რის გამო გრძნობს თინი გალდავა უხერხულობას და როგორ მიიღო მსახიობის პროფესიის არჩევის გადაწყვეტილება დეკანოზი მამისა და მხატვარი დედისგან დამოუკიდებლად
მსახიობი თინი გალდავა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სეზონზე გამოჩნდა და მაყურებლის ყურადღება, გარდა სამსახიობო ოსტატობისა, ულამაზესი გარეგნობითაც დაიმსახურა. თინი მორწმუნე და ხელოვანების ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები შესანიშნავად ხატავენ. მისი მამა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარია. მშობლებს მისთვის სხვადასხვა პროფესია სურდათ, თუმცა, თინიმ, ყველასგან დამოუკიდებლად, მსახიობობა გადაწყვიტა.
– თინი, სანამ სერიალში მოხვდებოდი, მანამდე თუ იყავი მისი მაყურებელი?
– თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და მთელ დროს იქ ვატარებდი – დილის 9 საათიდან რომ ვიწყებდით, 12 საათზე ვამთავრებდით. ამიტომ, დრო ცოტა მქონდა და სერიალს ვერ ვუყურებდი, თუმცა, ასე თუ ისე, ვიცოდი, რაც ხდებოდა.
– როგორ აღმოჩნდი სერიალში?
– მეგობრებთან ერთად ისე წავედი ქასთინგზე, არც კი ვიცოდი, რა როლი იყო. ეს ჩემთვის პირველი ქასთინგი იყო. ლიფონავა ესწრებოდა. მივედი და რაღაცეები გავაკეთე. რამდენიმე დღეში, უნივერსიტეტში ვიყავი, რეპეტიციებზე, რომ დამირეკეს და ჩუმად ვუპასუხე ტელეფონს. მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს და ძალიან გამიხარდა (იცინის). მანამდე მხოლოდ თეატრში ვიყავი და პატარ-პატარა რეკლამებში ვიღებდი მონაწილეობას. თეატრალურში ძალიან მაგარ ჯგუფში მოვხვდი. ნუკრი ქანთარია ძალიან სერიოზული რეჟისორია, ასევე, ვატო ჯუღელი. ძალიან გამიმართლა. მთელი კონცენტრაცია თეატრზე გვქონდა და, როცა სპექტაკლს ვდგამდით, ყველანაირ რეკლამაში, სერიალსა თუ კინოში მონაწილეობას გვიკრძალავდნენ. უნივერსიტეტი ოქტომბერში დავამთავრე. რამდენიმე სპექტაკლი დავდგით: ჩეხოვის „თოლია“, მოლიერის „მკურნალი სიყვარული“, სარტლის „გასვრილი ხელები“. ზოგი სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში გვქონდა გატანილი და ზოგი – თეატრალური უნივერსიტეტის სცენაზე. თიკო ქოიავამ ჩამოაყალიბა „თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრი“ – ეს სიახლეა და იქ ვცეკვავთ, სპექტაკლებს ვდგამთ. ყველაფერი ქორეოგრაფიაზეა დამყარებული, ოღონდ, დრამატული თეატრია.
– ეკაკოს როლის მორგება გაგიჭირდა?
– ასაკით ჩემხელა გოგოს ვთამაშობ და არც ისე შორს არის ჩემგან, რადიკალური განსხვავება არ არის ჩვენ შორის. ერთადერთი, ისაა, რომ მასავით ჩახედული და დაინტერესებული არ ვარ პოლიტიკით. რაც ირგვლივ ხდება, ვიცი, მაგრამ, ჩემი თავი პოლიტიკაში ვერ წარმომიდგენია. ჩემს გმირზე სულ ვფიქრობ. სცენარი გზადაგზა იწერება და ნელ-ნელა ხვდები, საითკენ მიდიხარ. თავიდანვე არ მქონია მის შესახებ ჩამოყალიბებული შეხედულება. ზოგადად, ეკაკო მომწონს – ჯერჯერობით, ისეთი არაფერი გაუკეთებია, რაც ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა. ზოგადად, ძალიან კარგი გუნდია, ერთმანეთს ეხმარებიან ყველაფერში. მე ბახვა მყავს, რომელსაც დავისვამ და ტექსტის სწვლაში მეხმარება ხოლმე, თან, ბევრს ვხალისობთ (იცინის).
– პოლიტიკაში მოღვაწე ქალებზე დაკვირვება ხომ არ დაგიწყია?
– კი. ჩემი პერსონაჟის ყველაზე დიდი ოცნებაა, გახდეს პრეზიდენტი ქალი და ამ თემასთან დაკავშირებით ვუყურებდი რაღაც ფილმებს, რომ როლი კარგად გამეთავისებინა.
– ეკაკო ძალიან მიზანდასახულია და თითქმის ყოველთვის აღწევს მიზანს. შენ თუ ჰგავხარ ამ თვისებით?
– ბავშვობიდან შევეჩვიე მიზანდასახულობასა და შრომას. ბალერინა ვიყავი და საბალეტო სკოლაში დავდიოდი. ბალეტი ძალიან რთულია, სულ გიწევს ბრძოლა, რომ საკუთარ თავს აჯობო. მონაცემები არ მქონდა – ბალერინა ხომ ძალიან წვრილი უნდა იყოს, მე კი წონის გამო გამუდმებით დიეტაზე ყოფნა მიწევდა. თუმცა, აღნიშნავდნენ, რომ ძალიან სახასიათო მოცეკვავე ვიყავი. ცამეტი წელი ასეთი რეჟიმით ვცხოვრობდი. ბოლოს, როცა ნინო ანანიაშვილთან ვიყავი, ვთქვი, რომ აღარ შემეძლო. თუმცა, ამ ყველაფერმა შრომას მიმაჩვია და მიზანდასახულ ადამიანად მაქცია.
– რაზეც ვისაუბრეთ, ყველაფერი ხელოვნებას ეხება. შენი მომავალი მთლიანად ამ სფეროში წარმოგიდგენია თუ სხვა ინტერესებიც გაქვს?
– ბავშვობიდან ვამბობ, რომ სხვა სფეროში ვერ ვხედავ ჩემს თავს. ოფისში ან სხვაგან ჯდომა ვერ წარმომიდგენია – ეს, ალბათ, ჩემთვის ჯოჯოხეთი იქნება.
– ძალიან ლამაზი გოგო ხარ. ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს.
– თაყვანისმცემლები არიან, ოღონდ შორს (იცინის), რადგან, შეყვარებული მყავს და არც მაწუხებენ – ახლოს არავის ვუშვებ. ტელეფონის ნომერსაც არავის ვაძლევ. თუმცა, სანამ შეყვარებული მეყოლებოდა, მაშინაც ასე ვიყავი – თავაზიანი მადლობა და მეტი არაფერი. ურთიერთობის გაგრძელება და საჩუქრების მიღება არ მახასიათებს.
– შენი შეყვარებული ვინ არის?
– ჩემმა შეყვარებულმა მთხოვა, რომ არ ვილაპარაკოთ ამ თემაზე და, ამიტომ, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ისიც მსახიობია – ნიკა ჩხეიძე და ჯგუფელები ვართ, უნივერსიტეტი ერთად დავამთავრეთ. ახლა „შუა ქალაქში“ მონაწილეობს და ოთოს როლს ასრულებს, ახალი პერსონაჟია. ერთად მოვხვდით ის იქ, მე – აქ.
– შენი ოჯახი იცნობს მას?
– კი, იცნობს.
– დაქორწინებას ხომ არ გეგმავთ ახლო მომავალში?
– ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ (იცინის).
– შენი ოჯახის შესახებ მომიყევი.
– დედა, მარიამ ჟღენტი, არის მხატვარი; მამა, ალექსანდრე გალდავა, დეკანოზია, მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი და ძალიან კარგად ხატავს; ორი ძმა მყავს – ლუკა და ლაზარე, ჩემზე უფროსები არიან. ლუკა ხატავს, ლაზარე ისტორიკოსია. ძალიან თბილი და მოსიყვარულე ოჯახი გვაქვს, არა მარტო ერთმანეთის მიმართ, არამედ, ვინც ჩვენთან მოდის, ყველა ჩვენი ოჯახის წევრი ხდება და ყველა გვიყვარდება.
– შენს შემოქმედებას როგორ უყურებენ?
– დედას ყოველთვის აქვს ხოლმე რჩევები, თან, ძალიან ობიექტური. თუ თქვა, რომ კარგი იყო, ესე იგი, ძალიან კარგი იყო. როცა ეკრანზე ვჩანვარ, ძალიან დაძაბული უყურებს და, რომ მთავრდება, მერე კიდევ ახვევს (იცინის).
– თვითონაც ხელოვანები არიან და, გაუხარდათ, შენც რომ ეს სფერო აირჩიე?
– დედას უნდოდა, რომ ბალერინა ვყოფილიყავი, მამას – მხატვარი. მსახიობობას რაც შეეხება, ეს ჩემი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა. არავისთვის არ მიკითხავს რჩევა, თავად გადავწყვიტე. აქამდე ხომ ერეოდით ჩემს საქმეებში და ახლა მე მაცადეთ-მეთქი (იცინის). მეც ვხატავ, მაგრამ, მხოლოდ განტვირთვის მიზნით; რომ ჩავუჯდე და ვხატო – ასე არ შემიძლია. ბავშვობიდან სულ სარკის წინ ვიდექი: ხან ჟურნალისტი ვიყავი და ხან – მსახიობი, რომელიც „ოსკარს” იღებდა. ლექსებსაც ვწერდი, თუმცა, მერე, ბალეტზე რომ შევედი, იმდენი შრომა მჭირდებოდა, წერას შევეშვი.
– სერიალმა პოპულარობა მოგიტანა?
– თავიდან ამას რომ მეკითხებოდნენ, ვამბობდი, ძალიან მსიამოვნებს, როცა ბევრი ადამიანი მცნობს და სითბოს იჩენენ ჩემ მიმართ-მეთქი, მაგრამ ახლა, ხალხმრავალ ადგილებში როცა ვარ, ვხვდები, რომ ძალიან მაკვირდებიან. ადრე ჩვეულებრივი ვიყავი, არავინ მაკვირდებოდა და, ახლა, ყურადღების გამო, ცოტა უხერხულად ვარ. მაგრამ, რომ ვთქვა, ისეთი ცნობილი ვარ, რომ, ვაიმე, ქუჩაში ვერ გავდივარ-მეთქი – ასეც არაა. თუმცა, ყველა ჩემი მეგობარი ეკაკოს მეძახის.