როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
კოკაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – კოკა.
1721 წელს საბარათიანოში, ბატონის მეფის სახასოში, მოიხსენიება ყაზარა კოკაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: კოკაია, კოკაური, კოკელაშვილი, კოკელაძე, კოკიაშვილი, კოკილაური, კოკილაშვილი.
საქართველოში 98 კოკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 40, რუსთავში – 34, მცხეთაში – 6. არიან სხვაგანაც.
მწყერაძე-ბერუკაშვილი
გვარი ბერუკაშვილი აზნაურ მწყერაძეთა გვარიდანაა გამოყოფილი. „აზნაურ მწყერაძეთა წინაპარნი არიან იმერეთიდან მოსულნი, რომელნიც ესახლნენ ლოსიათ ხევს, მწყერის ციხე-ადგილსა წოდებულსა და ადგილისა გამო გაუგვარდათ მწყერაძეობა. არიან ესენიცა აზნაურნი და ცნობილნი ლუარსაბ მეფისა დროსა და მოიხსენებულ ტრაქტატსა შინა“ (იოანე ბატონიშვილი, „შემოკლებითი აღწერა“).
მწყერაძე მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებში.
საქართველოში 79 მწყერაძე ცხოვრობს: თელავში – 26, თბილისში – 24, გორში – 9. არიან სხვაგანაც.
განუგრავა
გვარების ისტორიის შემსწავლელები ფიქრობენ, რომ გვარი განუგრავა არასწორია და ის ადრე განგურავა იყო.
განგურავა მეგრულში იგივეა, რაც განუგრძობელი, შეწყვეტილი, დაუმთავრებელი.
გვარის ფუძე შეიძლება შევადაროთ სიტყვას განგა, აქედანაა გვარი განგავა; განგი იგივეა, რაც კეთილის მოსურნე. განგავას ვარიაციული ფორმაა განგია, განგება-ღვთაება.
განგია-გამგია იგივეა, რაც მოხელე, კეთილმოსურნე.
საქართველოში 99 განუგრავა ცხოვრობს: თბილისში – 32, ბათუმში – 3, ზესტაფონში – 2. არიან სხვაგანაც.
წოწორია-წოწელია
გვარის ფუძეა წოწორა, წოწორი. მეგრულში წოწორ იგივეა, რაც ქართულში – მაღალი და აწოწილი.
ფუძე წოწ გვხვდება გვარებში: წოწოლაშვილი, წოწონავა, წოწერია.
სამეგრელოში გვარები აღწერილი აქვს პაატა ცხადაიას. ის გვაძლევს ასეთ ინფორმაციას: „წოწერია 202 სული: სენაკში – 92, ზუგდიდში – 26, ქუთაისში – 10“.
ასევე, გვხვდება გვარი წოწელია. დაფიქსირებულია ქვემო იმერეთში, 22 სული.
საქართველოში 1 078 წოწორია ცხოვრობს: მარტვილში – 414, თბილისში – 251, აბაშაში – 47. არიან სხვაგანაც.
დოფიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დოფა. სახელი დოფა მოხსენიებული აქვს პროფესორ ალექსანდრე ღლონტს, წიგნში „ქართველური საკუთარი სახელები.”
„დოფნა დირბელი, მოწმე და დამწერი პაატა არჩვაძის მიერ ზაალ წინამძღვრიშვილისთვის მიცემული მამულის დაგირავების წიგნისა” (1700 წელი).
„დოფისძე ამბი იყო მოწმე მირბია ბულაძის მიერ ახდილას მონასტრისთვის მიცემული ყანის ნასყიდობის წიგნისა” (მეთექვსმეტე საუკუნე).
საქართველოში 108 დოფიძე ცხოვრობს: თბილისში – 31, ბორჯომში – 8, რუსთავში – 3. არიან სხვაგანაც.
კიკნაძე
საკმაოდ გავრცელებული საგვარეულოა. კიკნაძეები აზნაურიშვილები არიან.
წიგნში – „შემოკლებითი აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” – იოანე ბაგრატიონი აღნიშნავს: „კიკნაძეები იმერეთის თავადნი და აზნაურნი... წელსა 1537 ამათნი გვარნი დაეშვნენ იმერეთს, გამრავლდნენ მათი გვარისანი და იწოდებიან კიკირონ მოშაირე მეცნიერის შთამომავლებად, კიკნაძეებად.”
გვხვდება მეტსახელი კიკნა.
„დოროთეოს კათალიკოსმა (სოფელი ნიტრია) იქ მცხოვრები აზნაური, ერთი კომლი კიკნაძე, შესწირა ნიტრიის ეკლესიას” (1589-1600 წლები).
ასევე, გვხვდება გვარი კიკნაშვილი.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის კიკნაძეებს 72-ე ადგილი უჭირავთ.
საქართველოში 5 245 კიკნაძე ცხოვრობს: თბილისში – 1 962, ხაშურში – 684, ხარაგაულში – 603. არიან სხვაგანაც.
ყენია
ყენია გურული გვარია. მისი სამშობლოა საჭამიასერი, ჩოხატაურის რაიონი.
ყენიები იყვნენ აზნაურები. რუსეთის მთავრობამ 1850 წლის 6 დეკემბერს საქართველოდან თავადაზნაურთა სიაში – „ხავერდის წიგნში“ შეიყვანა: დავით ბერისძე, მისი მეუღლე – დარეჯანი, ლევან იესეს ძე, გოგიტა ბეჟანის ძე, ოთარ ბეჟანის ძე, გიორგი ივანეს ძე, დავით სიმონისძე, გლახუნა სიმონის ძე და ასე შემდეგ ყენიები.
საქართველოში 231 ყენია ცხოვრობს: თბილისში – 125, ჩოხატაურში – 31, სამტრედიაში – 28. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით