რატომ ვერ შეელია ბრიტანელი ტურისტი საქართველოს და როგორ შეცვალა მისი ცხოვრება სვანეთმა
წარმოშობით უელსელი ტონი ჰანმერი დღეს სვანეთში ცხოვრობს. ბრიტანელი მოგზაური სვანეთმა და მისმა სილამაზემ იმდენად მიიზიდა, რომ საცხოვრებლად უშგულში ჩამოვიდა და ქართველი ცოლი შეირთო. ტონის ისტორია ცოტა უცნაურია. ამჟამად ის სვანეთში მცხოვრები, ერთი ჩვეულებრივი მეურნეა: მუშაობს მიწაზე, იღებს მოსავალს, ჰყავს საქონელი. უბრალო ტურისტი, რომელიც სვანეთს ტრადიციების გასაცნობად და კოშკების სანახავად ესტუმრა, საბოლოოდ, სოფელ ეცერში დასახლდა. ტონი 47 წლისაა და 15 წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს: საბჭოთა კავშირის შემდეგ რუსეთში ვცხოვრობდი. სწორედ იქ გავიგე საქართველოს არსებობის შესახებ. მაინტერესებდა კავკასიელი ხალხი და მათი ენა. ბევრი წავიკითე და გავიგე მათ შესახებ. ყველაზე მეტად სვანეთმა და სვანურმა ენამ მიმიზიდა.
– ვიდრე სვანეთში ჩამოხვიდოდით, მის შესახებ რა სახის ინფორმაციას ფლობდით?
– ძალიან ცოტა რამ ვიცოდი. მაგრამ, რაც წავიკითხე და გავიგე, საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის. ათასი წლის კოშკები, რელიგია, ტრადიცია, განსხვავებული ხალხი, უძველესი მხარე შესანიშნავი ბუნებით საკუთარი თვალით მინდოდა მენახა. საქართველოში სწორედ სვანეთის გამო ჩამოვედი.
– მარტო ჩამობრძანდით სვანეთის სანახავად?
– არა, სამ მეგობართან ერთად ვიყავი. ქუთაისიდან ტაქსით ჩამოვედით. ეს მწვანე მთები და საოცარი ბუნება რომ დავინახე, ლამის გავგიჟდი. ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია და მსგავსი რამ არ მინახავს. არ ვიცი, ასე რატომ მოვიხიბლე ამ კუთხით. მესტიაში პირველად რომ ჩამოვედით, ღამე იყო და შუქი არ ენთო. შესაბამისად, კოშკებიც არ მინახავს. სიზმარი მქონდა ნანახი, რომ მესტიაში ვიყიდე ფოტოაპარატი, მაგრამ აქ რა ფოტოაპარატი უნდა მეყიდა, სურსათის მაღაზიაც კი არ იყო. დილით რომ გავიღვიძე და გარეთ გამოვედი, ერთი კითხვა, რაც ჩემ თავს დავუსვი ეს იყო: აქ რა ხდება? კოშკების სამშობლოში ვიყავი.
– სვანეთის გარდა, სხვაგან თუ გიცხოვრიათ საქართველოს ტერიტორიაზე?
– საქართველოს ყველა კუთხე მაქვს ნანახი: ხევსურეთი, რაჭა, აჭარა, კახეთი და ასე შემდეგ. არც ერთი კუთხე არ ჩამოუვარდება სვანეთს სილამაზით, მაგრამ ეს მაინც სულ სხვაა. აქ სხვა ხალხი ცხოვრობს – საკუთარი ენა აქვთ, განსხვავებულები არიან. გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისში ვცხოვრობდი. საბოლოოდ, სოფელ ეცერში დავსახლდი.
– რატომ ეცერი?
– პირველად, უშგულში რატიანების ოჯახში, სტუმრად ვცხოვრობდი. უშგული ყველაზე მაღალი დასახლებაა. იქ ნამდვილი ზამთარი იცის. უნდა გამეგო, სად როგორი კლიმატი იყო, ამიტომ უშგულით დავიწყე სვანეთში ცხოვრება. თავდაპირველად, საცხოვრებლად რომ ჩამოვედი, ადგილობრივებს ვკითხე, სურდათ თუ არა მათ სოფელში მეცხოვრა და რა შემეძლო გამეკეთებინა მათთვის. მაშინ მითხრეს, რომ ბევრი ტურისტი მოდიოდა, მაგრამ ინგლისური სვანეთში არავინ იცოდა. შემომთავაზეს ინგლისური მესწავლებინა ბავშვებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო. ბავშვებს სახელმწიფო პროგრამის გარეშე ვასწავლიდი. სკოლის ოფიციალური მასწავლელები არ ვიყავი. შემდეგ დაიწყო საქართველოს პროგრამა ინგლისურის მასწავლებლების შესახებ. უცხოეთიდან ჩამოჰყავდათ ხალხი. მეც ჩავები. მაშინ უკვე მეუღლეც მყავდა, ისიც პედაგოგია. ერთი წელი უშგულში ვცხოვრობდით, შემდეგ ეცერში ვიყიდეთ სახლი.
– როგორ შეეგუეთ თავიდან სვანეთს და სვანებს?
– ძალიან თბილად მიმიღეს. ყოველთვის ცდილობდნენ ჩემს დახმარებას. ჩემთვის ყველა ოჯახის კარი ღია იყო. აქ განსხვავებული ხალხი ცხოვრობს. ყველას მოგეხსენებათ, ადრე სისხლის აღების წესიც კი ჰქონდათ. საბედნიეროდ, ეს ტრადიცია დღეს აღარაა, მაგრამ თავისებური ხასიათი მაინც შემორჩათ. ჩემი მეუღლე ხშირად ამბობს, როგორც კახეთში იციან მეზობლებმა ერთად თავის მოყრა და საუბარი, აქ ასე არაა, ყველა თავისთვისაა. ძალიან ღრმა და ჭკვიანი ხალხია.
– ქართველი მუღლე გყავთ, სად გაიცანით?
– ლალი კახეთიდანაა. ჩვენ დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ერთად ვმუშაობდით თბილისში. ვიდრე სვანეთში დავსახლდებოდი, თბილისში ვცხოვრობდი. ლალი ცოტა ხანი ჩემი მოსწავლე იყო, ინგლისურში ვამეცადინებდი. უფრო ვეხმარებოდი, ვიდრე ვასწავლიდი. ახლა თარჯიმანია, ინგლისურიდან თარგმნის წიგნებს ქართულ ენაზე. 5 წელია, რაც ოჯახი შევქმენით.
– მან იცოდა თქვენი არჩევნის შესახებ, რომ სვანეთში მოუწევდა ცხოვრება?
– ლალიმ იცოდა, რომ როგორც კანადაში, ასევე სვანეთშიც მოგვიწევდა ყოფნა. ეს რთულია მისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩემთვის. ისიც მზადაა, ჩემს გამო ასეთ ცხოვრებას შეეგუოს. როგორ შეიძლება, პატივი არ ვცე. ბრწყინვალე ადამიანია.
– სვანეთში დღეს რას აკეთებთ, გარდა იმისა, რომ მასწავლებელი ხართ?
– ფერმერები ვართ. გვაქვს სასტუმრო, ჩემი სურათების გალერეა და მაღაზია.
– საქართველოში ჩამოსვლამდე სად და როგორ ცხოვრობდით?
– მამაჩემი ინჟინერი იყო. საკმაოდ შეძლებული ოჯახი გვქონდა. ბევრს ვმოგზაურობდით, სამხრეთ აფრიკაშიც ვცხოვრობდით ერთი პერიოდი. ბრიტანეთში დავიბადე, შემდეგ კანადაში გადავედით. ბავშვობიდან მოგზაურობა მიყვარდა. ამ მოგზაურობამ მომიყვანა სვანეთამდე. ბოლომდე სვანეთში დარჩენას ვაპირებ.
– სვანურ ენასაც ხომ არ ეუფლებით?
– ეგ არ მკითხოთ. ქართული ხომ რთულია, მაგრამ სვანური ძალიან ძნელია. ვერ ვსწავლობ (იცინის). ცოტა სიტყვა ვიცი სვანურად.
– რა მოგწონთ სვანების და რა არა?
– ზოგადად, ქართველების სტუმარმასპინძლობის ტრადიცია, ძალიან ღრმა და სერიოზულია. უცხოელმა აუცილებლად უნდა იცოდეს თქვენი წესები, თორემ გაუჭირდება აქ გაჩერება. ჩვენთან თავისუფლებაა მთავარი სტუმრისთვის, აქ პირიქითაა. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, უბრალოდ, განსხვავებულია ყველასგან. მე თუ არ მინდა დალევა ან ჭამა, ეს უნდა გაიგონ (იცინის). ვიცი, რომ ეს თქვენი გულიდან მოდის, მაგრამ საზღვარი უნდა იყოს. ჩვენთან სტუმარი წინასწარ გაფრთხილებს, რომ მოსვლას აპირებს. თუ დედა მოვა სტუმრად და შვილი ვერ გაუმასპინძლდება, ბოდიშს მოუხდის და მორჩა. აქ კიდევ ეს სირცხვილად ითვლება. გაქვს თუ არა, ისეთი სუფრა უნდა გაშალო, არაფერი აკლდეს.