კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ფელიქს ვარლამიშვილის (ვარლას) გამოფენაზე გატანილი სურათები გახსნამდე გაყიდული იყო

„ჩემს ყველა სურათს საქართველოს სიყვარულით ვხატავდი და ამის საფუძველზე შევქმენი საკუთარი მხატვრული სტილი,“ – ეს სიტყვები ეკუთვნის  ქართველებისთვის არცთუ ცნობილ, დიდ ქართველ  მხატვარს, ფერმწერსა და გრაფიკოსს, ფელიქს ვარლამიშვილს. ის დასავლეთის სამყაროში ვარლას სახელით იყო ცნობილი. მისი ცხოვრების დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქალბატონი ქეთევან კინწურაშვილი.

– ფელიქს ვარლამიშვილი დაიბადა  1903 წელს ქუთაისში,  ბანკის მოხელე, გრიგოლ ვარლამიშვილისა და როზა ფალიაშვილის ოჯახში. დედა ნაადრევად გარდაიცვალა და ბავშვი დეიდასთან იზრდებოდა ახალციხეში. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ის თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე შევიდა. მაგრამ, 1922 წელს, როცა სამხატვრო აკადემია გაიხსნა, იქ გადავიდა სასწავლებლად. აკადემიის დამთავრების შემდეგ, კერძო სკოლა ჩამოაყალიბა, რომელშიც ხატვას ასწავლიდა. ამ სკოლამ ორი წელი იარსება. აქ სწავლობდა ცნობილი ქართველი მხატვარი, ვახტანგ ბერიძე. ფელიქს ვარლამიშვილმა 1927 წელს დატოვა საქართველო. თავის მეგობარ ლუკა ხითარიშვილთან ერთად, ბილიკ-ბილიკ გადალახა საზღვარი და კონსტანტინოპოლში  ჩავიდა. 1929 წელს კი პარიზს ეწვია.  მან საკმაოდ რთული გზა განვლო. პარიზში ამ დროს ქართული სათვისტომო არსებობს და ფელიქსიც მისი ნაწილი ხდება. შემდგომში მთელი თავისი ცხოვრება მან ამ ქალაქს დაუკავშირა. თუმცა, პერიოდულად, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა და ცხოვრობდა კიდეც. მან ცოლად შეირთო დანიელი მხატვარი ზირე ბინდერი. ის საქართველოში აღარ დაბრუნებულა. ფელიქსი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა და  მისი ნეშტი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

– ქალბატონო ქეთევან, თუ არის თქვენთვის ცნობილი, რატომ დატოვა ფელიქსმა საქართველო?

–  დიახ, რა თქმა უნდა. საქართველოდან წასვლა, ეს იყო გააზრებული ნაბიჯი. წავიდა იმიტომ, რომ თავისი შემოქმედებითი მრწამსი შეენარჩუნებინა. როგორც ჩანს, ჰქონდა საამისო გაბედულება. მან საქართველო დატოვა იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და გასაბჭოებულ საქართველოს იმ დროს ბევრი ტოვებდა.  ერთ-ერთი იყო ვარლა. მას არასდროს ჰქონია მცდელობა სამშობლოში დაბრუნებისა, ისევ და ისევ, საბჭოთა პერიოდისა და რეჟიმის გამო. ეს ყოველივე ძალიან რთული იყო, მაგრამ მას დაეხმარა ქართული სათვისტომო და საკუთარი შემოქმედება.

– როგორც ვიცი, თქვენ პირადად იცნობდით ფელიქს ვარლამიშვილს.

–  მე ადრეული ასაკიდან მქონდა მასთან, მის ხელოვნებასთან შეხება.  ფელიქს ვარლამიშვილი აგზავნიდა ჩვენს ოჯახში საკუთარ ნამუშევრებს საახალწლო მისალოცი ბარათების სახით. ეს ნახატები ჩვენთვის ძალიან ძვირფასი იყო და დღესაც სახლში კიდია. 1984 წელს, როცა მე ჩავედი პარიზში, მის მეგობარ ნიკოლა მამულაშვილთან ერთად, სახელოსნოში ვეწვიე ფელიქსს. ვნახე მისი ნამუშევრები და შემდგომ  მას რამდენიმე სტატია და მოხსენება მივუძღვენი. წლების შემდეგ გავაკეთე სატელევიზიო გადაცემა და რამდენჯერმე მივუბრუნდი მის შემოქმედებას.

– როგორი პიროვნება იყო ფელიქს ვარლამიშვილი?

– ის ამბობდა, რომ მისი ნამუშევრები იყო მისთვის ყველაფერი. ძალიან მოკრძალებული, თბილი ადამიანი გახლდათ, რომელიც თითქოს სულ სევდას ატარებდა და ეს სევდა მის ნამუშევრებშია ასახული. მის შემოქმედებაში არ არის ისეთი კონკრეტული მოტივები, ტრაგიკულ მოვლენებს ასახავდეს, მაგრამ ნახატებს რომ ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ერთი  გაბმული ნაღვლიანი მელოდია ჩამესმის. მის შემოქმედებაში მისი პიროვნული თვისებები აისახა.

– გვესაუბრეთ მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საფრანგეთში ყოფნისას.

–  თავიდან საფრანგეთში ცხოვრება არ იყო მარტივი. ძალიან უჭირდა. ამიტომ ხატავდა საქართველოს ისეთ სცენებს, რომლებიც პოპულარული იყო იქაურ ქართველ ემიგრანტებს შორის. ამ სურათებს  ისინი ყიდულობდნენ მცირე ფასად, მაგრამ ეს მაინც დახმარება იყო მისთვის, რადგან ძალიან უჭირდა.  შემდეგ ის მეუღლესთან ერთად არგენტინაში გაემგზავრა საცხოვრებლად. იქ ფელიქსი ავეჯის დეკორატორად მუშაობდა და პოპულარობითაც სარგებლობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ  პარიზში. ხშირად მოგზაურობდნენ იტალიაში. მოგზაურობის დროს ფელიქსი მოტივებს პოულობდა თავისი ნამუშევრებისთვის. იტალია შთაგონების წყარო იყო მისთვის. შემდგომში, როცა მისი  დამახასიათებელი სტილი ჩამოყალიბდა, მის ნამუშევრებს სიამოვნებით იძენდნენ. გამოფენაზე გამოტანილი სურათები ხშირად წინასწარ, გახსნამდე იყო გაყიდული. რაც შეეხება მის შემოქმედებას, პარიზში რომ ჩავიდა, ის ხატავდა საქართველოსთან დაკავშირებულ სურათებს.  წარმოსახვით ხატავდა მის გონებაში აღბეჭდილ მნიშვნელოვან მომენტებს. ეს ყოველივე უკავშირდებოდა ქუთაისს, თბილისს, ახალციხეს, – სადაც ის იზრდებოდა. მისი ნამუშევრები განყენებულია და არა აღწერითი. ის არ გვაძლევს კონკრეტულ პეიზაჟს ან კონკრეტულ სახეებს. ეს ყოველლივე პოეზიასავითაა, რომელიც ეძღვნება მის გონებაში აღბეჭდილ სურათებს საქართველოდან. სიცოცხლის ბოლოს მას უთქვამს კიდეც, რომ მე მთელი სიცოცხლე საქართველოს სიყვარულით ვხატავდიო. ნაღველი, სევდა სულ გასდევს მის ნამუშევრებს.

– პარიზში, სადაც იმ დროს უდიდესი ხელოვანები იყრიდნენ თავს, ფელიქსის შემოქმედება ძალიან პოპულარული იყო. როგორ მიაღწია ამ წარმატებას?

– მისი შემოქმედება ხარისხიანი, ორიგინალურია –  მისი სულიერი სამყაროდანაა ამოზრდილი, მისი პროდუქტია და ამიტომაც მიიქცია ასეთი ყურადღება. მისი ნამუშევრები ძალიან დახვეწილია. მას პერსონალური გამოფენები ჰქონდა პარიზში, სან-ფრანცისკოში, ბუენოს-აირესში, ლოს-ანჟელესში და ასე შემდეგ. 

– რა ბედი ეწია მის ნამუშევრებს, ინახება თუ არა ისინი საქართველოში?

–  მისი ნახატები  გაფანტულია ევროპის სხვადასხვა ქალაქში –  მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. საქართველოშიც არის კერძო კოლექციებში. ხელოვნების მუზეუმში ინახება ადრინდელი ნამუშევრები, იმ დროინდელი, სანამ საქართველოდან წავიდოდა. ასევე, ის ტილოები, რომლებიც მან საქართველოს უანდერძა. გარდაცვალებამდე მან ანდერძი დაწერა, რომ მისი ათი საუკეთესო ტილო საქართველოს გადმოსცემოდა საჩუქრად. ეს ძალიან რთული პროცესი იყო –  მათი გაფორმება და გადმოცემა, რადგან ეს მოხდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში. საბოლოოდ, ეს ნამუშევრები  ჩამოიტანეს და ხელოვნების მუზეუმში მოეწყო გამოფენა. იმ პერიოდში ფელიქს ვარლამიშვილის სახელი მიენიჭა ქუთაისში ქუჩას, სადაც ის ცხოვრობდა. მას შემდეგ, მოეწყო ბევრი გამოფენა, დაიწერა ბევრი სტატია. მაგრამ, მისი სახელი არცთუ ისე ცნობილია საზოგადოებისთვის, რადგან ადრე დატოვა საქართველო  და საბჭოთა პერიოდში ასეთი პიროვნებების სახელის ხსენებაც კი აკრძალული იყო.  საზოგადოება ჯერჯერობით მაინც სათანადოდ არ იცნობს ვარლას შემოქმედებას.  როგორც ზემოთ  აღვნიშნე, მისი ტილოები გაფანტულია, ვერ მოხერხდა მათი თავმოყრა. თუმცა, ამის სურვილი არის. მისი ნამუშევრების ჩვენება უნდა მოხდეს ისე, როგორც მას შეეფერებოდა.

– დარჩა თუ არა შთამომავლობა ფელიქს ვარლამიშვილს?

–  მას შვილები არ ჰყოლია. ქუთაისში ჰყავს ნათესავები და და-ძმასთან წლების განმავლობაში ჰქონდა მიწერ-მოწერა.

ვარლასთვის მისი შემოქმედება იყო ყველაფერი.

скачать dle 11.3