სად გაიცნო ინგა გილაურმა მეუღლე, სამეგრელოს ამჟამინდელი გუბერნატორი და რატომ წავიდა ის ამერიკაში ექვსი წლით
სამეგრელოს გუბერნატორის მეუღლე, ინგა გილაური წლებია, მოციგურავეა. ის არაერთხელ ყოფილა ჩემპიონის ტიტულის მფლობელი. წარმატებული სპორტსმენი, ექვსი წლის განმავლობაში ამერიკაში იმყოფებოდა, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იქაურ ბავშვებს გადასცემდა. ქალბატონი ინგა ფიგურული სრიალის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. მას მიზნად აქვს დასახული საქართველოში, სპორტის ამ სახეობის აღდგენა.
ინგა გილაური: წარმოშობით ქართველი ვარ. დედა რუსი იყო, მამა – ქართველი. რუსეთში დავიბადე, მაგრამ თბილისში 12 წლამდე ვცხოვრობდი. აქ დავიწყე ყველაფერი. ფიგურულ სრიალზედაც, დედას ინიციატივით, საქართველოში შევედი. მაშინ ბუმი იყო ამ სპორტის. სამწუხაროა, რომ ახლა გაჩერებულია. დედას უნდოდა, ბალერინა ვყოფილიყავი. თავად თეატრის მსახიობი იყო. საკმაოდ ახალგაზრდას რუსეთში გარკვეული წარმატებები ჰქონდა, მაგრამ შემდეგ მამაჩემი შეუყვარდა, დაანება მსახიობობას თავი და საქართველოში წამოვიდა. არჩევანი ოჯახზე გააკეთა, სიყვარულმა სძლია კარიერას და დათმო საკუთარი პროფესია. დედა ნიჭიერი იყო, არა მხოლოდ თავის პროფესიაში, არამედ ყველაფერში. საქართველოში ჩამოვიდა თუ არა, მალევე ისწავლა ქართული ენა, კერძების მომზადება, კარგად აუღო ალღო აქაურობას. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვადანაშაულებდი, რაც თავად არ გააკეთა, უნდოდა, მე გამომსვლოდა (იცინის).
– ციგურებზე ბავშვობიდან დგახართ?
– კი, პატარაობიდანვე. ბავშვობაში მქონდა ანგინა. დედას ურჩიეს, რომ ყინულის მოედანი კარგი იქნებოდა ჩემი ჯანმრთელობისთვის. იქიდან მოყოლებული, არც მიცდია, სხვა რამე. მხოლოდ ეს იყო, რასაც დროის ძირითად ნაწილს ვუთმობდი. ეს სპორტი იმდენად იყო ჩემში, რომ არ შემეძლო, სხვა კუთხით წავსულიყავი. ვიყავი მორბენალი, მოცეკვავე და მოციგურავე. 12 წლიდან რუსეთში ვცხოვრობდი, საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვიყავი. საქართველოში 20 დღით ჩამოვდიოდი. აქტიურ სპორტში 23 წლამდე დავრჩი, შემდეგ საბჭოთა კავშირიც დაიშალა და ეს სპორტიც მიივიწყა ხალხმა. რამდენჯერმე გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, საქართველოსი – შვიდჯერ, ევროპაზე მეშვიდე ადგილი დავიკავე, ხოლო მსოფლიოზე – მეათე. ციგურებით უფრო კარგად დავდივარ, ვიდრე ისე.
– 23 წლის შემდეგ რა მოხდა?
– დავრჩი საქართველოში და გავაჩინე შვილი. საბჭოთა კავშირი იმ პერიოდში აღარ არსებობდა. რუსეთში მქონდა მიწვევები, მაგრამ მაშინ ომი დაიწყო, სად უნდა წავსულიყავი. იმ დროს კარიერაზე ფიქრი სისულელე იყო.
– თქვენი მეუღლე, ლევან შონია, საქართველოში გაიცანით?
– კი. ისიც სპორტსმენი იყო. „დინამოში” მუშაობდა. საბრძოლო სახეობებს კურირებდა. დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდით ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან მიცნობდა. ვიდრე გამეპრანჭებოდა (იცინის) უბრალოდ, ნაცნობები ვიყავით. ეს არც მეგობრობა იყო. ლევანი დედაჩემს უფრო იცნობდა, ვიდრე – მე (იცინის). მეც დინამოელი ვიყავი. თავად ყოფილი მოჭიდავეა. ასე გავიცანით ერთმანეთი. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩემი კარიერის დასრულებამდე დავქორწინდით, ანუ, 23 წლამდე. ქორწინება არ მიშლიდა ხელს ჩემს საქმეში, უბრალოდ, მერე ყველაფერი გაჩერდა და მეც დროებით თავის დანებება მომიწია. არასოდეს აუკრძალავს ლევანს ჩემთვის სპორტი, თავადაც ყოფილი სპორტსმენია და კარგად იცის, ეს რა შრომას მოითხოვს. ქვეყანაში რთული სიტუაცია რომ შეიქმნა, დილემის წინაშე აღმოვჩნდი: ან რუსეთში უნდა წავსულიყავით მთელი ოჯახი, სადაც შესაძლებლობა მექნებოდა, გამეგრძელებინა ჩემი საქმე, ან დავრჩენილიყავით. დავრჩით საქართველოში. 23 წელი არაფერია მოციგურავისთვის. ვაპირებდი, გაგრძელებას, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ შევძელი.
– ახლა თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას ბავშვებს გადასცემთ...
– კი, რამდენიმე წელია, ოღონდ არა საქართელოში. ამერიკაში ვასწავლიდი ბავშვებს. საქართველოში ამის შესაძლებლობა არ იყო. ყინულის მოედანი გამუდმებით იხსნებდა და იხურებოდა. ექვსი წელი ამერიკაში ვიცხოვრე. იქ მიმიწვიეს, როგორც მწვრთნელი და მეც დავთანხმდი შემოთავაზებას.
– მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რომ ექვსი წლით აპირებდით გამგზავრებას?
– ვინ იცოდა, რომ ამდენი ხნით წავიდოდი (იცინის). დიდი ოჯახი გვაქვს და ეს იყო ყველას გადაწყვეტილება. მაშინ უკვე მესამე შვილი მყავდა. ექვსი თვეა, რაც საქართველოში ჩამოვედი, წასვლას აღარ ვაპირებ. იმედი მაქვს, რომ აქაც რაღაცას გავაკეთებ ამ სპორტში და არ დამჭირდება კვლავ უცხოეთში გამგზავრება. სიმართლე გითხრათ, საქართველოში პატრა შვილის გამო ჩამოვედი. ამერიკაში, სანდრო სუფთა ამერიკელი ხდებოდა. ეს არ მინდოდა და სამშობლოში ჩამოვიყვანე ბავშვი.
– რა სჭირდება ფიგურული სრიალის განვითარებას საქართველოში?
– ძალიან ბევრი რამ, უპირველეს ყოვლისა, ყინულის მოედნები. აქ ყველაფერი თავიდანაა დასაწყები. ზუგდიდში მალე გაიხსნება სტანდარტული ყინულის მოედანი. ქვეყნისთვის არაა საკმარისი ერთი ყინულის მოედანი და ისიც თბილისში. საქართველოში ეს სპორტი პოპულარულია, თუმცა ცოტა მივიწყებული. ახალგაზრდა მწვრთნელები ნელ-ნელა უნდა გავზარდოთ. ჩვენ ვბერდებით. ამიტომ, ყურადღება უნდა მიექცეს ამ სპორტს, რომ საერთოდ არ ჩაკვდეს. გვაქვს წინსვლაც, საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი მოვიპოვეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავდივართ. დიდი ხანია, საქართველოს ასეთი წარმატება არ ჰქონია. მიმაჩნია, რომ დასაწყისისთვის ნამდვილად კარგი შედეგია.
– ამერიკაში რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით?
– ამერიკაში ყველაფერი კერძოა. არანაირი ფედერაცია არ გეხმარება. ყველაფერს იხდის მშობელი და ეს ძალიან ძვირია. წარმოიდგინეთ, ერთი საათი ასი დოლარი ღირს. დამწყებ მოციგურავეს დღეში ოთხი საათი მაინც სჭირდება, ხოლო მერე, საერთოდ არ უნდა მოცილდეს ყინულს. დიდ თანხებთანაა დაკავშირებული იქ ამ სპორტის სწავლა, მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს. ამ ბოლო დროს ცოტა ბიჭების ნაკლებობას განიცდის, რადგან ძირითადად, ყინულის ჰოკეის ირჩევენ.
– ზუგდიდში ხშირად დადიხართ?
– ზოგჯერ ჩავდივარ. ვიდრე ყინული არ იქნება, იქ ვერ დავბინავდები (იცინის). ყინულის გამო, ხშირად ბათუმში ვარ.
– თქვენი მეუღლე ძირითადად ზუგდიდში ცხოვრობს?
– კი, ძირითადად ზუგდიდშია, მაგრამ თბილისშიც ხშირადაა. საერთოდ, ჩვენი ოჯახი მოხეტიალე ცხოვრებას ეწევა (იცინის). სანდრო მყავს ყველაზე ცუდ მდგომარეობაში. სკოლაშიც ვერ დადის წესიერად, სულ პედაგოგებთან უწევს მეცადინეობა.
– როგორც თქვენ, ასევე ბატონი ლევანიც ძალიან დაკავებულია, როგორ ეგუებით ერთმანეთის რეჟიმს?
– მაქსიმალურად ვუგებთ, მაგრამ ასეთი ცხოვრება ნამდვილად რთულია. ერთმანეთის პროფესიას ვცემთ პატივს და ზედმეტ პრობლემებს არ ვქმნით. ამერიკაში რომ ვიყავი, როგორც კი მოახერხებდა, მაშინვე ჩამოდიოდა. 26 წელია, რაც ერთად ვართ. სამი შვილი გვყავს. ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რომ დიდი ხნით ვერ ვხედავთ ერთმანეთს. ომის დროს, ლევანი სპეცრაზმის უფროსად მუშაობდა. სახლიდან რომ გავიდოდა, არ ვიცოდი, როდის დაბრუნდებოდა, სად იყო და რას აკეთებდა. ოღონდ ცოცხალი დაბრუნებულიყო და მეტი არაფერი მინდოდა. ზოგჯერ ტელევიზორში გამოჩნდებოდა ავტომატით ხელში. სოხუმის ომში ორი თუ სამი კვირა დაკარგული იყო. თვითმფრინავებს რომ აფეთქებდნენ, ვიცოდი, ერთ-ერთში შეიძლებოდა, ლევანი ყოფილიყო. ტელევიზორში დაჭრილებს და გარდაცვლილებს რომ აჩვენებდნენ ეს საშინელი სტრესი იყო ჩემთვის. ჩემი ქმარი რომ ჩამოვიდა, ვერ ვიცანი, ჩრდილივით შემოვიდა სახლში.