რა სტერეოტიპებს არღვევს ადამიანებში მერაბ დუკაშვილი და როგორ გახდა ის ერთდროულად მსახიობი, სპორტსმენი და ტელეწამყვანი
მერაბ (სონი) დუკაშვილთან, იგივე დუკასთან ურთიერთობისას ხვდები, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია, ანუ, მისი შესაძლებლობების ზღვარი ამოუწურავია. დუკა, გარდა იმისა, რომ ძალიან აქტიურია, არაერთი საქმით არის დაკავებული და მისგან ბევრი პოზიტივი მოდის, ახლა უკვე „რუსთავი 2-ის“ „სხვა შუადღიდან“ გახდა არაერთი ადამიანისთვის მაგალითი და სტიმულის მიმცემი.
მერაბ დუკაშვილი: არასდროს მქონია იმის ამბიცია, რომ ვყოფილიყავი ცნობილი ადამიანი. როგორც ვიცი, ეს არც ისე კარგია. ერთი მხრივ, სასიამოვნია იმით, რომ ყველა გიღიმის, ქუჩაში კარგად გხვდებიან, მაგრამ, მეორეს მხრივ, ცუდსაც ამბობენ – რაღაც თუ არ მოეწონებათ, თავისებურად გადააკეთებენ და ბოლოს შენ გამოდიხარ ცუდი.
– სონი რატომ გქვია?
– იყო დრო, როდესაც რაღაცის გამო დამარქვეს და მერე შემრჩა. დუკასაც მეძახიან გვარიდან გამომდინარე. სხვათა შორის, საქართველოში შეიქმნა პირველი ქართული კომიქსი, რომელშიც არის სხვადასხვა ქართული გმირი და ჩემი პეროსანჟიც შექმნეს – „დუკა“ – ასეთი საჩუქარი გამიკეთეს დაბადების დღეზე ნიკოლოზ ხომასურიძემ და გუნდმა. დადებითი გმირია, რიგითი მებრძოლი, რომელიც სხვა გმირებს ეხმარება ბოროტებასთან ბრძოლაში. გარდა ამისა, ეტლი მჭირდებოდა და ამაშიც დამეხმარნენ, ისევე, როგორც თორნიკე გურული „სიცოცხლის ხიდან“ – სურვილი და ოცნება ამისრულეს.
– როგორ გახდი „რუსთავის 2-ის“ „სხვა შუადღის“ ერთ-ერთი თანაწამყვანი?
– იქ მოხვედრა რთულია და ამიტომ იყო მოულოდნელი. ალბათ, ჩემმა აქტივობამ, პიროვნებამ, რომელიც ერთ ადგილას არასდროს ისვენებს იმოქმედა. როგორც ეთერში თქვეს, ბევრ საქმეს ვარ მიდებულ-მოდებული. მე მქონდა იდეა, რომელიც შშმ პირების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობდა ხელს და ხალხი დაგვინახავდა პრესტიჟულ არხზე, ამ შემთხვევაში ასეთი აღმოჩნდა „რუსთავი 2, ”ეს კი შშმ პირებისთვისაც უფრო მეტი სტიმული იქნებოდა – მიხვდებოდნენ, რომ ისინი არ არიან მარტონი. გადაცემაში მხოლოდ მე არ ვიქნები, სხვა ეტლით მოსარგებლეებსაც მოვიწვევთ. როდესაც „რუსთავი 2-ს“ ჩემი სათქმელი შესთავაზა თიკა რუხაძემ, რომელიც საკრებულოში მუშაობს, დათანხმდნენ და თანადგომა გამოხატეს იმით, რომ გადაცემაში ამიყვანეს თანაწამყვანად და დამითმეს ეთერი. იმედია, გაამართლებს. საზოგადოებაში შშმ პირების მიმართ ცნობიერება უნდა ამაღლდეს, დამოკიდებულება შეიცვალოს. ამ მხრივ კატასტროფული სიტუაციაა საქართველოში: გვმალავენ ან მოწყალებას გვთავაზობენ. მაგალითად, ერთი კვირის წინ ტაქსის ველოდებოდი. ტიპი მოვიდა და ჩემთვის ხურდების ჩაყრა სცადა. რომ ვუთხარი, გრცხვენოდეთ-მეთქი, ბოდიში მომიხადა. გვეუბნებიან, რომ მათიც უნდა გვესმოდეს, რადგან, დახმარების სურვილი უჩნდებათ. ესეც მესმის, მაგრამ, ადამიანს დაფიქრება სჭირდება. შენ არ უფიქრდები და იმას აკეთებ, რაც ემოციურად იმ მომენტში მოგივა აზრად, მცირე დროდან გამომდინარე. ქვეყანაში ოფიციალურად 20 ათასი შშმ პირია და ამ საკითხს არანაირი ყურადღება არ ექცევა. ჩვენც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ვართ, ძალიან ნიჭიერები და წარმატებულები. მე და მარიკო კობახიძე, რომელიც ასევე ეტლით მოსარგებლეა, ძალიან ნიჭიერია და სემინარებს ვატარებთ. მარიკო იურისტია, საუბრობს სხვადასხვა დოგმაზე, სტიგმებზე, ბარიერებზე, გაეროს კონვენციაზე; რა ტერმონოლოგია უნდა იქნას გამოყენებული, რომ არ უნდა იხმარონ სიტყვა „ხეიბარი“ და „ინვალიდი“, რომელიც ნიშნავს უვარგისს, გამოუსადეგარს. მახსოვს, სასწავლებელში ვიყავი და გოგონებს ვუთხარი: წარმოდგინეთ, ახლა ყველას რომ გითხრათ, თქვე სქელებო-მეთქი გესიამოვნებათ? როცა მარიკო წესებზე და კანონებზე საუბრობს, მე ვამტკიცებ იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ მაგიდასთან ჯდომა და საბუთებთან მუშაობა შეგვიძლია, სპორტშიც ბევრი მიღწევა გვაქვს. ნუ გგონიათ, რომ ეტლით მოსარგებლეს მოძრაობა აღარ შეგვიძლია. მაგალითად, მე ვარ წოლმჭიმელი, რომელიც პარაოლიმპიადის სახეეობაა – დაწოლით შტანგის აწევა. როდესაც დუბაიში ვიყავი, ჩემს წონაში (72 კილოგრამ კატეგორიაში) აიწია 217 კილოგრამი. წარმოიდგინე, ამხელა წონა უნდა დაიდო მკერდზე, ერთი წამით გააჩერო და მერე ასწიო ხაზზე სწორად – ისე არ ჩაგითვლიან.
– შენ რა მიღწევები გაქვს?
– გასულ წელს ვიყავი უნგრეთში შეჯიბრებაზე, ათლეტის წოდება რომ მიმეღო. მეხუთე ადგილზე გავედი – საკმაოდ კარგი შედეგია. მერე მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩემს ქვეჯგუფში, მეოთხე ადგილი ავიღე. შემდეგი შეჯიბრება ლიცენზიებისთვის მაქვს, ოლიმპიადისთვის ვემზადები და ევროპის ჩემპიონატიც მელოდება. წინსვლებიც არის.
– რა გახდა იმის მიზეზი, რომ დღეს შენ ეტლით მოსარგებლე ხარ?
– 15 წლის ვიყავი, როდესაც ხერხემალზე სიმსივნე აღმომაჩნდა. გავიკეთე ოპერაცია, რომელმაც კარგად ჩაიარა – სიმსივნე აღარ არის. მანამდე კალათბურთელი ვიყავი, გუნდშიც ამიყვანეს და პერსპექტივებს მისახავდნენ; იმავდროულად სამეჯლისო ცეკვებზეც დავდიოდი. ოპერაციის მერე იყო ჩავარდნები, დეპრესია, მაგრამ, საკუთარ თავში ვიპოვე ძალა, რომელმაც ამ დონემდე მომიყვანა. თავიდან მშობლები მიმალავდნენ, მათ ბევრი რამ გადაიტანეს. ისინი და ჩემი მეგობრები რომ არა, იმ ფაზამდე ვერ მივიდოდი, რომ ძალები აღმედგინა. რვა თვე ძალიან დეპრესიული პერიოდი მქონდა. ერთ დღესაც, გავიღვიძე, საწოლში წამოვჯექი და ვთქვი: ასე აღარ შეიძლება. ვერც ვერაფერს დავამტკიცებ და ვერც ვერავის მივცემ მაგალითს-მეთქი. ამის მერე ვცდილობ, ვიყო სამაგალითო. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტოს ინიციატივით, მერაბ შალიკაშვილმა დადგა სპექტაკლი – „ოფროუდი“, რომელშიც სამი შშმ პირი ვმონაწილეობდით. შემდეგ რატი ბრეგაძემ შემამჩნია და სამსახური შემომთავაზა, შენნაირი გიჟები გვჭირდებაო. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში შემომთავაზა სამსახური, სადაც ახლაც ვირიცხები სამოქალაქო ინტეგრაციის სამსახურში, მანამდე ვიყავი სპორტულ დეპარტამენტში. შემდეგ გავხდი „რედ ბულის” კეთილი ნების ელჩი.
– შენ თქვი, რომ, რაც ვერ შეძლეს ქართველმა გოგონებმა, ის შენმა უკრაინელმა საცოლემ შეძლო. რას გულისხმობდი?
– აქ საზოგადოებას აქვს ისეთი ცნობიერება, რომ არ შეხედონ ეტლს და პიროვნება დაინახონ. ბევრი თავიდან ძალიან საყვარელია, მაგრამ, მერე, საქმე სერიოზულად რომ არის, ეტლს „ამჩნევენ” ან მშობელი ერევა. „რას იტყვის ხალხი?” „მე ვერ გავქაჩავ” – უჩნდებათ უაზრო კითხვები, რაც თავიდან თითქოს არ ჰქონდათ. არიან მშიშრები და ცრურწმენების მიმდევრები, ვერ მიდიან რისკზე, ერთი დღით ცხოვრობენ და არ იყურებიან წინ. მე არასდროს მომიწევია, არც ვსამდი, მთლიანად სპორტით ვიყავი დაკავებული, მაგრამ, ახლა ეტლით მოსარგებლე ვარ.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– „ვკონტაქტ რუზე“ გავიცანით ერთმანეთი. ისე თბილად მესაუბრებოდა, ესემესებიდან გამომდინარე შემიყვარდა და ერთი სული მქონდა ხოლმე, როდის მომწერდა. ფოტოც რომ ვნახე, ძალიან მომეწონა; მერე ვიდეო გავუგზავნე. სკაიპით ვკონტაქტობდით. თავიდან ყველაფერი ცოტა წარმოუდგენლად მეგონა, რადგან, ასეთ რაღაცეებს სერიოზულად ვუდგები: სად ვაცხოვრო, როგორ. არაფერი არ მაქვს, 23 კვადრატულ ბინაში ვცხოვრობთ მე და ჩემი მშობლები, მანამდე ჩემი ძმაც თავის ოჯახთან ერთად, ჩვენთან ცხოვრობდა. ახლა სხვანაირად ვფიქრობ და მიხარია, რომ ჩემ გვერდით არის. უნგრეთში ჩამომაკითხა პირველად შეჯიბრებაზე. სულ სხვა რამეს ვგეგმავდი და თავდაყირა დამიყენა ცხოვრება, ჩვენი სიყვარული დავამტკიცეთ. მას ჰყავს 8 წლის შვილი – ილია, რომელიც ჩემი შვილია. ამას წინათ რომ ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი, მეცო და, ამასაც მივაღწიე.
– ადვილად დაითანხმე საქართველოში გადმოსვლაზე?
– ოღონდ ჩემ გვერდით იყოს და ყველაფერზე თანახმაა.