კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიაჩნია მამუკა ჩარკვიანს მის მიერ ჩადენილ სისულელედ და რაში გამოუტყდა ის საკუთარ თავს

ჩვენს რუბრიკაში ერთი და იგივე კითხვებით მივმართავთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე მდგომ ცნობილ ადამიანებს. 

– ვინ ხართ? გაგვეცანით.

– მე ვარ მამუკა ჩარკვიანი, მუსიკოსი.

– ყველაზე მძაფრი შეგრძნება ბავშვობიდან...

– კინოში წამიყვანა მამაჩემმა, რაც ძალიან იშვიათად ხდებოდა ხოლმე. კინოს გვერდით იყო რესტორანი „თბილისი”. იქ მამას ელოდებოდნენ ტარიელ ჭანტურია, ოთარ ჭილაძე. ჯანსუღმა უთხრა: ახლა ბავშვს ფილმს ვანახვებ და შემოგიერთდებითო. კინოში შესასვლელად ბილეთის რიგში დავდექით. ვიღაცა კაცი იყო დიდი, მოზვერივით. დამამახსოვრდა, მოვიდა ურიგოდ ბილეთის ასაღებად. მამაჩემმა დაუძახა: ბიჭო, რას შვრები, ბავშვთან ერთად ვარ და რიგში ვდგავარ, იქნებ მეც მაგვიანდებაო. დაგაგვიანებ მე შენ, რომ გამოვალ ახლა აქედანო – ცოტა „ნაყლაპში” იყო ეტყობა. ჩაგვეშალა კინო, რა თქმა უნდა, ატყდა იქ ამბავი. ხალხმა არ მისცა ბილეთის აღების საშუალება. მამაჩემმა, გამოდიო. რომ გამოვიდა ეს მოზვერივით კაცი, სულ მაცახცახებდა, რომ მამაჩემს რამე არ მოსვლოდა. ჯანსუღი ცოტა მაღალზე იდგა და თავური რომ დაარტყა, იქვე დააგდო. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძაფრი შეგრძნება ბავშვობიდან – მამის სიძლიერის დანახვა და მასზე ნერვიულობა. ამ პერიოდში სულ ახალი შესული ვიყავი სკოლაში და ეს ამბები დღემდე კადრებივითაა ჩემს გონებაში აღბეჭდილი. 

– დაახასიათეთ საკუთარი თავი.

– ვარ, როგორც ამბობენ, კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე ადამიანების მიმართ და ძალიან მალე ვივიწყებ წყენას.

– სწორი არჩევანი გააკეთეთ ცხოვრებაში?

– ახლა რომ ვუყურებ, ამ გადასახედიდან, მეუღლეზე მოგახსენებთ, რომ ეს იყო სწორი არჩევანი. მე სხვანაირი კაცი ვიყავი, ერთი ფეხი იქ მქონდა, მეორე აქ. რაც მთავარია, ვასწრებდი. მერე ირმას ვეცი პატივი, თუ დრომ მოიტანა, რომ რასაც მივაღწიე, თუ რამეს მივაღწიე... ყოველ შემთხვევაში, იმას მივაღწიე, რომ ფულს არ მართმევენ ტაქსის მძღოლები და ხალხს ვუყვარვარ გულწრფელად, ეს ორი რამ ვიცი. ეს ალბათ, გამომდინარეობს ჩემი არჩევნიდან და შემოქმედებიდან. შემოქმედება არ იქნება ისე, სიწყნარე თუ არ იქნებოდა. მე ახლაც ვცდილობ, რომ ბობოქარი ცხოვრება მქონდეს, მაგრამ წლები მაინც თავისას შვრება. იქ შვილები წამოვიდნენ, შვილიშვილები... მე მაქვს ნათქვამი ასეთი რაღაც, პირობითად საპარიკმახერო რომ ავიღოთ „ბირჟად”. საპარიკმახეროსთან დიდხანს არ უნდა გაჩერდე, თორემ ვიღაცა მოვა და გაგაგდებს. ჯობია, შენით იგრძნო ის დრო, როცა უნდა დატოვო ტერიტორია და აკეთო სხვა საქმეები. ყველაფერს თავისი დროს აქვს. შეიძლება ამიტომ... მაგრამ იმიტომ თუ ამიტომ, შემოქმედებას სჭირდება აუცილებლად რაღაცა გარკვეული ცვლილებები. მე ამაში ირმა დამეხმარა. მუსიკა იყო ჩემი ჰობი და გადაიზარდა პროფესიაში. 

– როგორი ჰგონიხართ და სინამდვილეში როგორი ხართ?

– მე არასოდეს ვთამაშობ და მგონია, რომ ამას გრძნობენ. პირდაპირი ვარ, თანაც ზედმეტად. ერთ ეპიზოდს მოგიყვებით: არის ომის დრო. მე და ირმა, მეტრო „დელისში” ჩავედით. ჩამოვიდა გოგო ტირილით, ორი ბიჭი მოჰყვება უკან ავტომატებით, რომლებიც გზადაგზა კაბას უწევენ ავტომატის ლულით. მე დავუძახე, მოვალ და მაგ ავტომატს... გაჩერდა, შემხედა და წავიდა... ეს გოგო მოვიდა, დაგემგზავდებითო და გამოგვყვა. 

– ვინ გინდოდათ ყოფილიყავით და ვინ ხართ რეალურად დღესდღეობით?

– მინდოდა, ვყოფილიყავი კინორეჟისორი. გავხდი ფილოლოგი, დღეს მუსიკოსი ვარ.

– რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?

– პატივს მცემენ ძალიან, მაგრამ რატომღაც ისე ხდება, 5 სოლო კონცერტი მაქვს ჩატარებული და სპონსორი, როგორც ასეთი თქვენ წარმოიდგინეთ, არ მყოლია. ვიღაცის დანიშნული ხელფასი არ მაქვს. ეს, თან მომწონს, მაგრამ თან მწყინს, ვბრაზდები – მარტო მე მტოვებენ ხოლმე... მივხვდი რატომაც – ყველას ვგონივარ იმპოზანტური. ამ დროს არ ვყოფილვარ არასდროს. მაგრამ, ეტყობა, იყო ჩემში რაღაცა ისეთი, რომელიც ქმნიდა აზრს, რომ ამას არ სჭირდება. ეს ფაქტია, რომელიც, ალბათ, ჩემი თვისებებიდან მომდინარეობს.

 არ მიყვარს ვაჭრობა, რითაც ძალიან სარგებლობენ კონცერტებზე. 

მომწონს, რომ ჩემი სახელი და გვარი, ასეა თუ ისე, გინდა გაწიე გინდა გამოწიე, შევქმენი. 

არ მომწონს ის, რომ მეტს ვეღარ ვქაჩავ. სამოცის ვხდები და მინდა, მეტი პატივისცემა და დაფასება ჰქონდეს ყველა ხელოვანს 60 წლის მერე მაინც. 

– ყველაზე დიდი სისულელე, რაც ცხოვრებაში ჩაგიდენიათ...

– ყველაზე დიდი სისულელე, რაც ცხოვრებაში ჩამიდენია არის ის, რომ ყველა არჩევნებზე ვარ მისული. 

– საერთოდ, ფიცხი ხართ?

– მომთმენი ვარ სადამდეც შეიძლება და რომ აღარ შეიძლება, მერე ფიცხი ვხდები, მაგრამ უცებ მივლის. 

– როგორი ხართ გაბრაზებული?

– ცეცხლებს ვაფრქვევ, მაგრამ უცებ ვწყნარდები. იშვიათად ვბრაზდები, უფრო ვაჟზე, მინდა, რომ კარგი გამოვიდეს, ცუდი დროა... ყოველთვის ცუდი დროა, როცა 18 წლის შვილი გყავს. 

– რა შემთხვევაში კარგავთ თავს?

– როდესაც არასწორია კაცი, ან მატყუებს და თან, თვალებში მიყურებს უტიფრად. მაშინ მგონია, ჩემი თავი დებილი და გამოვდივარ მდგომარეობიდან.

– მომწონს...

– მომწონს ის, რომ დედ-მამა ცოცხალი მყავს და საშუალება მეძლევა, ბოდიში მოვუხადო იმ საქციელზე, რაც მე ჩავიდინე 60 წლის განმავლობაში.

– აღმაშფოთებს...

– ეს რა ვგჭირს ქართველებს... იმ დღეს ჩემთვის ვიჯექი და ვუკრავდი გიტარაზე რამდენიმე პოპულარულ სიმღერას, რასაც გვასწავლინდნენ და ჩვენს შვილებს ვასწავლით. დავიწყე: „ჟუჟუნა წვიმა... გული გაუპოს დანამა. დანამა, დანამა, დანამა....” დაჩეხა, – ამას ჰქვია მკვლელობა ჟუჟუნა წვიმას შეფარებული. მეორე, – „ჩემო ციცინათელა... ანათებ და კარგი ხარ, მაგრამ მე რას მარგიხარ”, – საშინელ ეგოიზმთან გვაქვს საქმე.  მერე – მთელი მსოფლიო ეძებს კაცს, – თამარ მეფის საფლავი არ ვიცით, ფიროსმანის, შოთა რუსეთაველი და ვეძებთ სულიკოს, რომელიც ვერ ვნახე დაკარგულიყო. კიდევ – „უფალო ღმერთო, რად გამაჩინე.... თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე...”

მე მინდა, რომ უფრო მაგარ საქართველლოში ვცხოვრობდეთ და ეს ნაცარქექიები და ჭინჭრაქები უნდა მოვიცილოთ.

– ხშირად დამთვრალხართ, როგორი ხართ ამ დროს?

– ძალიან ხშირად. მე ძალიან ვსვამდი ერთი პერიოდი, მაგრამ გამოვსწორდი. სიმთვრალე კარგი მაქვს, მაგრამ მქონდა ცუდი პერიოდები, თუმცა არ ვაპათოლოგებდი. სმით ვსვამდი ზომაზე მეტს. ის კი არა ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ ლოთი ვარ-მეთქი და აი, მაგან გადამარჩინა.

– ვის ეკუთვნოდა რჩევა, რომელიც ცხოვრებაში   გამოგადგათ და რა იყო მისი შინაარსი?

– პირველი კონცერტი რომ ჩავატარე, მამაჩემმა მითხრა: შენ საკმაოდ ზევით ახვედი. მე გეტყვი, ქართველ კაცს რა თვისება აქვს. აი, ახლა აგიტაცებენ ხელში და აგიყვანენ ზევით. ცოტა თუ შეგატყვეს, რომ თავმდაბალი აღარ ხარ, გაგიშვებენ ხელს და სულ გლიჯინით წამოხვალ ზემოდან. ეს გაითვალისწინეო. მე გავითვალისწინე.

– ცხოვრებამ მასწავლა რომ...

– რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია.

– რისთვის ღირდა ცხოვრება?

– დამირეკეს ერთხელ, ფსიქიატრიულში თუ მობრძანდებითო. ვიფიქრე,  რა ხდება-მეთქი. მივედი და მითხრეს, თქვენ სიმღერებზე საოცრად წყნარდებიანო. დავჯექი, ვუმღერე რამდენიმე სიმღერა. 

ერთხელ მითხრეს, იცით, გამოკვლევა ჩავატარეთ და თქვენი „ირინოლა” ყველას აწყნარებს, ბევრი იძიენებს ამ სიმღერაზეო. ეტყობა, კოდი დევს ამ სიმღერაში. ჩემი ყოფილი მეუღლე, ირინოლას დედა საღამოს დასწრებულზე სწავლობდა. ბიჭებს რომ კარტი გვეთამაშა, ირინოლას ავიყვანდი და ამ სიმღერაზე ვაძინებდი ხოლმე. 

გამოდის ცხოვრება ღირდა იმისთვის, რომ იგრძნო, როგორ უყვართ, მოსწონთ ის, რაც შენ შეგიქმნია...

– რას არ გააკეთებთ არასდროს, რამდენი ნულით დაბოლოებული თანხაც არ უნდა შემოგაძლიონ?

– ვერ მოვაწერ ხელს დახვრეტაზე, დასმენაზე.

– რაზე არ ამბობთ არასდროს უარს?

– სიმღერასა და 3 ჭიქა კარგ ღვინოზე. მეტს ხომ აღარ ვსვამ-მეთქი, ერთხელ ვთქვი. მამაჩემმა შემისწორა: შენ კი აღარ სვამ, ვეღარ სვამო. ჯანსუღი გენიოსი მყავს (იცინის).

– რას დაწერენ თქვენზე 22-ე საუკუნეში? 

–  ოცდამეორე საუკუნეში წერა-კითხვა არ ეცოდინებათ (იცინის).

скачать dle 11.3