ჩატარება.
– ცნობილია, რომ „მედიქეაში” ხდება წლობით უნაყოფო ქალბატონების განკურნება.
– დიახ, კლინიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ქალისა და მამაკაცის უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. უშვილოდ ითვლება წყვილი, თუ ერთი წლის რეგულარული, დაუცველი სქესობრივი ცხოვრების შემდეგ ორსულობა არ დგება. ასეთი წყვილის მომართვისთანავე ხდება ყველა საჭირო ანალიზისა და გამოკვლევის ჩატარება, უშვილობის მიზეზის დადგენა და ადეკვატური მკურნალობის დაწყება. ჩვენდა საამაყოდ, ათეულობით უშვილო წყვილს მივანიჭეთ შვილის ყოლის ბედნიერება და მათთან ერთად გავიზიარეთ ის სიხარული, რაც ჯანმრთელი პატარების დაბდებას მოაქვს.
კლინიკაში ფუნქციონირებს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია უახლესი Leisegang კოლპოსკოპიისა და კრიოდესტრუქციის აპარატებით. ტარდება საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური შესწავლა, PAP ტესტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის სხვადასხვა ხარისხი და თავიდან ავიცილოთ ონკოლოგიური დაავადებები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კლინიკაში წარმატებით ხორციელდება ისეთი გინეკოლოგიურ-ენდოკრინოლოგიური პათოლოგიების მკურნალობა, როგორიცაა: ჰიპერანდროგენია (მამაკაცური ჰორმონების სიჭარბე), ჰიპერპროლაქტინემიური (პროლაქტინის სიჭარბით გამოწვეული) საკვერცხეების პოლიცისტოზური სინდრომი, გალაქტორეა (სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენი), მენო-მეტრორაგია (გახანგრძლივებული მენსტრუაცია და სისხლდენები) და ასე შემდეგ; ასევე ხდება გინეკოლოგიური კეთილთვისებიანი წარმონაქმნების (კვანძოვანი მიომა, საშვილოსნოს ყელისა და ღრუს პოლიპების, საკვერცხის სხვადასხვა გენეზის კისტების) გამოვლენა.
– ქალბატონო თამარ, ქალთა კლინიკა ,,მედიქეაში“ მამაკაცებსაც მოვკარი თვალი. პაციენტები არიან?
– მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკა „მედიქეა“ ასევე კომფურტული აღმოჩნდა მამაკაცებისთვისაც, რომლებსაც, მიუხედავად სახელწოდებისა (ქალთა კლინიკა), მრავლად ნახავთ ჩვენს დაწესებულებაში. ეს ფაქტი განაპირობა იმ ექიმთა მაღალმა პროფესიონალიზმმა, რომლებაც ისინი მიმართავენ (ედოკრინოლოგი, უროლოგი, ანგიოლოგი, ექოსკოპია, ლაბორატორია); ასევე, თბილმა ატმოსფერომ და სამედიცინო პერსონალის კეთილგანწყობამ, რაც მათ კლინიკაში დახვდათ.
ჩვენი მესიჯია – „თქვენზე მზრუნველი კლინიკა“, რომელსაც კლინიკა ერთობლივი, ენერგიული, თავდაუზოგავი და მაღალპროფესიული შრომით ახორციელებს. დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ იმ ექიმთა გუნდს, რომელთა მაღალმა პროფესიონალიზმმა და პაციენტისადმი სიყვარულმა განაპირობა კლინიკის წარმატება, რამეთუ, მედიცინაში წარმატებული კლინიკა – წარმატებულ ექიმთა გუნდია. ესენი არიან: დავით კეზელი, მაია ხუბუა, ხათუნა კერესელიძე, ლელა რუხაძე, რაია არაბიანი, ნანა თორთლაძე, გოგი ბოჭორიშვილი, გურამ უბილავა, სანდრო ბოჭორიშვილი, ლია გრიგოლია, რევაზ ციციშვილი, ნანა გოგოლაძე, ნინო ჭავჭავაძე, მარინა გიორგობიანი, ნინო იზორია, გიორგი შიოშვილი და სხვები; კლინიკის ხელმძღვანელია რამაზ ჭიღლაძე. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სამედიცინო პერსონალს (ექთნებს, სანიტრებს), რომელთა ყურადღება და მზრუნველობა შეუმჩნეველი არ რჩებათ პაციენტებს.