მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: უნდა ჩავერიოთ თუ არა სხვების დავასა და კამათში?
პასუხი ძმური სიყვარული ჩვენგან მოითხოვს არა მარტო შეძლებისდაგვარად მშვიდობის შენარჩუნებას, არამედ სხვებს შორისაც მშვიდობიანობის ჩამოგდებას. ჭეშმარიტი ქრისტიანი გულგრილად ვერ უყურებს ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ახლობელ ადამიანებს და ყველანაირად ცდილობს მათ შორის მტრობის აღმოფხვრას.
კითხვა: ზოგი ადამიანი ძალიან ბევრს შრომობს ფიზიკურად, რაც მის ძალებს აღემატება. მისაღებია თუ არა ეს უფლისთვის?
პასუხი: შრომისგან წელის მოწყვეტა მეორე უკიდურესობაა, სიზარმაცის საპირისპირო. ამას ჩვენგან უფალი არ მოითხოვს, დაიცავით ყველაფერში ზომიერება. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური შრომით გადაღლილ ადამიანს თავისი სულისთვის ზრუნვის დრო აღარ რჩება, რაც ქრისტიანისთვის მიუღებელია.
კითხვა: ლოცვის დროს ჩემთან მოვიდნენ ახლობლები. როგორ უნდა მოვიქცე ასეთ დროს, შევწყვიტო ლოცვა და მივეგებო მათ თუ განვაგრძო ლოცვა?
პასუხი: ასეთ დროს შეწყვიტეთ ლოცვა, მიიღეთ სტუმრები, ხოლო როცა ისინი წავლენ, შემდეგ ისევ განაგრძეთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა ლოცვის შემოკლება?
პასუხი: ლოცვის კანონის აღსრულების დამაბრკოლებელი ვითარება ბევრნაირია: უძლურება, ფიზიკური გადაღლილობა, შემთხვევითი სტუმარი, მგზავრობის უხერხულობა და სხვა. ამას ყველაფერს ანგარიში უნდა გაეწიოს და შეიძლება, ლოცვის კანონი შეგნებულად შეიკვეცოს. თუმცა უნდა მოვერიდოთ საკუთარი თავისთვის შეღავათის მიცემას, რათა არ გამოვიწვიოთ სინდისის ქენჯნა, რომ მეტი შეგვეძლო და არ გავაკეთეთ.