კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ქართველისთვის ტირანიაში ცხოვრება კომფორტული და რატომ გვირჩევნია თავისუფლებას ძლიერი პატრონის ყოლა, მამუკა გიორგაძის აზრით

ეროვნება – ქართველი.

საცხოვრებელი ადგილი – თბილისი.

პროფესია – ინჟინერ-მშენებელი (ჰიდროტექნიკოსი).

მთავარი პროფესია – პოლიტიკა.

ოჯახი: ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

მამუკა გიორგაძე: საქართველო და ქართველები ვართ კაცობრიობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. განსაკუთრებულობა არ ნიშნავს ვინმეზე კარგი იყო ან ცუდი. საქართველო არის ტერიტორია, რომელიც უფალმა ქართველებს მოგვცა და პირველყოფილობიდან დღემდე მივიყვანეთ. შევქმენით კულტურა, რომელიც შეესაბამებოდა ჩვენს ცივილიზაციას; გვაქვს სპეციფიკური, ჩვენთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები, ტრადიციები და შეხედულებები, რომლებითაც ვავსებთ სამყაროს მთლიანობას. მრავალ ათას ერს შორის ჩვენ ვართ ერთ-ერთი ის ერი, რომელმაც შექმნა სახელმწიფო და ასეთი ბევრი არ არის – გაეროს მონაცემებით, სულ რაღაც ორასის ფარგლებშია და მათ შორის ვართ ჩვენ, როგორც სახელმწიფოს შემქმნელი ერი. მსოფლიოში სულ თოთხმეტი ანბანია და ამ თოთხმეტს შორის ერთი ქართულიც გახლავთ. მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურში შევიტანეთ კულტურის სერიოზული ძეგლები... ზოგადად, ერი არ იზომება იმით, თუ რა სიდიდის ტერიტორია უკავია მას ან რამხელა ჯარის გამოყვანა შეუძლია ბრძოლისას; არც რიცხობრივი რაოდენობაა მნიშვნელოვანი. ერის სიდიდე იზომება თავისი შენატანებით მსოფლიო ცივილიზაციაში და ამ მხრივ საამაყო ნამდვილად გვაქვს. მეტსაც გეტყვით, კოსმოსშიც არსებობს „ქართული ნაკვალევი“ – „ჩაკრულოა“ კოსმოსში გაგზავნილი. ყველაფერ ამისგან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკურენტუნარიანი და კაცობრიობისთვის საჭირო ერი ვართ – კაცობრიობას უკვე მივეცით ბევრი რამ და, ცოტა ფეხზე რომ დავდგებით, კიდევ უფრო საინტერესო გავხდებით მისთვის – ამისი იმედი მაქვს.

– რაში ვჭირდებით კაცობრიობას და რით შეიძლება ვიყოთ მისთვის საინტერესო?

– ყველა ერს აქვს ეგზოტიკური დანიშნულება და ამ მხრივ ჩვენ გამონაკლისები არ ვართ. გერმანელი იქნება, ფრანგი, ინგლისელი, ქართველი თუ ჩინელი, ყველა ეგზოტიკურია თავისი ინდივიდუალურობით. ამ მრავალფეროვნებით არის სამყარო საინტერესო. თუნდაც სამზარეულო აიღეთ: ვიღაცას ჩინური კერძები მოსწონს, ვიღაცას – იტალიური, ვიღაცას – ქართული... კაცობრიობას, კერძებთან ერთად, უმშვენიერესი არქიტექტურული ძეგლებიც შევძინეთ, რომლის გარეშეც კაცობრიობა ვერ იქნებოდა სრულყოფილი. უბრალოდ, მაშინ, როცა მსოფლიო მარკეტინგული ქსელები იქმნებოდა, ჩვენ დაპყრობილი ქვეყანა ვიყავით – მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეები მაქვს მხედველობაში. ამ პერიოდში სათანადოდ ვერ შევფუთეთ და მსოფლიო ბაზარზე ვერ გავიტანეთ, ვერ მივაწოდეთ მას საკუთარი თავი... და, მსოფლიო მხოლოდ ახლა აღმოგვაჩენს ნელ-ნელა; ახლა აცნობიერებს, თუ რა დიდი ცივილიზაციისა და კულტურის ერი ვყოფილვართ. ბუნებრივია, პოტენციალსაც ხედავს ჩვენში და იმასაც, რა შეგვიძლია მომავალში გავაკეთოთ. საკმარისი იყო საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა 1918-1920 წლებში (რეალურ დამოუკიდებლობას ვგულისხმობ), რომ ჩვენ შევძელით, გაგვეხსნა უნივერსიტეტი, ოპერა, თეატრი... უფრო ძველი ისტორიიდან მოვიყვან მაგალითს – რა შევქმენით ისეთი მურვან ყრუს მეექვსე და მეშვიდე შემოსევების შუალედში, რომ უკან შემობრუნდა ამ რაღაც ღირებულის მისათვისებლად...

– თუმცა, უკვე კარგა ხანია, განსაკუთრებული არაფერი შეგვიქმნია...

– ჩვენ რომც შეგვექმნა, მსოფლიოს მას მაინც ვერ მივაწოდებდით. ილია ჭავჭავაძის ვერც სიღრმე მივაწოდეთ მას და ვერც სიდიადე. ილია ჭავჭავაძე თავისი ეპოქის იმ რამდენიმე დიდ პიროვნებას შორის ერთ-ერთია, რომლებმაც სწორად იწინასწარმეტყველეს მსოფლიოს მომავალი განვითარება. ილია ჭავჭავაძემ სიღრმისეულად  განსაზღვრა, რომ მეოცე საუკუნე დეკოლონიზაციის საუკუნე იქნებოდა. ასევე ამერიკული რენესანსის საუკუნეც. ეს მაშინ, როცა ევროპა ჯერ კიდევ მყარად იდგა ფეხზე. ილიამ მაშინ დაინახა ის პრობლემები, რომლებიც დღეს დგას კაცობრიობის წინაშე; თანაც, მთელ მსოფლიოს ამ პრობლემების გადაჭრის გზებიც შესთავაზა. ილიამ შემოიტანა ადამიანისა და საზოგადოების უფლებებისა თუ პასუხისმგებლობის ცნებები... ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ქართული რენესანსი წინ უსწრებდა ევროპულ რენესანსს, მაგრამ, გვაქვს ამის განცდა? ვიქცევით ისე, როგორც რუსთაველის ეპოქის ქართველი იქცეოდა?!

– ანუ, ჩვენ აღარ ვგავართ რუსთაველის თუ დავით აღმაშენებლის ეპოქის ქართველებს?

– არა, რა თქმა უნდა! სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან დავშორდით მათ და ეს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებასაც ისევე ეტყობა, როგორც ჩვენს ყოფას. ვიქცევით ისე, როგორც სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ერი უნდა იქცეოდეს?! არა! – ამაშია საქმე! დღეს აღარ ვართ კონკურენტუნარიანი ერი. პელე კი არის დიდი ფეხბურთელი, მაგრამ, არცერთი კლუბი არ გადაიხდის ფულს, რომ ის თავის გუნდში იხილოს. სამაგიეროდ, დამწყებ და იმედისმომცემ ფეხბურთელში ჩადებენ სერიოზულ თანხას. თუ ვიქნებით მუდმივად კონკურენტუნარიანები,  ჩვენი თავისთვისაც კარგი იქნება და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც.

– ერი როგორ უნდა იყოს კონკურენტუნარიანი?

– სამასწლოვანი გამოცდილების რეალიზება უნდა გავაკეთოთ. როცა უცხოელს ვეუბნებით, რომ ასეთი კულტურის შემქმნელი ხალხი ვართ, გაოცებულები გვიყურებენ. დაგვცინიან, იმიტომ რომ, ჯურღმულიდან ახლახან გამოსული ველურებივით ვიქცევით. ქართველ საზოგადოებას შევახსენებ, რომ ბათუმში ჰილარი კლინტონმა გვითხრა კიდეც ეს – ჯურღმულიდან ოცი წლის გამოსულების კვალობაზე, არა გიშავთო (ჯურღმულში საბჭოთა კავშირი იგულისხმება). პრეტენზია კი იმაზე გვაქვს, რომ ბიზანტიასთან ერთად ევროპულ ცივილიზაციას ვქმნიდით (იცინის). როცა ჩვენ საბჭოთა ჯურღმულში შევედით – შევედით რა, ძალით რომ შეგვათრიეს, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომელსაც კონსტიტუცია გვქონდა. ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, არც აზერბაიჯანს, არც უკრაინას, არც სხვა რესპუბლიკებს ეს არ ჰქონდათ და არც სახელმწიფოს შემქმნელი ერი იყო რომელიმე. მხოლოდ სომხებს ჰქონდათ მეათე საუკუნემდე სახელმწიფოებრიობა. მთელი უბედურება სწორედ ის არის, რომ საბჭოთა კავშირიდან გამოვედით სხვების მსგავსად და ისევ ბოლშევიკური მმართველობის, ბოლშევიკური რუდიმენტის გამყარებას მივყავით ხელი. ამიტომაც მივიღეთ ეს შედეგი და ამიტომაც არ აქვს ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას სახელმწიფოებრიობის განცდა. ვამაყობთ იმით, რომ ალენ დელონი თვითმკვლელობას ვაჟა-ფშაველამ გადაარჩინა, იმის მაგივრად, რომ ვამაყობდეთ, ვაჟა-ფშაველას მშობელი ერი ვართო (იცინის). ამაშიც გვეტყობა, რომ დაპყრობილი ერის ფსიქოლოგია გვაქვს დღესაც.

– ხომ არ ვართ ის ერი, რომელსაც თავისი დამპყრობელი დღემდე უყვარს?

– ვხვდები, რასაც გულისხმობთ, მაგრამ, ეს სიყვარული არ არის, უბრალოდ, ჩვენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გვეშინია. მეორე მომენტია, რომ დამპყრობლის, პატრონის კალთის ქვეშ კომფორტულად ვგრძნობთ თავს. მთავარია, პირველთან გაარკვიო ურთიერთობა და კეთილდღეობა გარანტირებული გაქვს – ამ ფსიქოლოგიას, ამ სისტემას ვერ ელევა ერი.  შენით რომ რაღაცას მიაღწიო, მაშინ, კონკურენტუნარიანი, მცოდნე, განათლებული, ღირსეული, მშრომელი უნდა იყო და ეს გვეზარება.

– ანუ, სიზარმაცემ მიგვიყვანა ამ უბედურებამდე?

– უპასუხისმგებლობამაც. ჩვენმა არასახელმწიფოებრივმა აზროვნებამ გააკეთა ის, რომ ჩვენთვის კომფორტულია ტირანიაში ცხოვრება. ხანდახან ეს ტირანი გაგვლახავს კიდეც, ამაზე ვიჯუჯღუნებთ და ერთ ტირანს მეორე ტირანით შევცვლით. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობა და თავისუფლება ქართველი ერისთვის დღეს ძირითადი ღირებულებები არ არის.

ჩვენ რომ იმდენი წელი ათეისტური ბილეთები გვედო ყველას ჯიბეში და ათეისტური სახელმწიფოს წევრები ვიყავით; ჩვენი მშობლები ეკლესიებს რომ ანგრევდნენ და მღვდლებს ხოცავდნენ, ეს ყველაფერი გულწრფელად მოვინანიეთ?! ანუ, მოვინანიეთ ჩადენილი ცოდვები?! ვერაფრით გავითავისეთ დამოუკიდებლობის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. ჯერ კიდევ არ გვჯერა, რომ სწორედ თავისუფლება და დამოუკიდებლობაა უმთავრესი ღირებულებები – სწორედ ამაშია ჩვენი მთავარი პრობლემა. გვინდა, სხვა ზრუნავდეს ჩვენზე; თანაც, ახლა გვწყინს, რომ ამერიკა ისე არ ზრუნავს ჩვენზე. სამაგიეროდ, როცა საბჭოთა კავშირს ვყავდით დაპყრობილი, გაზი, შუქი უფასო იყო, სამსახურსაც ყველა იღებდა და პროფკავშირების ხარჯზე კარგადაც ისვენებდა ოჯახი. რატომ არ აკეთებს ამას ამერიკაო? – გული  მოგვდის და ისევ რუსეთისკენ ვიყურებით. ვერ გამოვფხიზლებულვართ და ვერ მივმხვდარვართ, რომ ეს სახელმწიფო ჩვენი შესაქმნელ-დასალაგებელია. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ძალიან მცირე ნაწილი იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და ესეც არის ამის ერთ-ერთი მიზეზი – არ ვაღიარებთ ამას და არ ვინანიებთ. ისე გვინდა, მონანიების გარეშე, სავლე იქცეს პავლედ. არ გამოვა ეს მონანიების, თავმდაბლობისა და იმ ადამიანების პატივისცემის გარეშე, რომლებიც სამშობლოს დამოუკიდებლობას შეეწირნენ. მეტსაც გეტყვით – ჩვენ ჩვენი გმირების სახელებიც კი არ ვიცით. მებრძოლი ადამიანების დაუფასებლობა ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ერს, მაშინ, როცა მათ მაგალითებზე უნდა ვზრდიდეთ შვილებს. ვინ იცის დღეს, როგორ დაღვარა სისხლი მუსტაფა შელიამ და როგორ გაატარა ოცდარვა წელი ლიზიკო ქავთარაძემ გულაგში – ციხეში? სამაგიეროდ, მონის სიამპარტავნე უხვად გვაქვს და, არ გვინდა, მსოფლიო პროცესებს ჩამოვრჩეთ. ხოლო ის, რომ ჩვენ საკუთარ სახლში კიბეა დასაგველი და ხეა დასარგავი არ გვადარდებს. სწორედ ეს უჩენს მთელ მსოფლიოს განცდას, რომ ჯერ არ ვართ ღირსები, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ. ჰოდა, ვართ ასეთ რთულ სიტუაციებში.

– გაქვთ იმედი, რომ რამე შეიცვლება უკეთესობისკენ?

– რა თქმა უნდა, შეიცვლება. ადრე თუ გვიან, უფალი მაინც დაგვაყენებს ჭეშმარიტების გზაზე, მაგრამ, რის ფასად და რა ტკივილების გადატანის ხარჯზე – ამაზეა საუბარი. იმ ოცი წლის გავლაც შეიძლებოდა ნაკლები დანაკარგებით, რაც სისხლითა და ტკივილით გამოვიარეთ. მთავარი იმ გამოცდილების გააზრება და გაზიარება იყო, რომელიც არსებობს: გნებავთ – ქართული, გნებავთ – მსოფლიო გამოცდილება... დღეს კი დიდ გაურკვევლობაში ვართ: ისევ გვაქვს მოლოდინები, ვიტყუებთ თავს, რომ გამოჩნდება უკეთესი პატრონი, ამასობაში კი დრო გადის...

скачать dle 11.3