კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალს უყვარს...

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N27-1(732) 

სანდრო ხელზე ნიკაპდაყრდნობილი იჯდა და თვალმოუშორებლად შესცქეროდა დიანას, რომელიც ღიმილით სვამდა ყავას და დროდადრო მრავალმნიშვნელოვანი მზერით ასაჩუქრებდა გაოგნებულ ბიჭს. სანდრომ მოახერხა და დაძლია პირველი შოკი...

– ყველაფერს ველოდი, მაგრამ ასეთ ისტორიას – არა... ესე იგი, ქართველი ხარ... ეს იყო შენი საიდუმლო? წარმოუდგენელია. რამდენი უნდა მეფიქრა, რომ ამას მივმხვდარიყავი... დიანა, იქნებ, ამიტომაც შემიყვარდი პირველი დანახვისთანავე.

– სანდრო, მოდი, არ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი, გთხოვ. ჯერ იმდენი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი... მარტო ჩამოვედი და ამ ქალაქში არავის ვიცნობ... მომეხმარები?

– რა თქმა უნდა. ესე იგი, შენი მშობლების საფლავი უნდა ვიპოვოთ... მართლა არცერთი არ გახსოვს? ბუნდოვნადაც არა?!

დიანამ თავი გააქნია:

– ხომ გითხარი, სამი წლის ვიყავი, როცა ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ-მეთქი. ანამ, დეიდაჩემმა, აქ აღარ დამტოვა – ან, ვისთან უნდა დავეტოვებინე? ლონდონში წამიყვანა და მან და მისმა ქმარმა გამზარდეს... საერთოდ არაფერი ვიცოდი და, უცებ, დევიდმა ყველაფერი მიამბო... ეს ჩემთვის ისეთი შოკი იყო, რომ სახლში ვეღარ გავჩერდი და ლინასთან გავემგზავრე, ირლანდიაში – უცხო გარემოში ყოფნა მჭირდებოდა, რომ ამ ყველაფერზე მეფიქრა. ლონდონში რომ დავბრუნდი, მივხვდი, მაინც ვერ მოვისვენებდი და წამოვედი...

– მიკვირს, დეიდაშენმა გამოგიშვა... არც კი ვიცი, ასე უნდა ვუწოდო? – დაიბნა სანდრო და უხერხულად შეიშმუშნა.

– ანა და დევიდი ჩემი ნამდვილი მშობლები არიან. ისინი რომ არა, არც კი ვიცი, ახლა სად ვიქნებოდი ან ვინ ვიქნებოდი. დევიდმა გამომიშვა. თვითონვე წამიყვანა აეროპორტში და დამპირდა, ანას საკუთარ თავზე ვიღებო. ვიცი, რომ ძალიან ინერვიულებდა, მაგრამ, უნდა გამიგო, ვეღარ ვიძინებდი მშვიდად...

– მესმის შენი. მიხარია, რომ მე ამირჩიე დამხმარედ, – სანდროს სახე გაუბრწყინდა. მერე გაბედა და დიანას ფრთხილად მოეფერა ხელზე.

– ალბათ, ძალიან გაგვიჭირდება, ჰო? თბილისში ბევრი სასაფლაოა?

– სიმართლე გითხრა, არ ვიცი... მაგრამ, შენ არ იდარდო. აუცილებლად ვიპოვით. სად დაბინავდი?

– ერთ-ერთ სასტუმროში... – იცრუა დიანამ, – სასტუმროს მე თავად მივაგნებ. შენ ქალაქში შეგხვდები ხოლმე. ტაქსის გაჩერება ადვილი ყოფილა თქვენთან.

სანდროს სახე შეეცვალა.

– არ გინდა, ჩემი მანქანით მიგიყვანო და მოგიყვანო? რატომ?

– ალექსანდრე, რასაც ახლა გეტყვი, შეიძლება, ცოტა გაუგებარი იყოს შენთვის – მინდა, ფეხით ვიარო ამ ქალაქში... ბევრი ვიარო და აქაურობა გავითავისო... რაც გავიგე, რომ ქართველი ვარ, ჩუმად ენის სწავლაც დავიწყე.

– ჩუმად რატომ? – გაუკვირდა სანდროს.

– ანას გამო. ძალიან არ უნდოდა, რომ მე სიმართლე მცოდნოდა. დევიდს ეჩხუბა კიდეც, რატომ მოუყევი ყველაფერიო.

– იქნებ, ანა მართალია; იქნებ, შენთვის უკეთესიც იქნებოდა, ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო. დეიდაშენი ცდილობდა, შენთვის ზედმეტი პრობლემები აერიდებინა, – თქვა უცებ ბიჭმა ფიქრიანად.

– ჰო, ასეა. ანას სძულს ყველაფერი, რაც აქაურობასთან არის დაკავშირებული და ვერც ვამტყუნებ...

– გავიგე. ესე იგი, ვიწყებთ ძებნას... ექსკურსიები სასაფლაოებზე, – ამოიოხრა სანდრომ, – მერჩივნა, საქართველო უკეთესი კუთხით გამეცნო შენთვის.

– ალბათ, მაგის დროც მოვა. ძალიან ვნერვიულობ. ზოგჯერ მგონია, რომ შეუძლებელი რაღაც წამოვიწყე.

– შეუძლებელი არაფერია, მოვიფიქრებთ რაღაცას.

– გმადლობ, – დიანა გადაიხარა და ბიჭს ლოყაზე აკოცა, სანდროს შიგნით რაღაც გაუთბა და მთელ სხეულში ჩაეღვარა.

– ჯერ არ წახვიდე, რა, ცოტა ხანს კიდევ დარჩი ჩემთან, გეხვეწები...

– არ შემიძლია. ახლა წავალ და მოგვიანებით შეგხვდები. მე თვითონ დაგირეკავ.

– მეც დაგირეკავ.

– არა, შენ არა, მე თვითონ. სანდრო, დამპირდი, რომ ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც მე გეტყვი.

– სხვა რა გზა მაქვს. მივხვდი უკვე, რომ მორჩილებით მეტს მოვიგებ... ესე იგი, მალე ქართულადაც დამელაპარაკები?

– ჯერ მხოლოდ ცალკეული სიტყვები მესმის – გაიცინა დიანამ.

მობილურის წამით განათებულ ეკრანს დახედა და ადგა, – წავედი. ჩემს ზარს დაელოდე და, იქნებ ჩუმად იმოქმედო... შეძლებ?

– რა თქმა უნდა. შენი საიდუმლო – ჩემი საიდუმლოა...

***

კოტემ ძლივს მოარგო კარს გასაღები – ჩქარობდა და მღელვარებისგან ხელები უკანკალებდა. ოთახში შეშფოთებული შევარდა. დიანა დივანზე იჯდა, ტანზე ხალათითა და თმაზე პირსახოცშემოხვეული.

– აქ ხარ?

– არა, – გაიცინა დიანამ, – აბა, სად გგონივარ?

– მობილურს არ პასუხობდი და უცებ შემეშინდა.

– მობილურს იმიტომ არ ვპასუხობდი, რომ სააბაზანოში ვიყავი... რისი შეგეშინდა, რომ გავემგზავრებოდი?

– ჰო, – უხალისოდ გამოტყდა კაცი, –  სულ ვნერვიულობ, როცა შენ გვერდით არ ვარ.

დიანამ მხრები აიჩეჩა:

– ახლა დამშვიდდი?

– დავმშვიდდი. ჩაიცვი და წავიდეთ, სადმე ვისადილოთ, მერე ისევ უნდა გავიდე ცოტა ხნით.

– ნუ იძაბები, აკეთე შენი საქმე. არსად არ მივდივარ. აქ ვარ, შენ გვერდით. ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით.

– ჯერჯერობით? – ჩაეკითხა კოტე და გოგოს ნაცემი ძაღლივით მიაჩერდა, – დიანა, გინდა, რომ ისევ ვინერვიულო?

– რატომ? ჯერჯერობით-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს. რა იცი, ხვალ, შეიძლება, შენ თვითონ არ მოგინდეს ჩემ გვერდით ყოფნა.

– გამორიცხულია! – მგზნებარედ წამოიძახა კაცმა, – ვგიჟდები შენზე. ვერ წარმომიდგენია, აქამდე როგორ ვცხოვრობდი.

– მგონი, სადღაც წასვლას მთავაზობდი...–  თვალები მოწკურა დიანამ და ის მწვანე სხივი გამოუშვა კაცს რომ აბნევდა და თავს აკარგვინებდა.

***

დევიდმა უჩუმრად შეაღო კარი და ფანჯარასთან, სავარძელში მჯდარ ცოლს ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.

ანა არ შემობრუნებულა, ისე იკითხა:

– მეტყვი, რომ ბილეთები ვერ იშოვე? ასეც ვიცოდი...

– ანა, მართლა არცერთ რეისზე არ არის ბილეთი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში... დიანას გეფიცები...

ანა წამოხტა:

 – დიანას მეფიცები? ბავშვი მარტო გაუშვი უცხო ქვეყანაში, უპატრონოდ და ახლა იმასაც ბედავ, რომ ტყუილზე იფიცებ? დევიდ, დღითი დღე მიცრუებ იმედს.

– ამას ნუ ამბობ. როგორ დაგარწმუნო, რომ დიანაზე შენზე ნაკლებად არ შემტკივა გული?

– რაღაც, ვერ გატყობ. ბოლო დროს იმასაც კი ვფიქრობ, ამ ფორმით ხომ არ მიხდი სამაგიეროს, შვილი რომ არ გავაჩინე.

დევიდი გაფითრდა:

– ანა, ეს ჩვენი ერთობლივი გადაწვეტილება იყო. თუ გინდა, რომ გული მატკინო, მაშინ, გამოგივიდა.

ქალს ცრემლები წამოუვიდა და აქვითინდა, ქმართან მივიდა და ჩაეხუტა.

– ცუდად ვარ, დევიდ, ძალიან ცუდად ვარ. არ მძინავს, ვერ ვჭამ, გული ცუდს მიგრძნობს... მეშინია, რატომ არ გესმის, მეშინია!..

– მესმის შენი, მაგრამ, ყოველთვის ყველაფრისგან ვერ დაიცავდი – მინდა, ამასაც მიხვდე. ადრე თუ გვიან, შენი კალთიდან გამოვიდოდა.

– ჰო, გამოვიდოდა, მაგრამ, არა ახლა და არა ამ ფორმით... გემუდარები, თუ ცოტათი მაინც გიყვარვარ... ყველაფერი გააკეთე და რომელიმე რეისზე მიშოვე ერთი ბილეთი მაინც... შენ მერე ჩამოდი, თუკი საჭიროდ ჩათვლი. გამიშვი დიანასთან, გამიშვი ჩემს შვილთან... იცოდე, თუ რამე დაემართება, თავს არ ვიცოცხლებ.

დევიდმა ამოიოხრა:

– ეჭვი გეპარება, რომ მიყვარხარ?  ანა...

– არ ვიცი... ახლა მხოლოდ დიანაზე ფიქრი შემიძლია, სხვა არაფერზე... მიშოვე ბილეთი, თუნდაც ანტარქტიდის გავლით, მაგრამ, მიშოვე...

***

მამა-შვილი თვალით ზომავდა ერთმანეთს. სიჩუმე პირველმა კოტემ დაარღვია:

– მიდი, გელოდები, დაიწყე ჩემი ლანძღვა, სხვას არაფერს ველოდები. დედაშენი უკვე ჩაგიტარებდა ინსტრუქტაჟს.

– ლენუკას შეეშვი. მშვენივრად იცი, რომ საშინლად მოექეცი. მართლა გამაოცე, – თავი გადააქნია სანდრომ.

– რატომ მოვიქეცი საშინლად, სიმართლე რომ ვუთხარი?

– კარგი რა, თიკოსთან მაინც როგორ დაწექი, შენი ცოლის დაქალთან?

– ჰო, შეიძლება, მაგაში დაგეთანხმო, არ გამოვიდა კარგად, მაგრამ, რა მექნა? ცხვირწინ მიტრიალებდა მუდმივად – ხან სახლში, ხან აგარაკზე, ნახევრად გახდილი... თავი ვეღარ შევიკავე... ვინ არ შემცდარა?! უნდა დამახრჩოთ მაგისთვის?

– არა ხარ მართალი... ამ ყველაფრის მერე კი შორდები და ეუბნები, სხვა შემიყვარდაო. როგორ ფიქრობ, ეს ნორმალურია? თანაც, შენს ასაკში...

– ასაკი რა შუაშია? გინდა, მითხრა, რომ ძალიან ბებერი ვარ სიყვარულისთვის? – გაცხარდა კოტე, – მაგრამ, არ მიკვირს, ამას რომ მეუბნები. შენც და დედაშენსაც ყოველთვის მარტო ფული გინდოდათ ჩემგან. არცერთს არ გიფიქრიათ იმაზე, ვიყავი თუ არა ბედნიერი... ახლა მაქვს ამისი შანსი და ამას ხელიდან არ გავუშვებ! – იყვირა კოტემ გაცხარებით. 

სანდრომ შუბლი მოისრისა:

– ვინ არის?

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? – პასუხს თავი აარიდა კოტემ.

– მე ვიცნობ? – არ მოეშვა ბიჭი.

– სანდრო, რას გადამეკიდე? გეუბნები, ყველაფერი უკვე გადავწყვიტე. იცნობ თუ არ იცნობ, ეს არაფერს შეცვლის. როცა ცოლად მოვიყვან, მაშინ გაიცნობ როგორც შენს დედინაცვალს.

– მეხუმრები? – გაფითრდა ბიჭი – მგონი, არ უნდა იყო ხუმრობის გუნებაზე.

– აბა, რა ვქნა? სერიოზულად როგორ დაგელაპარაკო, როცა ჩემი გაგება არ გინდა?  

– დედაჩემი მართალი ყოფილა, სრულ ჭკუაზე აღარ ხარ, – ხელი ჩაიქნია სანდრომ, – კარგი, წავალ ახლა. შეყვარებულ კაცს მძიმე თემებზე აღარ დაგელაპარაკები. შენ, ალბათ, უკვე ქორწილის გეგმებს აწყობ. ვერასდროს წარმოვიდგენდი საკუთარ მამასთან ამაზე თუ მექნებოდა საუბარი.

კოტემ ხელები გაშალა:

– მეც ბევრ რამეს ვერ წარმოვიდგენდი. რა ვქნათ, ცხოვრება სიურპრიზებითა და მოულოდნელობებით არის სავსე.

– მაგაში გეთანხმები. ახლა რას აპირებ?

– ვხვდები, რაც გაინტერესებს... ლენუკამაც, დარწმუნებული ვარ, ამისთვის მოგაგზავნა. გადაეცი, რომ, შეუძლია, არ ინერვიულოს. არც სახლზე მაქვს პრეტენზია და არც აგარაკზე. ფულიც იმდენი გექნებათ, რომ ძველ რეჟიმში გააგრძელოთ ცხოვრება.

– შენ მართლა ფიქრობ, რომ მარტო ფული მაინტერესებს შენგან? ცუდია. მე მამა მჭირდებოდა.

– მერე, გყავს მამა, ჩვენ შორის არაფერი შეიცვლება.

– უკვე შეიცვალა... – სანდრომ საყვედურით შეხედა კოტეს და ადგა, – წავედი მე.

– მოიცადე, სანდრო... შეიძლება, დედაშენთან რაღაც არ გამომივიდა, რაღაც შემეშალა და იმასაც შეეშალა, მაგრამ, მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.

– ჰო, გეყვარები, თუკი იმ ქალის სიყვარულით ავსებულ გულში ჩემი ადგილი კიდევ დაგრჩება, – ჩაეცინა სანდროს და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.

კოტე ერთხანს თავჩაღუნული იჯდა, მერე სეიფი გააღო. ერთმანეთზე აკურატულად დაწყობილი კუპიურების შეკვრები პატარა ხელჩანთაში ჩააწყო, სეიფი ისევ დაკეტა, პალტო აიღო და ოფისიდან გამოვიდა...

***

ლენუკა მოუსვენრად სცემდა ბოლთას ოთახში. სანდროს წესიერად შესვლაც არ აცალა, მოუთმენლად მივარდა და კითხვები დააყარა:

– ნახე? ელაპარაკე? რაო, მაგ უსინდისომ? რას გაჩუმებულხარ, ხმა ამოიღე!

– არაფერი უთქვამს ახალი. ჰო, შეუძლია, ლენუკა მშვიდად იყოს, მის მშრალზე დატოვებას არ ვაპირებო.

– ნაძირალა!.. – გამწარდა ქალი, – ესე იგი, აზრს არ იცვლის, არა?

– აშკარად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იმ ქალის ცოლად მოყვანა.

– ღმერთო, რატომ მიწა არ უსკდება სირცხვილით! მართლა ასე გითხრა, ცოლად უნდა შევირთოო?

– ასე მითხრა. ლენუკა, შენც დაიკიდე რა... რად გინდა ასეთი ქმარი? რა მნიშვნელობა აქვს, ცოლად მოიყვანს იმ ქალს თუ არა. შენი ქმარი რომ ერქვა, არ გღალატობდა? თანაც, საკუთარ დაქალთან.

– ეგ ამბავი აღარ გამახსენო! ვცოფდები და ლამის ორივე მოვკლა.

– მოკლა? მერე, დაგიჭერენ. გინდა ეს? შენც შეგიძლია, ბედნიერი იყო.

– რანაირად? მამაშენს მივბაძო და საყვარელი გავიჩინო?

– რატომ? ეგ არ მიგულისხმია. მოვიყვან ცოლს, გაგიჩენ შვილიშვილებს და გაერთობი, – იხუმრა სანდრომ და მაშინვე ინანა. ლენუკას თვალები დაუმრგვალდა აღშფოთებისგან.

– ჰო, კარგი, ვიხუმრე. ჯერ ცოლის მოყვანას არ ვაპირებ. ლენუკა, რა გჭირს? არ ვაპირებ-მეთქი...

– გეხვეწები, შენ მაინც დამინდე, გული არ გამიხეთქო, – მკერდზე მიიდო ხელი ლენუკამ.

– აუ, ვიხუმრე-მეთქი! – გაბრაზდა სანდრო, – თორემ, აბა, როგორ გაგიბედავ ბებიის როლზე ჩამოგაქვეითო.

– ჯერ ადრეა, თორემ, ცოლს რომ მოიყვან, ამას უკვე შეგუებული ვარ, – ამოიოხრა ლენუკამ. სანდრომ საყვედურით შეხედა დედას, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.

მოგვიანებით, როცა სამზარეულოში ვახშმობდნენ, სანდრომ ვითომ სხვათა შორის იკითხა:

– თბილისში ბევრი სასაფლაოა?

ქურასთან მდგარი მარიკა განცვიფრებული შემობრუნდა:

– სასაფლაო რად გინდა, ბიჭო?

ლენუკამ გაიცინა და მხრები აიჩეჩა:

– ეტყობა, ჩემთვის პრესტიჟულ სასაფლაოს არჩევს ჩემი ნაძირალა ქმარი და ამას სთხოვა დახმარება.

– აუ, ლენუკა, ნუ იცი ხოლმე, რა!.. საიდან  მოიტანე ეგ სისულელე. უბრალოდ, ერთი ჩემი მეგობარი თავისი ახლობლის საფლავს ეძებს და არ იცის, როგორ მოიქცეს.

– გვარი და სახელი თუ იცის იმ თავისი ახლობლის? – ჰკითხა მარიკამ.

– რა თქმა უნდა, მაგრამ, ალბათ, მაინც ძალიან გაჭირდება. წარმოიდგინე, საფლავ-საფლავ სიარულს რამდენი დრო დასჭირდება.

– ბევრი. მაგრამ, მე გეტყვი, როგორ უნდა მოიქცეს... თუ დაახლოვებით იცის მისი გარდაცვალების წელი და თვე, მივა რეესტრში და მოძებნის გარდაცვალების ცნობას, მერე კი უკვე ადვილია. სასაფლაოს უფროსებმა ზუსტად იციან, იმ წელიწადს და იმ თვეს კონკრეტული ადამიანი მათთან თუ არის დაკრძალული. ის კი არა, ნომრებიც აქვთ საფლავების.

სანდროს სახე გაუბრწყინდა, მარიკას მივარდა და მაგრად ჩაკოცნა:

– მარიკა, შენ არ იცი, როგორ დამეხმარე, ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ! 

– ეტყობა, ის ახლობელი ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის, –  თქვა მარიკამ და მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა.

***

... დიანამ საფლავის ქვებთან ჩაიმუხლა... ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით მოგორავდნენ სიცივისგან აწითლებულ ლოყებზე. სანდრო მორიდებით მიუახლოვდა, ქურთუკი გაიხადა და მხრებზე მოახურა. გოგომ მადლიერებით სავსე მზერა მიაპყრო:

– არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა... სამ დღეში რანაირად შეძელი, წარმოუდგენელია...

სანდრომ საფლავის ქვაზე გამოსახულ ქალს შეხედა.

– ძალიან ლამაზია. ძალიან ჰგავხარ დედაშენს...

– დედა... მამა... რამდენი წელი დარწმუნებული ვიყავი, რომ ანა იყო დედაჩემი, დევიდი კი – მამაჩემი... სანდრო, შენ სასწაული მოახდინე.

სანდრომ ხელი მიაშველა და წამოდგომაში დაეხმარა. სულ ერთი წამით მისი სახე დიანას სახესთან ახლოს აღმოჩნდა... გოგომაც, რაღაცნაირად, სხვანაირად შეხედა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათი ტუჩები ერთმანეთს შეწებებოდა და ორივე თავდავიწყებაში გადაშვებულიყო...

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3