ექიმის რჩევები
კითხვა: როცა ადამიანს პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდის, მაგრამ, არცერთი კბილი არ აქვს გაფუჭებული და არც ღრძილები აწუხებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? გამიგია, კუჭმა იცისო. კონკრეტულად რის ექიმს უნდა მიმართოს?
პასუხი: ჰალიტოზის (პირიდან უსიამოვნო სუნის) ერთ-ერთი მიზეზი, სტომატოლოგიური პრობლემების გარდა, არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაზიანება, ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიები და სხვა.
კითხვა: ვარ 18 წლის ბიჭი, მაწუხებს ოფლიანობა – სწრაფად ვოფლიანდები. რომც ვიჯდე, ხელები და ფეხები მიოფლიანდება და უსიამოვნო სუნი მაწუხებს. ასევე, შუბლზეც შეიძლება დამასხას ოფლმა და გავწითლდე. ნერვული სისტემის მოშლის ბრალი ხომ არ არის? რას მირჩევთ?
პასუხი: თქვენს შემთხვევაში ადგილი აქვს დიფუზურ ჰიპერჰიდროზს (ჭარბ ოფლიანობას). მკურნალობის მიზნით, აუცილებელია მიზეზის დადგენა. გირჩევთ, გამოიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვალი, ფილტვები და გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი.
კითხვა: გათხოვების შემდეგ შარდვის დროს მაქვს ძლიერი ტკივილები და ხშირ-ხშირად ვშარდავ. რისი ბრალია და ვის მივმართო?
პასუხი: ახალგათხოვილ ქალებში საკმაოდ ხშირია შარდის ბუშტის ანთების – ცისტიტის შემთხვევები. სწორედ ცისტიტს ახასიათებს ასეთი ნიშნები, მაგრამ, თვითმკურნალობას არ გირჩევთ, რადგან, შეიძლება, ორსულადაც იყოთ და ასეთ დროს ყველა პრეპარატის მიღება არ შეიძლება. უნდა მიმართოთ გინეკოლოგს და/ან უროლოგს, რომელიც დააზუსტებს დიაგნოზს და განსაზღვრავს იმასაც, ხომ არ გაქვთ დეფლორაციისშემდგომი გართულებები; ასევე, შესაძლოა, მიზეზი იყოს სქესობრივი გზით გადამდები დაავადების მანიშნებელიც. თუ მიზეზი არ იქნა დადგენილი პრობლემა პერიოდულად შეგახსენებთ თავს და შემდეგომი გართულებებიც არ არის გამორიცხული. ქრონიკული ცისტიტი კი სერიოზულ პრობლემად გექცევათ. აუცილებლია, გაკეთდეს სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, საშოს ნაცხის ანალიზი – ასე განისაზღვრება გამომწვევი ბაქტერია; შემდეგ უნდა გაკეთდეს ბაქტერიის მგრძნობელობის დადგენა ანტიბიოტიკების მიმართ და ამის მიხედვით დაგენიშნებათ სათანადო მკურნალობა, მანამდე კი გირჩევთ, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, იყოთ თბილად, ერიდოთ მწარე და ცხარე პროდუქტებს, ასევე, ნუ დალევთ ტკბილ გაზიან სასმელებს, მიიღეთ მცენარეული შარდმდენი ნაყენი (თირკმლის ჩაი ან შვიტა).
კითხვა: 5 დღის წინ ძლიერად მოვიწამლე, მქონდა სიცხე, დავლიე რეჰიდრონის ხსნარიც, სოდიანი წყალიც. მეორე დღეს კარგად ვიყავი და სიცხეც არ მქონდა. ვჭამე მხოლოდ მოხარშული ბრინჯი და კარტოფილი, მესამე დღეს – ბულიონი, მაგრამ, მთელი ცხოვრება ამას ხომ ვერ შევჭამ? ერთი-ორი დღეა შევჭამე სხვა საჭმელი და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კუჭზე სიმძიმე მაწევს. იქნებ, მირჩიოთ რამე?
პასუხი: ბულიონი არის ხორცის ნახარში, ის ძნელი მოსანელებელია და, ამიტომ, ჯობია, ამ დღეებში ბოსტნეულის სუპი მიირთვათ, იმედია, მდგომარეობა თანდათან გამოგისწორდებათ. თუ ასე არ მოხდა, მიმართეთ ექიმს.