რა ნიშანი აერთიანებს ყველა ეპოქის ქართველს და რატომ არის ეს წყევლა, გიორგი კეკელიძის აზრით
გიორგი კეკელიძე – მინი დოსიე!
ეროვნება – ქართველი
საცხოვრებელი ადგილი – თბილისი
პროფესია – ლიტერატურათმცოდნე (მაგისტრი)
სამუშაო ადგილი – ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი, „ლიტ.გეს“ დამფუძნებელი.
ოჯახური მდგომარეობა – დასაქორწინებელი
გიორგი კეკელიძე: ეროვნებასთან დაკავშირებით სხვადასხვანაირი მიდგომა არსებობს. განსხვავებულია მისი აღქმაც საკუთარი იდენტობის გავლენით. კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის მიერ ეროვნულობის გაგება არ იყო ერთნაირი. დღევანდელობამ დიდწილად გაითვალისწინა ის, რომ მიუხედავად თავისი ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილებისა, ქვეყნის მოქალაქეობა, გარკვეულწილად, უკვე გულისხმობს ამ ეროვნულობასაც. ანუ, როცა ადამიანი ამბობს – ფრანგი ვარ! – ის შეიძლება, ეთნიკურად ფრანგი სულაც არ იყოს. ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, თავად ადამიანები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან, თუ რა არის ეროვნება. თუ მაინცდამაინც ეთნიკური თვალსაზრისით განვიხილავთ ამ ყველაფერს, ეს გულისხმობს ხალხთა გარკვეული ჯგუფის, ერთად ხანგრძლივად თანაცხოვრების შედეგად მიღებულ სოციუმს, რომელსაც ჩვენს, კონკრეტულ შემთხვევაში, ჰქვია ქართველი. ქართველობა კი გულისხმობს, როგორც ბევრ დადებით თვისებას, რაღაც თვალსაზრისით, ნაკლოვანებებს და სირთულეებსაც.
– თქვენ თქვით, ფრანგად მიიჩნევს თავს ყველა, ვინც საფრანგეთში ცხოვრობსო... თქვენ რამდენ სომეხს ან აზერბაიჯანელს იცნობთ, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და იტყვის – ქართველი ვარო?
– მე მყავს მეგობარი ოქტაი ქაზუმი – ქაზუმოვი, რომელიც თავს მიიჩნევს საქართველოს მოქალაქედ და ამ აზრით, ქართველადაც. დარწმუნებული ვარ, რომ პოეტი გივი შაჰნაზარი, რომელიც ეთნიკურად სომეხია, ზუსტად ასევე ფიქრობს. ასე რომ, ამ ყველაფერს გააზრების სიღრმე და სწორი განათლება სჭირდება. ასევე, სწორად ინფორმირებაც ადამიანებისა. სასკოლო დაწესებულებებმაც უნდა მიიღონ ამაში მონაწილეობა.
– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა არასწორია.
– მე მგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა მთელი ოცი წლის განმავლობაში იყო ფრაგმენტული ამ მიმართულებით. რამაც თავისი უარყოფითი შედეგები მოიტანა. ქართული ენის სწავლების აუცილებლობის საკითხი ხან დადგებოდა, ხან გაჩერდებოდა. მე, ზოგადად, ლიბერალური ადამიანი ვარ, მაგრამ დაბეჯითებით მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ აუცილებლად უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა. შეიძლება, ენის არცოდნა კრიმინალად ვერ ჩაუთვალო და ამაზე იურიდიული პასუხი ვერ მოსთხოვო, მაგრამ აუცილებლობა ქართული ენის ცოდნისა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი აუცილებლობა არსებობს ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანაში. შესაბამისად, ეს იქნება მთავარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით. ვისურვებდი, მალე მოხდეს ეს და აქტიურად განხორციელდეს კამპანია ქართული ენის აუცილებლად შესწავლასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ ადგილებში.
– ქართველობას გვართმევენ...
– ნუ გგონიათ, რომ ქართველობა, როცა ის შენში არსებული მოცემულობაა, წარმოუდგენელია, ვინმემ წაგართვას. „საქართველოს გვართმევენ“ – ფრაზა იმ ხალხის მოგონილი და მოფიქრებული მგონია, რომლებმაც თავად წაართვეს საკუთარ თავს სამშობლოს სიყვარული. ხომ წარმოუდგენელია, ვინმემ ძალით წაგართვას შენი შინაგანი რწმენა. მით უმეტეს, სამშობლოს სიყვარული. შენი სულიერი მდგომარეობა იქამდეა ხელშეუხებელი, სანამ თავად არ გადაწყვეტ, რომ მასში რაღაც უნდა შეცვალო. მეეჭვება კიდეც, ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამ საკითხის კვლევა-ძიებაში იყოს ჩაძირული. თუმცა, რაც ხშირად იქნება აპელირება ამაზე, მით მეტად იმოქმედებს საზოგადოების მგრძნობელობაზე – ემოციურ ფონს ვგულისხმობ. საკუთარ თავში, საკუთარ ქართველობაში დარწმუნებული ადამიანები, ვიცი, ამას ყურადღებას არ მიაქცევენ. ისევე, როგორც ვერავის აიძულებ სამშობლო უყვარდეს, ან არ უყვარდეს. ექსპანსია შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიმართულებით – მაგალითად, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ შელოცვებით, პროპაგანდით, სამშობლოს ან სხვა რამის სიყვარულის წართმევა, შეუძლებელია.
– ხომ არ იღებს ხშირად ჩვენი პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ფასადურ, ზერელე ხასიათს, რომელსაც ძალიან აკლია პასუხისმგებლობა.
– ეს ყველაფერი, ხშირ შემთხვევაში, მართლაც შეიძლება, ფასადურ საფრთხეს შეიცავდეს. მაგრამ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ამ მხრივ, გამონაკლისები ნამდვილად არ ვართ. პათეტიკურობა, ფასადური პატრიოტიზმი სხვა ქვეყნებისთვისაც არის დამახასიათებელი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად მიწევს სოფელ-სოფელ სიარული, „ფოტომატიანეს“ და წიგნების პროექტთან დაკავშირებით, დარწმუნებულები ვარ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები დიდად არ არიან ფასადურობის გავლენის ქვეშ მოქცეულნი.
– ანუ, სოფელი უფრო ჯანსაღია პატრიოტიზმთან მიმართებაში?
– დიახ. ნამდვილად ასეა. ფსევდოპატრიოტიზმი, რა თქმა უნდა, არსებობს. ისევე, როგორც ერში ყოველთვის გამოერევიან ხოლმე მოღალატეები, მაგრამ ერის უმრავლესობა ოკუპანტის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით ან სამშობლოს ფასადური სიყვარულით ნამდვილად არ გამოირჩევა. მე არ მიცხოვრია საბჭოთა პერიოდში და ნამდვილად ვერ გეტყვით, რას უნდა უკავშირდებოდეს საკმაოდ ბევრი ადამიანის ნოსტალგია რუსეთის მიმართ. ალბათ, იმ კომფორტს, რომელიც მათ რაღაც დოზით ჰქონდათ საბჭოთა ეპოქაში და ეს დარჩა დღემდე გადაულახავ ბარიერად.
– როგორ ფიქრობთ, ჩვენ ვგავართ თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის ეპოქის ადამიანებს თუ ძალიან დავშორდით მათ?
– ილია ჭავჭავაძე წერდა „აჩრდილზე“ მუშაობისას და ეს თვისობრივად გასათვალისწინებელია ჩვენი ისტორიის კვლევისას – საქართველოს ისტორია არის მეფეების ისტორია და ხალხი არ ჩანსო. ეს სრული სიმართლეა და ამიტომაც ჭირს დასკვნის გაკეთება, როგორი იყო იმ ეპოქების ჩვეულებრივი ქართველი. რა მახასიათებლებით გამოირჩეოდა... ცხადია, ცვლილება იქნება, საუკუნეები გვაშორებს ერთმანეთს, მაგრამ, რადგან ჩვენ დღეს შეგვიძლია, წავიკითხოთ „ვეფხისტყაოსანი“, ნიშნავს იმას, რომ ქართველი აღმოჩნდა ძალიან კონსერვატორული – ამ სიტყვის კარგი გაგებით. ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს ორი ენა – ძველი და ახალი. თანამედროვე ქართველს კი დიდი წარმატებით შეუძლია წაიკითხოს მეოთხე საუკუნის ძეგლებიც, შესაძლოა, მცირე დახმარება დასჭირდეს აზრის სრულფასოვნად გამოტანაში (იღიმება). ეს ნიშნავს, რომ ძალიან კარგად არის შემონახული ჩვენს ერში ენობრივი ნაწილი.
– ანუ, გავუგებდით იმდროინდელ ქართველს?
– აუცილებლად. იმიტომაც, რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ერთი და მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც არასდროს დამთავრებულა და ეს ერთგვარი წყევლაა – გამუდმებული კონფლიქტი დიდ ქვეყანასთან. შესაბამისად, ეს ნიშანი აერთიანებს ყველა ეპოქის ქართველს. მე, მაგალითად, არ მახსენდება პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანაში ამ ტიპის კონფლიქტი არ ყოფილა.
– რა გვაქვს ღირებული, რაც შეიძლება დავაფასოთ და შესაბამისად, ვიამაყოთ კიდეც?
– ძალიან ბევრი კარგი თვისება გვაქვს ქართველებს. ვართ ნიჭიერი ხალხი და საკმაოდ კარგად ამთვისებლები, რაც იმავდროულად, შეიძლება, ნაკლიც აღმოჩნდეს. იმიტომ, რომ ცუდსაც ისეთივე წარმატებით ვითვისებთ, როგორც კარგს და ახალს. გვაქვს ერთი ძალიან ცუდი თვისება – ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის გაუტანლობა გვჭირს. სულ ვამბობთ ამას, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ, რომ შევცვალოთ რამე. სოლიდარობის ნაკლები განცდაც გვაქვს ერთმანეთის მიმართ. მიუხედავად ამისა, ქართველს აღმოაჩნდა დიდი და კარგი უნარი იმისა, რომ უკიდურესად რთულ სიტუაციაში შეენარჩუნებინა საკუთარი ადგილი და მოცემულობა. და კიდევ... როგორ პათეტიკურადაც უნდა ჟღერდეს, დიდი ნიჭის მატარებელი ერი ვართ... და კიდევ, ქართველებს რაც შეიძლება ნაკლები ნიჰილიზმი და მეტი თვითრწმენა გვჭირდება. ამან გადაარჩინა ყველაზე უფრო კრიზისში მყოფი სახელმწიფოები...