როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ფეხით მოსიარულე წინ გადაგვირბენს
ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა გზებზე ფეხით მოსიარულეთათვის მოძრაობის წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ თემაზე ვრცლად გვესაუბრება საავტომობილო ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი მევლუდ მელაძე: ხალხის ქუჩაში მოძრაობის კულტურა საქართველოში ძალიან დაბალია. კანონიც არ არის სათანადოდ გამართული იმისთვის, რომ ფეხით მოსიარულეც სათანადოდ დაისაჯოს. ერთ უბრალო მაგალითს მოგიყვებით: გერმანიაში ვიყავით. ერთი ჩემი მეგობარი ტროტუარიდან ჩავიდა და სავალი ნაწილის პირას გაუყვა გზას. უცებ მანქანამ გამოიარა და გაჰკრა. ჩემი მეგობარი დაეცა, თუმცა, არაფერი დაშავებია, შარვალი გაიბერტყა და გზის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ, ვინ აცადა – მივარდა გაფითრებული გერმანელი და მისცვივდა ხალხი, ეს თავისი დამტვრეული გერმანულით უხსნის, არ გიჩივი, კარგად ვარ, წადიო. ის გაგიჟდა – რას არ მიჩივი, მოიცადე, პოლიცია მოვიდესო. მოკლედ, პოლიცია მოვიდა და ჩემს მეგობარს ორასი ევრო ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. არადა, თბილისში სამი-ოთხი ადამიანი ერთად დადის ტროტუარის ქვევით. ყველაზე საშიში ის ფეხით მოსიარულეები არიან, რომლებსაც მანქანა არ ჰყოლიათ, არ აქვთ მისი მართვის გამოცდილება და, შესაბამისად, არ იციან, როდის ჩანან ან არ ჩანან; როდის არის მოსახვევში გადასვლა ყველაზე საშიში და ასე შემდეგ. პირველი, რაც სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ, არის ის, რომ, ჯერ დამთავრებული არ გვაქვს გზის ერთი ნაწილის გადასვლა, რომ უკვე საპირისპირო მხარეს ვიყურებით, არადა, ამ დროს შეიძლება მილიონი გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს: ერთი მანქანა მეორეს ასწრებდეს; ვიღაც შეიზღუდოს და იძულებული გახდეს, ღერძულა ხაზისკენ წაიწიოს და სხვა უამრავი რამ, რაც ქვეითისთვის შეუმჩნეველი რჩება. რატომღაც, მიაჩნიათ, რომ, თუ გზის ასეთი მონაკვეთის შუამდე მივლენ და არაფერი მოსდით, უკვე უსაფრთხო ზონაში არიან და მეორე მხარეს იყურებიან. სწორედ ამ დროს ხდება ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა. ერთსა და იმავე მხარეს რამდენჯერმე თუ გავიხედავთ, ამით არაფერი დაშავდება. მერე იწყება მეორე პრობლემა: საპირისპირო მხარეს მიმავალი მანქანები ქუჩის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევენ და ქვეითი იძულებულია, ძალიან დიდხანს იდგეს ღერძულა ხაზზე. არადა, ღერძულა ხაზი კედელი არ არის, რომლის გადაკვეთაც არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ღერძულა ხაზის გადაკვეთა ზოგჯერ ნებადართულია. მით უმეტეს, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია თბილისში. მარჯვნიდან ოდნავი წინააღმდეგობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მძღოლმა ღერძულა ხაზი გადაკვეთოს. ამიტომ, უმჯობესია, კარგად დაფიქრდეთ, შეხედოთ, ცოტა მეტი დრო დაკარგოთ და ქუჩაზე დაზღვეულად გადახვიდეთ, ვიდრე რამდენიმე წამის გამო თავი საფრთხეში ჩაიგდოთ.
კიდევ ერთი საშინელი ჩვევა, რომელიც ჩვენს ფეხით მოსიარულეებს აქვთ. თუ დაკვირვებიხართ, როგორ ახლოს მოდიან ისინი მანქანასთან იმისთვის, რომ, როგორც კი გაივლით, წამსვე გადავიდნენ ქუჩაზე. ფეხებს უკან ტოვებენ და მთელი ტანით წინ იწევიან. ამას მართლა ჯობია, წინ გადაგირბინონ – დაამუხრუჭებ მაინც. ასეთ დროს კი არც დამუხრუჭების საშუალებას გაძლევენ, რადგან, შეიძლება, შემოგასკდნენ. იძულებული ხარ, გვერდი აუარო, იწევ მეორე მხარეს და სხვა მანქანებსაც ავიწროებ. ასეთ დროს ავტოსაგზაო შემთხვევის რეალური საფრთხე იქმნება. განსაკუთრებით საშიშია ისეთ მანქანასთან ახლოს მისვლა, რომელსაც ბუქსირით მეორე მანქანა ჰყავს ჩაბმული. ასევე საშიშია წვიმა და ღამე – ეს ის ფაქტორებია, რომლებიც რისკს ერთიასად ზრდის. ამ დროს წვიმის წვეთები ფარების შუქზე ისე კვეთს ერთმანეთს, რომ, შესაძლოა, ფეხით მოსიარულე საერთოდ არ გამოჩნდეს და ის, უბრალოდ, ვერ დავინახოთ.
– როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი მაშინ, როდესაც მის წინ ფეხით მოსიარულე გადადის?
– ამას ექსტრემალურ სკოლაში სპეციალურად ვასწავლით. აქ რამდენიმე საკითხი უნდა გავითვალისწინოთ: თუ თქვენ ქალი გადაგირბენთ წინ, სულ ბოლომდე რომ იყოს მისული და დაინახოს, რომ ავტომობილი სწრაფად მოდის, ის აუცილებლად უკან გაიქცევა; თუ მამაკაცი გადადის, ის აუცილებლად წინ გაიქცევა, თუ, რა თქმა უნდა, მასში ქალის ჰორმონები არ ჭარბობს. ისევე, განსხვავებული სიტუაციებია გზატკეცილზე ცხოველების გადასვლასთან დაკავშირებით; მაგალითად, ძაღლი გადაირბენს, ძროხა კი ყურსაც არ შეიბერტყავს. ამ ყველაფრის ცალ-ცალკე განხილვას, აჯობებს, ერთი მარტივი წესი დავიმახსოვროთ: თუ საშუალება გვაქვს, რომ მთლიანად შევჩერდეთ და ფეხით მოსიარულე გავატაროთ, ეს საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო ქმედება იქნება. თუ ამის საშუალებას სხვა ავტომობილები და საერთო ნაკადი არ გაძლევთ, მაშინ, ყოველთვის შემდეგნაირად მოიქეცით: როგორც არ უნდა ნელა მიდიოდეს თქვენ წინ ქვეითი, არაფრით არ შეცვალოთ თქვენი კურსი და მიმართულება, რადგან ასე ვერ მივხვდებით მასში რომელი სქესის ჰორმონი ჭარბობს (იცინის); შესაბამისად, ვერც იმას გამოვიცნობთ, როგორ მოგექცევათ ის. ამიტომ, ბოლომდე ის მიმართულება დაიჭირეთ, რომლითაც მიდიოდით. მასთან ახლოს მისვლის შემდეგ ქვეითის ბოლო მოქმედების მიხედვით, თქვენ საპირისპირო მხარე აიღეთ, ანუ, არ იმოქმედოთ გამოცნობის პრინციპით, სულ ბოლო წუთს შეცვალეთ მიმართულება, ისე, რომ ქვეითს უკან მიბრუნების დრო არ დაუტოვოთ – ასე მოქცევა თქვენც დაგიცავთ და ფეხით მოსიარულესაც.