რატომ გამოჭრა ყელი ხელოსანმა კლიენტს მის საკუთარ ბინაში
49 წლის მალხაზ გ-ძის მკვლელობის შესახებ სამართალდამცველებისთვის მისი მძღოლის, 53 წლის ნუკრი ჯ-ავასგან გახდა ცნობილი. სწორედ მან აღმოაჩინა გარდაცვლილი მამაკაცი მისსავე ბინაში, რომელშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ნუკრი ჯ-ავამ შემთხვევის ადგილზე ჯერ სასწრაფო გამოიძახა, შემდეგ პოლიცია. თუმცა, ყელის არეში დაჭრილი მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება. შემთხვევის ადგილზე, ნახევრად გარემონტებულ ბინაში, გარდაცვლილი მამაკაცის გვამი ჰოლში, იატაკზე ეგდო ყელში შერჩენილი დანაშაულის იარაღით – მინის დიდი ზომის ნატეხით მას სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პირველი ჩვენება გამოძიებას გარდაცვლილის მძღოლმა მისცა. მისი ჩვენების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე მალხაზ გ-ძე მან მიიყვანა და ბინასთან ერთი საათი ელოდა. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „მალხაზი ბინაში საღამოს მივიყვანე. მე ქვემოთ დავრჩი მანქანაში. ვიცოდი, რომ შეხვედრაზე აპირებდა წასვლას და დარწმუნებული ვიყავი, ბინიდან მალე გამოვიდოდა. ალბათ, ნახევარი საათი იქნებოდა გასული, როდესაც სადარბაზოდან ის ხელოსანი გამოვიდა, რომელიც მალხაზის ბინაში მუშაობდა. უკან მეორე ხელოსანი მოჰყვა. ძალიან საეჭვოდ მომეჩვენა მათი გამოსვლა – ჩქარობდნენ და აქეთ-იქით იყურებოდნენ. ბინაში მეც ხშირად მიწევდა მისვლა და ორივეს ვიცნობდი. თხუთმეტი წუთი მაინც ველოდე მალხაზის გამოსვლას. რომ არ გამოჩნდა, ბინაში ავედი. მალხაზი ჰოლში ეგდო იატაკზე და მთლიანად სისხლით იყო მოსვრილი”.
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, გარდაცვლილი მამაკაცი საცხობების ბიზნესით იყო დაკავებული. ის როგორც საქმეში, ასევე ნაცნობების წრეშიც კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. შესაბამისად, გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, არ უნდა ყოფილიყო ჩადენილი დაპირსპირების ან შურისძიების ნიადაგზე. სამართალდამცველებმა, უპირველესად, იმ ადამიანის ძებნა დაიწყეს, რომელიც გარდაცვლილი მამაკაცის ბინაში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. ის ხარაგაულის რაიონში მცხოვრები მურმან ჭ-ძე აღმოჩნდა. გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ხელოსანმა მკვლელობამდე ერთი თვით ადრე დაიწყო მუშაობა გარდაცვლილის ბინაში. ოპერატიულმა სამსახურმა კი მას მკვლელობიდან რამდენიმე საათში საკუთარ სახლში მიაკვლია. მისი პირველი ჩვენება იმდენად წინააღმდეგობრივი იყო, რომ გამოძიებას ეჭვი გაუჩნდა მამაკაცი მკვლელობის მონაწილე თუ არა, თვითმხილველი მაინც უნდა ყოფილიყო. მურმან ჭ-ძის პირველი ჩვენების მიხედვით, ბინაში მისულ მალხაზს ფეხდაფეხ მიჰყვა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელმაც მალხაზ გ-ძე ურთიერთშელაპარაკების დროს მოკლა. მურმან ჭ-ძე ვერც საეჭვო მამაკაცის გარეგნობას აღწერდა და ვერც ფიზიკური დაპირისპირების დეტალებს. შეშინებულმა სახლი მივატოვე და გავიქეციო – განაცხადა მან. თუმცა, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მან სადარბაზო დატოვა მამაკაცთან ერთად, რომელიც, როგორც მოგვიანებით დადგინდა, მისი ცოლის ძმა და დამხმარე, კოტე დ-შვილი აღმოჩნდა.
საქმის მასალების მიხედვით, მურმან ჭ-ძემ გარდაცვლილი მამაკაცის ბინაში სარემონტო სამუშაოებში დამხმარედ ცოლისძმა მიიყვანა, რომელიც ციხიდან ახალი გათავისუფლებული იყო. იმის მიუხედავად, რომ მან ხელობა არ იცოდა, გამოცდილმა ხელოსანმა მაინც ანდო საქმე, რომელსაც კოტე დ-შვილმა თავი ვერ გაართვა. ამან ბინის მეპატრონე, მალხაზ გ-ძე გააბრაზა და მურმან ჭ-ძეს სამი დღის ვადა მისცა გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად. თუმცა, მკვლელობის დღეს ბინაში დაბრუნებულ მალხაზ გ-ძეს ყველაფერი ძველებურად დახვდა. ამის გამო მან ხელოსანს ჩხუბი დაუწყო, რასაც მალხაზ გ-ძესა და კოტე დ-შვილს შორის ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება მოჰყვა. კოტე დ-შვილი ნასვამი იყო და მამაკაცს შეურაცხყოფა არ აპატია. მას შემდეგ, რაც მურმან ჭ-ძემ გამოძიებას ჩვენება მისცა, სადაც დანაშაულის დეტალების შესახებ განაცხადა, სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი კოტე დ-შვილის ძებნა დაიწყეს, რომელიც რამდენიმე დღეში, საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. მკვლელობის დეტალებზე ჩვენება მისცა მურმან ჭ-ძემ: „კოტე საქმეზე არ უნდა ამეყვანა, მაგრამ ფული სჭირდებოდა და ვიფიქრე, დროთა განმავლობაში დაოსტატდებოდა. ღამე მოდიოდა და მეხმარებოდა. რაც კოტე ციხიდან გამოვიდა, სულ სვამდა. მეგობრებმა მითხრეს, იცოდე, ეს კაცი პრობლემებს შეგიქმნისო, მაგრამ ხელი ვერ ვკარი. მალხაზის სახლში ისეთი საქმე გამიფუჭა, 3 ათასი ლარის ხარჯი იყო, არც ტყუოდა ის კაცი. მითხრა: მე შენ დაგიქირავე და ეს კაცი არ ვიცი, ვინაა არ მაინტერესებს, ვინ რა გააფუჭა, საქმე უნდა გამოასწოროო. რაც შევძელი, გავაკეთე, მაგრამ ბინაში მოსული მალხაზი, რომელმაც წინასწარ დამირეკა, მაინც უკმაყოფილო დარჩა. ძალიან მორიდებული კაცი იყო, მაგრამ ისე გაბრაზდა, კოტეს შეურაცხყოფა მიაყენა. ერთმანეთს წაეჩხუბნენ, მაგრამ მალე დაზავდნენ, თითქოს ამოიწურა კიდეც ინციდენტი. მე ჰოლში მალხაზს ვესაუბრებოდი, როცა უცებ ზურგიდან კოტე მიეპარა და მინის ნატეხი ყელში გაუყარა. ისე თვალის დახამხამებაში მოხდა ეს, რომ ვერაფერი მოვასწარი. სისხლმა გადმოხეთქა არტერიიდან. ვეცი მალხაზს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბიჭო, ეს რა გააკეთე-მეთქი, ვუყვირე კოტეს. მაშინვე დავტოვეთ იქაურობა. გზაში მომელაპარაკა, რომ პოლიციაში მეთქვა ვერსია, თითქოს მალხაზს ჩემთვის უცნობი ადამიანი დაესხა თავს. დავთანხმდი ამ წინადადებას, რომ ის გადამერჩინა. თუმცა, ვიცოდი, ეს ასე არ ჩაივლიდა და ასეც მოხდა”. სასამართლომ კოტე დ-შვილი დამნაშავედ ცნო მალხაზ გ-ძის განზრახ მკვლელობაში და ჩადენილი დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორი წლით პატიმრობა შეეფარდა მურმან ჭ-ძეს, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემისა და დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს.