როცა ქალს უყვარს...
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N27-2(733)
სანდრო იდაყვზე დაეყრდნო, წამოიწია და გოგოს დახედა. დიანა თვალდახუჭული იწვა. წამწამები დანამული ჰქონდა და ბიჭს მოეჩვენა, რომ ტიროდა.
– დიანა... – ფრთხილად შეახო ტუჩები ლოყაზე.
– სანდრო, არაფერი მკითხო, კარგი? მე ახლა ავდგები, წავალ და ხვალ დაგირეკავ.
– ჰო, მაგრამ...
– არა, სანდრო, „მაგრამ” – არა! გთხოვ... თუ ჩამაცივდები, წავალ და ვეღარასოდეს გნახავ.
– ის მაინც მითხარი, რომელ სასტუმროში გაჩერდი... – სანდრო შეწუხდა.
დიანა ისევ ცდილობდა ლოკოკინასავით თავის ციხესიმაგრეში შემალვას, ისევ რაღაცას არ ამბობდა ბოლომდე...
– ამას მნიშვნელობა არა აქვს. მე არ მინდა, რომ ჩემთან მოხვიდე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
– იმ ყველაფრის მერე, რაც ჩვენ შორის მოხდა, როგორ არ მეუბნები, რომელ სასტუმროში გაჩერდი, ან, რატომ არ გინდა, მოგაკითხო და ვიზრუნო შენზე?
– ძალიან ჩქარობ, სანდრო. თუ მართლა გინდა ჩემზე იზრუნო, ისე მოიქეცი, როგორც გთხოვ, კარგი? – დიანა ბიჭს მოეხვია და სახეში ჩააშტერდა.
სანდროს არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია მისთვის – ამის არც უნარი შესწევდა და არც სურვილი ჰქონდა. ამიტომ უსიტყვოდ ადევნებდა თვალს, როგორ იცვამდა გოგო... მერე, როცა დიანამ კარი გაიხურა, სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარასთან მივიდა. როცა დაინახა, როგორ ჩაჯდა დიანა ტაქსიში და წავიდა, საკუთარ თავს პირობა მისცა, ყველაფერი გაეკეთებინა, რომ გოგო სამუდამოდ დარჩენილიყო მასთან...
***
კოტემ ეჭვით ახედ-დახედა დიანას.
– სად იყავი?
– ვსეირნობდი, ხომ გითხარი? ქალაქის ქუჩებში დავხეტიალობდი...
– ჩემი წამოყოლა რატომ არ გინდოდა?
– კოტე, ეჭვიანობ? არ შეიძლება, მარტომ ვისეირნო? მე ეს ძალიან მომწონს და მსიამოვნებს.
– რადგან მოგწონს და გსიამოვნებს... – უხალისოდ დაეთანხმა კაცი, – ფული რამდენიც დაგჭირდება, აიღე, არ მოგერიდოს. ყველაფერი შეგიძლია იყიდო.
– რა უნდა ვიყიდო? – გაეცინა დეას.
– რა ვიცი... კაბა, ფეხსაცმელი, სამკაული...
– შენ ფიქრობ, აქ საყიდლებზე ჩამოვედი?
– არა, რა თქმა უნდა, – დაიბნა კოტე, – მაგრამ, მეც მინდა, რაღაცით გაგახარო, გაგაბედნიერო.
დეამ თვალები მოწკურა:
– რატომ გგონია, რომ, თუ ბევრ ფულს დახარჯავ ჩემთვის, მე ეს გამაბედნიერებს?
– აბა, როგორ დაგიმტკიცო, რომ მიყვარხარ, თანაც ძალიან? დიანა, მზად ვარ, მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლეც კი შენ გაჩუქო, ფული რა სალაპარაკოა.
– მართლა ასე ძალიან გიყვარვარ? – გაეღიმა დეას.
– ღმერთო! რაც შენ შეგხვდი, მივხვდი, რომ აქამდე ტყუილად მიცხოვრია. მზის სხივივით შემოიჭერი და, რომ წახვიდე, მოვკვდები. კიდევ რამდენიმე დღეც და მთლიანად შენს განკარგულებაში ვიქნები. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვი, ქვეყნის დასალიერშიც გამოგყვები.
– ანუ, ყველაფერი ჩემს სიტყვაზე იქნება დამოკიდებული?
– ეჭვი გეპარება? – კოტემ ორივე ხელი დაუკოცნა დეას და ერთგული ძაღლივით მიაჩერდა.
გოგომ გადაიკისკისა:
– კი მაგრამ, ასე მალე როგორ შეგიყვარდი? შენ თითქმის არ მიცნობ... მეც არ გიცნობ... იქნებ, ეს ყველაფერი, ანუ, რასაც ჩემ მიმართ გრძნობ, მხოლოდ ილუზიაა?
– არა! – მგზნებარედ წამოიყვირა კოტემ, – შენ, შეიძლება, არ გესმის და ვერც სიტყვებით გამოვთქვამ ამას, მაგრამ, მთელი არსებით ვგრძნობ, რომ მთელი ცხოვრება მარტო შენ გელოდი. მომეცი უფლება, გაჩვენო, რამდენად ძლიერია ჩემი სიყვარული... მომეცი ნება, გაგაბედნიერო. ყოველი დღე, რომელსაც ჩემ გვერდით გაატარებ, დღესასწაული იქნება შენთვის, ჩემთვის კი – მთელი ცხოვრება...
– კარგი. მეც არ ვარ გულგრილი შენ მიმართ და, დარწმუნებული ვარ, ამას ხვდები... ვერ ვიტყვი, რომ მეც ასე ძალიან მიყვარხარ, მაგრამ, ჩვენს ურთიერთობას შანსს მივცემ...
– დიანა... მალე, ძალიან მალე, თავისუფალი ვიქნები ყველანაირი ვალდებულებისგან; ამ ბინასაც გავყიდი; ცოლად შეგირთავ და შენს მშობლებთან გავემგზავრებით. დავუჩოქებ და ისე ვთხოვ მათ, შენს გვერდით ყოფნის ნება მომცენ... გაიგონ და თანაუგრძნონ ჩემს სიყვარულს. ვხვდები, ეს ადვილი არ იქნება, რადგან, ძალიან უფროსი ვარ შენზე...
დიანამ წარბი ასწია:
– საკუთარ ბედს თავად ვწყვეტ. ჩემი მშობლები იმას მიიღებენ ჩემ გვერდით, ვისაც მე ამოვირჩევ... ამიტომ, ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა...
კოტე მაშინვე ვერ ჩასწვდა დეას სიტყვების არსს... როცა მიხვდა, რა თქვა გოგომ, სახეზე ჩრდილმა გადაუარა:
– იმის თქმა გინდა, რომ პრობლემები არსებობს?
დეამ გაიღიმა:
– შეიძლება, არც იყოს პრობლემა... უბრალოდ, მე მინდა და, შეგიძლია, ეს ჩემს ახირებად ჩათვალო: სიყვარულის ფიცი ერთ ადგილას უნდა გამიმეორო. მაშინ დაგიჯერებ, დავრჩები შენთან და ცოლადაც გამოგყვები.
კოტემ დაბნეული მზერა მიაპყრო:
– ვერ გავიგე...
– ანუ, მინდა, თუკი შენ საწინააღმდეგო არაფერი გექნება, ეს ყველაფერი, რაც ახლა მითხარი, სხვაგან გამიმეორო, იქ, სადაც მე წაგიყვან.
კოტემ მაშინვე არ უპასუხა. დეამ ჩაიცინა და თავი გადააქნია:
– მივხვდი, არ მენდობი და რაღაც ეჭვები გაწუხებს. კარგი, არ დაგაძალებ. შევეცდები, გაგიგო...
– არა, არა, თანახმა ვარ. თუ გინდა, თვალახვეული გამოგყვები და საერთოდ არაფერს გკითხავ. ახლავე წავიდეთ, მზად ვარ...
– მე თავად გეტყვი, როდის წავალთ. შეიძლება, ხვალაც.
– და, ცოლად გამოყოლაზე დამთანხმდები?
დეამ გაურკვევლად დააქნია თავი.
– ეს თანხმობაა, დიანა?
– ვნახოთ. შეიძლება, თანხმობაც იყოს, – ისევ გაიცინა გოგომ.
***
ანამ ჩემოდანი შეკრა და ჩამოჯდა.
– შემირიგდი? მომცემ უფლებას, მე წაგიყვანო აეროპორტში? – მოწყენილი ხმით ჰკითხა დევიდმა და თავზე ალერსით გადაუსვა ხელი. ანამ ამოიოხრა, ქმრის ხელისგული ტუჩებთან მიიტანა და აკოცა.
– მადლობელი ვარ ბილეთისთვის. შენც ხომ ჩამოხვალ?
– როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, მაშინვე. როგორ მიაგნებ დეას?
– მივაგნებ. ვიცი, სადაც უნდა ვეძებო.
– შენ იცი... ვინერვიულებ და ვიფიქრებ შენზე. ტელეფონი სულ ჩართული გქონდეს. ხშირად დაგირეკავ. ნეტავი, სასტუმროც აქედან დაგვეჯავშნა.
– არ არის პრობლემა. მივხედავ თავს...
– ოღონდ დეას არაფერი უთხრა და არ ეჩხუბო. მპირდები?
– გპირდები, – ამოიოხრა ანამ, – არც შემწევს ძალა, საყვედური მაინც ვუთხრა. სიგიჟემდე ვნერვიულობ და ვდარდობ მასზე. მაგრად ჩავეხუტები და შევევედრები, სახლში დაბრუნდეს.
– ყველაფერი კარგად იქნება, დარწმუნებული ვარ. დეასთვის საჭირო იყო ეს. ნახავ, როგორ შეიცვლება უკეთესობისკენ, როცა ამ პერიოდს გადალახავს და უფრო დაგაფასებს.
– იმედი მაქვს. წავიდეთ, არ დამაგვიანდეს...
***
კოტემ მანქანა მკვეთრად მიაბრუნა და დეას გადახედა. გოგო საკმაოდ მშვიდად იჯდა. სახეზე იდუმალი ღიმილი დასთამაშებდა... კაცი მოუსვენრად აწრიალდა.
– დარწმუნებული ხარ, რომ სწორად მივდივართ? – ჰკითხა მოთბინებადაკარგულმა.
– ჰო, სწორად მივდივართ.
– კი მაგრამ, დეა, ეს სასაფლაოს გზაა.
– ვიცი...
– მერე? – ჩაეკითხა კაცი.
– მერე ის, რომ შენ დამპირდი, არაფერს მკითხავდი... ასეა?
– კარგი, არაფერს გკითხავ, – ამოიოხრა კაცმა და გაზის სატერფულს ფეხი მიაჭირა...
... დეა დაწინაურდა. უკან ერთხელაც არ მოუხედავს... კისერში გრძნობდა კაცის გახშირებულ, ცხელ სუნთქვას. მერე იგრძნო, რომ კოტე ჩამორჩა...
– დაიღალე? ცოტაღა დარჩა, – დაუყვირა და ნაბიჯს აუჩქარა.
– დეა, არ მომწონს ეს ამბავი.
– შენი პირობა გაიხსენე. თუ მეტყვი, ახლავე უკან დავბრუნდებიო და ყველაფერი დამთავრდება.
– არა, – ჯიუტად გაიმეორა კოტემ, – მოგყვები...
დეა გაჩერდა, საფლავის მესერის პატარა კარი გამოაღო და შემოტრიალდა. კოტეს სახეზე ფერი აღარ ედო. ერთიანად აკანკალებული, ენაჩავარდნილი მისჩერებოდა საფლავის ქვებზე გამოსახულ პორტრეტებს.
– მოვედით. აქ არის. შევიდეთ შიგნით და იქ მითხარი, რომ გიყვარვარ...
– დეა, – ძლივს ამოიხრიალა კაცმა, – აქ რატომ მომიყვანე?
– იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ყველაზე წმინდა ადგილია, – თქვა დეამ და კოტეს თვალებში შეხედა. კაცი დაბარბაცდა და, რომ არ წაქცეულიყო, საფლავის მესერს მიეყრდნო.
– რა?!
– ჰო. რა შეიძლება იყოს შვილისთვის უფრო წმინდა, ვიდრე დედამისისა და მამამისის საფლავები? გიკვირს? ასეა, მე ამ ადამიანების შვილი ვარ. ოღონდ, არ მითხრა, რომ წარმოდგენა არ გაქვს, რაზე გელაპარაკები ან ისინი თვალით არასდროს გინახავს.
– ღმერთო... ღმერთო.... – კოტემ თვალები დახუჭა, მერე ისევ გაახილა. ერთ წამში თითქოს დაბერდა... მხრებში მოიხარა, მოიკუნტა...
– დიანა... ცუდად ვარ, შემიბრალე...
– შეგიბრალო? მე? რანაირად? შენ შემიბრალე, როცა მშობლები დამიხოცე და სრულიად მარტო დამტოვე?
– მე არ მომიკლავს ისინი, არა! შენ არც კი იცი, დედაშენი როგორ მიყვარდა.
– ვიცი. ისე გიყვარდა, შენს მძღოლს ფული გადაუხადე, რომ მანქანით დასჯახებოდა.
– მე არ მინდოდა მისი სიკვდილი... მიყვარდა, ძალიან მიყვარდა... – კოტემ ძალა მოიკრიბა, ფრჩხილებით მესერს მოებღაუჭა და მუხლებზე დაეშვა.
დეამ ზიზღით შეხედა:
– არ იცი, რად მიღირდა შენთან სიახლოვე. ყოველ შენს მოკარებაზე გული მერეოდა და თავს ძლივს ვიკავებდი.
– დიანა!..
– ჰო. მეზიზღები, მძულხარ... შურისძიება იმ დღიდან გადავწყვიტე, როცა შენი არსებობის შესახებ გავიგე. მამაჩემის მეგობარი იყავი, ძმასავით ჰყავდი, ბიზნესშიც იმან მიგიყვანა, თავის ბიზნესში... შენ კი რა გააკეთე? – მისი ცოლი, დედაჩემი საყვარლად გაიხადე, მამაჩემს ყველაფერი წაართვი და მერე ისიც უთხარი, რომ მის ცოლთან იწექი... იცი, ჩემი ბავშვობის კოშმარი რა არის? გინდა, მოგიყვე? – ჭაღზე ჩამოკიდებული, თოკზე მოქანავე, ჩამომხრჩვალი მამაჩემი და აკივლებული დედა, რომელსაც მე, იქვე მდგარი, თვალებგაფართობული გოგონა, არც დავუნახივარ... მითხარი, რომ, რასაც ვამბობ, ტყუილია... მითხარი! ჩუმად რატომ ხარ?
– დიანა... გემუდარები... მეტი აღარ შემიძლია...
– ის ხომ შეძელი, რომ დედაჩემიც გაიმეტე? მიხვდი, რომ შენ დაგადანაშაულებდა ქმრის თვითმკვლელობამდე მიყვანაში... მანქანა დააჯახებინე და ისიც მომიკალი, მერე კი მშვიდი სინდისით წაიღე ყველაფერი, რაც ჩემს ოჯახს ეკუთვნოდა. სინდისს ერთხელაც არ შეუწუხებიხარ. ის კაცი კი, ვინც დედაჩემის მოსაშორებლად გამოიყენე, ციხეში გამოკეტე...
– საიდან, საიდან იცი ეს ყველაფერი?
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ ვიცი. გულუბრყვილო ყოფილხარ, თუკი იფიქრე, რომ ჩემისთანა გოგო შენნაირ ღიპიან, უინტერესო და ფულზე მლოცველ მამაკაცს ისე შეიყვარებდა, რომ ყველაფერს მიატოვებდა და მასთან ჩავიდოდა. მე ყველაფერი გავაკეთე, რათა ის მიგეღო, რაც დაიმსახურე. მიდი, მითხარი, რომ გიყვარვარ და ჩემი ცოლად შერთვა გინდა.
– დედაშენი მიყვარდა... მან კი მამაშენი აირჩია და გული მატკინა, – უკვე ხაოდა კოტე.
– ეს მისი არჩევანი იყო, ისევე, როგორც მე გავაკეთე არჩევანი – ალბათ, იცი, რომ შენს შვილს ვუყვარვარ....
– რა?! სანდროს?! ისიც გარიე ამ ყველაფერში?
– ჰო. საფლავი სწორედ სანდრომ მაპოვნინა. მადლობა იმით გადავუხადე, რომ მასთან ვიწექი. მაგრამ მისთვის ჯერ ყველაფერი არ მითქვამს – ისეთი ბედნიერი იყო, შემეცოდა. მას არაფერი დაუშავებია, მაგრამ, შენი ნაძირლობისთვის ისიც პასუხს აგებს, თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მოიქცევი კაცურად.
– რას მიპირებ?
– არჩევნის საშუალებას გაძლევ: ან მე ახლა სანდროს დავურეკავ. აქ მოვიყვან და ყველაფერს მოვუყვები... ჩვენი ურთიერთობის შესახებაც ვეტყვი, რა თქმა უნდა... ან... – დიანა გაჩუმდა და საფლავებისკენ მრავალმნიშვნელოვნად გაიხედა.
– შენ გინდა, რომ თავი მოვიკლა? – იყვირა კოტემ.
დიანამ მხრები აიჩეჩა:
– გითხარი, არჩევნის საშუალებას გაძლევ-მეთქი. რას იტყვი, დავურეკო სანდროს?
– არა, არ გინდა... დრო მომეცი, უნდა ვიფიქრო.
– ხვალ დილამდე გაძლევ დროს. ახლა წავალ, სასტუმროში ნომერი მაქვს და იქ ვიქნები... იცოდე, სასწორზე შენი შვილის სიცოცხლე და ღირსება დევს, თუკი საერთოდ იცი, რა არის ღირსება...
ტაქსიში მჯდარი დეა უხმოდ ტიროდა. მხრები უკანკალებდა. თითები სულ გაეყინა. ნომერში შესული, ტანსაცმელგაუხდელად მიწვა ლოგინზე და თვალები დახუჭა...
მობილურმა გვიან დარეკა. ისე მიიტანა ყურთან, ეკრანისთვის არ დაუხედავს.
– დიანა, სანდრო ვარ! დიანა, გესმის ჩემი? მამაჩემმა თავი მოიკლა... რევოლვერით... დიანა... დიანა, მინდა, ჩემ გვერდით იყო, ძალიან ცუდად ვარ...
– არ შემიძლია, სანდრო, არ შემიძლია, დამივიწყე... – დეამ ტელეფონი გათიშა და ხმამაღლა აქვითინდა.
***
ანამ ტაქსი გააჩერა და აღმართი სულმოუთქმელად აირბინა. დიანა ყვავილებით ხელში იდგა... თმას ქარი უწეწავდა...
– დეა! – დაუძახა შორიდანვე, – აეროპორტიდან ეგრევე აქეთ წამოვედი. გული მიგრძნობდა, რომ აქ იქნებოდი.
დიანა შემობრუნდა. ანას დანახვაზე სახე გაუბრწყინდა, ქალისკენ გაქანდა და მოეხვია.
– დედა! დედიკო!..
– დეა, ჩემო საყვარელო... მაპატიე, რომ მე თვითონ უფრო ადრე არ ჩამოგიყვანე აქ და ასე გაწვალე. მაპატიე ჩემი ეგოისტობა.
– უკვე გაპატიე, დედა... ყველას ყველფერი ვაპატიე... მიყვარხართ, შენც და დევიდიც.
– დეა, შემომხედე. ხომ კარგად ხარ? – ანამ შეშფოთებით ჩახედა შვილს თვალებში.
– ჰო, კარგად ვარ, ძალიან კარგად...– თქვა დეამ და იგრძნო, როგორ მოეშვა გულზე... ის უზარმაზარი ლოდიც მოეხსნა, სუნთქვას რომ უშლიდა და სულს უხუთავდა.
დასასრული