ვეტერინარის რჩევები
კითხვა: იქნებ, მომცეთ რჩევა, ძაღლის კვების რაციონში რა ნივთიერება უნდა შედიოდეს, რომელიც აუცილებელია მისი ბეწვის ჯანმრთელობისთვის?
პასუხი: საკვებში ცხიმის შემცველობის მინიმალიზაცია ერთ-ერთი საშუალებაა გაცხიმოვნების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. მაგრამ, ორგანიზმისთვის აუცილებელია იმ შეუცვლადი ცხიმოვანი მჟავების მიღება, რომლის სინთეზიც ვერ ხდება ძუძუმწოვრების ორგანიზმში. შეუცვლადი ნახევრად ნატურალური ცხიმოვანი მჟავების მისაღებად ოპტიმალური ვარიანტია საკვებში ისეთი ცხოველური ცხიმების ჩართვა, როგორებიცაა ფრინველისა და თევზის ქონი და მცენარეული ზეთები. დიდი მნიშვნელობა აქვს საკვებში A ვიტამინის შემცველობას. A ვიტამინი (რეტინოლი) ცხიმში ხსნადი ვიტამინია, ის ხელს უწყობს ცხიმოვან ჯირკვლებში სეკრეტის გამომუშავების რეგულირებას, ასევე, თავად მონაწილეობს და დიდ როლს ასრულებს კერატიზაციის პროცესში, რაც გულისხმობს ეპიდერმისის განახლებას. სწორედ მისი უშუალო მოქმედების შედეგია ასევე ბეწვის ბზინვარება.
კითხვა: შეჯვარება ყოველთვის დალეკვიანებით სრულდება თუ, შესაძლებელია, რომ ასე არ მოხდეს?
პასუხი: ძაღლი სქესობრივი ციკლისა და შეჯვარების შემდეგ ყოველთვის არ ითვლება განაყოფიერებულად. შეიძლება, განვითარდეს ცრუ ორსულობა. რომლის დროსაც ძუს აღენიშნება მაკეობისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი: ებერება სარძევე ჯირკვლები, ჯირკვლებში უდგება ხსენი, ეცვლება პიგმენტაცია, ეზრდება მუცელი. მე-40 დღიდან კი შეიძლება ნაყოფის გულისცემის მოსმენაც. ამიტომ, მაკეობის დროს აუცილებელია ვეტერინარის ჩარევა და კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ძაღლს პრობლემები შეექმნას.
კითხვა: ჩემს ძაღლს ხშირად უწითლდება თვალები. არ ვიცი, რისი ბრალია. იქნებ თქვენ მითხრათ?
პასუხი: საერთოდ, უმჯობესია ასეთ დროს ძაღლი აჩვენოთ ექიმს, რომელიც მას სათანადო გამოკვლევასა და მკურნალობას ჩაუტარებს. მანამდე კი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ პირველი და ყველაზე გავრცელებული სიმპტომი და პრობლემა, რომელიც გვხვდება თვალების დაავადებების დროს, არის თვალის სიწითლე, რაც, როგორც წესი, მიუთითებს ინფექციურ პროცესებზე. ინფექცია კი გამოწვეულია ბაქტერიებით. თვალის ინფექციების მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებიანი თვალის წვეთებითა და მალამოებით. ყველაზე გავრცელებული და ადვილად შესამჩნევი თვალის ინფექცია არის კონიუნქტივიტი, რომლის სიმპტომებია: თვალის ლორწოვანი გარსისა (კონიუნქტივის) და თვალის გარშემო კანის გაწითლება, თვალის კუთხეში ჩირქის დაგროვება, ღრმა პროცესების დროს თვალის მთლიანად ჩირქით ამოვსება და ქუთუთოების ერთმანეთზე მიწებება.