როგორ გახდა მწვრთნელის გარეშე, მოზრდილ ასაკში უკრაინაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი, შვიდგზის ჩემპიონი გრეპლინგში – რომან დოლიძე
მისთვის შეუძლებელი არაფერია, რადგან ბუნებით მაქსიმალისტია და როგორც თავად ამბობს, აქვს იმის „ჟილკა,” რასაც მიზნად დაისახავს – გააკეთოს და მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს. ალბათ, ამ თვისებების დამსახურებაა, რომ რომან დოლიძე, რომელმაც დაახლოებით 18 წლის ასაკში დაიწყო ჭიდაობა ოდესაში სხვადასხვა სახეობაში, საბოლოოდ გრეპლინგში დამკვიდრდა და დღეს უკრაინის არაერთი რეგიონალურ ჩემპიონატის გამარჯვებულია. ასევე, მოგებული აქვს უკრაინის შერეული ორთაბრძოლები „MMA-ში“, ერთხელ – ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ, არის მოლდავეთის სამგზის ჩემპიონი პროფესიონალურ გრეპლინგში, უკრაინის შვიდგზის ჩემპიონი გრეპლინგში და ახლა უკვე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს სახელით. თუმცა, რომანის თქმით, მას კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. რაც მთავარია, ის დროის საკმაოდ დიდ ნაწილს განათლებას უთმობს.
რომან დოლიძე: ბათუმში ვარ დაბადებული და გაზრდილი. თავიდან სასულიერო გიმნაზიაში ვსწავლობდი, დაახლოებით შვიდი წელი. შემდეგ რუსულ გიმნაზია – „21 საუკუნეში“ გადავედი. ბავშვობაში ცელქი ვიყავი. ფიზიკურად მაინცდამაინც ძლიერი არა, მაგრამ ჯანმრთელი ბავშვი ნამდვილად ვიყავი. ფეხბურთს ვთამაშობდი ჯერ საქართველოში, შემდეგ სამი წელი – თურქეთში. კარში ვიდექი. ზოგადად, როცა რამეს ვაკეთებ, მინდა, მაქსიმალურად კარგად გავაკეთო და მაქსიმალურ შედეგს მივაღწიო. ამას ვერ მივაღწიე ფეხბურთში და ამიტომ, სასწავლებლად წავედი უკრაინაში, ოდესაში.
– ანუ, ოდესაში წასვლამდე ჭიდაობაზე არ გივლია, ამ მხრივ, არანაირი გამოცდილება არ გქონია?
– არა, ერთი სუსტი ბიჭი ვიყავი, ძვალი და ტყავი – არანაირი სპორტი, გარდა ფეხბურთისა. მუდმივად მქონდა სურვილი, რაღაცისთვის მიმეღწია და ეს ძალიან დამეხმარა. ფეხბურთში არანაირი თასი, ჯილდო არ მიმიღია და უკრაინაში ჭიდაობაში პირველი შეჯიბრება რომ მოვიგე – თასი, მედალი, ცოტა ფულიც მომცეს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში უფრო მეტ ფულს ვიღებდი, ძალიან გამიხარდა. ოდესაში დავამთავრე პორტის ეკონომიკა და მენეჯმენტი. უნივერსიტეტში სპორტის სექციაში სამბოზე შევედი. ჩემთან ერთად ერთი ბიჭი იყო, დღესაც ვმეგობრობთ. მას ძალიან უყვარს ჭიდაობა. არ მოგვწონდა ის ტრენერი, რომელიც გვავარჯიშებდა. ამიტომ, ჩვენთვის, კუთხეში ვდგებოდით და ერთმანეთს ვეჭიდავებოდით. ის ჩემზე გამოცდილი იყო. ჩემი „გრუშა“ გახდა – ხან რა ვატკინე, ხან რა. როცა ახალი ხარ ამ სპორტში, ვერ ზომავ და ერთხელ ლამის კისერი მოვწყვიტე.
– რა იყო შენი პირველი წარმატება?
– პირველად ძიუდოში მოვიგე რეგიონული ჩემპიონატი. სამი ბრძოლიდან ორი მტკივნეული ილეთებით მოვიგე. ძიუდოში იშვიათად იყენებენ მტკივნეულ ილეთებს. ამიტომ, ამან უფრო დამაინტერესა: ეს არის ჩემი გზა, მტკივნეული ილეთები უნდა ვისწავლო-მეთქი. ახლა უფრო ფეხზე ვმუშაობ. ჩემი ტექნიკაა ფეხზე მტკივნეული ილეთის გაკეთება. მერე სამბოში მოვიგე რეგიონული ჩემპიონატი და შემდეგ იყო გრემპლინგის პირველი ჩემპიონატი. მიუხედავად იმისა, რომ სპორტი ძალიან მიყვარს, ვიცი, მთელი ცხოვრება აქტიურ სპორტში ვერ ვიქნები. როცა მივხვდები, რომ ყველაფერი გავაკეთე, მერე უკვე სხვა საქმეს მოვკიდებ ხელს. ამიტომ, წინ ბევრი გეგმა მაქვს. საქართველოში მინდა გრეპლინგის ფედერაციის გახსნა, ვნახოთ, როგორი დაფინანსება იქნება აჭარის ფედერაციისგან. მინდა, კარგი რამ გავაკეთო და თუ არ იქნება ამის შესაფერისი დაფინანსება, ხელს არ მოვკიდებ. თან, მე ოდესაში ვარ და ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, ბევრი კონტაქტი მაქვს.
– როგორ მოახერხებ იქიდან მუშაობას?
– დრო ბევრი მაქვს. ახლაც, ვარჯიშის პარალელურად, ეკონიმიკა-მენეჯმენტში მაგისტრატურას ვამთავრებ და ასევე, იურიდულზეც ვსწავლობ, მესამე კურსზე. რომ ამბობენ, სპორტსმენები სპორტი მთელ დროს გვართმევსო, ესე იგი, ზარმაცები არიან. ყოველდღე თუ ვარჯიშობ, დილით 2 საათი და საღამოს – 2 საათი, დღეში ეს სულ 4 საათი გამოდის. წარმოიდგინე, რამდენი საათი მრჩება იმისთვის, რომ ვისწავლო ან სხვა რამ გავაკეთო? დროის მეტი რა არის.
– რით განსხვავდება გრეპლინგი ჭიდაობის სხვა სახეობებისგან?
– გრეპლინგი ჭიდაობის სხვადასხვა სახეობას აერთიანებს. მაგალითად, სამბოშიც არის მტკივნეული, მახრჩობელა ილეთები, მაგრამ გრეპლინგში მხოლოდ მტკივნეულ ილეთებზე კეთდება აქცენტი. სამბოში თუ შებოჭვებზე, გდებებზეა ბევრი ქულა, პარტერში ნაკლებს გაჭიდავებენ; გრეპლინგში უფრო კარგია, პარტერში გაჭიდაონ, ამისთვის დროსაც გაძლევენ. საკმაოდ საინტერესოა, რადგან ჭიდაობის ბევრ სტილს შეიცავს. უბრალოდ, უფრო მოწინავე ტექნიკით ვვარჯიშობთ. მაგალითად, ისეთით, როგორიც არის „კროსფიტი“. მწვრთნელი მანახვებს, რა უნდა გავაკეთო, მეც ვაკეთებ და თან, ვინმე უნდა იყოს, რომ გიყვიროს: გააკეთე, გააკეთეო. ისე, რთულია, 10 წუთი სწევ სიმძიმეებს და ხტუნაობ, მერე მოიკიდებ და აწევებს აკეთებ. ამ დროს მორალურად იღლები, ტვინი გეღლება, აღარ გინდა, ის კი გეუბნება: არა, არა, მიდი, მიდი!..
– უკრაინის შვიდგზის ჩემპიონი ხარ გრეპლინგში. ასე ადვილად გითმობენ უკრაინელები ქართველს პირველობას?
– საქართველოში, შეიძლება, ისე არ მიცნობენ, მაგრამ უკრაინაში ჩემპიონაზტზე რომ მივდივარ, ეს გრეპლინგი იქნება თუ ჯიუ-ჯიცო, ამბობენ: რომა მოვიდა, არ აქვს აზრი ამ წონაში გამოსვლასო. იმედია, ამპარტავნობაში არ ჩამითვლით თუ ერთ რამეს მოვყვები: უკრაინის ჩემპიონატზე მივედი ჩემს მოსწავლეებთან ერთად. ბევრი სპორტსმენი იყო, დამიძახეს: მოდი, რომა, რას დგახარ, რიგგარეშე გაგიშვებთო. ავიწონე და წავედი. მერე ჩემმა მოსწავლემ მითხრა: ბიჭებმა რომ გაიგეს 100 კილოგრამ წონაში იყავი, ჩაიცვეს ჯინსები, ქურთუკები და ისე დადგნენ სასწორზე. მსაჯი ეუბნებოდა, გაიხადეთ 100 კილოგრამებში იქნებითო. არა 100-ზე მეტში ჩამწერეო. თუმცა, სადაც არ უნდა მივიდე ყველა ძალიან კარგად მექცევა, მაფასებენ, თბილად მხვდებიან. მსოფლიოზე რომ წავედი, საქართველოს მთავრობას ჩემთვის არანაირი დახმარება არ გაუწევია. უკრაინის ფედერაცია დამეხმარა ყველაფერში.
– მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გამოდიხარ და არა უკრაინის.
– და მიუხედავად იმისა, რომ ევროპაზეც და მსოფლიოზეც პირველ ტურში უკრაინელი გავაგდე. რა თქმა უნდა, ორჯერვე საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა.
– როგორც ვიცი, მწვრთნელადაც მუშაობ.
– კლუბის მთავარი მწვთნელი ვარ. „მანგუსტი“ უკრაინაში ძალიან ცნობილი გუნდია, სხვადასხვა სახეობა გვაქვს. წლიწად-ნახევარია ვხელმძღვანელობ კლუბს. პრეზიდენტი არ ვარ, მაგრამ კლუბის საქმეები მიმყავს: ვარჯიში, ადმინისტრაციული საკითხები, ბევრი რამ მაბარია – რეკლამა მომწონს, არ მომწონს, პლუს ვვარჯიშობ და ორ სექციას ვავარჯიშებ. ჩვენი კლუბი ქველმოქმედებასაც ეწევა: ვეხმარებით ბავშვებს, უფასოდაც ვავარჯიშებთ, ბავშვთა სახლებში დავდივართ, საჩუქრებს ვუკეთებთ. ვუყვები, როგორ ჩამოვედი უკრაინაში და არაფერი ვიცოდი ჭიდაობაში... თუ მე, სხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა, მივაღწიე წარმატებას თქვენს ქვეყანაში, თქვენც შეძლებთ ამას, თუ მოინდომებთ-მეთქი.
– გოგონებსაც ავარჯიშებ, მაგალითად, ფორმაში რომ იყვნენ ან თუნდაც იმიტომ, რომ შენთან უნდათ ვარჯიში?
– დადიან გოგონებიც. ერთი გოგოა მოდელი, მეც მიკვირს რატომ დადის – ძვალი და ტყავია, მაგრამ დადის.
– ალბათ, შენს სანახავად დადის.
– იყო შემთხვევები ჩემს სანახავადაც რომ დადიოდნენ, მაგრამ ასეთი ხალხი დიდხანს ვერ ჩერდება. ყველას ერთნაირად ვტვირთავ და ვერ უძლებენ.
– „იმედის კვირაში“ ნანიკო ხაზარაძემ გამოაცხადა: საცოლე აქ არის სტუდიაშიო და საკუთარ თავზე მიუთითა. იქ მყოფი გოგონებიც მოიხიბლნენ შენით.
– მე მერე ვნახე. ისე, უცნობი გოგონები მწერდნენ „ფეისბუქზე“: რა უქენი იმათ, მართლა გიყვართ შენ და ნანიკოს ერთმანეთიო. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ცოლი არ მყავს და სადაც ჩემი ბედი იქნება, იქ და იმასთან ვიქნები მეც.