რატომ აიყვანა ხალხი მყინვარწვერზე კედებით ვახუშტი კოტეტიშვილმა და ვის მიერ დანატოვარი წერილი წამოიღო მან იქიდან
„...თავდებოდა არდადეგები და ისევ ასფალტი, ისევ კედლები და ისევ სახლებით შემოზღუდული რუხი ცის ნაფლეთი და ლოდინი, როდის მოვიდოდა ისევ გაზაფხული. ჩემთვის ბავშვობა ეს მოლოდინი იყო, სოფლის მოლოდინი... და ყველაფერი, რაც ჩემშია, რასაც ქართული სული და მადლი ჰქვია, იქიდან მოდის. როგორ მესმის ნიკო სამადაშვილის, რომელიც ქალაქის ორომტრიალში ნატრობდა: „როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი, როგორ მინდოდა, იქ მომკვდარიყავ.” დღეს ძალიან საინტერესო კაცის, ქართველი ფოლკლორისტის, ვახუშტი კოტეტიშვილის დღიურებს გადაგიშლით, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა ხალხურ პოეზიაში. იმერეთში იმერელი იყო, გურიაში – გურული, ქართლში – ქართლელი, ფშავში – ფშაველიო, – იხსნებენ მისი ნაცნობ-მეგობრები.
კოტეტიშვილები კავთისხევიდან არიან. კავთისხევში კი, გომიჯვრიდან გადმოსახლებულან, – ამბობს მაყვალა გაჩეჩილაძე წიგნში „ვახუშტი კოტეტიშვილი”. კოტეტიშვილები აზნაურები ყოფილან და მათი გვარი პირველად 1518 წელს, ქვათახევის მონასტრის აღაპში ყოფილა მოხსენებული. კოტეტიანთ ჰქონიათ საკუთარი ეკლესია. ერთ-ერთ კოტეტიშვილს მეფის კარზე მღვდლად უმსახურნია და აზნაურის წოდებაც მაშინ მიუღია. ლეკიანობის დროს, ნაწილი კოტეტიშვილებისა გომიჯვრიდან კავთისხევში ჩასახლებულა და ვახტანგიც ამ ჩამოსახლებულ კოტეტიანთ შტოს ეკუთვნის. ვახტანგის პაპა – ივანე კი, თბილისში გადმოსახლებულა. იყო თერძი და თავისი პატიოსანი შრომით არჩენდა ოჯახს. ივანეს ოთხი შვილი ჰყავდა, ოთხივე ვაჟი. ერთი ხელოსანი იყო, ერთი – მხატვარი, ორი – მღვდელი. ერთ-ერთ მღვდელს ამ ორიდან, ვახტანგის მამას წერა-კითხვა მონასტეში შეუსწავლია... ვახუშტის დიდედა – ეკატერინე ალექსის ასული ბიძინაშვილი ენათესავებოდა ოქროპირიძეების იმ დროს ცნობილ ინტელიგენტურ ოჯახს... ეკატერინე დარბაისლობითა და შინაგანი კულტურით იქეცვდა ყურადღებას. მათ ოჯახში როგორი საპატიო სტუმარიც არ უნდა მისულიყო, ეკატერინეს დიასახლისობითა და მასპინძლობით უთუოდ კმაყოფილი წავიდოდა... მისი ახლობლების გადმოცემით, ეკატერინეს სცოდნია მეტად მომხიბლავი თხრობა. ის დიდად ზრუნავდა თურმე შვილების გონებივ განვითარებაზე და ყოველდღიურად, როგორც წესი, ორ-ორ საათს ბავშვებთან მეცადინეობას უთმობდა...
... როგორც წესი, სემინარიადამთავრებულებს უფლება ენიჭებოდათ, მხოლოდ ინსტიტუტებში გაეგრძელებინათ სწავლა. ვახტანგმაც, მიუხედავად იმისა, რომ გული და გონება უნივესიტეტისკენ ეწეოდა, პეტერბურგის ინსტიტუტს მიაშურა... 1911 წელს კოტეტიშვილი უკვე პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურის სტუდენტია. ამ ინსტუტუტს ერთი კარგი ტრადიცია ჰქონდა, პირველ და მეორე კურსზე იკითხებოდა ლექციები ზოგადსაგანმათლებლო საგნებში (ლიტერატურა და მისი ისტორია, ფილოსოფია, ლოგიკა, ფსიქოლოგია, სოცილოგია, ფილოსოფიის ისტორია, ხელოვნების ისტორია და სხვა)... ამ ინსტიტუტში გატარებული წლები უზომოდ ნაყოფიერი გამოდგა ვახტანგ კოტეტიშვილისთვის იქ იპოვა მან „თავისი თავი”...
ვახუშტის ჩანაწერებიდან: „ჩემი ბინის ოთახები ვეღარ იტევს სხვადასხვა ფერის, ზომისა თუ სისქის რვეულებს, უბის წიგნაკებს, ბარათებსა თუ ფარატინა ფურცლებს („მამული” 2009 წ.). დატენილსა და დაბერილ საქაღალდეებს ბატიფეხურით ნაწერი ლექსებით, თქმულება-ლეგენდებით, შელოცვებით, ანდაზებით თუ ნაკვესებით... ეს ყველაფერი ყოველდღიურად იზრდება, მრავლდება, ხვავდება და ბოლო არ უჩანს, ლამის ქვეშ დაგვიტანოს მთელი ოჯახი. გზავნიან ფოსტით, მოაქვთ პირადად, ხელიდან ხელში ან ატანენ ვინმეს, ელიან პასუხს. მოხუცნი თუ ახალგაზრდანი, თვით ავტორნი თუ მათი მემკვიდრენი, გათვითცნობიერებული ჩამწერ-შემკრებნი თუ შემთხვევითი პირები, რომელთაც სადღაც, ოდესღაც, როგორღაც ვიღაცისგან სმენიათ, მოუკრავთ ყური, ჩაუწერიათ და არ უნდათ, რომ დაიკარგოს... იქნება რამეში გამოგადგეთო – იტყვიან მორიდებით და გიტოვებენ ძველი სკივრებიდან ამოლაგებულ პაპებისა და მამა-ბიძების მიერ ჩაწერილ მასალებს… ზოგ კონვერტს აწერია ჩემი ბინის მისამართი, ზოგს უნივერსიტეტის ან ტელევიზიისა, ზოგსაც მთარგმნელთა კოლეგიისა თუ ასოციაციის, ხოლო ზოგიერთს კი პირდაპირ: თბილისი. ვახუშტი კოტეტიშვილს, ყოველგვარი მისამართის გარეშე…” ნელ-ნელა მისი სახლი ზნეს იცვლის, მარტო სახლი კი არა, ადგილი, სადაც შეიძლებოდა მთელი საქართველოდან მოსულიყვნენ, თავისი ეთქვათ და მასპინძლისა მოესმინათ. ამ შემთხვევაში, არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, რომ აქ პროფესორი ცხოვრობდა, არც იმას, რომ ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი დიდი დამფასებელი და მცოდნე... მთავარი იყო, რომ აქ ვახუშტი დახვდებოდათ – მთელი საქართველოსთვის შინაური. ხომ არსებობს გენეტიკური კოდი, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ადამიანის მთელ ცხოვრებას წარმართავს? მასშიც ძალიან ძლიერი იყო მემკვიდრეობით მიღებული გენეტიკური კოდი... იქნებ ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ვახუშტის ზრდიდა დიდედა, არაჩვეულებრივი ქალბატონი – ეკატერინე ბიძინაშვილი. ის იყო ქართული ხალხური სიტყვიერების ცოცხალი საგანძური. ამისი დასტური მისი ვაჟი, ქართული მეცნიერული ფოლკლორისტიკის ფუძემდებელი, დიდი მეცნიერი ვახტანგ კოტეტიშვილი და თავად ვახუშტი გახლდათ. ორივე მისი გაზრდილი იყო, ორივეს უამბობდა ძილის წინ ქართულ ზღაპრებსა და ლექსებს… ორივეს ყური მიეჩვია ქართულ სიტყვას, ორივეს გულმა ქართული ფესვიდან გაახარა ყლორტები. მამა-შვილს საერთო სული ჰქონდა, რომელიც ჩარჩოს არასოდეს იგუებდა და ეროვნულს ვერასოდეს უგულებელყოფდა. „ჩემი ყველაზე დიდი სიამოვნება საქართველოს მთასა თუ ბარში, კლდესა თუ ღრეში ხეტიალი იყო. ავიკიდებდი ზურგჩანთებს, კარვებს და მივდიოდი. ფეხით მაქვს შემოვლილი მთელი საქართველო-მეთქი, – ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ბევრ კუთხეში ვყოფილვარ. შევხვედრივარ არაჩვეულებრივ ხალხურ მთქმელებს, მელექსეებს, ვაგროვებდი ძველ ნივთებს – ხალხური შემოქმედების ნიმუშებს. ამას უბრალოდ, როგორც მოყვარული, ისე ვაკეთებდი.” ირანისტი იყო, ორი დისერტაცია დაიცვა ირანისტიკაში. უზადოდ თარგმნა სპარსული პოეზია, მაგრამ მაინც… მთელი არსებით ვერ გადაერთო მხოლოდ ირანისტიკაში, უკვე პროფესორი იყო, გულმა რომ ფოლკლორისტიკისკენ გაუწია… გაუწია და გაჰყვა, თვითონაც ღიმილით ამბობდა, – კვიცი გვარზე ხტისო… „საოცარია, საქართველო სულ ერთი მუჭაა, მაგრამ უაღრესად მრავალფეროვანი… სვანეთში გგონია, დეკორაციას უყურებ, თან ახლავს რაღაც სიცივე და ამავე დროს ამაღლებულია. ხევსურეთი პირქუშია, ხევი – შიშველი კლდეები, თუშეთში ყველაფერი თბილი და ტკბილია. იქ თუშური გარმონი სხვანაირად ჟღერს, ვიდრე ბარში. რამდენ ქართველს ვიცნობ, რომ არ იცის, ხევი საქართველოს კუთხე რომ არის, ხეობა ჰგონიათ. რომ გიყვარდეს, უნდა იცნობდე. არ იცნობენ.” იმერეთში იმერელი იყო, გურიაში – გურული, ქართლში – ქართლელი… ფშავში კოპალობაზე ავიდა. ცივა, ცივა, ძვალსა და რბილში ატანს სიცივე. ფშაველებმა ნაბადი მოახურეს, ბოხოხი დაახურეს. წავიდა კაფიაობა. ჩაერთო ვახუშტიც. ამ დროს დაგვიანებული მლოცველები ამოვიდნენ რუსთავიდან. ერთი ვერ შეიცნეს და იკითხეს, ეს რომელი ფშაველიაო. ეგ თბილისელი დოცენტიაო… დოცენტი არა ისა, ვერა ვხედავთ, ფშაველი მწყემსიაო! მაშინ ძალიან ბედნიერი-იყო… თელავში სუფრა გაუშალეს. კახური ლხინი დაიწყო. მორიდებით იჯდა ერთი კახელი, ეტყობა, ფიქრობდა, ქალაქელმა მეცნიერმა არაფერში დამძრახოსო… უყურა, უყურა და რომ მიხვდა, ვახუშტი კახელზე უფრო კახელი იყო კახელებთან, გახალისებულმა ხმა აიმაღლა: ბატონო ვახოჯან, მე იმ წლების დედა ვატირე, ჩვენ რომ ერთმანეთს არ ვიცნობდითო.
ყველაზე მეტად ახარებდა, ქართველი გლეხი თავისად რომ მიიღებდა… ამით თითქოს პირდაპირ საქართველოს გულის ფიცარზე ამბორს ახერხებდა. ამიტომაც არ სჭირდებოდა მისამართისა და გვარის დაზუსტება. მთელი საქართველოსთვის ერთადერთი იყო...
მთასვლელებთან ერთად თურმე არასოდეს ყოფილა, ლეილას – უფროს დას, მის გამზრდელს ეშინოდა და ვერ ანერვიულა… ისე კი, ცხადია, უნდოდა… ჰოდა, განგებამ ინება: „ერთხელ სტუდენტები მიმყავდა ჯუთიდან არხოტში. ისეთი ნისლი იყო, არაფერი ჩანდა. გზა აგვებნა. ვიბოდიალეთ და მწვერვალზე არ აღმოვჩნდით?! ხალხი იქ კედებით ავიყვანე, ყოველგვარი ძალაყინების გარეშე. მოვხსენით ალპინისტების მიერ დატოვებული წერილი: იქ ყოფილან დონის როსტოვის საზოგადოება „სპარტაკის” წარმომადგენლები. დავტოვეთ ჩვენი მონაცემები, ის კი წამოვიღეთ”…