როგორ უნდა მოვამზადოთ ავტომანქანა ტექდათვალიერებისთვის, რატომ არ აქვს გაზზე მომუშავე ავტოტრანსპორტს საწვავის გამონაბოლქვი და ვის მოუწევს საკუთარ ავტომობილთან გამომშვიდობება
წინასწარი ინფორმაციით, 2015 წლის პირველი მარტიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება უნდა ამოქმედდეს. მართალია, ჯერჯერობით, ამ მიმართულებით არანაირი მოძრაობა არ შეიმჩნევა, მაგრამ, რაკი ეს გადაწყვეტილება არავის გააუქმებია, ისღა დაგვრჩენია, ავტომანქანები ტექდათვალიერებისთვის მოვამზადოთ, რაშიც საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე დაგვეხმარება.
– ტექდათვალიერება პირველი მარტიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა, სავარაუდოდ, შესაძლოა, ისევ გადაიდოს, რადგან ამისთვის არ არის მზად ინფრასტრუქტურა, არც მოსახლეობა და არც პროგრამა. მოვიძიე ინფორმაცია, თუ რამდენი ობიექტია, რომელსაც შესწევს ძალა, რომ თბილისში ტექნიკური დათვალიერება ჩაატაროს და ჯერჯერობით მხოლოდ 4 პუნქტია. თუ გადავითვლით, რამდენი ავტომანქანის შემოწმება შეუძლია ამ 4 პუნქტს, გამოვა, რომ ისინი ვერაფრით შეძლებენ დედაქალაქში არსებული, დაახლოებით, 450 000 ავტომანქანის გატარებას.
– ეს პუნქტები რატომ არსებობდა, თუ ტექდათვალიერება არ იყო სავალდებულო?
– სპეციალურ ავტომანქანებსა და საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანებს სჭირდება ტექდათვალიერება და მათ უტარდება კიდეც. აგრეთვე, სამარშრუტო ტრანსპორტსაც. ამას გარდა, ასეთ პუნქტში ნებისმიერ მძღოლს შეუძლია თავისი ავტომობილის მიყვანა და შემოწმება საკუთარი სურვილით.
– ამისთვის პროფილაქტიკა არ გამოდგება?
– ვერ ვიტყოდი, რადგან გამონაბოლქვს სპეციალური მოწყობილობა ამოწმებს, ისევე, როგორც მუხრუჭებს. ასეთი დანადგარები მხოლოდ სპეციალურ სერვისცენტრებს აქვს. მაგალითად, ჩვენც ვიყენებთ ასეთ პუნქტებს, რალისთვის შევამოწმოთ ავტომანქანები, რადგან ჩვენთვის გარდა უსაფრთხოების კარკასისა მნიშვნელოვანია, რომ მუხრუჭები იყოს გამართული.
– რაზე შეამოწმებენ ავტომანქანებს ტექდათვალიერებისას?
– ახლაც არსებობს კანონი, რომელშიც გაწერილია ის მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა. ეს არის გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, დეტალების დგომის პოზიცია – არ უნდა იყოს მორყეული; აგრეთვე, ის ადგილები, სადაც დგას ბერკეტები, იმ დონეზე არ უნდა იყოს დაჟანგებული, რომ საფრთხეს ქმნიდეს; ყველა ნათურა გამართულად უნდა ანათებდეს, მით უმეტეს, წინა ხედვის შუქები უნდა იყოს დარეგულირებული. შუშის საწმენდები, ანუ ყველაფერი ის, რაც უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას და არავის ანაღვლებს, თუ სავარძელი იქნება დაზიანებული.
– მაგალითად, „კრილო“ თუ იქნა შეღუნული?
– ესთეტიკურად ავტომობილი მწყობრში უნდა იყოს, „კრილო“ შეიძლება, შებრეცილი ჰქონდეს, მაგრამ არ უნდა იყოს მოხსნილი ან მოკბეჩილი. ასეთით ტექდათვალიერებას ვერ გაივლი.
– საქარე მინა, უკანა, გვერდითი შუშები?
– ამაზეც არის ნორმატივები. შუშების ზედაპირის 70 პროცენტი უნდა იყოს დაუზიანებელი და, ამასთან, დაზიანებები არ უნდა იყოს საქარე მინაზე მძღოლის მხარეს, რომ ხელი არ შეუშალოს ხედვაში.
– სარკეებიც, შესაბამისად.
– ის, რაც უსაფრთხოებას ოდანვ მაინც ეხება, უნდა იყოს მწყობრში, დაინტერესებულ მძღოლებს შეუძლიათ, ნახონ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონში ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების კრიტერიუმები.
– ეს ის სახელმღვანელოა, რითაც მძღოლებმა უნდა ისარგებლონ, რომ გამართულ მდგომარეობაში დაახვედრონ თავიანთი ატომანქანები ტექდათვალიერებას, რომელიც, თუ პირველი მარტიდან არა, ადრე თუ გვიან მაინც ამოქმედდება?
– დიახ. ყველაზე რთული იქნება გამონაბოლქვის შემოწმება, რადგან გამონაბოლქვს მხოლოდ ძრავი არ იწვევს, საწვავიც და ავტომობილის მოვლის თავისებურებებიც. ჩვენთან, ძირითადად, ძველი ავტომობილებია. ახლები ძლებს რამდენიმე წელს, მით უმეტეს, თუ ვუვლით. მაგრამ ჩვენი ავტოპარკის ასაკი ათ წელს სცდება და ეს ძრავები ვერ უზურნველყოფს გამონაბოლქვს იმ კრიტერიუმით, რაც ევროსტანდარტშია. სწორედ ამაზე იყო დავა: თუ ტექდათვალიერების ევროსტანდარტს შემოიღებდნენ და გერმანული ფირმა ჩაატარებდა ტექდათვალიერებას, ავტომანქანების 80 პროცენტი მას ვერ გაივლიდა. თავის დროზე ვდაობდი, რომ ყველა მძღოლს უნდა ჰქონოდა კონკრეტული პასუხი კონკრეტულ კითხვებზე: იქნება ეს 25 წლის წინანდელი „ლადას“ თუ ახალი მანქანის პატრონი. ყველა კითხვაზე უნდა იყოს პასუხი, ასეთი პასუხები არ აქვს მზად სახელმწიფოს, თუმცა ჩვენ მოვამზადეთ, გამონაბოლქვის რა ზღვარი უნდა დაწესდეს. შეიძლება, ავტომანქანა აჭარბებდეს გამონაბოლქვის ნორმას, მაგრამ არ ქმნიდეს კატასტროფას, ამიტომ ასეთმა ავტომანქანამ უნდა გაიაროს ტექდათვალიერება, მაგრამ მძღოლს ეს უფრო ძვირი უნდა დაუჯდეს, რაც იძულებულს გახდის, შეაკეთოს ძრავი, რომ საერთო ჯამში ასეთი ძრავით მოძრაობა უფრო ძვირი არ დაუჯდეს. ასე აიძულებდნენ ავტოპარკის შეცვლას ან ავტომობილების მოვლას ევროპაში. ევროპაში არსებობს სხვადასხვა სტანდარტი: სანამ მუშაობს ევროპელის „ევრო 2“ სტანდარტის ავტომანქანა, ის მოწმდება „ევრო 2-ის“ სტანდარტით, იმიტომ რომ „ევრო 2-ს“ დროს გამოვიდა და ამიტომ „ევრო 5“ ვერაფრით გახდება. მაგალითად, გერმანიის პოლიცია შესაძლოა, მოძრაობდეს 1990 წელს გამოშვებული „ფოლკსვაგენ პასატით“, რადგან, სანამ მანქანა ფორმაშია, აკმაყოფილებს ტექნიკური დათვალიერების ნორმებს, არ აახლებენ ავტოპარკს. ანუ ამაზე ჩვენთანაც სამუშაოა. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ გაბედულება არ ჰყოფნის მთავრობას, აამოქმედოს ტექდათვალიერება. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარვე გამოაცხადეს თარიღი, შიშობენ, რომ ეს ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევს. ამის თავიდან აცილების საშუალება კი გარდამავალი პერიოდია. ან თავად უნდა მოიფიქრონ ან ჩვენ მიერ უკვე მოფიქრებული მოდელი გამოიყენონ.
– მაგრამ ჩვენთან ხომ უხარისხო საწვავი ბინდავს, ძირითადად, კატალიზატორებს? და გამოდის, რომ ტექდათვალიერებისთვის ყოველ წელს ახალი უნდა შევიძინოთ?
– მაგალითად, ევროპაშიც და ამერიკაშიც გადის უკატალიზატორო ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებას, უბრალოდ ეს ჯდება უფრო ძვირი. სწორედ ამას ვამბობ – უნდა დადგინდეს ზღვარი. როდესაც გერმანელი ყიდულობს მანქანას, არკვევს, აქვს თუ არა კატალიზატორი, რადგან ეს გაუიაფებს ტექდათვალიერებას. ძველ, კლასიკურ ავტომობილებს საერთოდ არ აქვს კატალიზატორი და მყიდველმა ზუსტად იცის, რომ მისი ტექდათვალიერება ძვირი დაუჯდება, ოღონდ იცის, ზუსტად რამდენი. ასევე, უნდა იცოდნენ ეს ჩვენმა მძღოლებმაც და შემდეგ თავად გადაწყვეტენ: „ლადა“ დაიტოვონ, რომელსაც არასდროს ჰქონია კატალიზატორი, თუ შეიძინონ კატალიზატორიანი „ფოლკსვაგენი“, რომელიც დაახლოებით იგივე თანხა ღირს.
– გაზზე მომუშავე ავტომობილებსაც აქვთ გამონაბოლქვი?
– გაზზე მომუშავე ავტომობილებს საწვავის გამონაბოლქვი არ აქვთ, მაგრამ გამონაბოლქვს მხოლოდ საწვავი არ იწვევს: იმის გამო, რომ ავტომობილის ეგრეთ წოდებული მჭიდებია გაცვეთილი, ძრავაში ხვდება ზეთი, რომელიც იწვის და იწვევს გამონაბოლქვს, რაც აზიანებს ეკოლოგიას.
– რაც ჩამოთვალეთ, ამის დაცვა უცილებელია იმისთვის, რომ ვიმგზავროთ უსაფრთხოდ. თქვენი პროფესიული თვალი ამას უფრო შეამჩნევს, ჩვენთან მოძრავი ავტომანქანების, დაახლოებით, რამდენი პროცენტია გაუმართავი? არის ავტომანქანები, რომლებით მოძრაობაც საშიშია?
– არის ასეთი ავტომობილები და, მით უმეტეს, რეგიონებში. არ არსებობს სტატისტიკა, რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება ავტომობილების გაუმართაობის გამო. ამიტომ რთული სათქმელია, მაგრამ ჩემი დაკვირვებით და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ასეთი ძალიან დიდი პროცენტი არ არის, იმიტომ რომ, ვისაც გაუმართავი ჰყავს ავტომანქანა, ფრთხილადაც დადის, რადგან, უპირველესად, მძღოლმა იცის, რომ მისი მანქანა გაუმართავია. ავტომობილების 5 პროცენტი თუ იქნება ისეთი, რომლებზეც მოძრაობა საშიშია. ეკოლოგიური საზომით თუ მივუდგებით, ტექდათვალიერებას 22-25 პროცენტი ვერ გაივლიდა, გამონაბოლქვიდან გამომდინარე. ანუ არც თუ კატასტროფული მდგომარეობაა. მართალია, სხვა პრობლემები ბევრ ავტომანქანას აქვს – ზოგი სულ უსარკოდ დადის, ზოგს ნათურები არ უნთებს, მაგრამ ასეთი ტიპის გაუმართაობის მქონე ავტომანქანები შემცირდება, როგორც კი ტექდათვალიერება ამოქმედდება, მით უმეტეს, რომ ამ გაუმართაობების აღმოფხვრა მარტივია. თუმცა საპატრულო პოლიციას არ აქვს სტატისტიკა, რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება გაუმართაობის გამო, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ავარია მოხდა იმის გამო, რომ მანქანას არ ჰქონდა სარკე; ან ჩამოუვარდა „შარავიო“, გადავიდა საწინააღმდეგო მხარეს და მოხვდა ავარიაში. ფარი არ ენთო იმ მხარეს, საიდანაც მეორე ავტომობილი მოდიოდა, ვერ დაინახა და შეეჯახა. აი, ასეთი ტიპის შეჯახებები, რაც ჩემამდე მოსულა ინფორმაცია, 100-დან 5-ა.
– საბურავების შემოწმების საქმე როგორ იქნება?
– საბურავებიც უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, რადგან ის ერთადერთი ნაწილია, რითაც ეხები ზედაპირს. საბურავების პროტექტორის მინიმალური სიღრმეა 1,6 სანტიმეტრი. ასეთი საბურავების შეძენა მეორადებშიც შეიძლება, მაგრამ ის ძალიან მალე გასცდება დასაშვებ ნორმას. ამდენად, საბურავების მხრივ თუ ავიღებთ, კიდევ უფრო გაიზრდება იმ ავტომანქანების რაოდენობა, რომლებიც ვერ გაივლიან ტექდათვალიერებას, ალბათ, საერთო ჯამში, 50 პროცენტამდე.
– არის ზამთრისა და ზაფხულის საბურავები: ზამთარში თუ შემამოწმებს, რა იცის, რით დავდივარ ზაფხულში – რეზინის საბურავები ფუჭდება დიდ ტემპერატურაზე, ან ზაფხულში თუ შემამოწმეს, რა იცის, ზამთარში როგორი საბურავებით დავდივარ?
– ესეც პრობლემა იქნება, რა თქმა უნდა. არსად მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა არ არის, რომ ზაფხულის და ზამთრის საბურავები ცალ-ცალკე შეუმოწმონ ავტომობილს. თან, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ძალიან რთულია, დააწესო ზამთრიდან ზაფხულის საბურავებზე გადაყვანის თარიღი. რადგან შეიძლება გაზაფხულივით ამინდი იყოს მთელი ზამთრის განმავლობაში. არადა, ზაფხულში თუ მოსთხოვ ზამთრის საბურავებს, ეს, პირიქით, საფრთხის შემცველი შეიძლება, გახდეს. ვერც ვერსად მოსთხოვენ, იმიტომ რომ ზოგადად ბუნებაა ძალიან არასტაბილური. ისედაც, ტექნიკურ დათვალიერებას რომ გაივლის, მძღოლმა შეიძლება, გამოცვალოს საბურავი. მეტსაც გეტყვით, აი, როგორი ბიზნესიდეები ჰქონდათ ტაქსის მძღოლებს, რაც საკმაოდ ახლოსაა ქართულ რეალობასთან, იმიტომ რომ, მაგალითად, გერმანიაში ეს არ გამოდგება, რადგან იქ მეზობელი არ გათხოვებს თავის საბურავებს, აქ კი გათხოვებს. ამდენად, შეიძლება, ჰქონდეთ ოთხი კარგი ბორბალი და ერთმა სამეგობრომ იმ საბურავებით გაიაროს ტექდათვალიერება და, თუნდაც, 2 ლარი აიღოს მათ გაქირავებაში საბურავების პატრონმა. იმავეს თქმა შეიძლება კატალიზატორზეც: იყიდის ერთ 300 – ლარიან კატალიზატორს და რიგ-რიგობით დააყენებს სხვადასხვა ავტომანქანაზე. ნამდვილად არ დაეზარებათ. საქართველოში რთულია ტექდათვალიერება და ამიტომაც ვამბობდი, რომ საქართველოში უნდა იყოს ქართული მოდელი. მაგალითად, ამერიკაში შტატების მიხედვითაა დაყოფილი: ზოგ შტატში იმდენად პრობლემური გახდა ტექდათვალიერება, რომ ამოიღეს საერთოდ და ავტომობილებს ამოწმებენ მხოლოდ გამონაბოლქვზე. ნებისმიერ შემთხვევაში, არ იქნება ურიგო, თუ გამართული ავტომობილებით ვივლით ყოველგვარი ტექდათვალიერების გარეშეც, რადგან შესაძლოა, მთელი ცხოვრება ისე გავიდეს, რომ არაფერი შეგვემთხვას, მაგრამ, თუ ერთი შემთხვევა მაინც მოხდა ისეთი, უკანა ხედვის სარკე რომ გვყენებოდა, გადავარჩენდით საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს, ამად მაინც ღირს გამართული ავტომანქანით მოძრაობა.