ნოსტალგია
ანუ პავლიკას მონატრება
გასულ კვირას შევიტყვეთ, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად ირაკლი კობახიძე დაინიშნოს და თავად ამ უკანასკნელმაც დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები პროცესშია.
შესაბამისად, საზოგადოებრივმა აზრმაც არ დაახანა (ან კი რა დაახანებინებდა, როდესაც ჩვენს უკითხავად კოსმოსურ ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრს ვერ გაუფაჩუნებია?!), ნაწილმა ეს საკადრო ცვლილება, საერთოდაც, საგარეო პოლიტიკას დაუკავშირა.
კერძოდ, რაკი ირაკლი კობახიძის მამა, გია კობახიძე, ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრია, შორსმიმავალი დასკვნებიც გაკეთდა: ერთი ის – რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთიანდება და, მეორე – რომ კურსმა რუსეთის მიმართულებით გვიგანა (და მერე რა, რომ შვილიც სრულწლოვანია და მამაც და გადაწყვეტილეებსაც დამოუკიდებლად იღებენ?!).
ასეა თუ ისე, ამ ვნებათაღელვის პასუხად თუ სხვა მიზეზით, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გია კობახიძე პოლიტიკიდან წავიდა და დაინტერესებულ საზოგადოებას პრესკონფერენციაზე ამცნო, რომ მისი ეს გადაწყვეტილება სწორედ შვილისთვის „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის შეთავაზებას უკავშირდება.
ისიც განმარტა, რომ, რადგან ეს საკადრო პერსპექტივა გარკვეული ვალდებულებების წინაშე აყენებს, მომყავს ციტატა: „ვარ ადამიანური, პოლიტიკური და ყველა ნორმისა და ეთიკის დაცვის მომხრე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩამოვშორდე პოლიტიკას. ჩემი საქმიანობა იქნება ექსპერტობა სწორედ სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე.“
ბუნებრივია, ეს მხოლოდ მისასალმებელია (თუ ჩვენს უსაზღვრებო ცხოვრებაშიც შემოიჭრება ეთიკის ნაპერწკლები), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ საზოგადოების ნაწილი შვილს მამის გამო სთხოვდა პასუხს, ჩნდება ეჭვი, რომ „პუბლიკა“ პავლიკ მოროზოვის ნოსტალგიას შეუწუხებია, – - აი, იმ პავლიკასი, მამა რომ დაასმინა, რაც თავსითავად ბადებს რიტორიკულ კითხვას: თუ ამ ნოსტალგიის ჭია ღრღნით, პრორუსულობას რა ლოგიკით იწუნებენ?!